ჰერცოგი თავის სამფლობელოში
ტრუმან კაპოტემ მეოცე საუკუნის ლიტერატურულ სამყაროში თხრობის რევოლუციური სტილი დაამკვიდრა – ჟურნალისტიკა გარდაქმნა. მის ტექსტებში უბადლო ლიტერატურულ ოსტატობას ალღო, მახვილგონიერება და თანაგანცდა ერწყმის.
1957 წელს ჟურნალში „ნიუ-იორკერი“ დაიბეჭდა კაპოტეს ინტერვიუ ამერიკელ მსახიობ მარლონ ბრანდოსთან, რომელსაც კიოტოში ჯოშუა ლოგანის ფილმ „საიონარას“ გადაღებებზე სტუმრობდა. ბრანდოს მძიმე ბავშვობა, მშობლებთან ურთიერთობა, დიდების გზა, თეატრისა და კინოს როლი, საზოგადოებრივი მოლოდინი, თვითშეფასება, რწმენა, აღიარება – სწორედ ასე იქმნება პორტრეტი; მარლონ ბრანდო საბურველახდილი დგას მკითხველის თვალწინ, განძარცვული… შენ კი, მკითხველი, ამ გულწრფელობისთვის მადლობ, თან მსახიობის იდუმალი ხმა ჩაგესმის: „ჩემს ნათქვამს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ. ყოველთვის ასე არ ვარ“ და ისღა დაგრჩენია, თანაუგრძნო.
ინგლისურიდან თარგმნა ია ჯეჯელავამ
დასაწყისი იხ. ქართული მწერლობა, N6

სწორედ მაშინ, როდესაც ბრანდოს „მიაკოში“ რაღაც იაპონური სასუსნავი მიართვეს საჩუქრად, სასტუმროს ხელმძღვანელობის წარმომადგენელი, რომელიც ცხრად იკეცებოდა, გაბადრული იღიმებოდა და ხელებს იფშვნეტდა, ოთახში შემოვიდა და დაიწყო: „აჰ, მისტა მარონ ბრანდო, – და დადუმდა, უხერხულმა დავალებამ ენა დაუბორკა; ტკბილეულითა და ბრინჯის ნამცხვრებით სავსე „ნაჩუქარი“ ამანათების დასაბრუნებლად მოსულიყო; ბრანდოს ისინი უკვე გაეხსნა და ხარბად გაესინჯა გემო, – აჰ, მისტა მარონ ბრანდო, შეცდომა. სხვა ოთახში უნდა მიეტანათ. ძაიან დიდი ბოდიში! ძაიან დიდი ბოდიში!“ ახარხარებულმა ბრანდომ ყუთები გადასცა. ნაძარცვი რომ შენიშნა, წარმომადგენელს თვალები დაუდარდიანდა, მაგრამ კვლავ იღიმებოდა – ბუნებრივია, სახეზე შეჰყინოდა. დილემა – ასე ნაქები იაპონური ზრდილობა უნდა გამოცდილიყო. „აჰ, – ამოისუნთქა, გამოსავალმა შვებით გააცინა, – რადგან ასე ძაიან მოგეწონათ, ერთი ყუთი უნდა დაიტოვოთ, – ბრინჯის ნამცხვრები ისევ დაუბრუნა, – და იმათ, – როგორც ჩანს, კანონიერ მფლობელს გულისხმობდა, – მეორე ჰქონდეთ. ახა ყვეა კმაყოფიია“.
ძალიანაც კარგი, ბრინჯის ნამცხვრები რომ დატოვეს, თორემ სადილი სამზარეულოში დიდხანს ვპასუხობდი. როცა მოიტანეს, ბრანდოს კითხვებს ვცემდი პასუხს ერთ ჩემს ნაცნობზე, ბუდიზმის ახალგაზრდა ამერიკელ მიმდევარზე, რომელსაც ხუთი წელი დაეთმო ჭვრეტისათვის, სრულიად არაამქვეყნიური ყოფისათვის, კიოტოს ნიში-ჰონგანჯის ტაძარში. მიწიერებისაგან განდგომა სულიერი, მით უფრო, აღმოსავლური, ცხოვრებისათვის! ამის წარმოდგენამ ბრანდოს სახე დაუმშვიდა, ოცნებამ წაიღო. გაფაციცებული მისმენდა, თუ რას მოვუთხრობდი ამ ახალგაზრდა კაცის ამჟამინდელ ყოფაზე და განცვიფრდა, უფრო კი, გული დასწყდა, რომ არაფერი, სავსებით არაფერი აკავშირებდა განდეგილობასთან, დუმილსა და ლოცვით გადატყავებულ მუხლებთან. პირიქით, ნიში-ჰონგანჯის კედლებს მიღმა ჩემს ბუდისტ მეგობარს სამი მყუდრო, მზიანი ოთახი ჰქონდა, წიგნებითა და გრამფირფიტებით გამოტენილი; ლოცვებსაც ესწრებოდა და ჩაის ცერემონიასაც ატარებდა, თუმცა მარტინისაც მშვენივრად გეახლებოდათ; ჰყავდა ორი მსახური და „შევროლე“, რომლითაც ხშირად მიიბრძანებდა თავს მახლობელ კინოთეატრებში. სიტყვამ მოიტანა, წაეკითხა, რომ მარლონ ბრანდო იყო ქალაქში და მასთან შეხვედრა სურდა. ბრანდო ცოტა გახალისდა. ღრმა პურიტანულ ბუნებაზე იქონია გავლენა – მისი წარმოდგენა ჭეშმარიტ ღვთისმოსავზე ვერაფრით იტევდა ისეთ du monde-ს, როგორიც ჩემი აღწერილი ახალგაზრდა კაცი გახლდათ. „ის გამახსენდა, ამას წინათ გადასაღებ მოედანზე, – თქვა ბრანდომ, – ტაძარში ვმუშაობდით, ჰოდა, ერთი ბერი მომადგა და ხელმოწერილი ავტოგრაფიანი ფოტოსურათი მთხოვა. აი, რაში სჭირდება ბერს ჩემი ავტოგრაფი? ჩემი სურათი?“
ცნობისწადილაღძრული, თავის მიმოფანტულ წიგნებს დააჩერდა, რომელთა უმრავლესობაც მისტიკურ საკითხებზეა. ტოკიოში პირველ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებისთვის ეთქვა, რომ იაპონიაში დაბრუნება ახარებდა, რადგან შესაძლებლობა ეძლეოდა, ეკვლია „ბუდიზმის გავლენა იაპონურ აზროვნებაზე, განმსაზღვრელი კულტურული ფაქტორი“. გამოფენილი საკითხავი მასალა მოწმობდა, მეცნიერულ, ცოტა არ იყოს, უცნობ პროგრამას მისდევდა. „სიამოვნებით, – მაშინვე განაგრძო, – სიამოვნებით ვისაუბრებდი მასთან, ვინც ეს ყველაფერი იცის. რადგანაც…“ – ახსნა-განმარტება იმ დრომდე შეაყოვნა, სანამ მოახლე, რომელიც, ორივე ხელში განიერი ლანგრით, შემოსრიალდა და გალაქული მაგიდა გაშალა, ჩვენ კი ორივე მხარეს ბალიშებზე ჩავიმუხლეთ.
„რადგანაც, – ალაპარაკდა, პატარა ორთქლადენილი პირსახოცით ხელი გაიწმინდა; ეს წესია იაპონიაში საჭმლის მირთმევამდე, – გულწრფელად ვფიქრობ, მართლაც, რომ გულწრფელად ვფიქრობ, ყველაფერი ჯანდაბაში გავუშვა. ეს წარმატებული მსახიობობა. რა აზრი აქვს, თუ არაფრად გაქცევს? კარგი, წარმატებას მიაღწიე. ბოლოს და ბოლოს, გაღიარეს, ყველგან გელიან. მაგრამ ამით მთავრდება, სულ ესაა, არსაით მიჰყავხარ. ზიხარ ასე ტკბილეულის მთაზე, სქელ ფენას რომ იდებს – ქერქს, – ნიკაპი პირსახოცით მოისრისა, თითქოს, შემხმარ გრიმს იშორებსო. – „დიდ წარმატებას შეუძლია, დაგანგრიოს, ისევე როგორც, ცხადია, დიდ მარცხს“, – თვალები დახარა, მადადაკარგულმა დახედა საჭმელს, რომელიც მოახლეს თეფშებზე გადაჰქონდა და თან გაუჩერებლად ხითხითებდა, – თქმა არ უნდა, – შეყოყმანდა, თითქოს, ფრთხილად ატრიალებს მონეტას, რომლის მეორე მხარეც უფრო მბრწყინავი ეჩვენაო, – ყოველთვის დამარცხებული ვერ იქნები. წარმოუდგენელია! უნდა გადარჩე. ვან გოგი! აი, მაგალითი, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელსაც არასოდეს აღიარებენ. კავშირი წყდება, განიდევნები. მაგრამ მგონია, წარმატებაც იმავეს გმართებს. მართლა, დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რას მივაღწიე – დიდ წარმატებას. ისე წამლეკა საკუთარმა თავმა, ჩემმა პრობლემებმა, რომ გარშემო არ მიმომიხედავს, არაფრად ჩამიგდია.
