უჩინარი
დაბრუნდა და მარტო იყო, თუმცა ისევ გრძნობდა იმ უხილავის მოახლოებას. იდგა, როგორც იდუმალი კარის წინ, რომლის სახელურს ოდესღაც შეეხო და შეძრა სულით ხორცამდე. დაფარული გზებით უკვე მერამდენედ ბრუნდებოდა. ყოველ ჯერზე ამოვარდნას ჰქონდა გული, გაშმაგებით რომ უცემდა და როგორც ლოდი ეხეთქებოდა მის მკერდს, რათა გამოენგრია კედელი მყარი ქვით და ჩაეყლაპა უძირო ღამე, როგორც ზღვის გააფთრებული შენაკადები.
მღელვარებით სავსე თვალებით ისევ ნახა ის სამყოფელი, სიბნელესა და ლაფში ჩაფლული. დიდი ხანი იყო, რაც უცხო გახდა იმ ადგილისთვის, მაგრამ მაინც იქ იდგა, უსასრულო წყვდიადში. როცა გასცდა იმ ყველაფერს, არაფერი წაუღია, გარდა ტკივილისა, გარდა წლებისა, რომელმაც გატეხა. მხოლოდ მოუშორებელი აჩრდილი აიკიდა. გამუდმებით თვალთვალს გრძნობდა, რომ იქ, სადაც კი ფეხს დგამდა, ვიღაც იდგა და სასტიკი ჭრილობებით სავსეს ტოვებდა.
მერე კი იწვა ყველასგან მიტოვებული, მთვარისა და მზის შუქის მიჯნაზე, უღონო, სიტყვაგამქრალი, თვალებიდან უკანასკნელი შუქი რომ გამოსჭვიოდა. ვერაფერს ხედავდა, გარდა ლანდებად ქცეული შენობებისა და მიძინებული ქალაქისა. რა მიზეზისთვის, ვერაფერს ვერ ხვდებოდა, არც არაფერი იყო, მაგრამ გრძნობდა, რომ ეძებდა ვიღაც უცხო, მისი სისხლის სუნს რომ ნატრობდა და ამ ფიქრებში ბევრჯერ შემცბარა.
ამოუცნობი ჭვრეტა ჭამდა მის სიმშვიდეს. ყოველი გამვლელის თვალებში იმზირებოდა ის უფსკრული, ოდესღაც რომ ჩახედა. გრძნობდა, რომ დედამიწის ნესტიან მუცელში არასდროს ყოფილა მისი ადგილი და მხოლოდ შეცდომით მოხეტიალე ლანდი იყო, რომელსაც ფეხდაფეხ სიკვდილი დასდევდა.
თუმცა მზის ამოსვლისას ისევ მოერეოდა აზრები, რომ იქნებ ვარსკვლავთა მთვლელებს უნდა შესჯიბრებოდა, რომ ევლო უსასრულოდ ქარის წისქვილების მხარეს და დაენახა ყველა ის ფერი მშვენიერებისა, მიმოფანტული უძირო და უთავბოლო გზებზე.
ზოგჯერ მაინც გაუნძრევლად იდგა, თითქოს მზად იყო, სიცოცხლე დაეთმო. ესეც თავის ხვედრად ეჩვენებოდა, მას შემდეგ, რაც დატოვა ძველი ბინა. ბარაკებს შორის მიმავალი, ხშირად ფიქრობდა, რომ ცეცხლის შუაგულში იდგა, საიდანაც თავი უნდა დაეხსნა, სანამ ფერფლად იქცეოდა, სანამ არაფერი დარჩებოდა მისგან, თუნდაც ქარს რომ წაეღო სულ მცირე ნაწილი და მიმოეფანტა დასათესად ყოველივეში, როგორც მკვიდრი ყველაფრისა.
