გზაში დაწერილი წიგნიდან
დათო ტურაშვილი, არ გაუკვირდება მის მკითხველს, ბევრს მოგზაურობს – საქართველოს და უცხოეთის გზებისგან მისი ბევრი მოთხრობა, რომანი და დოკუმენტური პროზის ნიმუშია შთაგონებული. გთავაზობთ ფრაგმენტებს დათო ტურაშვილის ახალი წიგნიდან.
0.1 ფიჯი
ფიჯი კუნძულია და ამ კუნძულზე თითქმის ყველანი ბავშვობიდან რაგბის მოთამაშეები არიან, ამიტომაც ფიჯის ნაკრებში ტალანტები არასოდეს აკლიათ. თუმცა, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფიჯელი მორაგბე, რასაკვირველია, ლევან ბოტიაა, მისი სახელისა და გვარის გამო. როცა ეს კაცი აღმოვაჩინე, გამახსენდა, რომ აღდგომის კუნძულის ლეგენდების მიხედვით, იმ თეთრი ხალხის ლიდერი (იგივე ბელადი) იყო ხუტა მატუა. ბუნებრივია, იმის მტკიცებას ვერ დავიწყებ, რომ მეგრელების წინაპრებმა ასე შორს გაცურეს, მაგრამ იქნებ მატუები აღდგომის კუნძულზე დარჩნენ და ბოტიებმა ფიჯისკენ გააგრძელეს გზა ან პირიქით. როგორც ბებიაჩემი იტყოდა, – მეგრელებს რას გაუგებ…
0.2 ჩილი
ჩემი იდეა იყო, რომ მეხიკოდან გვადალახარაში არა თვითმფრინავით, არამედ ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით გავმგზავრებულიყავით და ასე მივწერეთ კიდეც მასპინძლებს და სიამოვნებით დამთანხმდნენ. წავედით მექსიკური „მარშუტკით“ და რამდენიმე დღეში გავიარეთ რამდენიმე ულამაზესი ქალაქი და სოფელი. ვჩერდებოდით პატარა სასტუმროებში და დიდი სიამოვნებით ვეცნობოდით ყველაფერს მექსიკურსა და არატურისტულს. საჭმელადაც არაგადაპრანჭულ, ყველაზე უბრალო მექსიკურ ადგილებში შევდიოდით, სადაც გვხვდებოდნენ ზუსტად ისეთი მექსიკელი გლეხები, როგორებიც წარმოგვედგინა ხუან რულფოს მოთხრობებისა და ამერიკელების მიერ გადაღებული ფილმების მიხედვით. ლუკა გრიგოლია ყველგან ითხოვდა ყველაზე ცხარე, მწარე და გამანადგურებელ წიწაკას და მათ თვალწინ ჭამდა ბოლომდე და წარბშეუხრელად. მეტიც, გაკვირვებული მექსიკელების დანახვისას, ღიმილით ამბობდა ჭეშმარიტად საამაყო ფრაზას, – მეგრელ კაცს, რა უნდა მიქნას მექსიკურმა წიწაკამ?!
0.3 მედეა კოლხი
გრძელი ამბავი კი არის, მაგრამ მოკლედ მოვყვები.