ნიუ-იორკში ვსეირნობდი ხოლმე, უამრავ მილს გავდიოდი, ვსეირნობდი ქუჩებში გვიან ღამით და ვერასდროს ვერაფერს ვხედავდი. მსახიობობა სულ მაეჭვებდა – არ ვიცოდი, ეს ის საქმე თუ იყო, რომლის კეთებაც მთელი არსებით მინდოდა; დღემდე არ ვიცი. მერე, „ტრამვაიში“ რომ ვითამაშე, რამდენიმე თვე გასულიყო პრემიერიდან, ჰოდა, ერთხელ, ღამით, ყრუდ, ყრუდ ჩამესმა ეს ბრდღვინვა. თითქოს, ჩამძინებოდა, გავიღვიძე და ვიჯექი აქ ტკბილეულის მთაზე“.
სანამ ბრანდო ამ დაშაქრულ კვარცხლბეკზე შედგებოდა, გამოეცადა ავბედობა უპატრონო, უსახსრო, არასრული განათლების (საშუალო სკოლის დიპლომი არასოდეს მიუღია, რადგან ფერიბოში, მინესოტას შტატში, მდებარე შატაკის სამხედრო აკადემიიდან, „საგიჟეთს“ რომ ეძახდა, გარიცხეს) მქონე ახალგაზრდა კაცისა, რომელიც პროვინციიდან ნიუ-იორკში ჩადის – ამ შემთხვევაში, ლიბერტივილიდან, ილინოისის შტატიდან. ხან მარტო იცხოვრა ავეჯით გაწყობილ ოთახებში, ხან ნახევრად ცარიელ ბინებში სხვებთან ერთად სახლობდა; ქალაქში პირველ წლებში გადარბენა ჰქონდა – დრამის გაკვეთილები და სოციალური დაზღვევის პროგრამით ღამღამობით მუშაობა; იყო დრო, ბესტსმა მელიფტედ დაასაქმა.
მისმა მეგობარმა, რომელიც ტკბილეულის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ხშირად ხვდებოდა, გარკვეულწილად დაადასტურა ბრანდოს შექმნილი მთვარეულისეული ავტოპორტრეტი. „ნაღვლობდა, ვიცი, – თქვა მეგობარმა, – თითქოს, სამალავი ჩაეშენებინა და ყოველთვის იქ მიეჩქარებოდა, რომ საკუთარ სატკივარს ჩაღრმავებოდა და დამტკბარიყო კიდეც, როგორც ძუნწი ოქროთი. სულ საღვრემეთში არ იყო. როგორც კი მოინდომებდა, მოცოცხლდებოდა. ველური, ბავშვური გართობა უყვარდა. ორმოცდამეთორმეტე ქუჩაზე ძველ რკინოვანი ქვიშაქვით ნაგებ სახლში ცხოვრობდა, ეგ ჯაზკლუბებთან ახლოს იყო. ავიდოდა ხოლმე სახურავზე, ქაღალდის ჩანთებს წყლით აავსებდა და კლუბიდან გამომსვლელ მასტებს ესროდა. ოთახის კედელზე აბრა გაეკრა, ზედ ეწერა: „თუ ვერ გრძნობ, არ ცხოვრობ“. ჰო, მაგ ბინაში სულ აურზაური იყო – მარლონი ბონგოზე უკრავდა, ფირფიტები ბზრიალებდა, ხალხი ირეოდა, სამსახიობო სკოლის ბავშვები და ქუჩიდან წამოსხმული ათასი უსახლკარო. ჰოდა, გულისხმიერება იცოდა. ოპორტუნიზმისა არაფერი გაეგებოდა – მსგავსი არავინ მენახა. ყოველთვის ფეხზე ეკიდა ნებისმიერი, ვისაც კი დახმარება შეეძლო; თქვენ მეტყვით, ტყავიდან ძვრებოდა, რომ მაგათ არ შეჰფეთებოდაო; ორივეს, იმ ხალხს, ვინც მოსწონდა და მათ, ვინც არა – მართალია, ეს ნაწილობრივ თვითრწმენის უქონლობასა და არასრულფასოვნების კომპლექსს გამოეწვია. ტოლი და სწორი მეგობარი, რომელთაც მეტოქეობას გაუწევდა, თითზე ჩამოსათვლელი ჰყავდა – ხომ ხვდებით, რას ვგულისხმობ?! უმეტესად მაწანწალები იყვნენ, მაღმერთებლები, ასე თუ ისე, მასზე დამოკიდებული ადამიანები. გოგოებსაც ასეთებს ირჩევდა – ვინმე უსახელო მდივნის ტიპაჟს – კარგს, მაგრამ არაფრით გამორჩეულს, რომ მისთვის ებრძოლათ (ბრანდოს ახალგაზრდობაშიც ასე სჭირდა, ყოველ შემთხვევაში, ბებიამისი იტყოდა ხოლმე: „მარლონი სულ ელამ გოგოებს არჩევს“).
მოახლემ საკე სათითისოდენა ჭიქებში დაასხა და გატრიალდა. ამ მომძაფრო ბრინჯის ღვინის მცოდნეები თავს იკატუნებენ, ორმოცდაათამდე ნაირსახეობისათვის დამახასიათებელ მრავალფეროვან გემოს ვარჩევთო, მაგრამ ახალბედას ჰგონია, ყველანაირი საკე ერთსა და იმავე კასრშია დაყენებული – ტოდი, თავიდან საამო, შემდგომ დათაფლული, მანამ არ დაგარტყამთ, სანამ კვარტს მაინც არ გადახუხავთ – იაპონიაში უამრავმა ბონვივანმა შეიძინა ეს ჩვევა. ბრანდომ საკეს ყურადღება არ მიაქცია და მაშინვე თავის ფილეს დააცხრა. საუცხოო სტეიკი იყო; იაპონელები სამართლიანად ამაყობენ თავიანთი საქონლის ხორცით. სპაგეტი, იაპონიაში ცნობილი კერძი, არ ვარგოდა; დანარჩენიც არაფრად ვარგოდა – ბარდის, კარტოფილის, ლობიოს გროვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ უბადრუკი მენიუ იყო, უნდა ითქვას, იაპონიაში დასავლური საჭმლის შეკვეთა შეცდომა გახლდათ, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, უმი თევზის, სუკიაკის, ზღვის წყალმცენარეებიანი ბრინჯის წარმოდგენასაც კი რწყევამდე მიჰყავხარ და რაგინდ მადისაღმძვრელადაც უნდა მოამზადონ და რაგინდ ლამაზადაც მოგართვან, გველთევზას წვნიანისა და შემწვარი ფუტკრისა და მარინადში ჩადებული გველისა და რვაფეხას ხელების მომლოდინე მიუჩვეველი კუჭი ჯანყდება.
ვჭამდით, როცა ბრანდო მიუბრუნდა კინოვარსკვლავის სტატუსზე უარის თქმის შესაძლებლობას, რათა დამტკბარიყო ცხოვრებით, რომელსაც „სადმე მიჰყავხარ“. გადაწყვიტა, დაეთმო. „მოკლედ, ჰოლივუდში რომ დავბრუნდები, უპირველეს ყოვლისა, რასაც გავაკეთებ, ჩემს მდივანს დავითხოვ და უფრო პატარა სახლში გადავალ,“ – თქვა. შვებით ამოისუნთქა, თითქოს, მთელი ტვირთი უკვე ჩამოეხსნა და ახლებური ყოფის სიმარტივით ტკბებოდა. საამო მომავლის ქარგვით გატაცებულმა, განაგრძო: „არც მზარეული მეყოლება და არც მოახლე; მხოლოდ დამლაგებელი, რომელიც ორ კვირაში ერთხელ მოვა. მაგრამ, – წარბი შეყარა, დაელმდა, კაცს ეგონებოდა, წარმოსახული ნეტარება რაღაცას გაუდღაბნავსო, – არ აქვს მნიშვნელობა, სახლი სად იდგება, ღობე აუცილებლად ექნება; ფანქრიანი ხალხის გამო; შენ არ იცი, ეგ რა გრძნობაა. ფანქრიანი ხალხი. ღობე მჭირდება, რომ მათგან თავი დავიცვა. ვფიქრობ, ტელეფონს ვერაფერს მოვუხერხებ“.
