დაშენება
მამუკა სავსე მთვარის მკრთალი ნათელით მოფენილ ეზოს გადაჰყურებდა ფანჯრიდან და თან თავისი საყვარელი ფინჯნიდან მაყვლის ჩაის ხვრეპდა. არ უყვარდა წელიწადის ეს დრო, მალე ღამდებოდა და ყველაფერი ატალახებული იყო. სამსახურიდან სახლამდე ფეხით მოდიოდა ხოლმე, ქალაქში მშენებლობების, ტრანსპორტის გაუმართაობისა და კანტიკუნტად შემორჩენილი პროტესტის გამო ხშირად იყო საცობი, ამიტომ ასე ერჩივნა.
ფეხით სიარული პროტესტების დროს დაიწყო. ერთი-ორჯერ თვითონაც მივიდა. ისეთმა თემებმა წამოიწია, მასაც რომ აწუხებდა. ყველაფერში არც ამათ ამართლებდა და არც იმათ.
იმათ ყველაფერზე უკმაყოფილებასა და მხოლოდ ცუდს რომ ხედავდნენ, მაგას უწუნებდა. იყო რაღაცები, რაც შეიძლებოდა დაგეფასებინა ადამიანს და, მამუკას აზრით, ყველაფრისთვის ხაზის გადასმა არ შეიძლებოდა.
ამათი ეს უაზრო მშენებლობები არ მოსწონდა. გაუმართავი სატრანსპორტო სისტემა. ცოტა საგარეო კურსიც ეხამუშებოდა და ცოტა – შიდა პოლიტიკაც. საკუთარი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება, ხშირად აგდებული და დამცინავი. ფიქრობდა, რომ ხელისუფალს ცოტა მეტი პასუხისმგებლობა მართებდა.
რადიკალური არც ისინი მოსწონდა და არც ესენი.
მამუკას აზრით, ყველაფერში ბალანსი იყო საჭირო.
არ მოსწონდა, როცა პროტესტის მონაწილეებს, რომელთა შორისაც ბევრი მისი მეგობარი იყო, მოღალატეებს ეძახდნენ. არც თავისი მეგობრებისგან მოსწონდა რადიკალიზმი, ქუჩის გადაკეტვა ერთი ან ორი ადამიანის მიერ.
სხვა მეგობრებიც ჰყავდა, ბალანსისებრ.
ხანდახან პროტესტიდან წამოსული, მეორე მხარეს მყოფ მეგობრებთან მისულა სადმე რესტორანში ან ვინმეს სახლში საქეიფოდ, ან ცოტა დასალევად.
მერე ნელ-ნელა ისე მოხდა, რომ ვიღაცებმა პროტესტიდან წამოსულს მოჰკრეს თვალი და ვიღაცებმა – საქეიფოდ მისულს. არაფერი უთხრეს ან რა უნდა ეთქვათ? თავისი აზრის გამოთქმას დაუშლიდნენ თუ მეგობრების ნახვას და თანაც მამუკა ორივეგან ინარჩუნებდა შინაგან ბალანსს. არასოდეს აძლევდა მეგობრების ერთ წრეს უფლებას, მეორეზე რამე ცუდი ეთქვა (ყოველ შემთხვევაში მისი თანდასწრებით).
მაგრამ ეს ყველაფერი მალევე გახდა გაუსაძლისი. ყველა თავისკენ ექაჩებოდა და მამუკას სულ უფრო და უფრო უჭირდა შინაგანი ბალანსისა და სიმშვიდის დაცვა. ბოლოს და ბოლოს, უნდა აერჩია ვისკენ უნდა ყოფილიყო.
მანაც ფეხით სიარული და მაყვლის ჩაის ხვრეპა აირჩია.
ასე ჯობდა.
ახლა მასთან მოდიოდნენ მეგობრები. ხვრეპდნენ ჩაის, ყლურწავდნენ ლუდს, წრუპავდნენ ლატეს და ხანდახან თქვლეფდნენ ხინკალს.
ასე აღმოაჩინა მამუკამ, რომ ამ ქვეყანაში მართლაც იყო კომფორტზონის შექმნის შესაძლებლობა.
იოგაზე და „ჯიმშიც“ დაიწყო სიარული.
მაგრამ იმ საღამოს, როცა მის ეზოს სავსე მთვარის მკრთალი ნათელი მოჰფენოდა, სავარჯიშოდ წასვლა დაეზარა და გადაწყვიტა ჯერ მაყვლის ჩაი დაელია, მერე დეიდამისის მოწყობილ ხატების კუთხეში საკმეველი დაენთო და მერე ცოტაც ევარჯიშა და ცოტაც ემედიტირა.
– მგონი, მოსაწყენი და ლეთარგიული ცხოვრება მაქვს, – ერთი კი ამოიკვნესა, მაგრამ ჩაეცინა და ღიმილით უკუაგდო ეს პროვოკაციული ფიქრი.
არაფერი სჯობდა სიმშვიდეს.
