ფილმებს რომ დავატარებდით…

ნაღველი, სიმტკიცე და სიკეთე – ამ სამ სიმზეა აწყობილი ზაალ სამადაშვილის მოთხრობები. იშვიათად, რომელიმე ქართველ მწერალთან მახსოვდეს მედეგობისა და თუნდ სულ პატარა კეთილშობილების ასეთი დაჟინებული ძიება ცხოვრებაშეუმდგარ ადამიანებში და, ამავე დროს, გაუნელებლად ფხიზელი ხედვა მიზეზებისა, რამაც მათი ცხოვრება დაამსხვრია…
დავით პაიჭაძე
ძველ ამბავს ვყვები, ძველისძველს:
დედამ თავის ძმასთან რომ გამაწესა საზაფხულო არდადეგებზე, ჩემს ბიძასთან, რომელიც თბილისიდან ასოცდაათი კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქში ცხოვრობდა და იქაურ „კულტურის სახლში“ მუშაობდა კინომექანიკოსად, პირველად რომ უნდა მემგზავრა მატარებლით მარტოს და მიუხედავად ამისა, რკინიგზის სადგურამდე მაინც რომ მიმაცილა დედამ, რის მიზეზადაც მეტროპოლიტენის მონახულება დაასახელა… რომ ვერ შევედავე – მიწისქვეშა ტრანსპორტი სულ რამდენიმე კვირის ამუშავებული იყო და მისი ნახვა ყველას აინტერესებდა… „ვაგზლის მოედნისაზე“ მეტად, „ჩვენი“, „მარჯანიშვილის მოედნის“ სადგური რომ მოეწონა, რომლის ცენტრალურ კედელს გამოჩენილი რეჟისორის ბიუსტი და გამონათქვამი ამშვენებდა ხელოვნების დანიშნულების შესახებ…
რკინიგზის სადგურის მთავარი ბაქნიდან დაძრულ ელმავალს სამი საათი რომ დასჭირდა ხუთი ვაგონის „დანიშნულების ადგილამდე“ ჩასაყვანად და ერთგან, ქალაქ გორში, ჩემი ვაგონი სადგურის ფასადზე გამოკიდებული სტალინის უზარმაზარი პორტრეტის წინ რომ გაჩერდა…
დამოუკიდებლად მგზავრობამ თავდაჯერება რომ შემმატა და სავარაუდოდ, ყოჩაღ ვინმედ რომ მოვევლინე ბიძაჩემს, ცამეტი წლის ყოჩაღ ბიჭად, რომელიც ბოლოს წლების წინ, სულ მთლად ღლაპი ჰყავდა ნანახი…
ჩასვლიდან ერთი კვირის თავზე წინასწარ რომ ვტკბებოდი, რა მაგარი რამეები მექნებოდა მოსაყოლი არდადეგებიდან დაბრუნებული კლასელებისთვის… ერთი კვირის თავზე უკვე მოსმენილი რომ მქონდა ჩები ჩეკერის, ჯერი ლი ლუისის და ელვის პრესლის ყველა ცნობილი სიმღერა, დაუფლებული რომ ვიყავი პირსაბანის ჩხაკუნით თავის მოწესრიგებას – პეშვში წყლის დაგუბებას და სახეზე შესხმას, დაგორგლილი ფირების ყუთებიდან ამოღებას და ისე მიწოდებას ბიძაჩემისთვის, რომ ერთხელაც არ შეწყვეტილიყო ფილმის მდინარება და ძილისწინა საუბრების წყალობით მასთან, რომ ვიცოდი იმ წიგნების სახელები, რომლებიც სახელმძღვანელოებზე უკეთ შემასწავლიდნენ ისტორიას და გეოგრაფიას…
