გზაში დაწერილი წიგნიდან
„აღდგომა დღე კი იყო, მაგრამ ეს სასაფლაო იმდენად ძველია, რომ მომკითხველი ცოტა ჩანდა (აშკარად) და ჩვენც მათ ვკითხეთ, ვინც იქ დაგვხვდა“.
გრძელი ვირი
არგენტინელმა ჟურნალისტმა მკითხა, როგორი ბავშვობა გქონდათო და რას ვეტყოდი, – კონკრეტულად რა გაინტერესებთ-მეთქი და თამაშებიო. ჯერ თქვენ მომიყევით, რას თამაშობდით-მეთქი და მეო, ყველაზე მეტად გრძელი ვირის თამაში მიყვარდაო. აღწერით მივხვდი, რომ იმ თამაშს მიხსნიდა, რომელსაც ჩვენც ვთამაშობდით და გრძელს ვეძახდით, თორემ იმ არგენტინელს ვირი საერთოდ არ უხსენებია. მერე, რამდენიმე წლის შემდეგ, ანკარის ბოტანიკურ ბაღთან ვნახეთ ამ თამაშის ძეგლი და ძალიან გამიხარდა მეც და ნიკა შურღაიასაც. ნიკასთვის არ მითქვამს და მე კი უცებ მეგონა, რომ ბავშვობაში დავბრუნდი…
ასსუტა
თელ-ავივში იმ ექიმმა, გულის ურთულესი ოპერაცია რომ გამიკეთა, ჩემი ამეტყველების მერე, ჯერ გაკვირვებულმა მკითხა, – ისრაელამდე როგორ ჩამოაღწიე ამ გულითო და მერე სერიოზულად მითხრა, – ღმერთს ძალიან ჰყვარებიხართო.
რა მეხუმრებოდა, მაგრამ მაინც წამომცდა, – რომელ ღმერთს, თქვენსას თუ ჩვენსას-მეთქი…
ნასრ ედ-დინი
ის წიგნი ფალიაშვილის ქუჩაზე, იმ ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე, რომელიც ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. წიგნს ერქვა „მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი“ და სპარსულიდან იყო თარგმნილი. თურქულენოვან სამყაროში კი მას ნასრედინ ხოჯას უწოდებენ და ამ კაცმა იმდენი სიხარული მაჩუქა ბავშვობაში, რომ დიდობაში მისი საფლავის სანახავად წავედი.
ნასრედინი დაკრძალეს აქშეჰირში – იქ, სადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა და ისე მოხდა, რომ აქშეჰირის მეზობელ ქალაქ კონიაში, მეცამეტე საუკუნეშივე, ცხოვრობდა მევლანა.
მევლანა, ანუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეტი, მოაზროვნე და ფილოსოფოსი, ჯელალ ედდინ რუმი იქვე, კონიაში, მოღვაწეობდა. თუმცა იმავე მსოფლიოს დიდ ნაწილს, მისი სუფიური ნააზრევის, პოეზიისა და სიბრძნის მისაღებად, თითქმის ათას ერთი დღე სჭირდება, როცა ნასრედინის ნებისმიერ ხუმრობას თითქმის ნებისმიერი ადამიანი, ერთ დღეში იღებს…
ნაპოლი
ნაპოლის, იგივე ნეაპოლის, ამ უსასრულო ქალაქის შესახებ წერა, ალბათ, უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში ნაპოლის უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტი სწავლობდა, გვარად გელოვანი. მეტიც, მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ რუსეთის გარეშე ქართველები განათლებასაც ვერ მიიღებდნენ, ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია. მთავარი პრობლემაც ის არის, რომ რუსეთის იმპერიამ მთავარი, ევროპული განათლების გზაც ჩაგვიკეტა, როგორც მანამდე ოსმალეთის იმპერიამ ან სხვებმა, ვინც არ გვაცდიდა სწავლასა და განვითარებას.
