თარგმნილი პროზა

კატა და გენერალი

ნინო ხარატიშვილი · №1 · 27 ოქტომბერი, 2023

ცხოვრების ყოველ წამს და ყველა სიტუაციაში რომ შეგვეძლოს ემპათიის გამოვლენა, დედამიწაზე ომი აღარ იქნებოდა. და სანამ ამისთვის არ მიგვიღწევია, ხელოვნების ლაბორატორიებში მოგვიწევს ამ გრძნობის ხელოვნურად გამოყვანა. რადგან არც ერთ სხვა სფეროს ეს ისე კარგად არ გამოსდის, როგორც ხელოვნებას, ხოლო ხელოვნების დარგებს შორის არც ერთი ისე ზუსტად არ ფლობს ამ მეცნიერებას, როგორც ლიტერატურა.

ლიტერატურა ემპათიის მეცნიერებაა, ასეც შეიძლება ითქვას.

დიახ, ემპათია არის ალბათ ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელსაც ლიტერატურა უძღვნის ადამიანს – მკითხველსაც და მწერალსაც: როდესაც სხვაში აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, როდესაც გავითავისებთ სხვის გრძნობებს – ჩვენც ვიზრდებით, ვმრავლდებით. დამატებით იდენტობას ვიძენთ, ვტოვებთ საკუთარს და ახალ, უცხო სამყაროში ვაბიჯებთ, რომელიც რამდენიმე გვერდის შემდეგ ჩვენად იქცევა. ოღონდ, მაგიურ ადგილს იმიტომ კი არ მივაშურებთ, რომ იქ არარეალური ამბები ხდება, არამედ იმიტომ, რომ იქ გველოდება ყველანაირი შესაძლებლობა და ვარიანტი, რომლის გამოცდასაც ერთი ცხოვრება არ ეყოფა. იქ გვხვდება ყველა გზა, რომელზეც არასდროს გაგვივლია და ყველა გადასახვევი, სადაც არ გადაგვიხვევია და ყველა ის ადამიანი, არასდროს რომ შევხვედრივართ, ყველა ბავშვი, არასდროს რომ გაგვიჩენია და ყველა კაცი და ქალი, არასდროს რომ გვყვარებია. იქ ცხოვრობს ჩვენი მე-ს ყველა ვარიანტი, ვინც შეიძლებოდა ვყოფილიყავით რომელიღაც პარალელურ გალაქტიკაში. იქ დაგვხვდება ადგილები, სადაც არასდროს ვყოფილვართ და იქ არის ყველა ის ქვეყანა, არასდროს რომ აღმოგვიჩენია. სიტყვები იქცევა ისტორიებად და ეს ისტორიები ჩაიღვრებიან და გაივლიან ჩვენში. მოგვდრეკენ, გაგვალღობენ. უჩინარ კვალს დაგვამჩნევენ.

ემპათიის მეცნიერება

ნინო ხარატიშვილი. ფრანკფურტში, წარმოთქმული სიტყვიდან.
მაია ფანჯიკიძის თარგმანი.

კატა და გენერალი

  • ფრაგმენტები რომანიდან
  • გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქაძე-ბახსოლიანმა

თინას ორსართულიანი სუფრა ჰქონდა გაშლილი. ცხადია, იმაზე მეტი გაემზადებინა, ვიდრე საჭირო იყო და თავისი დაღლილობა ერთი ტონა მაკიაჟით დაეფარა. ალისფერი ტუჩსაცხი წაესვა, ნუშივით თვალებზე „კაიალის“ ფანქრით გამოეყვანა კონტური. უფროს ქალიშვილს შეეგება და სახეგაბადრულმა ჩაიკრა გულში. ყველას იქ მოეყარა თავი: ქვეყნიდან ნებით თუ იძულებით გადმოხვეწილ ემიგრანტებს, აღმოსავლეთიდან ჩამოსულ იღბლის მაძიებლებს, ამ სახეობის ბოლო ნიმუშებს, თინას მსგავსად დროსა და სამყაროებს შორის გაჭედილებს.

მან თავი ორი წლით დაიპატარავა და კატას ეს იმდენად სასაცილოდ მიაჩნდა, რომ ლამის ხარხარი აუვარდა, როცა დედამ სამზარეულოში ჩასჩურჩულა, იცოდე, ტორტზე სანთლების დათვლისას არაფერი შეიმჩნიო, ახლა ასეა საჭიროო.