ჩემი წიგნის ბერძნულად გამომცემელმა ათენში წიგნის წარდგენის შემდეგ მითხრა, თუ სურვილი მქონდა თანამედროვე არგონავტებისთვის მომესმინა საბერძნეთის პარლამენტში, საშვის გაკეთება შეეძლო ჩემთვის. რასაკვირველია, დავთანხმდი. აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დღეს ბერძენი დეპუტატების წინაშე წარდგებოდნენ ის თანამედროვე ბერძენი არგონავტები, რომლებმაც საქართველოში ნიჩბებიანი ხომალდით ჩამოაღწიეს რამდენიმე წლის წინ. გამომსვლელებიდან მე იმ არგონავტის ფრაზამ დამაინტერესა განსაკუთრებით, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, კერძოდ კი ბათუმში, მედეა კოლხს ქართველებმა ძეგლი დაუდგესო. თუმცა მხოლოდ ჩემი კი არა, ამ ფრაზამ სხვების ინტერესი და ხმაურიც გამოიწვია და პარლამენტის თავმჯდომარემაც ომახიანად დააშოშმინა აუდიტორია, – აქო, სტუმრადო, ქართველი პარლამენტარებიც ბრძანდებიან და კომენტარიც მათ ვთხოვოთო. გავიხედე და არცთუ მოშორებით ქართველი დეპუტატები – ფრიდონ საყვარელიძე და ლევან ბერძენიშვილი – აღმოვაჩინე და ეს უკანასკნელი, დარბაზიდან ტრიბუნასთან მართლა მიიწვიეს. ბატონ ლევან ბერძენიშვილს ენის ტრიალი, მგონი, არც არასოდეს დაზარებია, მაგრამ მაშინ და იქ ისე დაატრიალა, აპოლონიოს როდოსელსაც აღაფრთოვანებდა – დეტალურად და არგუმენტირებულად აუხსნა ბერძნებს, თუ რატომ იდგა საქართველოში მედეა კოლხის ძეგლი და ისე კარგად განუმარტა ყველაფერი, რომ ამის მერე ბერძნებს არანაირი შეკითხვა აღარ გასჩენიათ. მე კი ბებიაჩემი გამახსენდა, რომელიც კოლხ მედეაზე ისე იყო გაბრაზებული, რომ ერთხელ, ბავშვობაში, იასონისა და არგონავტების ამბავს რომ მიყვებოდა, ამბავი უცებ ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დაამთავრა – ასე გაბოზდა, შვილო, მედეა კოლხიო…
მაშინ სად მექნებოდა წაკითხული ევრიპიდე, რომ მისთვის ამეხსნა, თუ რატომ შექმნა ავტორმა ასეთი უარყოფითი პერსონაჟი მედეასაგან და ბებიაჩემიც ისე მოკვდა, რომ მედეა კოლხის დარდი თან გაჰყვა.
არადა, ამის გარდა კიდევ რამდენი დარდი და ტკივილი ჰქონდა…
0.4 ჭომა
ჭომას ხსენებაზე ჯერ თენგიზ სულაქველიძე მაგონდება ხოლმე და მერე ყველა დანარჩენი, რადგან თენგიზ სულაქველიძის მეტსახელი ჭომა იყო და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სანამ ქუთაისის ისტორიის შესწავლას დავიწყებდი, უკვე ვიცოდი ქუთაისში ასეთი უბნის არსებობის შესახებ. იმ დანარჩენებიდან კი, უპირველეს ყოვლისა, ნიკო მარი მახსენდება, რომელიც აგრეთვე ჭომაში დაიბადა ასი წლით ადრე, მაგრამ თენგიზ სულაქველიძისაგან განსხვავებით, ქართულ ფეხბურთსაც უღალატა და ქართულ ლიტერატურასაც. როგორც ჩანს, დიდი მეცნიერი იმ ფრაზამ შეაცდინა, რომელსაც შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსნის“ შესავალშივე ამბობს და ნიკო მარმაც გადაწყვიტა, რომ რუსთაველმა სპარსული ამბავი თარგმნა ქართულად და სპარსული ორიგინალის ძებნაც დაიწყო. უფრო სწორად, დაიწყო იმის მტკიცება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ნამდვილი დედანი, ანუ სპარსული ორიგინალი, ინგლისში ერთ- ერთი მუზეუმის საცავში ინახებოდა. ნიკო მარი რომ აღარ გაჩერდა, ილია ჭავჭავაძემ უთხრა (არამხოლოდ ხუმრობით, რასაკვირველია), წადი ინგლისში და „ვეფხისტყაოსნის“ სპარსულ დედანს თუ ვერ მიაგნებ, აქ აღარ დაბრუნდეო. არც დაბრუნებულა…