ნაპოლის ნაპოლიტანური სახელი კი არის ნაპულე…
პლებიშიტო
როცა „ნაპოლი“ სკუდეტოს იგებს, ანუ იტალიის ჩემპიონი ხდება, მთავარი დღესასწაული იწყება იმ მოედანზე, რომელსაც „პლებიშიტო“ ჰქვია. სწორედ ეს მოედანი იყო დაკავშირებული საქართველოსთან ჯერ კიდევ მაშინ, როცა სამეგრელოშიც არ იცოდნენ, რომ ნაპოლისა და საფეხბურთო სამყაროს აჩუქებდნენ ხვიჩა კვარაცხელიას. ამ მოედნის რეკონსტრუქციაზე, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით იზრუნა ნაპოლეონის ძმამ, რომელიც ნაპოლის მეფედ დანიშნა ბონაპარტემ. ამ მეფის შვილიშვილი აშილ მიურატი კი იყო სამეგრელოს მთავრების სიძე. დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის შვილი სალომე ისე გულწრფელად შეიყვარა ნაპოლეონის ძმის ჩამომავალმა აშილ მიურატმა, რომ ის სამეგრელოში, სოფელ ჭკადუაშში სამუდამოდ დარჩა…
კვერცხის ციხე
ლეგენდის მიხედვით, ამ ციხესიმაგრის საძირკველში კვერცხი ჩადო თვით ვერგილიუსმა (ანუ ვირგილიუსმა), რომაელმა პოეტმა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში ნეაპოლში ცხოვრობდა. რაც დანამდვილებით ცნობილია, ეს ციხე ააშენა კონსულმა ლუციუს ლუკულუსმა, ის გენერალიც იყო და მისი მთავარსარდლობით რომაელებმა სომხეთის მეფე ტიგრანი დაამარცხეს. თუმცა ნეაპოლში (იტალიურად რომ ნაპოლი ჰქვია) მოხვედრილ ქართველს, ამ ციხის დანახვისას, ალბათ მაინც უფრო პომპეუსი გაახსენდება, ვიდრე ლუკულუსი, რადგან ლუციუს ლუკულუსი რომ სომხებს მიადგა, იმ დროს გნეუს პომპეუსი ჩვენ მოგვადგა.
ახლაც კამათობენ, რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ ლეგენდაც ხომ ცოცხლდება ხოლმე, როცა მტკვარი იკლებს და პომპეუსის ხიდი ჩნდება…
სუმო
რადგან ექიმები ტელევიზორის ყურებას მიკრძალავენ, რომელიღაც ტელეარხზე ჩუმად ვუყურებდი სუმოს. სუმოს მიმომხილველს ანუ კომენტატორს ერქვა ვაჟა და იმ გადაცემას მეორედაც ვუყურე, რადგან მეგონა, რომ მომეჩვენა (ან მომეყურა).
ვიცი, რომ იაპონიაში ბევრს ჰქვია შოთა, მაგრამ არა დიდი პოეტის – რუსთაველის, არამედ ძიუდოისტის – შოთა ჩოჩიშვილის გამო.
თუმცა უცებ გავიფიქრე, რომ ვაჟა იმ იაპონელ ტელეწამყვანს ვაჟა-ფშაველას გამო დაარქვეს.
როგორც ბებიაჩემი იტყოდა, – რას გაუგებ იაპონელებს…
რატომ აქვთ ამერიკელებს თეთრი კბილები
პირველად რომ ამერიკაში მოვხვდი, ყველაზე მეტად მათი კბილების სითეთრემ გამაკვირვა. საკვირველი და საოცარი ბევრია ამერიკაში, მაგრამ კინოსა და ტელევიზორში ხომ მანამდეც ათასჯერ მენახა მათი ცათამბჯენებიც და ერთსართულიანი სიმშვიდეც, ნამდვილი ჯინსებიც და ბავშვობიდან ნასწავლი ღიმილიც.