გარდაუვალად გრძნობდა ამას, გრძნობდა სიკვდილს და როცა ხაფანგიდან თავი დაიხსნა, სხვა საფრთხეები აედევნა. უსასრულოდ ელოდებოდა, რომ აფთარივით ჩასაფრებული, ის უხილავი მაინც ეცემოდა ყელში და ბოლოს მოუღებდა.
ღამით, როცა ყველას ეძინა და მთვარის შუქი რძესავით იღვრებოდა ბარაკების თავზე, მან დატოვა ის საკანივით ბინა, სადაც მარტო მყოფი, სიკვდილმისჯილივით გრძნობდა თავს.
სანამ დღის შუქი მომწიფდებოდა, ჯერ კიდევ ფანჯარასთან იდგა, ჩაფლული ღამის ზვავში, რომელიც ნელ-ნელა შლიდა, და ასე აღმოჩნდა ღია კართან. ძაღლები სივრცეს უყეფდნენ, შორეული ხმები რომ მოჰქონდა ნაგლეჯ-ნაგლეჯ. ერთხელაც არ გაუხედავს უკან და ისე გაუყვა მიწაყრილებს, ბარაკებს შორის გაჭრილ ვიწრო გასასვლელებს, სადაც ნელა, ნისლივით და მშვიდი ნაკადულივით მოლასლასებდა დღის მდორე შუქი.
იმ დღის მერე ყველაფერი იმ ერთადერთმა ფიქრმა მოიცვა და მოსვენებას არ აძლევდა, ის მუდამ თან ახლდა. ჩაძინებამდე უსასრულოდ ტრიალებდა იმ ფიქრით, რომ ზურგის მხარეს ვიღაც იდგა, რომელსაც სურდა, მის ნეკნებში გაეტარებინა უშველებელი დანა. მაშინაც, როცა ტვირთის ზიდვისას, დილიდან საღამომდე, მხრებდამძიმებული, დაქანცული მიაბიჯებდა, არ ავიწყდებოდა უკან გახედვა, იქნებ ის იქვე იდგა, ბარაკების აჩრდილიდან წამოსული წარსული, გონებისთვის მოუშორებელი ადგილი, რომელმაც აწამა და გადმოაფურთხა, როგორც შხამიანი ლუკმა. განთიადზე ისევ მძიმე და გრძელ ჩრდილად იქცეოდა ხოლმე წარსული. ტვირთით დაზნექილი, თავს შერისხულ არსებად თვლიდა, მთელი ქალაქის სიმძიმე საკუთარი ბეჭებით რომ უნდა ეტარებინა.
ყოველი ნაბიჯი შერკინებას ჰგავდა, ყოველი ჩასუნთქვა – სასოწარკვეთილ ბრძოლას არსებობისთვის. ვერ ხვდებოდა, რატომ ჰქონდა მსგავსი ფიქრები, როცა არავის არაფერს უშავებდა. ის ცხოვრობდა და ვერავინ იტყოდა, რომ ოდესმე ვინმეს ცუდად მოეპყრო. იქნებ სწორედ ამის გამოც, რომ სხვებს არ ჰგავდა, უნდა გამქრალიყო. ის არასოდეს ყოფილა იქ მკვიდრთა მსგავსი. მათ მხოლოდ ერთნაირი სახლები ჰქონდათ, ერთნაირი მასალისგან ნაშენები, აჭრელებული სახურავებით თუ კედლებით. ის ყოველთვის ცალკე იდგა, ჩუმი, უსიტყვო და ფიქრებში გადაშვებული, ღამის ცასთან მყოფი, შორს რომ უყვარდა ყურება. ჰორიზონტის კიდეს მიაწვდენდა თვალებს, უსასრულო ადგილებს, წყლებს თუ მიწებს. ცის უკიდეგანობას გამოკიდებული, მარტო თავისთვის, იდგა და იდგა, როგორც შუქი მარად მყოფი.