მანქანას რომ დაარბენინებდა ბიძაჩემი – გახუნებულტენტიან მწვანე ვილისს, სამხედროების ხელში გამოვლილს, გვარიანად მოფახფახებულს, იმჟამად კინოგაქირავებას გადაცემულს, ახლომახლო სოფლებში ფილმების წასაღებ-წამოსაღებად განკუთვნილს, ოღროჩოღრო გზებზე ჯაყჯაყით მავალს და გვალვის დროს მტვრის ბუღის დამყენებელს, სოფლების აღმართებში გამოჩენით ბავშვების გულების გამხარებელს, კლუბამდე ან იმ ადგილამდე, სადაც ფილმი უნდა „გაეშვათ“ შეძახილებით მიცილებულს – ქართულია თუ რუსული, ომზეა თუ სიყვარულზე…
ორჯერ რომ ვახლდი ბიძაჩემს სოფლად, ერთხელ კლუბში რომ გავუშვით ფილმი, მეორედ ღია ცის ქვეშ, ფოსტის ეზოში, კარგად რომ დაბინდდა – მერე. იმ დღეს გვიან ღამით რომ დავიძარით შინისაკენ, მაგრად რომ გავწვალდით უკუნ სიბნელეში გზის გაგნებით. სახლამდე რომ მივაღწიეთ და დასაძინებლად დავწექით, ძილ-ბურანში რომ ჩამესმა ბიძაჩემის ბუტბუტი, შემდეგ ჯერზეც გვიანობამდე თუ შევრჩით სადმე, მასპინძელს შევიგულებ წინასწარ და ღამე იქ გავათიოთო…
შემდეგ ჯერზე არა და მგონი, იმის შემდეგზე რომ მოგვიწია ღამის გასათევად დარჩენა, იქაური მასპინძლის სახლში რომ დაგვხვდა ის გოგო. მასპინძლის დედა, ოჯახის დიასახლისი ავად რომ გამხდარიყო და ახლო ნათესავებს უღელტეხილის გადაღმა სოფლიდან, თავიანთი შვილი რომ გამოეგზავნათ საოჯახო საქმეებში ხელის შესაშველებლად. გამხდარ, წვრილმკლავებიან გოგოს გახუნებული კაბა და ფერგადასული, ერთ დროს წითელი სანდლები რომ ეცვა. წაბლისფერი თმა შუაზე რომ ჰქონდა გაყოფილი და კეფასთან მოკლე ნაწნავით შეკრული, იმ დროისთვის იშვიათი სახელი რომ ერქვა – ქრისტინე…
ვახშმის სუფრა რომ გაგვიწყო „ზალაში“ და თვითონ შორიახლოს რომ ჩამოჯდა, კედელთან მიდგმულ „ატამანკის“ კიდეზე. ბიძაჩემი შინაურივით რომ იქცეოდა, ეტყობოდა, კარგი ნაცნობობა რომ აკავშირებდა მასპინძელთან, მასზე უფროს, ჭაღარა კაცთან, რკინიგზელის კიტელი რომ ეცვა და თეფშის გვერდით პაპიროსის კოლოფი რომ ედო თოვლიანი მწვერვალისა და ფაფახიანი მხედრის გამოსახულებით. მისგან განსხვავებით, უხერხულად რომ ვგრძნობდი თავს, გოგოს მზერა რომ მბოჭავდა, რომ მეგონა, სულ ჩვენკენ იყურებაო და მოშივებული, მცირე ლუკმებად ვიტეხდი მჭადს, ვცდილობდი ნაფხვენები არ დამყროდა მაგიდაზე. ერთი სული რომ მქონდა, შიმშილი მომეკლა, სკამის ზურგს მივყრდნობოდი და ვითომ ოთახის შეთვალიერებით დაინტერესებულს, მისკენ გამეპარებინა თვალი…
ვახშმობის შემდეგ სუფრის ასალაგებლად მოსულს დახმარება რომ შევთავაზე და ცივი უარი მითხრა – არ არის ეს ბიჭების საქმეო…