„ტელეფონს?“
„ისმინება. ჩემი ისმინება“.
„ისმინება? მართლა? ვინ უსმენს?“
სტეიკი დაღეჭა, დაიბუტბუტა. დიდად პასუხის გაცემის სურვილი არ კლავდა, თუმცა ნათქვამი არ აეჭვებდა: „მეგობრებს როცა ვესაუბრები, ფრანგულად ვლაპარაკობთ; ან ბოპის რამე გამოგონილ ჟარგონზე“.
უეცრად ჭერიდან ხმები მოისმა, ზედა ოთახიდან მოდიოდა – ნაბიჯებისა იყო, დახშული ლაპარაკის, მილებში წყლის დენას რომ მოგაგონებდათ. „ჩუუ! – დაიჩურჩულა ბრანდომ, დაძაბული აყურადებდა, ჭერს მიშტერებოდა, – ჩუმად ილაპარაკე. ისინი ყველაფერს გაიგონებენ, – აღმოჩნდა, ისინი ფილმში მონაწილე მსახიობები, რედ ბატონსი და ბატონსის ცოლი იყვნენ, რომლებიც ამ ოთახის თავზე ლუქსში ცხოვრობდნენ, – აქაურობა ქაღალდისაა“, – დასძინა ბუტბუტით, თამაშში მთელი არსებით გადაშვებული ბავშვის სახე ჰქონდა – ეს გამომეტყველება ნაწილობრივ ხსნიდა ხასიათის ამ მხარეს – გულჩათხრობილობას, ავ წინათგრძნობას, ბოპშიფრულ სატელეფონო საუბრებს, – რომელიც საუბარს შეთქმულების ელფერს სძენს, გეგონება, სახიფათო ტერიტორიაზე ხელისუფლების დამხობას განიხილავსო. ბრანდოს ხმა არ ამოუღია; მე ხმა არ ამომიღია. მისტერ და მისის ბატონსებიც დუმდნენ – ჩამიჩუმი არ იყო.
ყველაფერი გარინდებულიყო; ჩემმა მასპინძელმა სადილის თეფშებში ჩაკარგული წერილი გამოაძვრინა და ჭამისას ისე წაიკითხა, ჯენტლმენი რომ უკირკიტებს დილის გაზეთს. როგორც კი გავახსენდი, მაშინვე შენიშნა: „მეგობრისგანაა. დოკუმენტურს იღებს ჯეიმზ დინის ცხოვრებაზე. უნდა, მთხრობელი ვიყო. მგონი, დავფიქრდები, – წერილი გვერდით მოისროლა და ერთი კოვზი მდნარი ვანილის ნაყინით დამშვენებული ვაშლის ღვეზელი დაიდგა, – ან იქნებ, არა. ასე შევგულიანდები ხოლმე, მაგრამ შვიდ წუთზე მეტი არ გრძელდება. ზუსტად შვიდი წუთი. ეგაა ჩემი ზღვარი. არასდროს არ მაქვს წარმოდგენა, დილით რისთვის ვიღვიძებ, – ღვეზელს რომ ამთავრებდა, ჩაფიქრებული, ჩემს ულუფას დააშტერდა; გადავაწოდე, – მაგრამ ამ დინის ფილმზე მართლა ვფიქრობ. შეიძლება, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“.
კინემატოგრაფიის ახალგაზრდა მსახიობს, 1955 წელს ავტოავარიაში დაღუპულ ჯეიმზ დინს, ბრწყინვალე კარიერა შეუქმნეს ჭეშმარიტი ამერიკელი „თავგზააბნეული ბიჭისა“, სიმბოლოდ აქციეს შეუცნობელი თავქარიანი ახალგაზრდებისა, ცხოვრებას რომ რქებით ეჯახებოდნენ. გარდაცვალებამდე ძვირადღირებულ ფილმ „გოლიათში“ მიეღო მონაწილეობა; ფილმი ჯერ არ გამოსულიყო. დინის გარდაცვალებას კინოპროდუქტის მოსალოდნელ კომერციულ წარმატებაზე სავალალოდ რომ არ ემოქმედა, საზოგადოებასთან ურთიერთობის აგენტებმა წარმატებით შეძლეს ტრაგედიის „რომანტიზება“; ირონიაა, რომ შედეგად დაიბადა ლეგენდა დინი, განსვენებული განადიდეს. ბრანდო დინზე შვიდი წლით უფროსი იყო და საიმედო პროფესიული მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ კინომოყვარულთა კოლექტიურმა ცნობიერებამ ეს ორი მსახიობი ერთმანეთთან დააკავშირა. დინის პირველი ფილმის, „ედემის აღმოსავლეთით“, მიმოხილვისას უამრავმა კრიტიკოსმა შენიშნა ლამის უცვლელად მითვისებული მსგავსება დინისა და ბრანდოს მანერულობას შორის. ეკრანს მიღმაც დინი საგულდაგულოდ იმშვენებდა – ბრანდოს მსგავსად მოტოციკლეტით დაქროდა, ბონგოზე უკრავდა, ხულიგანივით გამოეწყობოდა, ინტელექტუალურ როშვას მოჰყვებოდა, ნიადაგი მოამზადა დარტყმული, ბრდღვიალა საგაზეთო პერსონის შესაქმნელად, რომელიც ძლიერ შეეზარდა ძალიან ცუდი ბიჭისა და მგრძნობიარე იდუმალი ადამიანის სახეს.
„არა, დინი ჩემი მეგობარი არასოდეს ყოფილა, – თქვა ბრანდომ იმ კითხვის პასუხად, რომელსაც, ჩანდა, გაეოცებინა, – მთხრობელობა მაგიტომ არ მინდა. თითქმის არ ვიცნობდი, მაგრამ იდეაფიქსად ვექეცი. რაც უნდა გამეკეთებინა, იმეორებდა. ყოველთვის ცდილობდა ჩემთან დაახლოებას. რეკავდა ხოლმე, – ბრანდომ წარმოსახვითი ყურმილი აიღო, ყურთან ცბიერი, ჯაშუშის ღიმილით მიიტანა, – ვუსმენდი, პასუხის გაცემის სერვისს რომ ესაუბრებოდა, ჩემთან დაკავშირებას სთხოვდა, შეტყობინებებს მიტოვებდა, მაგრამ მე არასოდეს დავლაპარაკებივარ. არასოდეს დამირეკავს. არა, როცა მე…“
სცენა ნამდვილი ტელეფონის ზარმა შეწყვიტა. „დიახ, – აიღო ყურმილი, – გისმენთ. საიდან?.. მანილიდან?.. მაგრამ მანილაში არავის ვიცნობ. უთხარით, აქ არ ვარ. არა, ბოლოს და ბოლოს დინს, – დაკიდა და განაგრძო, – წვეულებაზე შევხვდი. მაფრინდებოდა, თავს იგიჟიანებდა. მოკლედ, ველაპარაკე. განცალკევებით გავიყვანე და ვკითხე, ვერ ხვდები, ავად რომ ხარ, დახმარება რომ გჭირდება-მეთქი? – მოგონებამ ბრანდოს სახეზე გულწრფელი თანაგრძნობა აღბეჭდა, – მომისმინა. იცოდა, ავად იყო. ფსიქოანალიტიკოსის სახელი დავუწერე; წავიდა. სხვა თუ არაფერი, მისი ნამუშევრები მაინც გაუმჯობესდა. ბოლოსკენ, მგონია, როგორც მსახიობი, თავის გზას პოულობდა. მაგრამ დინის ეს განდიდება, ყველაფერი შეცდომა იყო. ამიტომაც მწამს, დოკუმენტური, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. უნდა აჩვენოს, რომ გმირი არ იყო; უნდა აჩვენოს, ვინ იყო სინამდვილეში – უბრალოდ, თავგზააბნეული ბიჭი, რომელიც საკუთარი თავის პოვნას ცდილობდა. ეს უნდა გაკეთდეს და მე ამას სიამოვნებით ვიკისრებ; იქნებ, ჩემი ცოდვების გამოსასყიდადაც – მაგალითად, „ველურზე“ მუშაობისთვის, – იმ უცნაურ ფილმს გულისხმობდა, რომელშიც ფაშისტების მსგავსი სამართალდამრღვევების ჯოგის ფიურერს განასახიერებდა, – თუმცა ვინ იცის? შვიდი წუთია ჩემი ზღვარი“.