გადაწყვიტა, იოგით დაეწყო, ცოტა გახურდებოდა და მერე ჰანტელებსაც ასწევდა. ის იყო, ვირასანა ანუ ნახევრად მწოლიარე გმირის პოზა უნდა მიეღო, რომ ვიღაცამ კარზე ძლიერად, მაგრამ ზრდილობიანად დააკაკუნა. არც ისე ხმამაღლა, სამჯერ და საშუალო პაუზებით ისე, რომ არც მასპინძელი გაენერვიულებინა სწრაფი რიტმით და არც რაღაც მუსიკალურობა მიენიჭებინა დიდი პაუზებით.
სტუმარს არ ელოდა და თან ვინც უნდა ყოფილიყო, დარეკავდა ან მოიწერებოდა მანამდე.
– უკაცრავად, ბატონი მამუკა ბრძანდებით? – ჰკითხა ვიღაც უწვერულვაშო ახალგაზრდამ კარის გაღებისთანავე. ასეთები ხშირად ენახა ტელევიზორში, რაღაც სხდომაზე ან პარტიულ შეკრებაზე. ასეთ ახალგაზრდებს ხშირად უხდიდნენ მადლობას არსებობისთვის.
– დიახ?!
– ჩვენ მერიიდან ვართ. აზომვებზე ვართ.
– აზომვებზე?
– დიახ. სულ ცოტა დროს წაგართმევთ.
უცნაური ხალხი იყო. თვალებში არ უყურებდნენ, თავსა და შუბლზე მისჩერებოდნენ. ერთმანეთს გადახედეს კიდეც და პოზიტიურად გაკვირვების ნიშნად ტუჩებიც მომუწეს და თავებიც აქანქარეს.
მამუკამ თავი ცოტა უხერხულად იგრძნო. მართალია, შუბლის გამო აქამდეც მიეღო კომპლიმენტები; შესანიშნავად აბალანსებდა მის ყოვლად სიმეტრიულ სახეს და, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორმოცს მიუკაკუნა, არც ნაოჭები გასჩენია დიდად. ხანდახან ეხუმრებოდნენ კიდეც. მაგალითად, შვიდგზის ზეთისცხებისას მის მოძღვარს არაერთხელ უთქვამს, რომ მის შუბლზე ნაკურთხი ზეთის ნახევარი უნდა წაესვა. თავად მამუკა განსაკუთრებულს ვერაფერს ამჩნევდა თავის შუბლს.
ამ ახალგაზრდების არაადეკვატურად მიშტერების გამო კი თავი უხერხულად იგრძნო, კარის ჩარჩოს იდაყვით მიეყრდნო და თითებით შუბლის სასხვათაშორისო მასაჟირება დაიწყო.
– სულ თხუთმეტ ან ოც წუთს, – დააზუსტა მეორემ და თან საფეთქლები შეუთვალიერა, – მე არჩილი გახლავართ. ეს გიორგი.
– რას ზომავთ, კი მაგრამ? – მამუკა ცოტა გაღიზიანდა. ეს კი აზომ-დაზომეს თვალით.
– ფართს.
– რა ფართს? ბინას?
– არა! მშენებლობისთვის, – არჩილი უხერხულად შეიშმუშნა.
– უბრალოდ ავზომავთ, – დამორცხვებული და გულუბრყვილო სიჯიუტით გაიმეორა გიორგიმ მოსვლის მიზანი. მას სჯეროდა, რომ ეს მოთხოვნა, თუ ჯერჯერობით თხოვნა, საკმარისი უნდა ყოფილიყო ამ გულისხმიერშუბლიანი ახალგაზრდისთვის.
– კაცო, რას ზომავთ, არ მეკითხებით ჯერ? იქნებ არ მინდა ამ ბინის გაყიდვა ან არ ვთანხმდები თქვენს შემოთავაზებას, ეგრევე აზომვაზე რომ დამადექით.
– ბინის ფართი არ გვაინტერესებს, ბატონო…
– აბა თუ კორპუსის დანგრევა გინდათ, მე რა შუაში ვარ აზომვასთან. მიბრძანდით სარდაფში და გარე პერიმეტრზე, აზომეთ, შეაფასეთ და მერე მოდით შემოთავაზებით და დავილაპარაკოთ. და ისე! რა უბედურებაა, რამდენი კორპუსი უნდა ჩადგათ ამ ქალაქში, ადგილი აღარ დარჩა.
დასვენებულ მამუკას ძალაუნებურად წამოსცდა ურბანულ-პოლიტიკური პრეტენზია. და როცა ამას მიხვდა, ღრმად ჩაისუნთქა და გონებაში ათამდე დათვალა.
– ეს განსაკუთრებული პროექტია, – გულიანად გაუღიმა არჩილმა.
– არ გაზომვინებთ! არ მინდა ეს პროექტი, ჩაწერეთ, რომ არ ვეთანხმები და მიბრძანდით აქედან. და თუ შეიძლება თვალებში მიყურეთ, როცა მელაპარაკებით!
– სამწუხაროდ, თქვენი უარი დაგვიანებულია. საბჭომ უკვე დაამტკიცა პროექტი.
