ლექსები ციკლიდან „ზრდასრულობის მანიფესტი“

დინა ოგანოვას ფოტო
* * *
როგორი წვიმა სცოდნია ზღვისპირეთში,
ხმაურიანი,
როგორც ბავშვობის დროინდელი მასკარადები,
მოულოდნელი,
როგორც ზამთრის გრძელ ღამეში
ჩვენი თითების დაუკითხავი შეხება,
ალმაცერი,
როგორც შენი ღიმილი
ამ შეხებისას.
როგორი გადაფრენა სცოდნიათ თოლიებს,
თითქოს მზის ჩასვლა ფრთებზე მოიხურეს,
თითქოს წავიდნენ და თან წაიღეს ცა,
ივლისის მზეს შეკიდული ბამბუკები,
და ყურესთან მოშრიალე მაგნოლიები.
თითქოს შენი ზარი გაისმა
და მარტო დავრჩი
შენი სიტყვების სიმხურვალეში.
როგორი სიყვარული გვცოდნია მე და შენ,
უბრალო და ჩუმი,
როგორც ჩაკეტილი ქალაქი,
სადაც არავინ დადის კონცერტებზე და კაფეებში,
ყოველდღიური,
როგორც ჩართული ტელევიზორი,
რომელსაც არავინ უყურებს,
შეჩვეული,
როგორც დილის ცხრაზე გაღვიძება,
სასწაულად რომ არასდროს ჩაგვითვლია.
როგორი წვიმა სცოდნია ზღვისპირეთში,
თითქოს ტროპიკულ ტყეში
მატარებელმა ჩაიარა.
* * *
ორივემ ვიცით, როგორ უნდა მოიქცნენ
ზრდასრული ადამიანები.
ყველაფერს თავისი დრო აქვს.
თქვი: არ არსებობს სიყვარული, ხომ მეთანხმები?
დაე, გონება იყოს მუდამ ჩვენი თანმხლები.
რადგანაც როცა გვიყვარდება, მაშინ ვმთავრდებით,
მოდი, ნურაფერს გავაფუჭებთ – მე ვარ თავდები,
არასოდეს შემიყვარდები.
ვთქვი: ამოვწურე სიყვარულის მთელი მარაგი,
არც გასაცემი დამრჩა რამე, არც დასაკარგი.
რადგან ყველა გზა ჩავხერგე და დავწვი ხიდები,
არც აღტაცებით შემოგხედავ, არც მორიდებით,
დამპირდი, რომ არც დაგჭირდები.
თქვი: არ მაწუხებს აღარც დარდი, აღარც ეჭვები,
არ გაძლევ იმედს, არ ელოდო, არ შეგეჩვევი.
რაც კი გამაჩნდა დასახარჯი, უკვე დავხარჯე,
ვერაფერს მოგცემ. მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენს.
რომც დაგჭირდეს, ვერ გადაგარჩენ.
ვთქვი: არც არაფერს არ დავარქვათ, მოდი, სახელი,
არც დასამალი იყოს რამე, არც გასამხელი.
ასე უბრალოდ გადაგორდეს ჩვენი ზამთრები.
არც უფრო მეტი მოვინდომოთ და არც ნაკლები.
და თუ წახვალ, არც დამაკლდები.
ორივემ ვიცით, როგორ უნდა მოიქცნენ
ზრდასრული ადამიანები.
„დალევ ჩაის?“ – გეკითხები მე.
ეს სწორი საქციელია.
* * *
– რატომ ქორწინდებიან ადამიანები? – მეკითხები შენ.
– ალბათ მარტოობის ეშინიათ, – გპასუხობ მხრების აჩეჩვით.
ჟანრის კანონი მოითხოვს, მკითხო,
შიში უფრო ძლიერია თუ სიყვარული,
როგორ ვფიქრობ,
რა მგონია,
როგორია ჩემი გამოცდილება.
(რა კარგი სიტყვაა ეს „გამოცდილება“,
რამდენ რამეს იტევს,
ძველი სიყვარულის და გულგატეხილობის ჩათვლით.
მიდი, გამოიყენე).
ყველაფერზე ძლიერია შიში, გეტყვი მე,
სიკვდილზე ძლიერიცაა,
რადგან სიკვდილი, შიშის გარეშე, არაფერი იქნებოდა.
ყველაფრის საძირკველი შიშია.
ხანდახან სიყვარულსაც ჯობნის.
– შენ არ გეშინია მარტოობის? – განაგრძობ.
– არა. ეგ უკვე უკან მოვიტოვე, – ხომ ვერ მოვიტყუები.
ალბათ როგორი უიღბლობაა,
სიყვარულზე ელაპარაკებოდე ქალს,
რომელიც მგლებს ათვინიერებს
და სავსემთვარეობისას თვითონაც გამოდის სანადიროდ.
როგორი უიღბლობაა,
შენს სამზარეულოში იდგეს
და შენს დაჭრილ ნესვს ჭამდეს ქალი,
რომელთანაც შიში ვეღარ შეიქმს სიყვარულს.