დინის შემდეგ საუბარი სხვა მსახიობებზე გავაგრძელეთ და დავინტერესდი, კერძოდ, ვის სცემდა პატივს. ჩაფიქრდა; პირზე რამდენიმე სახელი მოადგა, მაგრამ წარმოთქმისაგან თავს იკავებდა. რამდენიმე კანდიდატი შევთავაზე – ლორენს ოლივიე, ჯონ გილგუდი, მონტგომერი კლიფტი, ჟერარ ფილიპი, ჯან-ლუი ბარო. „კი, – როგორც იქნა, გონს მოვიდა, – ფილიპი კარგი მსახიობია. ბაროც. ღმერთო, რა არაჩვეულებრივი ფილმი იყო „სამოთხის ბავშვები“! იქნებ, უკეთესი ფილმი არც არასოდეს შექმნილა. იცი, მხოლოდ ამ ერთხელ შემიყვარდა მსახიობი, საერთოდ – ვინმე ეკრანიდან. არლეტიზე ვაფრენდი“. პარიზელი ვარსკვლავი არლეტი საერთაშორისო აუდიტორიას კარგად ახსოვს იმ მახვილგონივრულობისათვის, ქალური მიმზიდველობისათვის, ბაროს აღიარებულ ფილმში ქალის როლს რომ შესძინა. „მართლა, ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. პარიზში პირველად რომ გავემგზავრე, მაშინვე არლეტისთან შეხვედრა ვითხოვე. მის სანახავად ისე გავემართე, თითქოს, საკურთხევლისკენ მივდიოდი. ჩემი სრულყოფილი ქალი! საოცარი! – მაგიდას ხელი დასცხო, – შეცდომა იყო, იმედგაცრუება. შეუპოვარი ვინმე იყო“.
მოახლე მაგიდის ასალაგებლად მოვიდა; ბრანდოს მხარზე en passant დასავით მოუთათუნა, ასე მგონია, შეაქო მოკრიალებული თეფშისთვის. ბრანდო ისევ იატაკზე დაეშვა, თავქვეშ ბალიში შეიჩურთა. „აი, რა, – მითხრა, – სპენსერ ტრეისია ისეთი მსახიობი, ყურება მსიამოვნებს. როგორ იკავებს თავს, იკავებს, მერე კი – სათქმელს მოგახლის, უკან დაიხევს. ტრეისი, მუნი, კერი გრანტი – იციან, რას აკეთებენ. მათგან რაღაცის სწავლა შეგიძლია“.
ბრანდომ ჰაერში აათამაშა თითები, გეგონებოდათ, იმედოვნებდა, ჟესტებით აღწერდა იმას, რის გამოსათქმელადაც შესაფერისი სიტყვები ვერ მოეძებნა. „მსახიობობა ფაქიზი საქმეა, – მითხრა, – საფრთხილო, მოსარიდებელი, რასაც გულისხმიერი რეჟისორი გადაგალახვინებს. ნახე, თამაშისას საკვანძო, ემოციური წუთი დაახლოებით მესამე დუბლისას დგება; ამ დროისათვის მხოლოდ ის გჭირდება, რეჟისორმა გიბიძგოს, რომ აზრი დაიწმინდოს. გაჯს, – ელია კაზანი მეტსახელით მოიხსენია, – ჩვეულებრივ, ეს შეუძლია. მსახიობებთან არაჩვეულებრივად მუშაობს“.
მეორე მსახიობი, ვფიქრობ, უმალ მიუხვდებოდა ბრანდოს ნათქვამს, მაგრამ მე აზრის გამოტანა მიჭირდა. „ეს მესამე დუბლზე გემართება“, – საგულდაგულოდ წარმოთქვა, თუმცა ამით ბუნდოვანებას ნათელი არ მოჰფენია. ბრანდოს მონაწილეობით ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა კაზანის რეჟისორობით გადაღებული ფილმიდანაა, „გემთსაშენში“; მანქანის სცენაა როდ სტაიგერთან; თაღლითი ძმის როლის შემსრულებელი ინანიებს, რომ ბრანდო უფსკრულისკენ მიჰყავს. ვკითხე, თუ შეეძლო, ამ ეპიზოდის მაგალითზე აეხსნა, „ემოციური წუთის“ თეორია როგორ მიესადაგება.
„კეთილი. მოდი, არა. კეთილი, ვნახოთ, – თვალები მოწკურა, ჩაფიქრებული, აზუზუნდა, – მეშვიდე დუბლი იყო, არ მომწონდა, როგორც დაეწერათ. ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ ხდება. მთელი ფილმი ყელში ამომსვლოდა. მთელი გადასაღები მოედანი ნიუ ჯერსიში იყო, ყინვა აზრობდა – ღმერთო, როგორ ციოდა! ჰოდა, მაგ დროს უსიამოვნებებიც მქონდა – ქალის ამბავი. ეგ სცენა. მაცადე, ვიფიქრო. შვიდი დუბლი გადავიღეთ, რადგან როდ სტაიგერი გაუჩერებლად ტიროდა. ისეთი მსახიობია, ტირილი რომ უყვართ. ჩვენც ახალ-ახალ დუბლს ვიღებდით. მაგრამ ვერ ვიხსენებ, როდის, როგორ დაიწმინდა აზრი. „გემთსაშენი“ პირველად რომ ვნახე, საპროექციო ოთახში გაჯთან ერთად ვიყავი და ვიფიქრე, რომ საშინელება იყო და უსიტყვოდ გამოვედი“.
ერთი თვის წინ ბრანდოს მეგობარმა მითხრა: „მარლონი ყოველთვის უმხედრდება იმას, რაზეც მუშაობს – გარკვეულ ელემენტს; ხან სცენარს, ხან რეჟისორს ან სამსახიობო ჯგუფიდან ვინმეს. გონივრული მიზეზი ყოველთვის როდი აქვს – უბრალოდ გაღიზიანება, თითქოს, ამშვიდებს, ბოლს აშვებინებს. ასეთ თარგზეა მოჭრილი. აი, თუნდაც „საიონარა“. სანაძლეოს ვდებ, მალე რაღაცაზე აბობოქრდება. ლოგანი ააბობოქრებს, ალბათ. ან იაპონიაზე გააფთრდება – მთელ წყეულ ქვეყანაზე. ახლა იაპონია უყვარს. მაგრამ მარლონს კვირაში ცხრა პარასკევი აქვს“.
ნეტა, ეს ვითომ „თარგი“ თუ უნდა მეხსენებინა ბრანდოსთან, მეკითხა, საფუძვლიან დაკვირვებად თუ მიიჩნევდა, მაგრამ გეგონება, ამ კითხვას ელოდაო, თქვა: „აჯობებს, მოვკეტო. აქ, „საიონარას“ გადაღებაზე, რამდენიმეს მოვახსენე ჩემი აზრი, თუმცა ხვალ რა ჭკუაზე ვიქნები, ვინ იცის?!“
თერთმეტის ნახევარი იყო; მიურეიმაც წამითაც არ დააყოვნა ზარი.
„გოგოებთან ერთად სადილად გავედი, – ისე გაჰყვიროდა ყურმილში, მეც მესმოდა; მისი ხმა ბენდის გუგუნსა და ბარის როხროხს ერეოდა. რასაკვირველია, ტრადიციული, კიოტოს კატასავით განაბული რესტორნის სტუმარი კი არ იყო, არამედ უფრო ისეთ ადგილს სწვეოდა, სადაც მომხმარებლები ფეხსაცმლით დააბიჯებენ: – ახლა ვასრულებთ. რას იტყვი? მორჩით?“
ბრანდომ დაფიქრებით შემომხედა და მეც, საპასუხოდ, ჩემს ქურთუკს დავხედე. მაგრამ უთხრა: „ჯერ კიდევ ვბოდიალობთ. ერთ საათში დამირეკე“.
„კარგი. კეთილი… კარგი. მისმინე. აქ მიიკოა. უნდა, გაიგოს, მისი გამოგზავნილი ყვავილები თუ მიიღე“.
ბრანდომ ზანტად გააპარა მზერა შემინული ნათელი პარმაღისკენ, სადაც ბამბუკის მრგვალი მაგიდის შუაგულში ასტრებით სავსე ლარნაკი იდგა. „აჰა, კი. დიდი მადლობა გადაეცი“.
„თავად უთხარი. აქვეა“.
„არა! ეე, მოიცა! ღმერთო, ასე მოქცევა არ შეიძლება“. მაგრამ აღშფოთება ძალზე დაუგვიანდა. მიურეის უკვე გადაედო ყურმილი და ბრანდომაც ჩაიხვია: „ასე მოქცევა არ შეიძლება“, – დარცხვენილი ბიჭივით აჭარხლდა და აცმუკდა.