– როგორ?
– როგორ გითხრათ… ჩვენი… – გიორგის გახედა.
– შეფასებით! – იმან სიტყვა შეახიდა.
– ჩვენი შეფასებით, თქვენ სათანამშრომლოდ მზად უნდა იყოთ.
– შეცდით. არ ვარ მზად არც სათანამშრომლოდ და არც სალაპარაკოდ და რამდენი პროექტიც გინდათ, იმდენი დაამტკიცეთ. თავზე ხო არ დამაშენებთ!
– დიახ.
– რა დიახ?!
– სწორს ბრძანებთ, თქვენი თავი ძალიან მოსწონს ბატონ გიგლას.
– ვინ გიგლას? – გიგლას! – წარბ-წამწამ-თვალი ზემოთ აღმართა არჩილმა; მამუკას შუბლზე უფრო მაღლა.
მშვიდი მამუკა დაიბნა.
– მოდი, რა! ამის დრო მაქვს ახლა? ან რა არის ახლა ეს? რანაირი იუმორია?
– როგორ გეკადრებათ. თქვენ რჩეული ხართ.
– რას მეუბნები! მე რჩეული ვარ და თქვენი პირით და თვალების ცეცებით მახარა სამყარომ ამის შესახებ?
– ჩვენ უბრალოდ თავს გაგიზომავთ, – არჩილმა ჯიბიდან თერძის საზომი ლენტი დააძრო და ისევ შტერული გულახდილობით გაიღიმა. თან თავი ხან მარჯვნივ გამოწელა და ხან მარცხნივ, ცდილობდა უკეთ დაეთვალიერებინა საფეთქლები და კეფისთვისაც მოეკრა თვალი, – დანარჩენს თავად ბატონი გიგლა აგიხსნით.
– კაი, ახლა, ბიჭო, რა არის ესა! ხუმრობაც ვიცი და გოიმიც არ ვარ, მარა, კაი, რა! გავიცინეთ გვეყო, მაგარი დაღლილი ვარ. სხვა დროს რო ყოფილიყო კიდე აგყვებოდით, ბაზარი არაა, მარა ძაან დაღლილი ვარ რა. გავიცინეთ, გვეყო. კაი, კარგად აბა!
– არ ვხუმრობთ, ბატონო მამუკა. აი, საბუთიც გვაქვს.
გიორგიმ ტკიცინა თაბახის ფურცელი ამოიღო საქაღალდიდან და მამუკას მიაწოდა.
– რა საბუთია, აბა? – მამუკამ ფურცელს ჩახედა. მერიის ტიტულარული დოკუმენტი იყო – და თანაც! – განაგრძო ვიდრე თვალს ავლებდა, – აი, ამ დროს რა მერია და აზომვა აგიტყდათ? ცოტა ადამიანურ დროს მოსულიყავით, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის.
– თქვენთვის მხოლოდ ახლა მოვიცალეთ, მანამდე სხვებთან ვიყავით.
– ასეთს, გაგიკეთებ ჩვიდმეტს, – დოკუმენტი, რომელშიც ეწერა, რომ მის თავზე დასაშენებლად კორპუსის პროექტი დამტკიცდა, უკან გაუწოდა, – სხვა თავებიც მოსწონს ბატონ გიგლას?
– თავი მხოლოდ თქვენი. – აჰა! აბა ტრაკზეც უნდა დააშენოთ ვინმეს?
– სახეზე.
– სახეზე? – გაეცინა, – ბაზარი არ არი. მარა, იცი, რა არის? მე ასეთ არაპროფესიონალიზმს ვერ ავიტან. ჯერ ოფიციალურად უნდა გეცნობებინათ ამ პროექტის შესახებ, მერე ჩაგენიშნათ აზომვის დღე და შესაბამისი პროცედურები გაგევლოთ. თან, აი, ახლა თმა მაქვს ცოტა ასაკრეჭი, ოდნავ მეტი რომ მოგივიდეთ ზომა და მერე რომელიმე კედელი ჩამომეშალოს შუბლზე ან კეფაზე, რა ვქნათ? კარგად იყავით.
კარი მიუჯახუნა.
– უკეთაც შეიძლებოდა, მაგრამ… ვაახ! – გაეცინა და ქურაზე ჩაიდანი შემოდგა წყლის წამოსადუღებლად.
სადარბაზოს წინ ორი შავი ჯიპი იდგა. მამუკას დანახვაზე იქვე მდგომმა დაცვის ბიჭმა ორიდან უფრო დიდი ჯიპის კარი გამოაღო და სმენაზე დადგა. ტანკისებრი მანქანიდან საშუალოზე მომცრო ტანის კაცი გადმობობღდა.
მამუკა თვალებმოჭუტული და დაბნეული უყურებდა ამ სცენას. ამ ქალაქში, იქ, სადაც კორპუსების სახეებსა და თავებზე აშენების ნებართვებს გასცემდნენ, ტანკისებრი ჯიპები აღარავის უკვირდა. ამ კორპუსის სამ მცხოვრებსაც ჰყავდა რაღაც ასეთი, სრულიად არასაჭირო სატრანსპორტო საშუალება.