მეორე დილას, წყლის ზედაპირზე რაღაც მძიმე საგნის დახეთქების ხმამ რომ გამაღვიძა. ფანჯარასთან რომ ვიწექი, ფარდა რომ გადავწიე და გავიხედე. ეზოს ბოლოში, ჭასთან, ქრისტინე რომ დავინახე, ოწინარისთვის რომ ჩაეჭიდა ორივე ხელი. ასფალტზე ვიყავი გაზრდილი, მაგრამ ის კი ვიცოდი, ოწინარი რა იყო და ჭიდან მასზე დაკონწიალებული ვედროთი რომ ამოჰქონდათ წყალი. თვალის დახამხამებაში რომ ჩავიცვი და ეზოში ჩავქანდი. წყლით სავსე ვედრო კაი მძიმე იქნებოდა სიფრიფანა გოგოსთვის, მინდოდა მეჩვენებინა, რომ თეფშებით სავსე ლანგრის გატანა თუ არ იყო ბიჭის საქმე, სიმძიმეების თრევა სწორედაც რომ მას შეეფერებოდა. ოწინარიც მის მაგივრად დავატრიალე და ვედროც მე მივიტანე სამზარეულოს კარამდე… რომ გამომელაპარაკა, მითხრა, კი მინდოდა კინოს სანახავად წამოსვლა, მაგრამ საქმე ვერ მივატოვეო… და დაამატა, ხომ ისიამოვნეთ წუხანდელი ვახშმითო… სწორედ ასე, დიდი ქალივით რომ დაალაგა წინადადება, პასუხს არ დაელოდა და გააგრძელა, იქ, ჩემს სოფელში მთლად გამოყრუებული ვართ, კლუბი არ გვაქვს და არაფერი, რომ ამოიტანონ კიდევაც კინო, სად უნდა გაუშვანო… ისე, ბიბლიოთეკა კი გაქვს კარგი, ხშირად გამომაქვს წიგნები, „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ თუ გაქვს წაკითხულიო?.. მკითხა და თავი რომ გადავაქნიე, არა-მეთქი, წაიკითხე აუცილებლადო, რომ მირჩია. უკან დაბრუნებისას, გზაშივე რომ ვუთხარი ბიძაჩემს, რა იქნება, ერთხელ ქრისტინეს სოფელშიც რომ ავიტანოთ კინო-მეთქი. თვალი რომ ჩამიკრა და გამიღიმა პასუხად…
იმ დღიდან მოყოლებული, სულ რომ ველოდებოდი, როდის დავადგებოდით უღელტეხილისკენ მიმავალ გზას. რვა ფილმს რომ დავარბენინებდით სოფელ-სოფელ, ქართულებიდან – „არსენას“, „გიორგი სააკაძეს“ და „ბაში-აჩუკს“, რუსულებიდან – „მზვერავის გმირობას“ და „საკარნავალო ღამეს“, ინდურებიდან – „ბატონ 420“-ს და „ავარას“. ჩემხელებს, ალბათ ყველას, და უფროსების უმრავლესობას ქართულების და ინდურების ნახვა რომ ახარებდა. პირველებისა იმიტომ, რომ ესმოდათ, რაზე ლაპარაკობდნენ გმირები და მეორეებისა იმის გამო, რომ სიმღერები მოსწონდათ მათი. დიდად რომ არ მანაღვლებდა, რომელ ფილმს ჩავიტანდით ქრისტინეს სოფელში, მთავარი იქ ჩასვლა რომ იყო ჩვენი – გულისგამხარებელი „ვილისით“…
თუმცა, მაგრად რომ იყოჩაღა ბიძაჩემმა და მისი ყოჩაღობის ამბავი უღელტეხილის გადაღმა გამგზავრების წინ რომ გავიგე, სანამ მანქანის კარს გამოვაღებდი მის გვერდით მოსაკალათებლად, რომ მითხრა – ერთი საბარგულში შეიხედე, ნახე რა აწერია ფირების კოლოფებსო. შორეული სოფლისთვის კი არადა, დედაქალაქისთვისაც ახალი, სულ რაღაც ორი თუ სამი თვის წინ გამოსული ფილმი მიგვქონდა, ფრანგული, ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით – „თუ არ დაიჭერ, ქურდი არ არის“, სწორედ ეს ექვსი სიტყვა რომ ამოვიკითხე კოლოფზე, რომელიც ყველაზე ზევით იდო…