0.5 დაპატიჟება კინოში
კოტე ჯანდიერისგან განსხვავებით, ფერნანდამ დამპატიჟა მადრიდის კინო-ფესტივალზე, სადაც უჩვენებდნენ ფილმს ლესბოსური ისტორიის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში კი არ დამპატიჟა, არამედ დაჟინებით მთხოვა, რომ გავყოლოდი. მარია-ფერდანდას, რომელსაც ძალიან მოსწონდა ლამაზი გოგოები და თვითონაც ძალიან ლამაზი იყო, უარს ვერ ვეტყოდი და სიამოვნებით გავყევი, მაგრამ კინოში დავაგვიანეთ. დიდ დარბაზში უკვე ბნელოდა, როცა ჩვენს კუთვნილ ადგილებამდე მიგვაცილეს პატარა ფანრის შუქზე. შუა დარბაზში ვისხედით. ფილმი მოძალადე მასკულინურ სამყაროზე იყო, სადაც ქალებს მხოლოდ იმიტომ ჩაგრავდნენ, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ. მთელი ფილმის მიმდინარეობისას მესმოდა უკმაყოფილო ხმები და კაცების მიმართ გამოთქმული საყვედურები, მაგრამ ბოლოსკენ მდგომარეობა უკვე დამძიმდა – ფინალური სცენის შემდეგ, როცა სინათლე აანთეს და მიმოვიხედე, აღმოვაჩინე, რომ ამ უზარმაზარ კინოდარბაზში ერთადერთი მამრობითი სქესის მაყურებელი მე ვიჯექი. არადა, ამ დაგროვილ პროტესტსა და აგრესიას სადღაც ხომ უნდა გაეღწია კალაპოტივით და ვიგრძენი, როგორ შემომხედა რამდენიმე ასეულმა გაბრაზებულმა ქალმა და, რომ არა მარია-ფერნანდა, ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. უფრო სწორად, ვინ იცის, როგორი სიამოვნებით მცემდნენ კაცთა მოდგმაზე გაბრაზებული ქალები, რომ არა ჩემი მეგობარი მარია- ფერნანდა. რომელი სთრეით მეგობარი დამიცავდა ასე…
0.6 ბრუკლინი
მაკა ქობალიამ და ლევან ნადირაშვილმა დაგვპატიჟეს კალათბურთზე – „ბრუკლინი“ ეთამაშებოდა „გოლდენ სტეიტს“. აღმოჩნდა, რომ ბარკლის ცენტრი იმ პრინციპითაა აშენებული, რომელიც გაცილებით ადრე გამოიყენა ლადო ალექსი-მესხიშვილმა, როცა თბილისის სპორტის სასახლეს აშენებდა. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, საკუთარი საგანძურის დაფასება ზოგჯერ გვიჭირს და არსებული საოცარი დარბაზის რესტავრაციის ნაცვლად, ახალი სპორტის სასახლე ავაშენეთ ევრობასკეტის ჩასატარებლად. უამრავი ხარვეზის შესახებ, რაც ახალ დარბაზს აქვს, არაფერს ვიტყვი, მაგრამ მთავარი პრობლემა ადგილამდე მიღწევაა. მეტიც, სასაფლაოებით გარშემორტყმული ახალი სასახლე უბრალოდ მიუღწეველია ცოცხალი ადამიანებისთვის და იქ მოსახვედრად ყველაზე რეალური გზა გარდაცვალებაა. უფრო სწორად კი, სანამ ცოცხალი ხარ, ან მოხვდები, ან არა, ხოლო გარდაცვალების შემთხვევაში, აუცილებლად მოხვდები, მაგრამ მკვდრებს კალათბურთი ალბათ აღარ სჭირდებათ. თუმცა იქნებ მე ვცდები და საქართველოს ხელისუფლებაში კი არიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ზეციური კალათბურთიც არსებობს…
0.7 რაჭული სამოთხე
ისეთი ოჯახი იყო – სახლიც, ეზოც და ადამიანებიც, – რომ უცებ სამოთხე გამახსენდა. ზემო რაჭა ხომ ისედაც ჰგავს სამოთხეს და ამ ოჯახში კი ისე მომეწონა ყველაფერი, რომ მადლობას ვამბობდი ჩუმადაც და ხმამაღლაც. თავისი სახლის ღვინოც ისეთი კარგი ჰქონდათ, რომ სუფრის გაშლამდე, რამდენიმე ჭიქის დალევა სიამოვნებით მოვასწარით. მერამდენე ჭიქის მერე იყო, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს, იმ მასპინძელმა კაცმა რომ მოულოდნელად გვითხრა, – თუ გინდათ უცებ, ეგრევე, აქედან სულ სხვა განზომილებაში გადაგიყვანთო.