ცხადია, ამას იმ ახალი ტიპისთვის აკეთებდა, ვიღაც უმუშევარი ჟიგოლოსთვის, უცნაური სახელით პაკო, რომელიც ისე იყო წამოსკუპებული სუფრის თავში, თითქოს ამ სახლში უკვე ოჯახის უფროსი ყოფილიყო.

კატამ დედას წითელ ქაღალდში გახვეული დე ტექტივი გაუწოდა და ქართულად მიულოცა. თინას დეტექტივების კითხვა უყვარდა.

– თმას რა უქენი? – აღმოხდა უცებ თინას, როცა, მანამდე ფუსფუსში გართულმა, მოიცალა და შვილს წესიერად ახედ-დახედა.

– ეს რაღაც როლისთვისაა, მალე ისევ ჩემი თმა წამოვა.

– სულ არ გიხდება ეს ფერი. წითური ხარ და ეს შენი სამარკო ნიშანია, უნდა შეიგნონ მაგ შენს თეატრში.

კატა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ თინა უკვე აორთქლებულიყო. თავად სამზარეულოში გავიდა, სადაც შეღონებული ნატალია კევის ღეჭვითა და მწვანე ლაქწასმული ფრჩხილებით ცომს უტ რიალებდა. კატამ დას ლოყაზე ნაზად აკოცა და გვერდში ამოუდგა. ბოლო წაკამათების შემდეგ დაგროვებული ბოღმა სადღაც გაფანტულიყო და კატას გულზე მოეშვა.

– ქართველია. არა, არ მჯერა! – ამოიოხრა ნატალიამ და ვარდისფერი საღეჭი რეზინით ზომაზე დიდი ბუშტი გაბერა.

– კარგად დააკვირდი?! სუფთა ქლესაა, აი, წიგნებში რომ წერია, ისეთი ჟიგოლო, შორიდანვე მიხვდები, რა „ლუზერია“. არ მესმის, სად შოულობს ხოლმე ასეთ ტიპებს? ხომ თავიდანვე ცხადია, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, უკანასკნელი იდიოტიც კი მიხვდება, დედას გარდა. ისე, პაკო რა სახელია? ფეხბურთელია თუ რა? ნატალია პირიდან, როგორც კალაშნიკოვიდან, ისე ისროდა სიტყვებს, მისი ქართულისგან განსხვა ვებით, რომელსაც უცხოური ელფერი დაჰკრავდა და მაშინვე გვერდზე გადადებდა ხოლმე, როგორც კი დედა და ბებია გვერდით არ იყვნენ, ბერლინურ-გერმანულს ბოლომდე თავდაჯერებულად ფლობდა და ლაპარაკისას ისეთი სწრაფი იყო, როგორიც რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავი. ის მხოლოდ სამი წლით უმცროსი იყო კატაზე, მაგრამ ზოგჯერ ასე ეგონა, რომ მთელი ათწლედი აშორებდათ ერთმანეთს. იმ ბრაზისა და გაოგნების მიღმა, მისი დის გადაწყვეტილებები რომ იწვევდა, მისი საქციელით გამოწვეული აღშფოთების, იმ მწვავე და ხშირი დაპირისპირებების, ურთიერთწყენინების მიღმა, სადღაც ბრმა, ხელშეუხებელი სიყვარული თვლემდა, რომლითაც გადაჯაჭვული იყვნენ და ვერასოდეს დაშორდებოდნენ ერთმანეთს და რომელიც ამ ცხოვრებაში ორივესთვის ყველაზე ძლიერ საყრდენს წარმოადგენდა.

კატა დას უსმენდა, როგორ ბრაზობდა ის დედის ახალ კაცზე და ამდენი კვირის შემდეგ თავი ძლივს იგრძნო დაცულად. თითქოს მხოლოდ აქ, ამ ადგილას ხვდებოდა, ვის და რას მიეკუთვნებოდა. თუმცა სამუდამოდ აქ ვერ დარჩებოდა, გარე სამ­ყაროს ნატალიასავით მუდამ შუა თითს ვერ აუწევდა.