რაკი იმ სოფელს კლუბი არ ჰქონდა, სკოლის ეზო რომ ავირჩიეთ ფილმის გასაშვებად. დაგორგლილი ეკრანი რომ გადმოვიღეთ მანქანიდან და ორსართულიანი შენობის ყრუ კედელს კიბე რომ მივადგით ლურსმნების მისაჭედებლად, რომ მივაჭედეთ ზევით, კარგა მაღლა, ლამის სახურავთან; დავრწმუნდით მათ სიმყარეში და სწორედ მაშინ რომ ამოვარდა ქარი, თანდათან რომ არ გაძლიერებულა, ამოვარდნისთანავე სტვენითა და ზუილით რომ მოედო არემარეს, ქროლის მიმართულებით რომ გადახარა ღობის გასწვრივ დარგული ალვები… რომ არ შევეპუეთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელიდან გვგლეჯდა სიმძიმისთვის ზედა და ქედა მხარეს მილებჩატანებულ თეთრ ნაჭერს, მაინც რომ მოვახერხეთ მისი ჩამოკიდება და რომ არ ეფრიალებინა ყოველ დაბერვაზე, ქვედა მილს სკოლიდან გამორბენინებული ტუმბოები რომ მივადგით… მეტადაც რომ დავიზღვიეთ თავი და კინოპროექტორის შტატივის სამივე ფეხი მტკავლის სიღრმეზე რომ ჩავსვით მიწაში…
ქარის ჩადგომა ქრისტინეს გამოჩენას რომ დაემთხვა. შორს მყოფს რომ მოვკარი თვალი, შარაგზა რომ გადმოირბინა და ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა ეზოში. ორივეს რომ მოგვესალმა, მეც და ბიძაჩემსაც, რომ მოგვიბოდიშასავით, რომ მცოდნოდა, ხომ დაგელოდებოდით აქ და მოგეხმარებოდითო… სხვა კაბა რომ ეცვა, ნაკლებად გახუნებული და ყელზე მძივი რომ ეკიდა – ფერადი ბურთულებით ასხმული… ხალხმაც რომ დაიწყო მოსვლა, ყველა თავის სკამით რომ მოდიოდა, უმეტესად უზურგო, შინნაკეთი ტაბურეტებით. „ვილისის“ საბარგულიდან ხის ცარიელი ყუთი რომ გადმოვიღე და ქრისტინეს დავუდგი ჩამოსაჯდომად. ამასობაში რომ დაბინდდა კიდეც და წესისა და რიგის მიხედვით, ბიძაჩემის გვერდით რომ დავდექი… კინოპროექტორიდან გამოშვებულმა სინათლის ჭავლმა ეკრანი რომ გაანათა და ყველა გაირინდა…
ფილმის მსვლელობის დროს ქრისტინესკენ რომ ვიხედებოდი წამდაუწუმ, გამომეტყველებით ვერა, ზურგით იჯდა და მხრების მოძრაობით რომ ვხვდებოდი, რომელ სცენაზე ეცინებოდა ყველაზე გულიანად, ერთი-ორჯერ თვითონაც რომ გამომხედა და უმალ მიატრიალა თავი…
ის კაცები ღრიანცელით რომ შემოეხეტნენ ეზოში, იმ ეპიზოდს ვუყურებდით, სადაც მთავარი გმირი, სახელად ბლერო, მეთევზეთა შეჯიბრში რომ მონაწილეობდა, სატყუარად საკუთარი ქურთუკიდან აგლეჯილ ღილს იყენებდა და ვეებერთელა ღლავებს იჭერდა.