შემდგომ ყურმილიდან „საიონარაში“ ქალის მთავარი როლის შემსრულებელ მის მიიკო ტაკას ხმა მოისმა. ბრანდოს ჯანმრთელობა მოიკითხა.
„უკეთ, გმადლობთ. ხამანწკის გაფუჭებული ნაწილი ვჭამე, სულ ეს იყო. მიიკო?.. მიიკო, დიდი თავაზიანობა გამოიჩინეთ, ყვავილები რომ გამომიგზავნეთ. ლამაზია. ახლა მათ ვუცქერ. ასტრები, – თითქოს, გაუბედავად ცდილობდა ლექსის სტრიქონის ბოლომდე მიყვანას, – უძვირფასესი ყვავილებია…“
ნათელ პარმაღს მივაშურე – ბრანდოსა და მის ტაკას საშუალება მივეცი, სრულ სიმყუდროვეში ესაუბრათ. ფანჯრები სასტუმროს ბაღს გადაჰყურებდა – სადად და დახვეწილად ჩამწკრივებულიყო ქვები და ხეები, დალივლივებდა კიოტოს ფარვატერებიდან მცოცავ ნისლში; წყლისპირა ქალაქია, წყალმარჩხი მდინარეებითა და კასკადური ტიპის არხებით დასერილი, დახვეული გველივით მდორე ყურეებითა და საამური ციცქნა ჩანჩქერებით დაწინწკლული; მათი ხმაური იაპონელი გოგოების ხითხითს მოგაგონებთ. ერთ დროს საიმპერატორო დედაქალაქს, ამჟამად კი ქვეყნის კულტურულ მუზეუმს – თვალწარმტაცი საუნჯეა, რომელსაც ომში ამერიკული ბომბდამშენები სათოფედ არ მიჰკარებია – კიოტოს, წყალი აკრავს; ბორცვებში ჩასმულ ქალაქს გადაღმა, ვიწრო გზები ქვაფენილებივით ჭრის ვერცხლისფრად მოელვარე დატბორილ ბრინჯის ველებს. მიუხედავად მცოცავი ნისლისა, გარშემორტყმული ლურჯი ბორცვები ღამეში იკვეთება, რადგანაც ატმოსფეროს ზედა ფენა კამკამაა; ცა ხელის გაწვდენაზეა, ვარსკვლავებით მოჭედილი, ნამგალა მთვარე იჭვრიტება. ქალაქის ნაწილი მოჩანს. ორ ნაბიჯზე მრუდესახურავიანი უბანია, არისტოკრატული სახლების თალხი ფასადები ლაპლაპა ხისაა, თუმცა სადა, ჩრდილოური, ისეთივე იდუმალი, როგორიც სიენის ქვის სასახლეები. როგორ ალამაზებენ ლამპიონებს! შესასვლელებში დაკიდებული ფარნები კიმონოს ფერებად იღვრება – ვარდისფრად და ნარინჯისფრად, ლიმონისფრად და წითლად. მოშორებით ერთფეროვანი თანამედროვეობა იჭრება – ფართო გამზირები და ჭრელ-ჭრელი განათება, ჩამოფცქვნილი ბეტონის ცათამბჯენები, რომლებიც სიმტკიცით ვერ დაიკვეხნის, უფრო მალე გაპარტახდება, ვიდრე გარშემო გადაწოლილი ქაღალდივით სახლები.
ბრანდომ ყურმილი დაკიდა. ნათელ პარმაღს რომ უახლოვდებოდა, დამინახა, ხედს რომ გავცქეროდი. მითხრა: „ნარა გინახავს? ძალიან საინტერესოა“.
მინახავს და ასეა, ნამდვილად ასეა. „ანტიკური, ადრეული პერიოდის ნარა“, როგორც მეგზური იხსენიებდა სავსებით სამართლიანად, კიოტოდან ერთი საათის სავალზე, ღია ბარათზე დახატულ წალკოტში გაშენებულ ღირსშესანიშნავ ქალაქს ჰგავს. ესაა იაპონური გენიის აპოთეოზი, როგორ შთაბერავს ბუნებრივს არაამქვეყნიურ სულს. ამ დიდებული ტაძრებით დამშვენებულ წალკოტში მწვანე დარბაზია, სადაც ცხვრები ძოვენ, მოშინაურებული ირმები გაკრეჭილი ფიჭვების ძირში დახეტიალობენ, ვენეციელი მტრედების არ იყოს, სიხარულით იღებენ ფოტოსურათებს თაფლობის თვის გასატარებლად ჩასულ წყვილებთან ერთად, ბავშვები წვერს წიწკნიან ურისხველ თხებს, წაულას ბეწვისსაყელოიან შავ მოსასხამებში გამოწყობილი მოხუცები ლოტოსის ყვავილებით მოფენილი ტბების ნაპირებთან ჩაცუცქულან, ტაშისკვრით უხმობენ თევზების გუნდს, ჭრელ-ჭრელ და ალისფერ კობრებს, კალმახივით ცხიმიანს, მსუქანს, დინგზე რომ მოაღუტუნებინებენ, მოხუცების ჩაფშვნილ ნამცეცებს შესანსლავენ. ცოტა გასაკვირია, ბრანდო რომ ამ უგველო ედემმა მოხიბლა. ბრანდოს ლიბერალური გემოვნება უვალსა და გაუკაფავს არჩევს, ამიტომ კაცი იფიქრებს, ამგვარი მოწესრიგებული, მოვლილი გარემო გულგრილს დატოვებსო. მერე ნარას თემას დაუბრუნდა და თქვა: „დაქორწინება მინდა. მინდა, შვილები მყავდეს“. მგონი, ისეთი არალოგიკური არ იყო, როგორც ჩანდა; ნარას საამო მყუდროებას, შესაძლოა, ქორწინება, ოჯახის შექმნა შთაეგონებინა.
„უნდა გიყვარდეს, – თქვა, – არსებობას სხვა გამართლება არ აქვს. ადამიანები თაგვებისგან არაფრით განსხვავდებიან. იმავე ფუნქციის შესასრულებლად გაჩენილან. ნაშიერი უნდა გააჩინონ („მარლონი, მის მეგობარ ელია კაზანს თუ დავიმოწმებ, უდიდესი ადამიანია, რომელსაც კი ვიცნობ. ალბათ, ყველაზე სათნო“. კაზანის შენიშვნა აზრს იძენდა, როდესაც ბრანდო ბავშვების გარემოცვაში იყო. ფიქრობდა, იაპონიის უმცროსი თაობა – ლამაზი, ლაღი, ლოყაწითელი, ფეხებგაკნაჭული და ქოჩორაშლილი ბავშვები – თავისუფლად ნავარდობდნენ „საიონარას“ გადასაღებ მოედნებზე. ბავშვებთან ურთიერთობა გამოსდიოდა, მშვიდი იყო, მხიარული, მადლიერი; მართლაც, ემოციურად მათ თანატოლს ჰგავდა, შეთქმულების თანამონაწილეს. მეტიც, თანაგრძნობა, ვალდებულებად ქცეული გულმოწყალება, ზრდასრულებზე დაფიქრებულს რომ ეძალებოდა ხოლმე, მის თვალებში არ გამოკრთოდა, როდესაც ბავშვს უყურებდა).
მის ტაკას ნაჩუქარ ყვავილებს შეეხო და განაგრძო: „კიდევ რა მიზეზია არსებობისათვის? არის რამე, გარდა სიყვარულისა? ესაა ჩემი მთავარი თავსატეხი – ჩემი უუნარობა, ვინმე მიყვარდეს“. განათებულ ოთახში შებრუნდა, დადგა, თითქოს, რაღაცას ეძებდა – სიგარეტს? კოლოფი აიღო, ცარიელი. შარვლისა და ჟაკეტის ჯიბეები ხელებით აქა-იქ მოისინჯა. ბრანდოს გარდერობი უკვე აღარ მოგაგონებდათ ქუჩის ბანდისას; ძველ მოდაზე გადავიდა, დაუბრუნდა ბანდიტის ელეგანტურ სამოსს, მშრალი კანონის დროინდელი პეწი რომ ჰქონდა – შავ ფარფლებიან ქუდებს, ზოლიან კოსტიუმებს, ჯორჯ რაფტისეულ რუხ პერანგებსა და ბაც ჰალსტუხებს. სიგარეტი იპოვა; მოქაჩა, ფიცარივით საწოლზე დაეხეთქა. ოფლმა საულვაშე დაუცვარა. ელექტროღუმელი ზუზუნებდა. ოთახში ისეთი პაპანაქება იდგა, კაცი ორქიდეებს გაახარებდა. მაღლა მისტერ და მისის ბატონსები ისევ დაბრაგუნობდნენ, მაგრამ ბრანდოს ცნობისმოყვარეობას ვეღარ აღუძრავდნენ. ეწეოდა, ფიქრობდა. მერე ფიქრის ძაფს ჩაეჭიდა: „არ შემიძლია. ვინმე მიყვარდეს. ისე ვერავის ვენდობი, თავი მივუძღვნა. მაგრამ მზად ვარ. მინდა. და იქნებ, შევძლო, თითქმის, მიზანთან ვარ, უკან არ უნდა დავიხიო…“ თვალები მოეჭუტა, მაგრამ კილო დაძაბულობამოხსნილი, გულგრილი იყო, უსიცოცხლო, თუმცა ობიექტური, თითქოს, პიესის პერსონაჟს განიხილავდა – როლს, რომლის განსახიერებაც მოჰყირჭებოდა, მაგრამ კონტრაქტს დაეტყვევებინა, – რადგანაც… კარგი, სხვა რა შეგვიძლია? მთავარი მხოლოდ ესაა. ვინმე გიყვარდეს“.