ერთმანეთისგან რამდენად განსხვავებულნიც უნდა ყოფი­ლიყვნენ დები თავიანთი გადაწყვეტილებებით, მოქმედებებითა თუ აზროვნებით, სადღაც გულის სიღრმეში არსებობდა ისეთი კავშირი, რომელიც ყველა განსხვავებაზე უფრო ძლიერი იყო. ერთიმეორისათვის სარკესავით იყვნენ, რომელში ჩახედვისას საკუთარი თავის ამოცნობა შეეძლოთ, უკომპრომისოდ, შეულამაზებლად, სააშკარაოზე გამოტანილი, ყოველივე ზედმეტობისა და თავის მოჩვენების შანსის გარეშე. ერთმანეთის პირისპირ ჯუნგლებიდან გამოსული ორი მხეცივით იდგნენ, ცირკის მოთვინიერებული ცხოველებივით, რომლებ­მაც ზუსტად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ არენაზე თავის გადასარჩენად – ბრძანებებს მიჰყვნენ და მაყურებლების გასართობი ტრიუკები შეასრულონ. თუმცა ორივემ მშვენივრად იცის, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. გულის სიღრმეში გარეული ცხოველებივით არ ასვენებდათ იმის ში­ში, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავიანთ მომთვი­ნიერებელს ყელში ეცემოდნენ ამ ჭრელი გალიიდან და არენიდან გამოსავარდნად და იმ ბნელ, საიდუმლოებით მოცულ ჯუნგლებში დასაბ­რუნებლად, რომელიც მუდამდღე აკლდათ და ენატრებოდათ.

ორივე დამ დედისგან, ბებიისა და დაბადების დღე­ზე დაპატიჟებული, მუდამ ძიებაში მყოფი, აქ ვერასოდეს გაშინაურებული, ჭრელი საზო­გა­დოე­ბისგან განსხვავებით, მშვენივრად იცოდა, რომ უკან-უკან ყურებით წინ ვერ წახვალ, მაგრამ ასეთი სურვილისგან თავადაც ვერ თავისუფლდებოდნენ.

თუმცა, მიუხედავად ნატალიასთან განცდილი ამ ფიზიკური სიახლოვისა, კატამ ვერაფრით შეძლო მისთვის იმ მკვდარ გოგონაზე მოყოლა, თავის სიზმრებზე, სადაც მას და მის ახალ ტყუპისცალს შორის საზღვრები წაშლილიყო. ვერც თავისი, ამასობაში უკვე სრულიად ყუთებში ჩაბარგებული ცხოვრების შესახებ უყვებოდა, ვიღაც რუსთან იმ გამაოგნებელი შეხვედრისა და იმ დიდი ფულის შესახებ, რომელიც ერთ მეტად საეჭვო ვიდეოში თამაშისთვის უნდა აეღო. ვერაფრით უყვებოდა, რომ მეგობართან დაშორების შემდეგ, რასაც დაშორებასაც ვერ დაარქმევდი, ვეღარ გაეგო, სად იყო მისი ადგილი. რომ ამ ცხოვრებაში დაბარბაცებდა და სულ უფრო მჩატე ხდებოდა. ნატალიას ვერ უყვებოდა, რომ ვიკინგ-ჟურნალისტს იმ გოგოსა და პროცესზე ყველა ინფორმაციის გამოგზავნა სთხოვა; რომ ამ საქაღალდეებისგან საწოლის გარშემო გალავანი ამოიშენა, მის უკან შეიყუჟა, გარე სამყაროს სულ უფრო მოსწყდა და ქუჩაში თითქმის აღარ გამოდიოდა. ვერ უყვებოდა იმ განცდაზე, რომ მის სამყაროშიც საათებმა უკან სვლა დაიწყეს, ისევე როგორც ამ დაბადების დღეზე მოსულ ყველა სტუმართან; მათთან, ვინც პარალელურ სამყაროში ცხოვრობდა, სადაც რაც შეიძლება ცოტა რეალობა აღწევდა გარედან, ანუ სამყაროში, სადაც საათის ისრები უკუღმა მოძრაობდა. თავის დას ვერ ეუბნებოდა, რომ იმ მკვდარი გოგონას ოცნებებს თავადაც გრძნობდა, თავის წარმოდგენებში უკვე იცოდა, რომელი იყო მისი საყვარელი ფერი, რას ანიჭებდა უპირატესობას და რას არა, რომელი წიგნები და ფილმები მოსწონდა, რომელი საჭმელი ეზიზღებოდა, რას ნატრობდა ცხოვრებაში და რა თვისებებით შემკულმა გაიარა თავისი მოკლე ცხოვრება. ნატალიას ვერაფერს ეუბნებოდა იმის შესახებ, რომ ცხოვრება ბევრად უფრო უადვილდებოდა, როცა ამ მკვდარ გოგონას უტოვებდა არეალს და თავად მის ჩრდილში უჩინარდებოდა. რომ კატა იყო, დიახაც, ცხრა სიცოცხლით, რომელთაგან ერთი უკვე დაკარგა და მზად იყო, ახლა მეორე დაეთმო აჩრდილისთვის.