აი, ასე თეთრი და აი, ასე საგულდაგულოდ მოვლილი ათასობით კბილი კი მართლა არასოდეს მენახა…
ტომი და ჯერი
ახლა ეკატერინბურგი ჰქვია, მაგრამ მაშინ, საბჭოთა დროში, კრასნოიარსკი ერქვა და საქართველოდან ძალიან შორს იყო. ამიტომაც საგასტროლოდ წასული რუსთაველის თეატრი იქ რამდენიმე თვით დარჩა და ქართველი მსახიობები თითქმის ყოველდღე მართავდნენ სპექტაკლებს უზარმაზარი კინოთეატრის შენობაში, რომელსაც დიდი სცენაც ჰქონდა. ერთ დღეს კახი კავსაძემ კინომექანიკოსის ოთახში რამდენიმე კინოყუთი აღმოაჩინა წარწერით „Tom and Jerry” და იმ მექანიკოსს კონიაკი აჩუქა, რის სანაცვლოდაც მათ მოსაწყენი და ერთფეროვანი საგასტროლო ცხოვრება იმ დღიდან რადიკალურად შეიცვალა. რუსთაველის თეატრის მსახიობები (ქართველი გამნათებლებისა და სცენის მუშების ჩათვლით), ყოველდღე უყურებდნენ დისნეის ანიმაციურ ფილმებს დიდ ეკრანზე და ალბათ ეტირებოდათ კიდეც საბჭოთა ბავშვების გამო, რომლებიც კვირიდან კვირამდე მულტფილმ „აბა, დამაცადეს“ (ნუ პაგაძის ანუ) თითო სერიას ველოდით და ეს სიამოვნება ჩვენთვის მხოლოდ ათი წუთით გრძელდებოდა…
მდელო
ბარისახოსა და შატილს შორის ერთი მდელოა ზედ მდინარის პირას, გზასთან ახლოს, სადაც რამდენჯერაც ამივლია ან ჩამივლია, იმდენჯერაც ძალიან უცნაური განცდა მქონია რაღაც ძალიან ტკბილისა და გემრიელის. სუნიც ისეთი მიგრძნია (რაღაც ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებული), რომელიც სხვაგან არსად მეგულება ამ მიწაზე და ერთადერთი, რასაც მივამსგავსებ ხოლმე, სწორედ იმ მდელოს სუნია, კლინიკური სიკვდილის მერე რომ დამამახსოვრდა გვირაბის ბოლოს. იმ გვირაბს (როგორც მერე წავიკითხე და აღმოვაჩინე) თურმე ნებისმიერი ადამიანი გაივლის, ვისაც კლინიკური სიკვდილი ემართება (ავთო შარვაძე კი ამბობდა, – სიკვდილი მჭირსო და არა მემართებაო, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი სულ სხვა ამბავია). კლინიკური სიკვდილის დროს მთავარი ის არის, გვირაბში ვინ შეგხვდება და სხვა დეტალები შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც, მაგრამ ვინც იქ შეგხვდება, სამუდამოდ გემახსოვრება. მე ალექსანდრე პუშკინი შემხვდა გვირაბში და იმის მერე სულ ვფიქრობ და ვერ ამიხსნია, რატომ მაინცდამაინც პუშკინი და არა რომელიმე სხვა მწერალი.
მართლა არ ვიცი.
რეი და ნალა
ნალას არ ვიცნობდი, მაგრამ რეი იყო მეორე ძაღლი, რომელიც შემიყვარდა მუთაქას მერე. მუთაქა ერქვა ქართულ ნაგაზს გარეჯში (მგონი, ილო ქვლივიძის მოყვანილი იყო), ჩვენ რომ გვიცავდა ხოლმე ყველასგან და ერთხელ ლავრასთან მომდგარ მგლებსაც კი დაედევნა. არადა, მართლა მუთაქასავით იწვა ხოლმე გაუნძრევლად და არავის აწუხებდა, თუ ჩვენ არავინ გვაწუხებდა გარეჯში და იყო დიდი, ლამაზი და ჭკვიანი.
რეიც ასეთი იყო – დიდი, ჭკვიანი და ლამაზი, მაგრამ უფრო სევდიანი, ვიდრე მუთაქა, რადგან რეი პატარა იყო, როცა საქართველოდან ესპანეთში წაიყვანეს და როგორც ირაკლი თავბერიძემ მითხრა, ბოლომდე ნოსტალგია აწუხებდა. მე ესპანეთში გავიცანი რეი – იმ სოფელში, რომელიც ისტორიულ კასტილიას ეკუთვნის (ჩვენებურად ქართლს ალბათ) და ნალა მერე ჩამოიყვანეს, რეი რომ მარტო არ ყოფილიყო.