შემოხეტებულები სამნი რომ იყვნენ, ორი აყლაყუდა და ერთიც დაბალი, ასარევად მოსულებს რომ ჰგავდნენ, ჯერ იყო და ეკრანის გასწვრივ რომ დაიწყეს სიარული, თავიანთი ჩრდილები რომ ააფარეს გამოსახულებებს, მერე სკამებს შორის რომ აბორიალდნენ უხეირო ღრეჭით, მერე ჩვენკენ რომ გამოემართნენ არეული ნაბიჯებით, წინ რომ დაგვიდგნენ და სიტყვებს, რომლებითაც ბიძაჩემს მიმართეს, ერთობ უსიამოვნო „სურნელი“ რომ ამოაყოლეს – არყის, ღვინის თუ ორივესი ერთად…
ერთდროულად ბრძანების და მუქარის შემცველი რომ იყო ეს სიტყვები – გააჩერე და თავიდან გაუშვი, ბიჭო, ჩვენც გვინდა კინოს ყურებაო… არც ისეთი უფროსები იქნებოდნენ, „ბიჭო“- თი რომ მიემართათ, დამცირების მიზნით რომ აკეთებდნენ ამას. გულმა ბაგაბუგი რომ დამიწყო მღელვარებისგან, პირველად რომ მიხდებოდა ასეთ ვითარებაში ყოფნა. ბიძაჩემის პასუხმა რომ დამამშვიდა ცოტათი, ხელს მიშლითო, რომ უთხრა და ანიშნა, გაიწიეთ, გვერდზე გადექითო, მაგრამ მცირე ხნით… რას ქვია გაიწიეთო, თვალები რომ გადმოკარკლა დაბალმა, ფეხი რომ მოუქნია შტატივს პროექტორის ამოსაყირავებლად, რომ ვერ მიაწვდინა, წონასწორობა რომ დაკარგა და მიწაზე გაადინა ზღართანი. ამ მარცხმა უფრო რომ გაამწარა, გინებით რომ წამოხტა ფეხზე… სანამ რამეს მოიმოქმედებდა, ბიძაჩემმა რომ დაასწრო, წელში რომ შეუვარდა და დამიძახა – აპარატს მიხედეო… ფილმს რომ აღარავინ უყურებდა, ყველა ჩვენკენ რომ იყო მოტრიალებული, ვიღაცები იმ ორი აყლაყუდას დაშოშმინებას რომ ცდილობდნენ და ვერ ახერხებდნენ, არ ჭრიდა ხვეწნა-მუდარა მათზე… ქრისტინე რომ არ გამოქცეულიყო და არ ამომდგომოდა გვერდში, ალბათ ბიძაჩემის ბრძანებას შევასრულებდი და აპარატს მივხედავდი, გოგოს შეშინებულმა მზერამ რომ მიბიძგა თითქოს, რომ გავიქეცი და ერთ-ერთ აყლაყუდას დავეჯახე თავით… ქეჩოში რომ წამავლეს ხელი და კნუტივით რომ მომისროლეს, ეკრანის ქვეშ, სკოლის კედელთან რომ ამოვყავი თავი…
მილიციელი რომ გამოჩნდა უეცრად, კალათიანი მოტოციკლით რომ შემოგრიალდა სკოლის ეზოში, სტუმრად რომ ყოფილიყო ნათესავთან იქვე ახლოს, მეზობელ სახლში და იქ რომ მიეტანა ვიღაცას ამბავი – რომ იცოდე, რა ხდება სკოლის ეზოში, კინოს არ აყურებინებენ ხალხს მთვრალი კაცებიო…
მისი გამოჩენა და სამეულის ადგილიდან აორთქლება ერთი რომ აღმოჩნდა, ფილმის ჩვენების გაგრძელებამ აზრი რომ დაკარგა არეულობის, აქეთ-იქით მიყრილ-მოყრილი სკამებისა და აყალმაყალს გარიდებული, ეზოდან გასული მაყურებლის გამო…
მოგვიანებით, შინ დაბრუნების შემდეგ რომ გავიგეთ, ვინ იყვნენ ის სამნი… ადგილობრივები, იმ სოფლის მცხოვრებნი რომ აღმოჩნდნენ, თავიანთი შარიანობით ცნობილები. ჩხუბი რომ მოენატრებოდათ, მატარებლებში ადიოდნენ თურმე, ვაგონ-ვაგონ დაძრწოდნენ და თითიდან გამოწოვილი მიზეზებით უხირდებოდნენ მგზავრებს…
ატეხდნენ მუშტი-კრივს, დაალილავებდნენ ვიღაცებს, დალილავდებოდნენ თვითონაც და გულს რომ იჯერებდნენ, გაქანებული მატარებლიდან ხტებოდნენ და ტყეს ან ჯაგნარს აფარებდნენ თავს ნადირებივით…