– თქვენ მამუკა, ჰო? – მამობრივი ღიმილით სითბო გამოასხივა მოულოდნელმა სტუმარმა.
– დიახ?!
– მართლაც ულამაზესი თავი გაქვთ.
– გმააადლოობთ…
– ბოდიშს გიხდით. გუშინ ასე უაზროდ არ უნდა შეეწუხებინეთ დათიკოს ბიჭებს. უბრალოდ, ხანდახან… ხშირად, მაგრამ ხომ ხვდებით… მაამებლობით მოსდით. ჰგონიათ, რომ ცოტა ზედმეტ ინიციატივას თუ აიღებენ, მესიამოვნება. რაც! – საჩვენებელი თითი მაღლა ასწია. აი, ისე, როგორც სატელევიზიო გამოსვლებში ხშირად აკეთებდა, – გარკვეულწილად მართებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უნიკალური და დელიკატური საქმეა.
– რა საქმე?
– აი, დაბრძანდით მანქანაში. შენობით, რომ მოგმართო შეიძლება? მაინც შვილის ტოლა ხართ.
– მამუკამ მხრები აიჩეჩა.
– კეთილი, – განაგრძო ბატონმა გიგლამ, – დაჯექი მანქანაში და ყველაფერს არათუ აგიხსნი, არამედ გაჩვენებ.
– სამსახურში მაგ…
– არა უშავს, ლუარსაბი ჩემი მეგობარია, მოწაფე, შეიძლება ითქვას. გაგვიგებს. და თან ეს საქმე რომ დასრულდება, სამსახური სულაც აღარ დაგჭირდება.
მამუკას სმენოდა, რომ ულტრამდიდარ ადამიანებს უდიდესი ბუნკერები ჰქონდათ, თითქმის ყველას. ამაზე ხშირად წერდნენ როგორც ავტორიტეტული გამოცემები, ასევე შეთქმულების თეორიების ავტორები. მაგრამ ეს ბუნკერი არ იყო, ეს უფრო მიწისქვეშა ქალაქი იყო. ჯერ მანქანით მთის წვერზე, დედაქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე მდგარ რეზიდენციაში მივიდნენ. მერე ლიფტით ზემოთ კი არა, ქვემოთ დაიწყეს სვლა. მეოცე სართულზე გაჩერდა.
– კლაუსტროფობია ხომ არ გაქვს?
მამუკამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
– საერთოდ, ასე თავის ქნევა და არასრული პასუხები ცოტა უზრდელობაა, მაგრამ არა უშავს, შენ ადგილას მეც ვინერვიულებდი, – ისევ მამობრივი სიყვარულით გაუღიმა გიგლამ, რომელსაც თავისი შვილებიც ბევრი ჰყავდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ ერის მამობასაც ითავსებდა.
ლიფტის კარი გაიხსნა და მამუკა, რამდენიმე მეტროსადგური რომ დაეტეოდა, ისეთ დარბაზში აღმოჩნდა. ცოტა ციოდა კიდეც, თითქოს ნიავმაც დაუბერა. მამუკას ტვინმა ვერაფრით აღიქვა, როგორ შეიძლებოდა ამ ზომის ნაგებობა მიწისქვეშ ყოფილიყო, მეოცე სართულზე. თავი გააქნია, ახლა ამის ნერვი არ მაქვსო და გამოთვლების გარეშე შეუდგა იქაურობის თვალიერებას.
– შეეჩვევი, აქ ბევრი დროს გატარება მოგიწევს, – ღიმილით აუწყა ბატონმა გიგლამ და თან ისეთი დარწმუნებით, რომ თითქოს მამუკას თანხმობაც მიეღო უკვე.
– იქნებ მითხრათ, სად ვართ და რა ხდება?
– დაჯექი, – გოლფის მოედნის მანქანის მსგავს პატარა მანქანაში ჩასხდნენ. მიხვეულ-მოხვეული გზებით მოუწიათ სიარული. ყოველი მოსახვევის შემდეგ რომელიმე ევროპული ქალაქის ხედი იშლებოდა ჰოლოგრამული 3D სურათებით, – პირდაპირაც შეგვეძლო წასვლა, მაგრამ ისე ძაან მოსაწყენია და ეს ტრასა ავაშენებინე, რომ ლაბორატორიაში სიარულისას ცოტა გავერთო. ზედა სართულზე ჩემი ბიჭისთვის მთელი ვესტერნის ქალაქი მაქვს აშენებული და დადის ხოლმე და ინდიელებს და კოვბოებს ხოცავს. ფეინთბოლით, ისე კი არა.
მამუკა დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი ესიზმრებოდა და ბარძაყზე იჩქმიტა. ეტკინა. დაახლოებით სამი ან ხუთი, ან შეიძლება ცოტა მეტი წუთის შემდეგ დანიშნულების ადგილამდეც მივიდნენ. კომპიუტერებსა და კონსტრუქციებთან თეთრხალათიანი მეცნიერები ფუსფუსებდნენ. ბატონმა გიგლამ მანქანა შუაში, დიდ პიედესტალზე მდგარ რაღაც უცნაურ რკინის მოწყობილობასთან გააჩერა და მამუკას ანიშნა, მომყევიო.