– რა როლია ასეთი, რომ ეგრევე თმა შეიღებე? – ჰკითხა ნატალიამ და ფიქრებს გამოსტაცა.

– ნუ, ჰო, კასტინგისთვისაა, დიდი პროექტია, მაგრამ არა მგონია, ამიყვანონ…

– მესმის. ტელესერიალია?

– კი. მაგრამ საკმაოდ ძვირიანი პროდუქციაა.

ეს მთლად ტყუილიც არ იყო, უფრო – სანახევროდ სიმართლე, რომელიც საქმეს უადვილებდა. მისაღები ოთახიდან ერთმანეთში არეული, ხმამა­ღალი ლაპარაკი გამოდიოდა სხვადასხვა ენაზე.

თითქმის ყველა იქ მყოფი ერთ მშვენიერ დღეს გზას დაადგა და უკეთესი ცხოვრების ძიებაში აქ წამოვიდა; რადგანაც თავიანთი ღრმა რწმენით სძულდათ იქაურობა, სადაც გამოკეტილი იყვნენ. წინა ცხოვრებას აძაგებდნენ, მისი გაგონებაც არ უნდოდათ და დარწმუნებული იყვნენ, რომ სამუდამოდ მოიტოვეს უკან. და მაინც, ამ ახალ სა­ნაპიროზე გამოსულებმა, ამ ახალ რეა­ლობაში, სადაც ახალი ცხოვრების ბეჯითად შე­ნება­სა და ქვის ქვაზე დადებას შეუდგნენ, უცებ გაათვითცნობიერეს, რომ ისევ ის ჯოჯოხეთი ენატრებოდათ, რომელიც შეგნებულად მოიტოვეს უკან. მართალია, ის ჯოჯოხეთი ჯერაც ყარდა, მაგრამ მათი მაინც იყო, სადაც ყველა კუნჭულს იცნობდნენ, თანამებრძოლები და თანამოაზრეები ჰყავდათ, სადაც თავიანთი დაქცეული სამფლობელოს მბრძანებლებად წარმოედგინათ თავი. ამ ახალ ცხოვრებაში კი, სამშობლოდან ასე შორს, მხოლოდ უცხოები იყვნენ, ემიგრანტები, გადმოხვეწილები, საძულველი სოციალიზმის შვილები; ისინი, ვინც ახალგაზრდობაში შავ ბაზარზე დასავლური ფირფიტებით ვაჭრობდა და ვისაც კაპიტალიზმი მარჩენალ იდეოლოგიად, ერთადერთ გამოსავლად მიაჩნდა; ვინც საიდანღაც მოვლენილ ვიდეომაგნი­ ტოფონს რევოლუციურად მიიჩნევდა და არალეგალურ ვიდეოწვეულებებს აწყობდა, ოციანი წლების კონსპირაციული ფილოსოფიური დებატების მსგავსად, იმ განსხვავებით, რომ მარქსისა და ჰეგელის ნაცვლად „რემბოს“ ან „ტანგო და ქეშს“ განიხილავდნენ და საკუთარ თავს ძირძველ ამერიკულ მითთან: ერთი-კაცი-მთელი-სამყაროს- წინააღმდეგ – აიგივებდნენ.

შემდეგ კი, როცა მათი ოცნებები ახდა და ბედნიერება ხელმოსაჭიდი ჩანდა – ახალგაზრდებს ჯერ კიდევ უშრეტი ენერგია ჰქონდათ და კაპიტალისტური ბედნიერების სწამდათ – როცა მასობრივად დასავლეთში წამოვიდნენ, რადგან შინ აღარაფერი ჩანდა ნორმალური და ქაოსი სიცოცხლისთვის საშიში შეიქნა, მათ სულ სხვა რამ იწვნიეს. დიდხანს არც გამოფხიზლებამ დააყოვნა და მათი მეოცნებე, წიგნებიდან ამოკითხული მსოფლმხედველობა ყირაზე დააყენა.