ეს ამბავი ჩვენით რომ შევიტყვეთ, მათთან ოდესღაც ნაჩხუბარი ბიჭები რომ მოგვიყვნენ. მეორე ამბავი ბიძაჩემის სამსახურიდან რომ შეგვატყობინეს, იმ მილიციელს ბეჭდიანი წერილი რომ გამოეგზავნა დირექციაში (ბიძაჩემის სახელისა და გვარის მითითებით) – თქვენმა თანამშრომელმა დებოში ატეხა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილასო… ის მილიციონერი რომ წერდა ამას, პროექტორისა და ფირებით სავსე კოლოფების ჩაბარგებაში რომ გვეხმარებოდა იმ აყალმაყალის შემდეგ, „ვილისსაც“ რომ აწვებოდა ჩემთან ერთად, ეგებ თავდაღმართში დაიქოქოსო… როგორც ჩანს, ასე იმიტომ იქცეოდა, რომ დროზე გამოვესტუმრებინეთ იქიდან… წერილის გამოგზავნით კი შარიან თანასოფლელებს აფარებდა ხელს, საქმეზე ჩასულ კაცს აბრალებდა ჩხუბის ატეხას…
ბიძაჩემს თავის მართლება რომ არ დაუწყია, არ უთქვამს, მე არა, სხვებმა ატეხეს ჩხუბიო, უდრტვინველად რომ მიიღო სასჯელი – მანქანიდან ჩამოსმა და შესაბამისად, ფილმების აქეთ-იქით ტარების უფლების ჩამორთმევა…
ამასობაში, მე საკუთარ თავზე რომ ვბრაზობდი – ჩემი ახირება რომ არა, ქრისტინეს სოფელშიც ჩაგვეტანა „კინო“, არაფერიც არ მოხდებოდა, ერთხელ ნანახი გოგოსთვის თავის მოსაწონებლად შარში რომ გავხვიე კაცი…
რომ მიხვდა ბიძაჩემი, რა მაშფოთებდა და დამამშვიდა – ადრე თუ გვიან ასეთი რამ მაინც შემემთხვეოდა შენ გარეშეცო, თვალი რომ ჩამიკრა და დაამატა – ასეთია მაწანწალების ბედიო…
თავი ასე რომ მოიხსენია, არ გამკვირვებია, სოფელ-სოფელ ფილმების დამტარებლისთვის ეს სახელი ზედგამოჭრილი თუ არა, მთლად შეუფერებელიც არ ჩანდა, ცოტა არ იყოს მომეწონა, მეც რომ გავერიე მაწანწალების მარაქაში და გულზე მომეშვა…
არდადეგების ბოლოს შინ, თბილისში, დაბრუნებულმა, ენას კბილი რომ ვერ დავაჭირე, დედას რომ მოვუყევი ჩვენი ფათერაკიანი, ბიძაჩემის ქება-დიდებით გაჯერებული მოგზაურობის ამბავი…
რომ დავზაფრე ქალი…
კარგად გადარჩენილა, მანქანიდან ჩამოსმა რომ უკმარებიათო, რომ მითხრა, მადლობა ღმერთს, ისევ ციხეში რომ არ შეაბრუნესო…
აქამდე ბიძაჩემის შესახებ მხოლოდ ის რომ ვიცოდი, რასაც ბავშვობაში მიყვებოდნენ უფროსები – რომ ის რუსეთში გაგზავნეს სამუშაოდ ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, საიდანაც რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა და საცხოვრებლად „რაიონში“ გადავიდა…
სინამდვილეში, ახალგაზრდა კაცი რუსეთში სამუშაოდ კი არა, ე.წ. „სავალდებულო სამხედრო სამსახურში“ რომ გაუწვევიათ – თმა გადაუხოტრავთ, ფორმა ჩაუცმევიათ და ავტომატი დაუჭერინებიათ ხელში. მისი ნაწილი სადღაც გადასაკარგავში რომ ყოფილა, ურალის იქით, ჩრდილოეთში. სამი თვე რომ გაუძლია ორმოცგრადუსიანი ყინვის, ლოთი ოფიცრების და დაბეჩავებული რიგითებისთვის… და ერთხელაც, სამორიგეოდ განწესებულს, რომ დაუკრავს ფეხი და გამოქცეულა. ერთი თვე რომ ყოფილა გზაში, რკინიგზის სადგურებიდან გამოსულ „ტავარნებს“ რომ უსაფრდებოდა თურმე და სანამ სიჩქარეს აკრეფდნენ, მანამდე რომ ახტებოდა რომელიმე თავღია ვაგონს. სამხრეთისკენ რომ ეჭირა გეზი… ჩრდილოეთ კავკასიაში რომ დაუჭერიათ, უძილობისგან და შიმშილისგან გასავათებულს რომ ჩასძინებია და დროულად ვერ ჩამომხტარა მატარებლიდან, მძინარეს რომ დასდგომია თავზე სამხედრო პატრული…