(ბრანდო, რა თქმა უნდა, უცოლო იყო; დროდადრო მოჩვენებითი ოფიციალური ფორმის ნიშნობებით იქცევდა თავს – ერთხელ პატივმოყვარე მწერალსა და მსახიობზე, სახელად მის ბლოსომ პლამზე, მეორედ კი საზოგადოების უფრო დიდი ყურადღების ფონზე, მადლუაზელ ჟოზან მარიანი ბერენჟერზე, ფრანგი მეთევზის ქალიშვილზე, მაგრამ საჯაროდ არც ერთი არ გამოუცხადებიათ. თუმცა გასულ თვეში, ერთ დღეს, მოულოდნელად და ცოტა არ იყოს, მალულად, იგლ როკში, კალიფორნიაში, ბრანდო სარით შემოსილ შავგვრემან მეორეხარისხოვან მსახიობ ანნა ქაშფაზე დაქორწინდა. ურთიერთსაწინააღმდეგო საგაზეთო ცნობების თანახმად, ქალი ან დარჯილინგში დაბადებული წმინდა ინდური წარმომავლობის ბუდისტი უნდა ყოფილიყო, ან ამჟამად უელსში მცხოვრები ინგლისელი წყვილის, გვარად ო’კალაჰანის, კალკუტაში დაბადებული ქალიშვილი. ბრანდოს ამ საიდუმლოსთვის ფარდის ასახდელად ჯერ არაფერი გაუკეთებია).
„მოკლედ, მეგობრები მყავს. არა. არა, არ მყავს, – ვერბალური კრივისთვის ვარჯიშობს, – ეჰ, რა თქმა უნდა, მყავს, – ასკვნის, ზედა ტუჩზე ოფლს იწმენდს, – ძალიანაც ბევრი მეგობარი მყავს. ბევრს აღარ ვეხმიანები. ზოგიერთთან არაფერს ვმალავ. ვუყვები, რა ხდება. ვიღაცას უნდა ენდობოდე. ჰო, აბსოლუტურად არა. ისეთი დასაყრდენი არ მყავს, რომ მიმითითოს, როგორ მოვიქცე“.
ვკითხე, ეს პროფესიონალ მრჩევლებსაც თუ ეხებოდა. მაგალითად, მე ასე მიმაჩნდა, რომ ბრანდო ჯეი კენტერს, „მიუზიქ ქორფორეიშენ ოფ ამერიქას“ – ეს სააგენტო მასზე მუშაობს – ახალგაზრდა თანამშრომელს, ძალიან ენდობოდა. „ოჰ, ჯეი, – ახლაღა თქვა ბრანდომ, – ჯეი იმას აკეთებს, რასაც მე ვეუბნები. ასეთი ეული ვარ“.
ტელეფონი ახმაურდა. ჩანს, ერთი საათი გასულიყო, რადგანაც კვლავ მიურეი რეკავდა. „ჰო, ისევ ვბოდიალობთ, – უთხრა ბრანდომ, – მოდი, მე თვითონ დაგირეკავ… ჰმ, ასე დაახლოებით ერთ საათში. ოთახში იქნები?.. კარგი“.
გათიშა: „კარგი ტიპია. რეჟისორობა უნდა საბოლოოდ. მარა რაღაცას ვამბობდი. მეგობრებზე ვსაუბრობდით. იცი, ხალხს როგორ ვუმეგობრდები? – ცოტა ჩემკენ გადმოიხარა, გეგონება, რაღაც თავშესაქცევ საიდუმლოს უნდა მაზიაროსო, – ძალიან სათუთად ვიწყებ. დაუსრულებლად ვუვლი წრეს. ვუვლი და ვუვლი. მერე ნელ-ნელა ვუახლოვდები. მერე ხელს ვუწვდი და ვეხები – ო, როგორ სათუთად… – მისი თითები მწერის საცეცებივით გაიშალა და მკლავზე შემეხო, – მერე, – ცალი თვალი ნახევრად მოხუჭა, მეორე რასპუტინისას მიუგავდა, მომნუსხველად დიდრონი და ელვარე, – უკან ვიხევ. ცოტა ხანს ვიცდი. მათ ვეხები. წრეს ვუვლი, – ახლა მისი ხელი, განიერი და მრგვალთითა, წრიულად მოძრაობდა, თითქოს, უჩინარ არსებობას თოკავდა, – არ იციან, რა ხდება. სანამ გონს მოეგებიან, უკვე გახლართულან, ჩათრეულან. ჩემს ხელში არიან. და უცაბედად ხანდახან ჩემ გარდა მათ არაფერი აბადიათ. იცი, ბევრი ისეთი ადამიანია, საკუთარი ადგილი ვერსად რომ ვერ უპოვია; არ აღიარებენ, სტკენენ, როგორღაც მარხავენ. მაგრამ მე მინდა, დავეხმარო, ისინი კი მე მომაჩერდებიან; მე ჰერცოგი ვარ; ჰერცოგის მსგავსი ჩემს სამფლობელოში“.
(საჰერცოგოს მიწის ყოფილმა მოიჯარემ სენიორისა და ქვეშევრდომების აღწერისას თქვა: „ისეთი შეგრძნება იყო, ბრანდო ცხოვრობდა სახლში, რომელშიც კარები არასოდეს იკეტებოდა. ნიუ-იორკში ყოფნისას კარი მუდამ ღია იყო. ნებისმიერს შეეძლო შესვლა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, შინ იყო მარლონი თუ არა, ყველა შედიოდა. მიხვიდოდი და ათი, თხუთმეტი კაცი დაბოდიალობდა. უჩვეულო შეგრძნება გეუფლებოდა, რადგან ერთმანეთს, მგონი, არც არავინ იცნობდა რიგიანად. ასე უბრალოდ იყვნენ იქ, როგორც ავტოსადგომზე მომლოდინე ადამიანები. ვიღაც ტიპს სკამზე ეძინა. ზოგი ეტიკეტებს კითხულობდა. გოგო თავისთვის ცეკვავდა. ან ფეხის ფრჩხილებზე ლაქს ისვამდა. კომედიანტი ღამის კლუბისთვის რეპეტიციას გადიოდა. იქით კუთხეში ჭადრაკსაც თამაშობდნენ ხოლმე. და დრამები – ბენგ, ბუმ, ბენგ, ბუმ! მაგრამ წვეთ სასმელს ვერ იპოვიდით – მსგავსი არაფერი იყო. ათასში ერთხელ ვინმე იტყოდა: „მოდი, ქუჩის კუთხიდან ნაყინიანი ხილის წყალი ამოვიტანოთ“. ჰოდა, აი, ამ ყველაფრის საერთო გამგე იყო მარლონი, ერთადერთი მაერთებელი რგოლი. მიმოდიოდა ოთახში, დაავლებდა ხალხს ხელს და განცალკევებით ესაუბრებოდა. თუ შეგინიშნავთ, მარლონს არ შეუძლია, ორ ადამიანს ერთდროულად არ დაელაპარაკება. ჯგუფურ საუბარში არასოდეს მონაწილეობს; მხოლოდ პირადი მეგობრული დიალოგი – ერთ ადამიანთან ერთ ჯერზე. ვვარაუდობ, რომ ეს აუცილებელია, თუ ყველას ერთნაირად ახვევ თავბრუს. მაგრამ მაშინაც კი, როცა იცი, რას აკეთებს, ეს უმნიშვნელო ხდება. რადგან როდესაც შენი ჯერი დგება, თავს ისე გაგრძნობინებს, გეგონება, ოთახში სხვა არავინ იყოს. სამყაროში არავინ იყოს. გაგრძნობინებს, რომ გმფარველობს და რომ შენი სატკივარი და უხასიათობა მოსვენებას არ აძლევს. ეს უნდა ირწმუნო; სხვას არავის ვიცნობ, ასეთ გულითადობას ასხივებდეს. მოგვიანებით, იქნებ, თავს ჰკითხო: „თამაშობს?“ თუ ასეა, რისთვის? რა გაბადია შენ, რომ მას უბოძო? არაფერი, გარდა – და საქმე სწორედ რომ ეს არის – სიყვარულისა. სიყვარული, რომლითაც შენზე ძალაუფლებას მოიპოვებს. ხანდახან ვფიქრობ, მარლონი ობოლს ჰგავს, სიბერეში რომ უზარმაზარი თავშესაფრის კეთილი დირექტორობით ინაზღაურებს დანაკარგს, მაგრამ სურს, ამ დაწესებულების მიღმაც კი ყველას უყვარდეს“. თუმცა უამრავი ადამიანი უარყოფდა ამას; ამბობენ, ბრანდოს ერთხელ ინტერვიუერისათვის განუცხადებია: „შემიძლია, შევიდე ასი ადამიანით გაჭედილ ოთახში – თუ იმ ოთახში არის ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც გულზე არ ვეხატები, ამას ვგრძნობ და იქაურობას ვეცლები“. შენიშვნის სახით დავძენ, რომ იმ სამეგობრო წრეში, რომელსაც ბრანდო ასულდგმულებს, მას, როგორც ინტელექტუალ მამასა და ასევე მგრძნობიარე უფროს ძმას, დიდად აფასებენ. კომიკოსი უოლი კოქსი, ალბათ, ბრანდოს ყველაზე უკეთ იცნობს, მას „თვითმყოფად ფილოსოფოსად, ძალზე ღრმა მოაზროვნედ“ მიიჩნევს და დასძენს: „თავისი მეგობრებისთვის ჭეშმარიტი გამათავისუფლებელი ძალაა“.
