აკაკი წერეთელი თავისი ლიტერატურული სამფლობელოების საზღვრებს ყოველთვის ფხიზლად იცავდა, რადგანაც კარგად იცოდა, რომ ერთი გვირგვინი ორი თავისთვის მეტისმეტად ვიწროა. ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი დიდი ხნის მანძილზე დარჩა გაბატონებულ ძალად ქართულ პოეზიაში. იქაც კი იყო, სადაც ყოფნას არასოდეს ისურვებდა, და იმათ შორისაც იკარგებოდა, ვისაც თვითონვე გაუკაფა გზა-კვალი. აკაკი წერეთელმა პოეტობა მოდურ საქმიანობად აქცია და ახალგაზრდებს ლექსის წერის ჟინი გაუღვიძა. ისინიც საზრდოობდნენ მისი მელოდიებით, ინტონაციებით, სიტყვათწარმოებით, ლექსიკით, რითმებითა და ფორმებით. გამრავლდა მიმბაძველთა და იმიტატორთა რიცხვი, ყოველ მეორე ლექსში გაისმოდა „ხმა ბულბულისა“ და „გულამოსკვნილი ტირილი“. უზარმაზარია ამ „ლიტერატურიდან წაშლილი თაობის“ ნეკროპოლისი, რომელიც სწორედ აკაკი წერეთლის მიმბაძველობამ დაღუპა. აკაკის გავლენის დაძლევა უთანასწორო ძალასთან დაპირისპირებას ნიშნავდა და სწორედ ამან გამოიწვია აზროვნების, კულტურისა და ცნობიერების კრიზისი იმდროინდელ ქართულ ლიტერატურაში. XX საუკუნის ქართული პოეტიკის განვითარება შეფერხდა, იმდროინდელ გლობალური პოეზიის პროცესებს ჩამორჩა და XIX საუკუნის ჩარჩოებში ჩაიკეტა. ტირაჟირებული განცდებითა და ექსპლუატირებული სახეებით მოქანცული ქართული პოეზია რეფორმასა და ფორმების, თემების, რითმების, რიტმული და ინტონაციური წყობის განახლებას საჭიროებდა. ამიტომაც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აკაკი წერეთელი და იმავე წლის 27 ივლისს ვაჟა ფშაველა გარდაიცვალნენ, იერარქია მოირღვა, ლიტერატურული სივრცე უზენაესი ავტორიტეტებისგან გაიწმინდა და ახალგაზრდებისთვის ასპარეზი გათავისუფლდა. ვინც გუშინ აკაკის ცხენად ყოფნას ნატრობდა, დღეს მის წინააღმდეგ გამოდიოდა და საკუთარ პრეტენზიებს აცხადებდა სამეფო ტახტზე. ახალგაზრდა პოეტები თვითგანდიდების გზას დაადგნენ. სწორედ ამ პერიოდში, ქუთაისში, თითქმის ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ ხალისიანი, ნიჭიერი, ამბიციური და ჩხუბისთავი ყმაწვილები, რომლებიც პერიოდულ პრესაში დროგამოშვებით ლექსებსაც აქვეყნებდნენ. მართალია, ამ ლექსებს მხატვრული სრულყოფა აკლდა, ბევრი რამე იყო დასახვეწი და ეპიგონური, მაგრამ ახალგაზრდებს უყვარდათ პოეზია და უჭირდათ ერთმანეთთან განშორება. უძილო ღამეების მოტრფიალეები ხან ჰოფმანურ საღამოებს აწყობდნენ და ერთმანეთს შიშისმომგვრელ ისტორიებს უყვებოდნენ, ხანაც ხმაურით დასეირნობდნენ ქალაქის ქუჩებში. უამინდობის დროს კი რომელიმე მოზრდილ სადარბაზოს შეეფარებოდნენ და დილამდე პოეზიაზე საუბრობდნენ. კათოლიკური ეკლესიის საფეხურებზე შემომსხდარნი ერთმანეთს ახალდაწერილ ტექსტებს უკითხავდნენ, ქართული ლიტერატურის მომავალზე აზარტულად კამათობდნენ და ხელოვნებას რეალობაზე მაღლა აყენებდნენ. მეგობრებს შორის ყოველთვის გამოირჩევა ერთ-ერთი, რომელიც ყველას იზიდავს და ემოციური ცენტრის ფუნქციას ასრულებს. ამ ჯგუფის ასეთი გული […]