მერე ორივენი ერთმანეთის გვერდით დაკრძალეს იმ ბაღის ბოლოს, სადაც ნამყოფი ვიყავი მაშინ, როცა პირველად აღმოვჩნდი ესპანეთში. თხუთმეტი წლის შემდეგ, ისევ რომ ჩავედი ესპანეთში და რეის სადღეგრძელო ვთქვი, ნალას შესანდობარიც დავლიე და გავარკვიე, რომ ძაღლებს ესპანეთში არ კრძალავენ. მათი დამარხვა აკრძალულია და ამიტომ მათ წვავენ და აღმოჩნდა, რომ მთელ ესპანეთში მხოლოდ ორი ძაღლია დაკრძალული და ორივე ქართველია…
სევდის ბაღი
ბადურ ბალარჯიშვილის დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მერე, როცა თელავში აღდგომას მოვხვდი, მისი საფლავის სანახავად წავედი. მაინტერესებდა, სად დაკრძალეს და მის კოლეგას, დავით მაღრაძეს ვკითხე ბადურის საფლავის ამბავი და აღმოჩნდა, რომ თელავის ძველ, ანუ ქალაქის ძველ სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელსაც სევდის ბაღი ჰქვია. აღდგომა დღე კი იყო, მაგრამ ეს სასაფლაო იმდენად ძველია, რომ მომკითხველი ცოტა ჩანდა (აშკარად) და ჩვენც მათ ვკითხეთ, ვინც იქ დაგვხვდა. კიდევ ერთხელ მიგვასწავლეს და მივაგენით და მგონი, პირველმა გია პირადაშვილმა დაინახა წარწერა „ბადურ ბალარჯიშვილი“ და იქვე სიტყვა „მგოსანი“ საფლავის უბრალო ქვაზე. ასეთი უბრალოდ და ძველი სასაფლაოები მიყვარს და სხვაგანაც მინახავს მიტოვებული საფლავები, მაგრამ სევდის ბაღი მხოლოდ თელავის სასაფლაოს ჰქვია. ასეთია წუთისოფელიც – ერეკლე მეორემ გაბაშვილები თბილისიდან გააძევა და მისი მშობლიური ქალაქის სასაფლაოს კი ბესიკ გაბაშვილის სევდის ბაღი ჰქვია. აკი ბადურ ბალარჯიშვილიც ამის ახსნას ცდილობდა იმ სევდიან ლექსში:
„უბედური არ ვარ, მაგრამ აღარც ბედნიერი ვარ“…
ლელუ
სამხრეთპორტუგალიურად ლელუ ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ ლელო იწერება და რადგან პორტუში სამხრეთიდან მოვხვდი, მეც ასე მოვიხსენიებ. ულამაზეს ქალაქ პორტოში არის ულამაზესი წიგნის მაღაზია და შიგნით რომ შეაღწიო, კარგა გრძელ რიგში უნდა ჩადგე და ვიდექი კიდეც, მაგრამ ამის გამო არ გავბრაზებულვარ.
გავბრაზდი იმის გამო, რომ „ლელუსავით“ ძველი და ლამაზი წიგნის მაღაზია ჩვენც შეიძლებოდა გვქონოდა ბათუმში, ერას მოედანზე, ას ოცი წლის უნიკალური წიგნების მაღაზია აგერ, რამდენიმე წლის წინ რომ არ გაეყიდათ. როგორც ჩანს, ყველაფერი ძველი და კარგი ჩვენ მხოლოდ სუფრასთან გვახსენდება (როგორც ძვირფასი წარსული) და ისტორიაც იმიტომ გვიყვარს, რომ სადღეგრძელოს ძალიან უხდება. ასე რომ არ იყოს, როგორ დავანგრევდით ისტორიის ინსტიტუტს თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც აღარც იებია, აღარც ვარდები და აღარც ბზები…