დეზერტირობისთვის ხუთი წელი რომ მიუსჯიათ, სასჯელის მოსახდელად იმაზე შორს და იმაზე უარეს ადგილას რომ გაუგზავნიათ, საიდანაც გამოიქცა, ხოლო გათავისუფლების შემდეგ ამდენივე წლით რომ აუკრძალავთ მშობლიურ ქალაქში ცხოვრება… ასე რომ აღმოჩენილა იქ, სადაც დედამ გამამგზავრა საზაფხულო არდადეგების გასატარებლად…
იმ დღის თავგადასავალში, დედაჩემს რომ მოვუყევი, ქრისტინეზე არაფერი რომ არ მითქვამს, გაკვრითაც რომ არ მიხსენებია იგი. რომ შემრცხვა იმის თქმა – როგორ ამიჩქროლდა გული მისთვის თვალის მოკვრისთანავე, როგორ ვთხოვე ბიძაჩემს მის სოფელშიც „აგვეტანა კინო“, როგორი ამაყი ვიყავი, ძველისძველს კი არა, ახალ და თანაც ფრანგულ ფილმს რომ ვაჩვენებდით სკოლის ეზოში შეკრებილ ხალხს, რა უშიშრად ვერთვებოდი მის თვალწინ ჩხუბში და რა განცდა მეუფლებოდა ერთ-ერთი აყლაყუდას მუშტით კედელს მინარცხებულს, ჩემკენ დახრილი თვალებზე ცრემლმომდგარი გოგოს ხილვისას…
ისე რომ მოვუყევი, თითქოს სოფლად მორიგი, დაგეგმილი გასვლის დროს გადავეყარეთ შარს. რატომ მოვიქეცი ასე, ძნელი სათქმელი რომ არ იყო – გადასხვაფერებული, შეცვლილი რომ დავბრუნდი არდადეგებიდან. პირველად რომ დავიწყე ფიქრი ისეთ რამეზე, რასაც ადრე არასოდეს ავუღელვებივარ, გონება ლამის სრულად რომ მოიცვა სურათებმა, რომელთა გახსენება და ხელახლა ნახვა გონების თვალით, კვლავ იმ სამყაროში მაბრუნებდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ წამოვედი…
კინომექანიკოსს რომ დავემსგავსე, ფირის ხვეულას რომ იღებს თუნუქის მრგვალი ყუთიდან, საპროექციო აპარატის ბობინაზე რომ ამაგრებს, ღილაკს თითს აჭერს და სინათლის ჭავლს ეკრანისკენ უშვებს ოთხკუთხა ღიობის გავლით… ოღონდ გამოსახულებები, ეკრანზე რომ ჩნდება, გარეშე თვალისთვის, მაყურებლისთვის რომ არ არის განკუთვნილი და მისი ყურება მხოლოდ კინომექანიკოსს რომ შეუძლია. ის კი, გახუნებულ კაბაში გამოწყობილ ნაწნავიან გოგოს რომ ხედავს ყველაზე ხშირად, ხან სარკეებიან ტახტზე, „ატამანკაზე“ ჩამომჯდარს „ზალის“ კუთხეში, ხან ჭასთან მდგომს ეზოს ბოლოში, ღობის სიახლოვეს, ხან კიდევ სკოლის ეზოსკენ სირბილით მომავალს, ყელზე აცეკვებული წითელი მძივით…
თვითონაც რომ ჩნდება წარმოსახვით ეკრანზე – უღელტეხილს რომ გადმოივლის „ვილისი“, ფერდობის ძირას, წყაროსთან რომ გაჩერდება და ორნი რომ გადმოხტებიან იქიდან – ახალგაზრდა კაცი და ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭი, წყალს რომ მიადგებიან, სქელი მილიდან რომ იღვრება ქვით ამოშენებულ მომცრო აუზში, სახეებზე რომ შეისხამენ შეტყუპებული პეშვებით, მტვერში ამოგანგლული ტანსაცმლის ჩამოწმენდას რომ შეუდგებიან სველი ხელებით, კაცი ბიჭს რომ ეტყვის – შენ სადღა მოძვრებოდიო და ის რომ მიუგებს – აბა, ვმდგარიყავი და მეყურებინაო?..