– ეს მსოფლიოში ყველაზე მყარი მეტალისგანაა გამოწრთობილი. ჩემმა მეცნიერებმა გამოიყვანეს,
– ბატონი გიგლა სიამაყის ღიმილით ათვალიერებდა ამ მილის ფორმის მეტალის კონსტრუქციას, რომელმაც მამუკას უცებვე მოაგონა კისრის ფიქსატორი.
– რა მეტალია?
– ვაჟკაციუმი.
– ბატონო?
– ვაჟკაციუმი. აი, ის ლექსი ხომ იცი, „ვაჟკაცსა გული რკინისაო“.
– აბჯარი თუნდა ხისაო.
– ეგა. ჰოდა, დიდი ხანი ვეძებეთ ეგ ვაჟკაცი და, ბოლოს და ბოლოს, ვიპოვეთ, – ბატონი გიგლა სიამაყის ღიმილით განაგრძობდა კონსტრუქციის შესახებ საუბარს და თან თვალს არ აშორებდა. ნელი ნაბიჯით დადიოდა წრეზე. სახეზე სითბო და სიამაყე ეწერა და არა ამპარტავნება.
– დავსვი, დაველაპარაკე და ამოიღო ის რკინის გული, – განაგრძო მან, – საოცარი ახალგაზრდაა. ახალი გული გადავუნერგეთ. მართალია, ხანდახან მისი სხეული და იმუნური სისტემა ახალ გულს უტევს, მაგრამ როცა საჭიროა, ვუნერგავთ ახლიდან და ახლიდან. ახლა საუკეთესო ბიოჰაკერები მყავს ჩამოყვანილი და ცდილობენ მისი დნმ-ის კოდი გატეხონ და იქნება იმუნური სისტემაც მოვატყუოთ და მოვარჯულოთ, რომ ერთი ახალი გული მაინც მიიღოს. თუნდაც ერთი ან ორი წლით, თორე დაიტანჯა ბიჭი.
მამუკამ უფრო ძლიერად იპწკინა ბარძაყზე.
– მისი გული გადავადნეთ, საუკეთესო მჭედლები მოვიყვანე და აი! ეს ვაჟკაციუმის ფოლადი გამოვჭედეთ. შენია! – მშობლის სიყვარულითა და სიამაყით ამოხედა გიგლამ მამუკას.
– მე რად მინდა?
– კისერს დაგიფიქსირებს, თორე ისე გაგიჭირდება. მაგარი ბიჭი კი ხარ, გულმაგარი და მუხლიც კი გაქვს მგლისა. მაგრამ გაგიჭირდება და შენი წვალება კი არ გვინდა. პირიქით, რაც შეიძლება მეტი კომფორტი უნდა შეგიქმნათ. ამის გარეშე სიმძიმეს ვერ გაუძლებ და შეიძლება გადაგეზნიქოს კისერი ან სულაც მოგტყდეს.
– რა სიმძიმეს.
– კორპუსის.
– თავზე რომ უნდა დამაშენოთ? – ფხუკუნით უპასუხა მამუკამ.
– ნუ იცინი. ვიცი, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ საოცარი პროექტი გვაქვს. პატარა კორპუსია, სულ რაღაც 6 სართული, თითო სართულზე 3-3 ბინა და პენტჰაუზი ჩემი ბინაა, მაგრამ მე დიდად არ დაგამძიმებ, სულ ვმუშაობ და მხოლოდ მოსასვენებლად მოვალ ხოლმე. ჩემი მეუღლე იქნება ძირითადად და დამხმარე ქალი.
– ა, ანუ რაღაც სათამაშო ბლოკების კორპუსს კი არ მაშენებთ, მაგალითად, გინესის რეკორდებში უცნაური ჩანაწერის გასაკეთებლად, სრული ზომის საცხოვრებელს მადგამთ?
– პირველ და მეორე სართულებს დევნილებს გადავცეთ საჩუქრად.
– აჰ! თქვენ ოღონდ დევნილებზე იზრუნეთ და დააკმაყოფილეთ და მაშინ კი ბატონო! გამიკეთეთ ეს ვაჟკაციუმის საყელო! დღესვე, ახლავე!
– ჯერ ადრეა, – გაუღიმა ბატონმა გიგლამ, რომელმაც ამ ღიმილით ისიც ანიშნა, მიგიხვდი სარკაზმსო.
– და გარაჟი ტრაკში მექნება?
– ჰა-ჰა-ჰა! – გადაიხარხარა ბატონმა გიგლამ, – აი! ამიტომ მომწონს შენი თავი, შესანიშნავი იუმორი გაქვს, აბა მითხარი, როგორ არ დაგაშენო?
– თუ შეიძლება, – შეიშმუშნა და სახე მოჭუტა მამუკამ, – წავალ მე სახლში რა.