განა რამე სურდა, გარდა ფიქრისა, როცა პირველად აიშენა თავშესაფარი, როცა პირველად ჩამოჯდა მაგიდასთან. ბევრი ხეტიალის შემდეგ, როცა ირმების სამწყსოს ჩამოშორდა და მათი რძით სავსე, გზას გაუყვა მზის ქალაქისკენ, მიხვდა, რომ მაინც მარტო იყო, ერთადერთი მკვიდრი საკუთარ სხეულში უზარმაზარ სამყაროსთან ერთად. ბარაკებმა ბევრი რამე ასწავლეს, როცა მაღაროს ბნელი გვირაბები, ვიწრო და უჰაერო, ყლაპავდა უკიდეგანობას. მაღაროს ხახა არაფერს აჩენდა ახალს. მისი კიდეები, მისი შავი სხეული ანახშირებდა. გამოკეტილს უჰაერობაში, მიწა ძვლებს უჭამდა. ამიტომ ადგა და დატოვა ის ადგილი. ამიტომ არჩია მტვირთავად ყოფნა, მაგრამ მის სხეულში ახლა უკვე სხვაც მკვიდრობდა და რთული იყო მისი ტარება. ის მუდმივად ელოდებოდა მოულოდნელ დარტყმას, მძიმე დანის. დაბლობიდან მონაბერი ქარი მიცვალებულთა ჩურჩულს დაატარებდა. დრო არ იყო უკან დახევის. უხილავი მდევარი ყველგან ბინადრობდა.
სიბნელეში ჩაფლული, ხედავდა, რომ ძველ კედლებს უკვე სხვა დაჰპატრონებოდა. დაბრუნებულმა ერთხელაც შეხედა იმ მიტოვებულ სადგომს, არაფერს სასიკეთოს რომ არ ეტყოდა. ძაღლების ყეფით დაყრუებული კი ვერც გრძნობდა ნაბიჯებს. ის ნელა და შეუმჩნევლად, ლაქასავით აჩნდებოდა მიწას და გველივით დასრიალებდა ოკრობოკრო ბილიკზე. მალე დღის შუქი გამოაჩენდა ყველაფერ ფარულს, შებუდებულს იდუმალ ღამეში. ახლა, როცა შიში და ფრენის სურვილი უსაფრდებოდნენ ერთმანეთს, იქ ისევ იდგა ზღვის სუნი და ისმოდა ნავსადგურში დაბმული ნავების ჭრიალი, შორეული წყლები რომ უხმობდნენ.
იქ მყოფს, უნაპირო და უძირო ადგილები იზიდავდა, რომ წასულიყო მიღმა იმ ყველაფრის, რაც ჯერ არ ჩანდა და არ ენახა. მინდობოდა ზღვაურის მოზიდულ სუნს, მას გაჰყოლოდა, როგორც ერთგულ თანამგზავრს და ევლო წყლებისა და უდაბნოების გავლით, თანავარსკვლავედებს შორის, რომ უფრო ახლოს შეხებოდა ყველაზე კაშკაშა შუქს, მაგრამ მოულოდნელი თავდასხმა, გვირაბებში ჩაწოლილი სიკვდილის ლანდი, ღუზასავით ჩამოეკიდა უფერულ სხეულს, თუმცა შიში მალევე გაქრა, მიწის სიმძიმით ნასაზრდოები, მძვინვარებით რომ სდევნიდა მის ყოველ ნაბიჯს და მარტო დარჩენილს ცის გუმბათზე გაჩენილი დაფიონი ასხივებდა.
მან იგრძნო, რომ არასოდეს ყოფილა ასეთი ცოცხალი და სავსე. როცა უცნობი სხეულის ბოლო მარცვალი შეერია უდაბნოს მტვერს, სუფთა და უმანკო შუქში არ არსებობდა არც მსხვერპლი და არც ჯალათი.
იგი იდგა, როგორც ნაყოფი მარადიულის, თავისუფალი, და ყოველივე უბრუნდებოდა საკუთარ საწყისს, იმ ერთადერთ თავშესაფარს, თავადაც რომ იპოვა.