ბრანდომ დაამთქნარა; ორის ნახევარი იქნებოდა. ხუთ საათში წყლის გადავლება, გაპარსვა, საუზმობა, გადასაღებ მოედანზე გამოცხადება უნდა მოესწრო და მომზადებულიყო, რათა გრიმიორს მკრთალი სახისთვის მულატის შეფერილობა მიეცა, როგორც ტექნიკოლორი მოითხოვდა.
„მოდი, ერთიც მოვწიოთ“, – მითხრა, როგორც კი ქურთუკის ჩასაცმელად მოვემზადე.
„მგონი, უნდა დაიძინო, არა?“
„ესე იგი უნდა ავდგე. უმეტესად დილაობით არც ვიცი, რატომ ვიღვიძებ. ამის აღიარება მიჭირს, – ტელეფონს შეხედა, თითქოს, გაახსენდა, მიურეის რომ დარეკვას დაჰპირდა, – შეიძლება, მერე ვიმუშაო. დალევ რამეს?“
ცაზე ვარსკვლავები ჩამქრალიყო და ჟინჟღლავდა, ჰოდა, ძილის წინ დალევის პერსპექტივა მხიბლავდა, მით უფრო, თუ ჩემს სასტუმროში, „მიაკოს“ ერთი მილი რომ აშორებდა, ფეხით უნდა დავბრუნებულიყავი. არაყი დავისხი; ბრანდომ იუარა, ერთად დაგველია, თუმცა მერე მაინც დასწვდა ჩემს ჭიქას და იქიდან მოწრუპა, ჩვენ შორის ჩადგა და მოულოდნელად მითხრა, უცერემონიოდ, თუმცა ამაღელვებლად: „დედაჩემი. ფაიფურივით დაიფშვნა“.
ბრანდოს მეგობრებისგან ხშირად მომესმინა: „მარლონი დედამისს აღმერთებდა“. მაგრამ 1947 წლამდე, „ტრამვაი, სახელად სურვილის“ პრემიერამდე, ახალგაზრდა მსახიობის წრიდან თითო-ოროლა, უფრო, ალბათ, არავინ, შეხვედროდა მის მშობლებს; წარმომავლობაზე არაფერი იცოდნენ, გარდა იმისა, რის გამხელასაც თავად მოინდომებდა. „მარლონი ყოველთვის მხიარულ ფერებში ხატავდა ოჯახურ ცხოვრებას იქ, ილინოისში, – მისმა ერთმა ნაცნობმა მომიყვა, – რომ გავიგეთ, მისი ოჯახი „ტრამვაის“ პრემიერისთვის ჩამოდისო, ყველას ცნობისმოყვარეობა კლავდა. წარმოდგენა არ გვქონდა, რა გველოდა. პრემიერის ღამეს აირინ სელზნიკმა დიდი წვეულება გამართა „21-ში“. მარლონი დედ-მამასთან ერთად მოვიდა. მათზე მომხიბვლელ ორ ადამიანს სანთლით ვერ იპოვით. ისეთი მაღალი, ლამაზი, წარმტაცი, თვალი უკეთესს რას ნახავდა?! გულში ჩამრჩა; მგონი, ყველა გააოცა მარლონის მათდამი დამოკიდებულებამ. მათი თანდასწრებით ის ბიჭი არ იყო, ჩვენ რომ ვიცნობდით. სამაგალითო ვაჟი გახლდათ – გაწონასწორებული, მოწიწებული, ზრდილობიანი, ყოველმხრივ თავაზიანი.
ომაჰაში, ნებრასკაში, დაბადებული ბრანდო – მამამისი კირქვის მასალებს ყიდდა – ოჯახის მესამე შვილი და ერთადერთი ვაჟი, მალე საცხოვრებლად ლიბერტივილში, ილინოისში წაიყვანეს. ბრანდოების ოჯახი სოფლურ რაიონში დამკვიდრდა; ერთი ეგაა, სახლის გარშემო იმდენი მიწა მაინც იყო, ბრანდოების ოჯახს ბატები, ქათმები და კურდღლები, ცხენი, გერმანული დოგი, ოცდარვა კატა და ძროხა ჰყოლოდა. ძროხა ყოველდღე იწველებოდა და ამაზე ბადი ზრუნავდა – მაშინ მოფერებით ასე ეძახდნენ. ჩანს, ბადი გულღია და პატივმოყვარე ბიჭი იყო. თუ ვინმე სიახლოვეს გაჭაჭანდებოდა, მარლონი მაშინვე რაღაც შეჯიბრებაში ამოაყოფინებდა თავს – ვინ ჭამს უსწრაფესად? იკავებს სუნთქვას ყველაზე დიდი ხნით? ზღაპრობს ზღაპრულ ზღაპარს? ბადი მეამბოხეც იყო – დარსა თუ ავდარში, ყოველ კვირა დღეს სახლიდან გარბოდა. მაგრამ ისიც და მისი ორივე დაც, ფრენსისი და ჯოსლინი, დედასთან გულწრფელად მეგობრობდნენ. მრავალი წლის შემდეგ სტელა ადლერმა, ბრანდოს ყოფილმა დრამის პედაგოგმა, 1954 წელს გარდაცვლილი მისის ბრანდო აღწერა, „ძალიან ლამაზი, ღვთაებრივი, გზააბნეული, ანცი არსება“ იყოო. ყოველთვის, სადაც უნდა ეცხოვრა, მისის ბრანდო ადგილობრივი თეატრალური საზოგადოებების მთავარ სპექტაკლებში მონაწილეობდა და ყოველთვის უფრო დიდ სცენას ესწრაფოდა, ვიდრე გარემო ანებივრებდა. ამ შთაგონებით საზრდოობდნენ მისი შვილები. ფრანსისს ხატვა იტაცებდა, ჯოსლინს, ამჟამად პროფესიონალ მსახიობს, თეატრი აინტერესებდა. ბადიმაც იმემკვიდრა დედამისის თე ა ტრალური ნიჭი, მაგრამ ჩვიდმეტი წლისამ ოჯახს სურვილი გაუმხილა – მღვდელმსახურების შესწავლა მოენდომებინა (ახლანდლისა არ იყოს, ბრანდო მაშინაც რწმენას ეძიებდა. ბრანდოს მოწაფემ ერთხელ შეაფასა: „რაღაც აქვს საპოვნელი ცხოვრებაში, საკუთარ თავში, რაღაც მარად ჭეშმარიტი, სულს დადებს ამისათვის. ასეთი ფაქიზი ბუნების ადამიანი ნაკლებს არ დასჯერდება“). სასულიერო მისწრაფებებზე ხელი ააღებინეს, სკოლიდან გარიცხეს, 1942 წელს მტკივანი მუხლის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნეს – ბრანდოც აბარგდა და ნიუ-იორკში ჩამოვიდა. ამის შემდეგ ბადი, ჩამრგვალებული, ოქროსთმიანი, უიღბლო ყმაწვილი, სცენიდან გადის და დაკაცებული, უსაზღვროდ ნიჭიერი მარლონი ჩნდება.
