ზაზა ხალვაშის სცენარების არითმეტიკა
არიან რეჟისორები, რომლებიც სცენარს ძუნწად, მონახაზის სახით წერენ; არიან ისინიც, რომლებიც უკვე სცენარშივე ამუშავებენ მომავალი ფილმის სახეებს, გარემოს თავისი ნიუანსებითა და ატმოსფეროთი. ზაზა ხალვაში ამ უკანასკნელს მიეკუთვნება. მის სცენარებში ეს გარემო, რომელიც უმეტესად სოფლის ყოფას, რურალურ ლანდშაფტს გამოსახავს, ფონად/ფრაგმენტულად, მაგრამ ზედმიწევნით აღიწერება და ხელშესახებ ვიზუალიზაციას აღწევს. თუმცა ეს კონკრეტიკა ამავე დროს იდუმალი, ბოლომდე შეუცნობელი თემებითა თუ სახეებით გადაიკვეთება, რაც ტექსტებს მრავალშრიანობას ანიჭებს: იქნება ეს წყლის, როგორც უძველესი საკრალური სიმბოლოს, ცხოველმყოფელი ძალა და მამა-ქალიშვილის ზებუნებრივი უნარი ან მისტიკური გრძელთმიანი მოხუცი ქალი „ნამეში“ თუ უცნაური, ცოტა ცივი, მაგრამ სექსუალურად ამაფორიაქებელი მაია „ადგილის დროში“.
ეს პერსონაჟი ყველაზე მოუხელთებელია აშკარა ბიბლიური ალუზიებით გაჟღენთილ სცენარში, სადაც ორი ძმის – აბელისა და კაენის – და პირველი მკვლელობის ისტორია თან ძალიან „დამიწებულია“, მითიდან რეალობაში ჩამოტანილი, თან ჰორორისა თუ სიურრეალისტური თხრობის ელემენტები უნარჩუნებს მისტიკურობას; ის თითქოს თანამედროვეობაშია გაცოცხლებული, მაგრამ თან დაუკონკრეტებელ დროით განზომილებაში მიმდინარეობს. მაია, რომლის სახელიც, ცხადია, შემთხვევით არ არის არჩეული ბიბლიური აბელისა და კაენის გვერდით და ინდუისტურ ქალღმერთს გვახსენებს, რომელიც აჯადოებდა, ხიბლავდა და ილუზიებში ატყვევებდა ადამიანთა სულებს – ამავე დროს ითავსებს ევას, როგორც ეროტიკული შეცნობის გზით პირველი ცოდვის არქეტიპისა და ლილითის სახეს – ამ შედარებით მივიწყებული ქალისა, რომელსაც პატრიარქალური კულტურა ასევე დემონურ ნიშნებს მიაწერს; ადამის პირველი ცოლისა, რომელიც ღმერთმა იმავე თიხით გამოძერწა, რომლითაც ადამი და ამით მათ თანასწორობას გაესვა ხაზი; რომელმაც მიატოვა ადამი მისადმი დამორჩილების უარსაყოფად და უკვე თანამედროვე ტექსტებში გადაიქცა დამოუკიდებელი, კაცის კანონიდან გასული ქალის ძლიერ იერ-სახედ.
ეროტიკული მიზიდულობა, თუმცა ჩაკლული და რეპრესირებული ტრადიციულ კულტურასა და ჩაკეტილ სოციუმში, არის ზაზა ხალვაშის სცენარების ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რაც ნამეს კონტრავერსულ სახესაც განსაზღვრავს (ქალიშვილის იდუმალ მომხიბვლელობას მასში რაღაც ღვთიურის არსებობა განაპირობებს, რომელსაც კარგავს მას მერე, რაც უყვარდება. ის ღვთიურიდან ჩვეულებრივ ქალად იქცევა, თუმცა აქედან იწყება კიდეც მისი, როგორც ინდივიდის, დამოუკიდებელი ადამიანის, ისტორია) და სცენარის „წვიმა ორ ნაპირზე“ დრამატურგიულ კოლიზიებსაც. ამ უკანასკნელს ბათუმური „ამარკორდიც“ შეიძლება ვუწოდოთ, რომელშიც ძველ ბათუმურ ეზოში თავმოყრილ მრავალფეროვან ოჯახებსა და მის წევრებს აერთიანებს ამ ქალაქისადმი რეჟისო რის (ნოსტალგიური) სიყვარული.
ამ სცენარის მიხედვით გადაღებული „ლოტოთი“ კანონზომიერი წრე შეიკრა ზაზა ხალვაშის პირველ ფილმთან „იქ, ჩემთან“, მისი ყველა სცენარი თუ ფილმი ხომ, ფაქტობრივად, „იქაურობაზეა“ – მაღალმთიან აჭარასა თუ ბათუმურ ყოფაზე, იქ მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც რეალობისა და წარმოსახვის ზღვარზე იბადებიან.