– წამოდი, შენს ახალ სახლსაც გაჩვენებ და მერე დაგტოვებ, ახლა სადაც ცხოვრობ. ფსიქოლოგებსაც გამოგიგზავნი, საოცარი სპეციალისტები მყავს და დაგეხმარებიან ყველაფრის გადახარშვაში. მენტალური ჰაკერები არიან, შეიძლება ითქვას!
– ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით. უკვე მჭირდება ვაჟკაციუმი, ამ დაფასებით რომ არ გავიგუდო.
– ოჰ! რა ენა გაქვს, რა ენა! – ცალყბად შეაქო ბატონმა გიგლამ, – წავედით.
– ეს იქნება შენი სავანე!
აბიბინებულ მდელოს გარს ბაობაბები, მუხები, ალვები, სეკვოიებიც კი ერტყა. სადღაც შორს, სამხრეთით, ჩანჩქერიც მოჩანდა და იმდენად დიდი სიმაღლიდან ეცემოდა წყალი და იმდენი რაოდენობით, რომ დგაფუნი მათთანაც აღწევდა. ჩიტები ხმაშეწყობილად და სიმფონიურად ჭიკჭიკებდნენ. თითქოს ერთმანეთის რიგს ელოდებოდნენ და მერე ბანს აძლევენო და თუ რამდენიმე სახეობა ერთად გადაწყვეტდა სიმღერასა და მგოსნობას, პოლიფონიურად ეხმაწყობილებოდნენ ერთურთს.
სხვადასხვა ფერისა და სახეობის ყვავილებს ფუტკრებიც ეხვეოდნენ, პეპლებიც და მინდვრის თაგვებიც გადარბოდნენ ერთი ღეროდან მეორეზე. იქვე კურდღელიც დახტოდა, მუხის ძირში რკოს ციყვი აგროვებდა. მდელოს კუთხეში თეთრი მარმარილოსებრი ქვის სკამი იდგა, იქვე გოლდენ რეტრივერი და ოქროსფერი კოკერ-სპანიელი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ.
– ედემის ბაღის ასლია.
– ულამაზესია! – აღფრთოვანება ვერ დამალა მამუკამ.
– აქ იცხოვრებ შენ. წამო, დავსხდეთ.
ძაღლები კუდის ქიცინით შეეგებნენ.
თეთრი ქვით ნათალი სკამი მყარი და ქვის კონსისტენციისა იყო, მაგრამ მაინც რბილად და კომფორტულად ისხდნენ.
– მარმარილოა? – დაინტერესდა მამუკა, რომელსაც ამ სიმშვიდემ, სილამაზემ და სისპეტაკემ ცოტა დაავიწყდა კიდეც, რომ თავზე კორპუსის დაშენებას უპირებდნენ.
– კავკასიტი.
– არ მსმენია.
– ჩვენი გამოყვანილია ესეც, თუმცა გამოყვანილი ნაკლებად. კავკასიონის გოროზის შესახებ ხომ გსმენია?
– როგორ არა!
– აი, იმ გოროზისაა. ამიტომა ასეთი მყარი და თან რბილი, ფაფუკი. შენ რადგან კავკასიის შვილი ხარ, ასე რბილადაც ამიტომ ზიხარ, ასე ჩაგიკრავს ყოველთვის გულზე, როცა კორპუსიანი თავით მდელოზე სეირნობით დაიღლები და დასვენება მოგინდება.
– ბატონო გიგლა…
– დამიჯერე, შვილო, – დაუყვავა ბატონმა გიგლამ და თავზე მარჯვენა გადაუსვა, – ასე სჭირდება მამულს.
– ძალიან გთხოვთ, რა! – უკვე გაღიზიანდა, – მე ახლა წავალ და თქვენ ვინმე სხვას დაადგით გინდა თავზე და გინდა ცხვირზე. სახეზე ხომ ადგამთ უკვე ვიღაცას და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
– აუ, არ ვიცი, ცოტა მიჭირს დაჯერება და მგონია, რომ მეკაიფები, – კესომ ასკილის ჩაი მოწრუპა და შეშფოთებული მიაჩერდა მეგობარს. ის უფრო იმაზე ნერვიულობდა, რომ მამუკას სტრესისა და ნერვიულობისგან ფსიქიკა ისე დაუზიანდა, რომ ამ ტიპის აბსურდული მოლანდებები დაეწყო. და იქნებ ის ბალანსი და სიმშვიდე, რომელიც ხანდახან კესოს აღიზიანებდა, სინამდვილეში ფასადი იყო.
– შენ გგონია, მე მჯერა? ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ რაღაცა კრეტინული იუმორისტული ნომერია, რომლითაც ეს კაცი ერთობა.
– ჰო, შეიძლება. მსმენია, რომ რაღაც უაზრო აკვიატებები და პროექტები აქვს. სადღაც, იმერეთში, შვიდი საოცრების პარკს აშენებსო, ამბობენ, ოღონდ სრული ზომებით. რო დასრულდება, დაკიდული ბაღები ქუთაისიდანაც გამოჩნდებაო.