რა უნდა ქნა,
სხვა კაცებთან თავი როგორ უნდა იმართლო?
რას აღარ მოითხოვს ჟანრის კანონი,
ოცდაათს რომ გადააბიჯებ.
რას აღარ გაძალებს.
გეტყვი – სულ სხვაა ჩემი შიში,
მარტოობის შეცდომების უფრო მეშინია,
„სიბერეში ხმის გამცემი მეყოლება“ ოჯახების,
„წყლის მომწოდებლად“ გაჩენილი ბავშვების,
ნათესავების ხათრის,
სავალდებულო ქორწილების და დადგმული ცეკვების.
ხედავ, როგორი მშიშარა აღმოვჩნდი?
მარტოობა რა მოსატანია.
ალბათ როგორი უიღბლობაა,
შენთვის რომ მიწევს ამის ახსნა,
კაცისთვის, რომელიც შემეძლო, მყვარებოდა,
და საერთოდ, რამდენი რამე შემეძლო,
ვინ იცის.
– რატომ ქორწინდებიან ადამიანები? – მეც გკითხავ ერთ დღეს,
როცა ინსტაგრამზე შენი ქორწილის ფოტოებს ვნახავ.
ალბათ როგორი უიღბლობაა,
ამდენი საერთო მეგობარი რომ გვყავს,
და ვერ დავიკარგებით.
არ დამიმალო,
როგორ იქნება შენი გამოცდილება.
* * *
ყოველთვის, როცა ბავშვობის სახლში მძინავს,
მესიზმრება ბიჭი,
რომელიც თოთხმეტი წლისას შემიყვარდა.
თითქოს ჩემს ძილში
სახლი აღვიძებს
ყველა შეუძლებელ მონატრებას და სიყვარულს.
სიზმარში ისიც თოთხმეტი წლისაა,
ბიჭი, რომელსაც ყველაზე ლამაზი თვალები ჰქონდა
და ყველაზე კეთილი გული.
ნახევარი ცხოვრება გავიდა
და ახლაც მხოლოდ ეს ვიცი მასზე,
და მყოფნის,
სხვა რაღა უნდა მაინტერესებდეს.
რამდენი რამე მაქვს მისთვის სათქმელი,
რამდენი რამე,
რაც არასოდეს მომიყოლია ჩვენი ხანმოკლე
შეხვედრებისას,
მეგობრების დაბადების დღეებზე და ქორწილებში,
არასდროს მითქვამს,
როგორ გავშალე მხრები მის სიყვარულში,
როგორ გავიდგი ფესვები,
გავიტოტე,
ავმაღლდი და ავყვავილდი,
როგორ ავყევი ქარებს და
ზღვების დინებაც დავიზეპირე,
როგორ გავიზარდე ქალად,
რომელმაც ყველა გლოვის სიმღერად ქცევა შეძლო.
ყოველთვის, როცა ბავშვობის სახლში მძინავს,
მესიზმრება ბიჭი,
რომელიც თოთხმეტი წლისას შემიყვარდა.
მადლობა, ჩემო სახლო,
მისი სახე რომ შემომინახე.
* * *
რა კარგი დღეა სამშობლოში დასაბრუნებლად,
რა კარგი დღეა.
რადგან ჯერ კიდევ გვაქვს სამშობლო,
რადგან ვიცით, საით მივდივართ.
გუგუნებს ძრავა.
ფანტელები პაწაწინა რაკეტებს ჰგვანან.
გზას მიიკვლევს თვითმფრინავი დამფრთხალ ჰაერში.
თითქოს ღია თვალებში მათოვს.
რა კარგი დღეა სამშობლოში დასაბრუნებლად.
რა დიდებული ამინდია სახლში ყოფნისთვის,
რა დიდებული ამინდია.
რადგან ჯერ კიდევ გაგვაჩნია ოთხი კედელი,
მოკრძალებულად შეღებილი,
წიგნების თარო,
ექვსი თეფში და ამდენივე დანა-ჩანგალი,
და სკამებიც – არანაკლები,
გრძელი მაგიდა მეგობრების შემოსაკრებად,
ზაფხულის და ზამთრის ხალათი,
საყვარელი მხატვრის ნახატიც.
რა დიდებული ამინდია სახლში ყოფნისთვის.
რა კარგი დროა სიყვარულის გასახსენებლად,
რა კარგი დროა.
რადგან ჯერ კიდევ მენატრები ათასში ერთხელ,
რადგან მახსოვხარ.
დღეს დაგირეკავ და ჩაიზე მოგიპატიჟებ,
გეტყვი – ვცდებოდი,
და ამჯერად არსად გაგიშვებ.
მოდი, თავიდან შეგიყვარებ,
ომია გარეთ.
მოდი, გადავრჩეთ.
რა კარგი დროა სიყვარულის გასახსენებლად.