– როგორ-მეთქი, – გულწრფელად გავიკვირვე და – სად-მეთქი, – მერე მაინც დავამატე.
– სად და სხვა განზომილებაში, – გაიმეორა ისე მშვიდად, რომ ძალიან, ძალიან მომინდა იმ სხვა განზომილებაში მოხვედრა.
– მე ეზოთერიკოსი ვარ, – დაამატა მასპინძელმაც და კიდევ უფრო მომინდა რომელიმე სხვა განზომილებაში გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ მისტიკურისადმი ცოტა შიშისმაგვარიც ახლდა ამ მონდომებას. თუმცა მაინც ლოგიკის კარნახით მივიღე გადაწყვეტილება და არ დავიჯერე, რომ ამ ლორიან ლობიოზე, ხვანჭკარასა და ყველზე, მწვანილსა და იქვე გამომცხვარ პურზე უკეთესი განზომილება არსებობდა სადმე დედამიწაზე ან გალაქტიკაში.
ამიტომაც რაჭაში დავრჩი.
0.8 კუსამა
იაიო კუსამა, იაპონელი ხელოვანი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და თავისი შემოქმედებით ყველას აოცებს, ჩემთვის ბავშვობაში დაბრუნებასაც ნიშნავს. უფრო სწორად, ბავშვობაში ხვიჩა კვარაცხელიამ დამაბრუნა და კუსამამ კი, უფრო ადრეულ ბავშვობაში – იმ ასაკში, როცა საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მერქვა და ყოველდღე მასმევდნენ კისელსა და კაკაოს. სავარაუდოდ, არა მხოლოდ ჩვენს ბაღში, არამედ სხვა საბჭოთა ბაღებშიც, კისელსა და კაკაოს იმ ჭიქებით ასმევდნენ ბავშვებს, რომელსაც კუსამა ხატავს. ძალიან ბევრი ადამიანი, მის შემოქმედებას რომ აღმოაჩენს ხოლმე, ამბობს, ეს არ არის ნორმალურიო, მაგრამ ვინ იცის და იქნებ პირიქით არის და ჩვენ არ ვართ ნორმალურები, ვინც ასე დავშორდით ბავშვობის თავისუფლებას. იაიოი კუსამა კი ყველაზე ნორმალურია, რადგან მან ჩვენზე უკეთ იცის, რომ ადამიანი ყოველთვის ისეთი თავისუფალი უნდა იყოს, როგორიც ბავშვობაშია…
0.9 ამერიკული თავისუფლება
ალბათ ყველამ იცის, რომ ნიუ-იორკის მისადგომებთან თავისუფლების ქანდაკება დგას. ალბათ უმრავლესობამ იცის, რომ იქვე, ამ ქანდაკებასთან ახლოს, არის კუნძული, რომელსაც ელისი ჰქვია და იმ კუნძულზე ეგრეთ წოდებული კარანტინი უნდა გაევლო ყველას, ვინც ამერიკას მიადგებოდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცის დასაწყისში. და ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რომ კარანტინის გავლის შემდეგ, პირველი, რაც მომავალ ამერიკელებს ხვდებოდათ, რაჭველების დუქანი იყო. რასაკვირველია, იმ დაწესებულებას არც დუქანი ერქვა და არც საკვების ობიექტი, მაგრამ ნამდვილი ამბავია, რომ რაჭველების გახსნილი იყო, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში რაჭიდან