– მაგას თუ აშენებს, ჩემზე ღადაობის დრო აქვს მაგ ჩემისას?
– მულტიტასკინგი.
– ჰო გეუბნებოდიო, არ მეტყვი? – ნაძალადევად გაეკრიჭა მამუკა.
– რაზე?
– შენთანაც დაიჩოქებს ეგ აქლემი, რა დროს კომფორტი და გარიდებააო.
– კაი, რა. ხო იცი, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს. მარტინ ნიმიოლერის ფრაზაც ჰო არ გითხრა ბარემ? – ორივეს ჩაეცინა.
– კაი, აი, ერთი წამით წარმოიდგინე, რომ სერიოზულადაა ეს თემა. რა უნდა ვქნა?
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
– მობრძანდით! ღიაა! – გასძახა მამუკამ.
– იქნებ ვინაა…
– აი, ვინღა უნდა იყოს იმათზე უარესი?
ოთახში კოსტიუმში გამოწყობილი, სიმპათიური, ცოტა ჩასკვნილი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. ღიმილით თითქოს მთელი ოთახი გაანათა.
– ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანო! – შეიცხადა მამუკამ მისი დანახვა.
– კაი, რა იყო, ბიჭო, ასე გეწყინა ჩემი დანახვა?
– რამე ახალი ფარული კამერაა თუ რა ჯანდაბა ხდება? კაი, გნებდებით, დავიჯერე, ძმაო. ამდენი ხალხი თუ შეწუხდით ასე, ჩემი ჭკუიდან გადასაყვანად, მოიგეთ, აი, თითსაც მოვკაკავ.
ბატონი გიგლასავით თითი ჰაერში ასწია და მართლაც მოკაკვა.
– კაი, რა გჭირს, ბიჭო! სამტროდ კი არ მოვსულვარ. რამდენი ხანია, არ მინახიხარ. შეიძლება დავჯდე? ეს ლამაზი გოგო ვინ არის?
– კესო, ეს ჩემი კლასელია, დემეტრე ხუხულაშვილი.
– ვიცი, თქვენი სამშენებლო კომპანიის ქოფირაითერი მე ვიყავი, მე მოვიფიქრე თქვენი სლოგანი.
– მართლა? ძაან მაგარი სლოგანია! „ჩვენი ხუხულა შენს სახლს ჯობია!“
– შენც ამათთან ხარ? – მამუკა კესოს დაებღვირა.
– არა! დედას გეფიცები!
– დამანებეთ ყველამ თავი. შემეშვით. მოიგეთ, ძმაო, რა გინდათ, გამოდი, სადაა კამერები მაჩვენე! რა გინდა, რა გავაკეთო, მითხარით.
მამუკა წამოხტა და ოთახში ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა.
– ეგრე თუ განერვიულდები, მაშინ პირდაპირ საქმე- ზე გადავალ!
მამუკა მაინც არ გაჩერდა, ნერვებმა უკვე ბოლომდე უმტყუნა.
– დაჯექი, ერთი წამი! – განაგრძო დემეტრემ.
დაჯდა.
– პირადად ბატონმა გიგლამ გამომაგზავნა შენთან. მაგარი კაცია, ძმაო, მასპინძლობაც იცის, ძმაკაცობაც და მამაშვილურადაც დამელაპარაკა ყველაფერზე.
შენზე მითხრა, გადაეცი, მაგარი ბიჭიაო. და მშვიდად რომ იყო! პირადად მე ჩამაბარა ეს პროექტი. იქ ვიქნები დღე და ღამე, სანამ არ ჩავაბარებთ. „პრარაბის“ ქუდს დავიხურავ და ვიქნები იქ! შენთვის გადავდებ თავს! მეორე სართულზე ერთი ბინა მე მაჩუქა და გადმოვალ ოჯახიანად! აი, გეფიცები, რა! ყოველდღე ბანკეტი გვექნება კლასის, ღვინოს არ მოგაკლებთ, არც საჭმელს და არც სასმელს. მდელო ნახე?
– ჰო, – მამუკა შოკირებული უსმენდა დემეტრეს მონოლოგს და მხოლოდ ამ ერთი მარცვლის ამოთქმა შეძლო.
– იცი, რა მდელოა ეგა?
– ედემის ასლიაო.
– ედემის ასლი, ბაღია, ბიჭო! ეს არის აი, ის მდელო! აყვავებულა მდელო, აყვავებულან მთები, ილიას მდელოა. და მამულის აყვავებაღა დარჩა და შენ უნდა აიღო თავზე!
– ჩემს თავზე დაშენებული კორპუსია მამულის აყვავება?!
– აბა, რა არის? სადმე მსოფლიოში გინახავს ასეთი პროექტი?
მამუკას უკვე აღარ ეცინებოდა. სისხლი უდუღდა. ოთახს თვალი მოავლო, ეძებდა, რა გადაელეწა თავზე დემეტრესთვის.