დიახ, ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, მას შემდეგ, რაც როგორღაც მოახერხეს იმ ზღვა ბიუროკ­რატიული მოთხოვნების გადალახვა და საჭირო ქაღალდებისთვის თავის მოყრა (ზოგს გაუ­ მართლა და ებრაელი ბებია ჰყავდა, ზოგმა გერმანელი წინაპრები გამოიგონა, ვინ ევროპელ ემიგრანტზე დაქორწინდა, ვინ დისიდენტების თაობას მიეკუთვნებოდა და ვინ რევოლუციამდე პერიოდს გადასწვდა). თუმცა მხოლოდ ყველაზე ცოტამ, ყველაზე მოხერხებულებმა და გამძლეებმა შეძლეს დასავლეთში ფეხის მოკიდება. მათ აღქმულ ქვეყანაში ჩამოაღწიეს და სეზონური სამუ­შაოები იშოვეს, რეალურ შანსებს არავინ სთავაზობდათ, მხოლოდ პურის მცირე ყუებს თუ გადმოუგდებდნენ ხოლმე. ენისა და კვალიფიკაციის კურსებზე აგზავნიდნენ და უხსნიდნენ, რომ რამე წესიერ სამუშაოს დასთანხმებოდნენ, რადგან მათი უცნაური და იშვიათი პროფე­სიები (როგორებიცაა ძველბერძნულის ლინგვის­ტობა, იტალიური რენესანსის ისტორიის სპეციალისტობა ხელოვნების დარგში, საბავშვო წიგ­ნე­ბის ილუსტრატორობა ან სოლფეჯიოს მასწავლებლობა) დასავლეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ასე რომ, რასაც ურჩევდნენ, იმას აკეთებდნენ, ოფისმენეჯმენტის კურსებზე დადიოდნენ, ტაქსის ლიცენზიას იღებდნენ, მედდის ან ბებიაქალის კვალიფიკაციას გადიოდნენ (რატომღაც ახალგაზრდა, მოძრავ და კულტურულად გახსნილ დედებს სლავური აქცენტის მქონე ბებიაქალები განსაკუთრებით მოსწონდათ) ან სულაც მებაღედ მუშაობდნენ. სამაგიეროდ, მათ სუპერმარკეტებში უკიდეგანო არჩევანი ჰქონდათ, ჯინსების ლეგალურად ყიდვა შეეძლოთ და ავტობუსით ისეთ ადგილებში მოგზაურობა, როგორიც ფლორენცია ან სან-სებასტიანია, ადრე მიუღწეველი ოცნება რომ იყო. მათ არც ავტობუსში ხანგრძლივი ჯაყჯაყი აწუხებდათ და არც ის მდარე სასტუმროები ქალაქის პერიფერიებში, რადგანაც ბევრად უარესები ჰქონდათ ნანახი და გადატანილი. თუმცა ამ მოგზაურობების დროსაც უცხოებად რჩებოდნენ, ზედმეტად ბევრ ფოტოს იღებდნენ, ზედმეტად ხმამაღლა საუბრობდნენ, ამა თუ იმ ძეგლზე სხვებზე ცოტა უკეთ იყვნენ ინფორმირებული (გიდებზე უკეთაც კი, რომლებსაც მათი ზედმეტად დასმული კითხვები ნერვებს უშლიდათ).

ისინი ყოველთვის ოდნავ გარიყულები რჩებოდნენ, ან წინ უსწრებდნენ, ან ჩამორჩებოდნენ დანარჩენებს და ვერ ახერხებდნენ მასაში ბოლომდე გაუჩინარებას, ვეღარასოდეს რჩებოდნენ შეუმჩნეველნი.

სულერთია, რამდენი ხანი ცხოვრობდნენ უკვე დასავლეთში, ისინი მაინც მუდამ უცნაურად ჩაცმულ, სასაცილოაქცენტიან არსებებად რჩებოდნენ.

ხოლო მათი იდეალისტური მსოფლმხედველობა და მრწამსი კაპიტალისტურ კანონზომიერებებთან შეჯახებისას ერთიმეორის მიყოლებით გაცამ­ტვერდა და ისე დაიშალა, როგორც ბიბლიურ შტორმში მოყოლილი ხის ნავები, რომელთა წყლის ზედაპირზე მოტივტივე ნაფოტებს მაინც არ უშვებენ ხელიდან.


შესვლა
რეგისტრაცია