„ანწუხელიძე – ომის ნამსხვრევები” – პირადი ისტორიები, როგორც ომის საერთო გამოცდილების ნაწილი

„ვიცით, რომ რაც ადამიანი არის, სულ ომია, დღესაც ომია სადღაც, გუშინაც იყო, ხვალაც იქნება.
მაგრამ არასდროს გგონია, რომ ეს ომი შენთან მოვა. როცა მოდის, მაშინაც არ იჯერებ.”
ომს თავისი წესები აქვს და ამ წესებიდან უპირველესი ალბათ ეს არის: თუ არ მოკალი – აქეთ მოგკლავენ (მაშინაც კი, თუ მოწინააღმდეგე შეუიარაღებელია). კონფლიქტის თანმდევი ძალადობა და დაუნდობლობა სამწუხარო ლოგიკური მოცემულობაა, თუმცა სად აღწევს სისასტიკე კულმინაციას? სადამდე შეუძლია ადამიანს იყოს შემზარავი? ეს არის კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ჩნდება იმ ისტორიების წაკითხვის შემდეგ, რომლებიც თავმოყრილია გიორგი კეკელიძის წიგნში „ანწუხელიძე – ომის ნამსხვრევები“.
წიგნი იწყება ათი წლის გოგონას ისტორიით, რომლის მამაც დაწვეს (ვინ იცის, იქნებ ცოცხლადაც), გრძელდება მეორე გოგოს ისტორიით – მის ძმას მიწაში გარეული ქვები აყლაპეს და თან დასძახოდნენ: ეგ არის შენი სამშობლოს მიწაო და ამ თავს მოსდევს სხვა, თითქოს წარმოუდგენელი, მაგრამ ნამდვილი, შემზარავი ისტორიები.
სამწუხაროდ, არცერთი მათგანი ერთმანეთს არ ჰგავს, უფრო სწორად, როგორ არ ჰგავს – ყველა ისტორიას მისი მთავარი პერსონაჟის პატრიოტიზმი და გმირობა აკავშირებს, მაგრამ განსხვავდება ძალადობის ხერხით: თუ ერთ თავში კითხულობ მანანა ოთინაშვილის ისტორიას, რომელსაც მკვლელებმა ყვითელ პარკში გახვეული შვილის ფეხები გამოუგზავნეს, მეორე თავში მოთხრობილია შალიკო პაპას ამბავი, რომელიც სავარძელზე მიაბეს და ასე აყურებინეს, როგორ იწვოდა მისი სახლი, სანამ ბოლო ფიცარი არ დაიფერფლა, მომდევნო გვერდებზე კი ციური წერეთელი ჰყვება, რომ მისი შვილი ყუმბარას გადაეფარა და სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნა და ასე გრძელდება ეს ისტორიები უსასრულოდ.
ვინაიდან „ანწუხელიძე – ომის ნამსხვრევები“ მხატვრული ტექსტი არ არის და ის ომის რეალურ ისტორიებზე დაყრდნობილ ამბებს ეფუძნება, რომელიც ავტორმა, ასე ვთქვათ, გაამხატვრულა, მისი განხილვაც ამ კონცეფციით არის უმჯობესი.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მეხსიერებაზე, რადგან მისგან ძალიან ცოტაღაა დარჩენილი“ – ეს ცნობილი ფრაზა პიერ ნორას ეკუთვნის.
ნორას კონცეფცია lieux de mémoire გულისხმობს ადგილებსა და სიმბოლოებს, რომლებშიც კოლექტიური მეხსიერება ინახება და თავს იყრის: ფოტოები, დოკუმენტები, თარიღები, რიტუალები და სხვა. ასეთი ადგილების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ისინი აუცილებელი ხდება მაშინ, როდესაც მეხსიერება ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი აღარ არის. მოკლედ რომ ვთქვა, ნორას თეორია მხოლოდ წარსულის შენახვას კი არ ეხება, არამედ იმასაც, თუ როგორ ქმნის საზოგადოება წარსულის შესახებ საკუთარ წარმოდგენას და როგორ უკავშირებს მას აწმყოსა და იდენტობას.
რა გვახსოვს დღეს? ან რა იცის ახალმა თაობამ იმ დაუჯერებელი ისტორიების შესახებ, რომლებიც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან 2010-იან წლებამდე ქართველებს გადახდათ თავს?! რამდენი იცის 2008 წლის შემდეგ დაბადებულმა ადამიანმა ომის ფიზიკურ გამოცდილებაზე? და ვინ მოუთხრობს მათ ამ ისტორიებს იმ ადამიანებზე უკეთ, ვისაც ეს თავად გადახდა?!
წარსულის გახსენება ან იმის შეხსენება, თუ ვინ არის მტერი, აუცილებელი და სავალდებულოც კია, ისევე როგორც იმ ადამიანების ხსოვნის შენახვა, ვინც გმირია – ამ სიტყვის სრულყოფილი გაგებით. ცხადია, ერის წარსულის გახსენება მხოლოდ ისტორიული მოვლენების აღდგენას არ გულისხმობს, ის საზოგადოებრივი თვითშემეცნების მნიშვნელოვანი საფუძველია და სოციუმს აძლევს საშუალებას შეაფასოს წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები და განსაზღვროს მომავლის პრიორიტეტები.
კულტურის თეორეტიკოსი იან ასმანი ნაშრომში “Cultural Memory and Early Civilization” კულტურულ მეხსიერებას განიხილავს, როგორც მექანიზმს, რომელიც საზოგადოებას საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და თაობებს შორის გადაცემაში ეხმარება. ამ თვალსაზრისით, წარსულის გახსენება მხოლოდ ისტორიული ცოდნის დაგროვება არ არის – ის საზოგადოებას საკუთარი თავის გააზრების საშუალებას აძლევს. ისტორიის ცოდნა ავტომატურად არ უზრუნველყოფს შეცდომების თავიდან აცილებას. ამისთვის საჭიროა მოვლენების ობიექტური კვლევა, სხვადასხვა წყაროს შედარება და წარსულის შესახებ დამკვიდრებული წარმოდგენების კრიტიკული შეფასება. ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ საზოგადოებას საკუთარი გამოცდილების გააზრებისა და მის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
„ანწუხელიძე – ომის ნამსხვრევები“ არც ბოლომდე მხატვრული წიგნია და არც სრულად დოკუმენტური ნაშრომი, თუმცა წარსულის გასახსენებლად შესანიშნავი ტექსტია. წიგნი აცოცხლებს ნამდვილ ამბებს – ტრავმულ წარსულს, ჩრდილოელი მტრის სისასტიკეს, ქართველების შეუპოვრობას, სიმამაცესა და პატრიოტიზმს.
რაც მთავარია, ეს არის წიგნი, რომელიც, თუ ვინმეს აღარ ახსოვს, შეახსენებს, ვინ არის მტერი და რამდენად დაუნდობელი იყო იგი უახლოეს წარსულში; ხოლო მათ, ვისაც ეს არასდროს დავიწყებია, კიდევ ერთხელ ნათლად დაანახვებს, რატომ არ უნდა მივცეთ დროს უფლება, წარსულის ტრაგედიები გააუფერულოს და დაგვავიწყოს.