– ხეები ხო ნახე? ბაობაბები? სეკვოიები. მაგას რომ გასცდები, იქით აქვს ვაზი გაშენებული, ხვანჭკარის მიკროკლიმატია შექმნილი, პირველი შენ დალევ ხოლმე და ბატონი გიგლა. რამე ხილი ან ბოსტნეული თუ გიყვარს, იმის იდეალურ მიკროკლიმატს შევქმნით და მთელი წელი არ მოგაკლდება. შენი ხმალი და ჩემი კისერი! ერთი პირობაა მხოლოდ. იმ მდელოზე, ყოველ დილას, ცვარი რომ დადგება ფეხშიშველმა უნდა გაიარო, მაგ ენერგიით უნდა დამუხტო მთელი კორპუსი. და ეგ ცვარი კიდე ყვარლის მთებიდან მოტანილი წყაროს წყლის აორთქლების შედეგად დადგება ხოლმე.
– ახლავე გაეთრიეთ ჩემი სახლიდან ორივე.
– ერთი ბინა შენებისთვისაა გამოყოფილი.
– ბიჭო, რანაირად უნდა დამაშენო კორპუსი თავზე, შენ ხო არ გადაირიე საერთოდ?
– საუკეთესო არქიტექტორებს ჩამოვიყვან, იაპონიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან. ისეთი ბალანსი იქნება დაცული, ვერ იგრძნობ, რა გადევს თავზე, გეუბნები.
– რომ დამაცემინოს? – იხუმრასავით მამუკამ.
– არ დაგაცემინებს! ის კი არა, სულ მზე და კარგი ამინდი თუ მოგბეზრდება, ქართულ ენაში რომ წვიმის სამოცი დასახელება გვაქვს, ყველას სათითაოდ დაგაწვიმებ ხოლმე. არც გაცივდები, არც შეგცივდება და არც დაგაცემინებს! ბიო-ჰაკერ…
– ახლავე გაეთრიეთ ორივე.
– მე რა შუაში ვარ? – ეწყინა კესოს.
– კარგი, წავალ მე. განერვიულებული ხარ, მაგრამ იფიქრე. საჭმელი არ მოგაკლდება, სასმელი, ჩვენი კორპუსის მცხოვრებებისთვის რომ მომღერლები ჩამომყავს ხოლმე, ხო იცი? ვისაც ხელს დაადებ იმას ჩამოგიყვან. წელიწადში ერთხელ, შენს დაბადების დღეზე, ფესტივალს მოგიწყობ! რედიოჰედსაც ჩამოგიყვან. „ჰედებს“ არ ეძახი თან? ჰა! – გაიკრიჭა დემეტრე.
– შენ რა გრჯის ისე, ამდენს რას გიხდიან ამ პროექტში, რო ამიგე ოცნების კოშკები და თავი გადადე?
– არაფერსაც არ მიხდის. ერთი იმ ბინას მაძლევს და იმასაც შენ გამო დავთანხმდი, რომ მეთქი მარტო არ იყოს, რამე რო დაჭირდეს. რა ვიცი. საქმეს ასე სჭირდება და მამულს.
– ანუ თუ თქვენი კორპუსი არ დავიდგი თავზე, მამული და სამშობლო არ მიყვარს?
– მაგას არც გაკადრებ! დემეტრე კესოს გამოემშვიდობა და წავიდა.
– მე არაფერ შუაში ვარ, დედას გეფიცები. უბრალოდ, ჰო იცი, ხან ვინ მოვა რეკლამაზე და ხან ვინ და ამათაც დაევასათ ეს სიტყვების თამაში.
– აი, ხედავ რა დღეში ვარ? რა ვქნა, მითხარი.
– ერთი იურისტი მეგობარი მყავს, დავურეკავ, იქნებ გვირჩიოს რამე.
– იურისტებამდე მივედით უკვე?
– ცოტა ხანს რომ გაეცალო? რომ წახვიდე ქვეყნიდან?
– სად ჯანდაბაში წავიდე?
– ვინმეს რომ გადაუფორმო შენი თავი ცოტა ხნით?
– რას ბოდავ?
– სიმბოლიზმი უყვარს მაგ კაცს, ხო ხედავ და შენი თავი შენვე რომ არ გეყუდნოდეს, იქნებ შეგეშვას?
– ძაან დავიღალე, რა! ბოდიში, მაგრამ მარტო მინდა ყოფნა.
– შენს თავთან? – ხუმრობა სცადა კესომ.
მამუკამ ამოიგმინა.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში მამუკა არავის შეუწუხებია. მეოთხე დილას, მაყვლის ჩაი გაუთავდა და მაღაზიაში ჩასვლა გადაწყვიტა.
ეზოში უცნაური სიჩუმე იყო. მოწიწებული.
არსაიდან ისმოდა არც ხმა და არც მშობელი ეძახდა შვილს.
სადარბაზოს წინ ერთი ჯიპი იდგა. მამუკას დანახვისთანავე დაცვის ბიჭმა მგზავრის კარი გამოაღო.
მანქანიდან ეპისკოპოსი სედრაქი გადმობრძანდა.