საშოვარზე წასული რაჭველების. იმ კარანტინმა კი თითქმის სამოცდაათი წელი იარსება ელისის კუნძულზე და თუ სწორად მახსოვს, 1953 წელს გააუქმეს. რასაკვირველია, სტალინის სიკვდილთან ამ თარიღს არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მილიონობით ადამიანისთვის ამერიკული თავისუფლება (კარანტინის გავლის მერე) რაჭული ლობიანით იწყებოდა…
0.10 მოხისი
დამესიზმრა, რომ მომენატრა მამა და მივედი მამაჩემის სანახავად რაზმაძეზე, იმ სახლში, სადაც მამა მეგულებოდა. დამხვდა მხოლოდ დედა, რადგან სიზმარში დამვიწყებოდა, რომ მამაჩემი გარდაცვლილი იყო. დედაჩემმა მითხრა ის, რასაც ყოველთვის მეუბნება (თანაც მხოლოდ ის), როცა მასთან მივდივარ, – წამოწექი, დაისვენეო. წამოვწექი და ჩამეძინა. სიზმარში დამესიზმრა სხვა სიზმარი – თითქოს ნიუ-იორკის რომელიღაც ცათამბჯენის სახურავზე ვიყავი, უცნობ ქართველებთან ერთად, და უცებ ქარი ამოვარდა. უფრო სწორად, ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, რომ ცათამბჯენის თანამშრომლებმა გვირჩიეს, იატაკზე დავწოლილიყავით და ცოტა ხანში ჩამეძინა კიდეც. დამესიზმრა მოხისი – უფრო სწორად კი, მოხისის ძველი სასაფლაო, სადაც დაკრძალულები არიან ჩემი წინაპრები და მათ შორის ბაგრატ ტურაშვილი – პაპის პაპად რომ მეკუთვნის და ისეთი ლამაზი საფლავის ქვა აქვს, ცქერა არ მბეზრდება. რამდენჯერაც იქ მოვხვდები, სასაფლაოზეც აუცილებლად გავდივარ ხოლმე. თუმცა იქ, უკვე დიდი ხანია, საფლავების გარდა არც არაფერი გვაქვს. შეიძლება მოხისიც ამიტომ მესიზმრება ხშირად.
მგონი, ყველაზე ხშირად.
0.11 ჩემო კაპიტანო
პირველი, ვინც კაპიტანს ასე მიმართა და ლექსიც მიუძღვნა, მგონი, უიტმენი იყო. რეზო ჭეიშვილის სიტყვაც მახსოვს, როცა თავის კაპიტანს – შოთა იამანიძეს მიმართა დაკრძალვისას. თუმცა ანატოლი კაჭარავა მაინც ყველაზე დიდი ქართველი კაპიტანი მგონია (გემის კაპიტნებს შორის) და რაც ნოდარ დუმბაძემ ფინეთის ომში აღწერა და ქართველი ტანკისტის სასახელოდ შეთხზა, სინამდვილეში მეორე მსოფლიო ომის დროს მართლა მოხდა, ოღონდ ანატოლი კაჭარავამ არა მტრის ორი ტანკი, არამედ გემი წამოიყვანა.
ამ დაუჯერებელი გმირობის სანაცვლოდ (ომი რომ დამთავრდა), საბჭოთა ხელისუფლებამ ანატოლი კაჭარავას დაჯილდოება გადაწყვიტა და მოსკოვში, კრემლში დაიბარეს კიდეც არჩევანის გასაკეთებლად. პირდაპირ უთხრეს, – არ მოგერიდოთ და აირჩიეთ, რა უფრო გინდათ: მანქანა, ბინა თუ აგარაკიო…
ანატოლი კაჭარავა არც კი დაფიქრებულა, ისე თქვა, – ნატო ვაჩნაძე მინდაო.