ბრანდოს ბადი არ დავიწყებია. როცა იმ ბიჭზე საუბრობს, ძველად რომ იყო, თითქოს, ბიჭი მასში სახლობს, თითქოს, დროს ვერაფრით მოუგლეჯია კაცი გულდაწყვეტილი, მეოცნებე ბავშვისთვის. „მამა ჩემდამი გულგრილი იყო, – თქვა, – რაც უნდა გამეკეთებინა, არაფერი აღელვებდა ან ახარებდა. ახლა ამას შევეგუე. ახლა ვმეგობრობთ. მშვენივრად ვეწყობით“. ბოლო ათი წელია, უფროსი ბრანდო ვაჟის ფინანსურ საქმეებს ხელმძღვანელობს; გარდა „პენებეიკერ პროდაქშენისა“, რომელსაც უფროსი ბატონი ბრანდო ჰყავს დასაქმებული, რამდენიმე პროექტზე მუშაობენ ერთად, მათ შორისაა ნებრასკის მარცვლეულისა და მსხვილფეხა საქონლის ფერმა – ამ საქმეში უმცროსი ბრანდოს შემოსავლების დიდი ნაწილი დააბანდეს. „მაგრამ დედაჩემი ჩემთვის ყველაფერი იყო. მთელი სამყარო. მთელი არსებით ვეცადე. სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი ხოლმე… – შეყოვნდა, გეგონება, ელოდებოდა, როდის წარმოვიდგენდი: ბადი, იღლიაში ამოჩრილი წიგნებით, ნაშუადღევს ქუჩაში მიჩლატუნობს, – შინ არავინ მხვდებოდა. მაცივარში არაფერი იდო“. განათება იცვლება – ცარიელი ოთახები, სამზარეულო: „მერე ტელეფონი აწკრიალდებოდა. ვიღაც დარეკავდა რომელიმე ბარიდან. და მეტყოდა: აქ ერთი ქალბატონია. აჯობებს, მის წასაყვანად მოხვიდე“. ბრანდო მოულოდნელად ილურსება. სიჩუმეში ფოტოსურათი გაიდღაბნა ან, იქნებ, გამჟღავნდა: ბადი ტელეფონთან. როგორც იქნა, გამოსახულება კვლავ ამოძრავდა, დროში გადმოინაცვლა. ბადი თვრამეტისაა და: „მეგონა, თუ საკმარისად ვუყვარდი, თუ საკმარისად მენდობოდა, მეგონა, ნიუ-იორკში ერთად ყოფნას შევძლებდით. ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ და მე მასზე ვიზრუნებ. ერთხელ, ცოტა უფრო მოგვიანებით, მართლა ასე მოხდა. მამაჩემი მიატოვა და ჩემთან მოვიდა საცხოვრებლად. ნიუ-იორკში, როცა სპექტაკლში ვმონაწილეობდი. მთელი არსებით ვეცადე. მაგრამ ჩემი სიყვარული საკმარისი არ იყო. მას კი საკმარისად არ ანაღვლებდა. დაუბრუნდა. და ერთ დღესაც, – გულგრილი ხმა მეტად გულგრილი გაუხდა, თუმცა საუბარი იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ ადამიანი ტკივილს შეიგრძნობდა – როგორც ხმას ხმაში – დაჭრილის გაოგნებას, – უკვე ფეხზე მეკიდა. ის იქ იყო. ოთახში. მომნდობოდა. მე კი დაცემის საშუალება მივეცი. რადგანაც ატანა არ შემეძლო – ვერ ვუყურებდი, როგორ იმსხვრეოდა ჩემ თვალწინ ფაიფურივით. გადავაბიჯე. ქუდი დავიხურე და წავედი. გულგრილი ვიყავი. მას შემდეგ გულგრილი ვარ“.
ტელეფონი წკრიალებდა. ამ ხმაზე გამოერკვა; სახტად დარჩა, თითქოს, უცნობ ოთახში გაღვიძებოდა, მერე ირონიულად ჩაეცინა, მერე დაიჩურჩულა: „ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, – ხელი ტელეფონისკენ წაიღო, – მაპატიე, – მიურეის უთხრა, – სწორედ ახლა ვაპირებდი დარეკვას… არა, უკვე მიდის. მაგრამ მოდი რა, მეგობარო, დღეს არ გვინდა. ორი დაიწყო, საცაა, შესრულდება… ჰო… წყალი არ გაუვა. ხვალ“.
ამასობაში პალტო ჩამეცვა და ველოდებოდი, რათა დავმშვიდობებოდი. კარამდე მიმაცილა, ფეხსაცმელი ჩავიცვი. „აბა, საიონარა, – ხუმრობით გამომეთხოვა, – მისაღებში უთხარი, ტაქსი გამოგიძახონ“. დერეფანს რომ გავუყევი, მომაძახა: „ჰო, მისმინე! ჩემს ნათქვამს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ. ყოველთვის ასე არ ვარ“.
შეიძლება ითქვას, იმ საღამოს შემდეგ კიდევ ვიხილე. დაბლა, „მიაკოს“ ვესტიბიულში, სულიერი არ ჭაჭანებდა. მიმღებში არავინ იდგა, არც გარეთ მომიკრავს ტაქსისთვის თვალი. კიოტოს ნაქარგი ქუჩები დღისით-მზისითაც კი არ მაკლებდა ოინებს; ძვალრბილგამთოშავ ჟინჟღლში დავადექი გზას, რომელიც, იმედი მქონდა, შინ მიმიყვანდა. უცხო ქვეყნის ქალაქში, ქუჩაში, ასე გვიან არასოდეს ვყოფილვარ. სრულიად განსხვავდებოდა დღის კიოტოსგან, როცა ქალაქის ცენტრალური უბნები დიდებული ფიესტას ჟამს ღრიანცელს აყოლილი ბრბოთი გადაჭედილი, პაჩინკოს აპარატებით სავსე სალონივით ჟღარუნებს, ახლად მოსაღამოებულზე კი კიოტოში საოცარი დროა, რადგან ამ დროს პატარა ქუჩებს ღამის ყვავილებივით გვირგვინად ეხვევა ფარნები, დამაბრმავებელი გეიშები კი, სახეფითქინები და გალაქული საჰაერო ბურთივით პარიკებმორგებულნი, ალაგ-ალაგ ზანზალაკებით რომ მოურთავთ, ხუნდებდადებულის ნაბიჯებით მიირხევენ სხეულს, მიიჩქარიან ჩრდილებს შორის ზედმიწევნით დახვეწილი წვეულებებისაკენ. მაგრამ დილის ათ საათზე ეს ნატიფი გროტესკი ქრება, კაბარეები იგმანება; მხოლოდ კატები მყვანან მეგზურად და ლოთები და მეძავები; გვერდს ვერ ავუქცევ შესასვლელებთან გუდანაბადაკიდებულ მოხუც მათხოვრებსა და წამიერად ჩამოძონძილი მუსიკოსებიც ამეკიდებიან ფლეიტაზე შუა საუკუნეების მუსიკის დაკვრით. ერთ მილზე მეტი ვილასლასე, როგორც იქნა, ასობით შესახვევიდან ერთმა ნაცნობ ადგილთან მიმიყვანა – უნივერსამებითა და კინოთეატრებით გადაჭედილ მთავარ ქუჩასთან. სწორედ მაშინ ვნახე ბრანდო. ექვსი ფუტის სიმაღლისა, თავი უდიდესი ბუდასოდენა ჰქონდა, აი, წამომართულიყო თეატრის ფირნიშზე – რეკლამა იყო ფილმისა „მყუდრო ჩაის სახლი“ – კომიქსების წიგნივით მყვირალა ფერებში. პოზაც ძლიერ ჰგავდა ბუდასას – ჩაცუცქული აღებეჭდათ, უდრტვინველი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, წვიმა და ლამპიონი რომ აბრწყინებდა. ღვთაებაა, ასეა; მაგრამ უმთავრესად, სიმართლე ითქვას, ტკბილეულის მთაზე შემომჯდარი ახალგაზრდა კაცი.
/დასასრული/

