კლასიკა

რეგვენი თუ ახალგაზრდა?

ბუბა კუდავა · №2 · 7 დეკემბერი, 2023

იყო ასეთი კაცი საქართველოს ისტორიაში – ბაგრატ რეგვენი. ძალაუფლებისა რა გითხრათ და, ტიტულით კი დიდი კაცი გახლდათ – „ქართველთა მეფობას“ ფლობდა თითქმის 40 წელი, გარდაცვალებამდე, 994 წლამდე. იმითაც გვახსოვს, რომ ერთიანი საქართველოს მეფის, მისი მოსახელის – ბაგრატ III-ის პაპა იყო. უარყოფითი შინაარსის ზედწოდებები კი დაიმკვიდრეს შიგადაშიგ ქართველმა მეფეებმაც, უცხოელი კოლეგების დარად, მაგრამ ჩვენში ასეთი თიკუნი მაინც ერთადერთია. თუმცა პირველი შეხვედრისთანავე მყისვე განმარტავენ: არა, ეს ის არ არის, რაც თქვენ იფიქრეთ, ადრეულ ასაკში გამეფდა და მეტისმეტი ახალგაზრდობისა თუ გამოუცდელობის გამო ეწოდა რეგვენიო. უცნაურ ზედწოდებას ხან ახალგაზრდული სიჯიუტით ხსნიან. ზოგი უფრო შორსაც მიდის და ეს სიტყვა ძველქართულად ახალგაზრდას ნიშნავდაო, გვარწმუნებს. ასე გვასწავლეს, ასე ვისწავლეთ და ასე ვასწავლით. მაგრამ… ისტორია თუ საინტერესოა, ამის ერთი დიდი მიზეზი ხომ ეს გაუთავებელი „მაგრამ“-ებია. საქმე ისაა, რომ არც ერთი წყარო არ გვაწვდის ცნობას ბაგრატ II-ის ახალგაზრდულ ასაკში გამეფებაზე და არც ზედწოდების ამგვარი ახსნა მოიპოვება მატიანეებში. მეორეც, ასეც რომ ყოფილიყო, მოუწიფავ თუ ახალმოწიფულ ასაკში გამეფებულების მეტი რა ახსოვს ჩვენს ისტორიას და რაღა ამ ბაგრატისა გაჰკვირვებიათ და „რეგუენად“ შეუმკიათ? და მესამე, მთავარი: არც ერთ ძველ ტექსტში არ გვხვდება რეგვენი ახალგაზრდის მნიშვნელობით და ძველი ქართული ენის არც ერთი ლექსიკონი არ განმარტავს ამ სიტყვას ამგვარად. ერთადერთი, გურულ და იმერულ დიალექტებში გვხვდება რეგვენი ახალგაზრდისა და გამოუცდელის მნიშვნელობით, თუმცა ეს მხოლოდ თანამედროვე პერიოდის ამსახველი მასალებია და თან, მხოლოდ დიალექტური. სიტყვა „რეგვენი“ უხვად არ გვხვდება ძველქართულ საისტორიო, ლიტერატურულ თუ ლექსიკოგრაფიულ წყაროებში, თუმცა სადაც ჩნდება, ყველგან უარყოფითი – სულელის, ბრიყვის, გიჟის (ხელის), უმეცარის… – მნიშვნელობით. აგრეა რუსთველთანაც („რა სიავე, რა სირეგვნე“). ასეა საბა-სულხანთანაც: „რეგუენი“ – რომელსა აკლდეს სიბრძნე და მცირედ ხელურსა იქმოდესო. იგივე „ქართლის ცხოვრება“, რომლის ერთი თხზულება ბაგრატს რეგვენად მოიხსენიებს, სხვაგან ამ სიტყვას სრულიად გასაგები მნიშვნელობით ხმარობს. სელჩუკთა სულთნის – რუქნადინის წერილში თამარ მეფისადმი, რომელსაც მოციქულის პირით უხამსი პირობები შემოუთვალა, ასეთი ფრაზაა: „ყოველი დიაცი რეგუენია“. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, პირველად ვინ გაიაზრა ამგვარად და მერე და მერე ვინ დაამკვიდრა – ახალგაზრდობის გამო შეერქვა ბაგრატს რეგვენიო, თუ – ახალგაზრდას ნიშნავდაო ძველად. როგორც ვთქვით, წყარო არ განმარტავს. ძველი თაობის ისტორიკოსნიც (ექვთიმეთაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და სხვანი) გვერდს უვლიან საკითხს. ან ცხადი იყო მათთვის მნიშვნელობა და რაღატომ განემარტათ, ან პირიქით, გაურკვეველი იყო და ვერც მოიცალეს ამოსახსნელად. როგორც ჩანს, უფრო XX საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი თეორიაა ბაგრატის „ახალგაზრდულობა“. აშკარაა, რომ ჩვენი ეპოქის ისტორიკოსებმა, „კეთილშობილური“ მოსაზრებებით, ძველ, საჩოთირო, მათთვის მიუღებელ თუ გაუგებარ ზედწოდებას ახსნა თანამედროვე დიალექტური მონაცემებით მოუძებნეს და „პრობლემაც“ ამით გადაჭრეს. თუმცა ჩვენმა დაკვირვებამ ახალი კითხვები წარმოშვა: რატომ უწოდეს ბაგრატს „რეგუენი“, ანუ სულელი? რას სჩადიოდა ასეთს? მისი ყოველი ხსენებისას მემატიანე სუმბატ დავითის ძეს არ ავიწყდება განმარტებად დააყოლოს ზედწოდებაც – „რეგუენი“ და რატომ არც ერთხელ არ განმარტავს, რატომ ეწოდა ასე? საინტერესოა, რომ ბაგრატ II რეგვენად მართალია არაერთგზის, მაგრამ მხოლოდ ერთ წყაროში – ბაგრატიონთა

საგვარეულო ქრონიკაში იხსენიება („ქართლის ცხოვრების“ სხვა თხზულება – „მატიანე ქართლისა“ მას ასეთ მეტსახელს არ აკერებს). ავტორი უხვად გვაწვდის ქრონოლოგიურ და გენეალოგიურ ცნობებს, საიდანაც ჩანს, რომ ხელი მიუწვდებოდა ბაგრატიონთა ტაო-კლარჯულ მატიანეებზე. ეს „რეგვენობაც“ ადგილობრივი, სამხრეთული, ქართველთა სამეფოსეული ტრადიცია ხომ არ არის? ეგებ, არ განმარტავს იმიტომ, რომ ეს ტრადიცია ყველასათვის ცნობილია და ეპითეტიც სრულიად გამჭვირვალედ მიაჩნია, ახსნა რომ არ სჭირდება. მაგალითად, ასევე არ გვამცნობს, რატომ ეწოდა სხვა ბაგრატიონ მმართველს კეკელა (ლამაზი, კოხტა, კეკლუცი): ერთი-ორგან იხსენიება მშრალად „აშოტ კეკელაჲ“ და ეგაა. რაც საგვარეულო მემატიანის – სუმბატ დავითის ძისთვის, თავადაც ბაგრატიონისა და სამეფო წყაროებსა თუ ჭორ- მართლებში გარკვეული კაცისთვის, ბაგრატ რეგვენის დროებისგან არცთუ დიდად დაშორებული ავტორისთვის (სუმბატი XI საუკუნის I ნახევრის მოღვაწედაა მიჩნეული) ცნობილი და ნათელი იყო, არცთუ გასაგებია დღეს ჩვენთვის. არც ისაა გამორიცხული, რამე თანდაყოლილი თუ შეძენილი პრობლემები ჰქონოდა, შესაბამისი სინდრომის ან დაავადების სახელით რომ ვიხსენიებთ დღეს და მაშინ კი ყველა ამდაგვარი „უცნაურობა“ „რეგუენობად“ და „გიჟობად“ აღიქმებოდა. შესაძლოა მეფის ზედწოდება მის პიროვნულ მახასიათებლებს – გულუბრყვილობა-მიამიტობას, მალემრწმენობას, სიბრიყვეს, უმეცრებას, დროდადრო შეუფერებელ ამჩატებას უკავშირდებოდა? ანდა, უკიდურეს სიჯიუტეს (რატომ მხოლოდ ახალგაზრდობაში), ახირებულობას, თავისნათქვამობას, სიკერპესა და ჯინიანობ-ჯიბრიანობას? კი, რატომაც არა, შესაძლოა. ან კიდევ, ხომ არ დავუშვათ, რომ რეგვენობა მისი თანამედროვეების, ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა თუ სხვა მოწინააღმდეგეთა პოლიტიკური შეფასების ნაწილია? ან რაღაც პიროვნულზე დაფუძნებული და შემდეგ მუდმივ ქიშპობებში გამოყენებული ერთგვარი შავი იარაღი? ხომ არ უკავშირდება ეს თიკუნი ბაგრატ II-ის არაადეკვატურ, უგუნურ, გაუმართლებელ, აფექტურ, ანდა უბრალოდ, დაპირისპირებული ბანაკისთვის გაუგებარ და მიუღებელ გადაწყვეტილებებს? მის პოლიტიკურ არჩევანებსა და პოზიციებს? გავიხსენოთ, რომ ეს ბაგრატ რეგვენი ბაგრატ III-ის პაპა და ცნობილი დავით კურაპალატის (ვინაც „იშვილა“ ბაგრატ III) მამის ჰალალი ბიძაშვილია. ერთხელაც, როცა დიდი მამობილი და ჯერაც მცირე შვილობილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და საქმე მცირე შეტაკებამდეც კი მივიდა, ბაგრატ რეგვენი არა შვილისა და შვილიშვილის (გურგენისა და ბაგრატის), არამედ დავით კურაპალატის მხარეს დგას – ეშინოდა, რომ შვილი მეფობას წაართმევდაო, განმარტავს მატიანე. ბაგრატის ამ და სხვა ასეთ ქმედებებს შესაძლოა მისი მემკვიდრეების პარტიის პოზიციიდან „რეგვენობა“ ერქვა. ეს პოლიტიკური შეფასება, წინამორბედისა და მოწინააღმდეგის გაშავების მცდელობა გადაეცა შემდგომ თაობებსაც და ჩაიბეჭდა წერილობითაც – ალბათ იმ წყაროშიც, რომლითაც სარგებლობს ამ თიკუნის ერთადერთი დამმოწმებელი სუმბატ დავითის ძე. მსგავსი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაშიც გვაქვს: VIII საუკუნის ფრანკთა მეფეს, ხილდერიკ III-ს, უკანასკნელს მეროვინგთა დინასტიიდან, „იდიოტი“ შეარქვეს. კაცმა არ იცის რატომ, მისი სისუსტისა გამო თუ ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებისა და ძველის განქიქების კვალდაკვალ. მოკლედ, აქეთ ძლიერი ერთობა გურგენ-ბაგრატისა, იქით ძლევამოსილება დავით კურაპალატისა, თავის კავშირებ- მოკავშირეებით ბიზანტიასთან და სომეხ მეფე-მთავრებთან, აქეთ-იქით კიდევ ცალკე- ცალკე ბაგრატოვანნი და ვერ ბრწყინავდა, როგორც ჩანს, ეს ჩვენი ბაგრატი, ვერც ნაბიჯების სისწორით დაიკვეხნიდა და დაიჩრდილა დიდ ბაგრატოვან მოთამაშეთა შორის. ასეთი კონკურენციის პირობებში სამეფო გვარის ხელისუფალთა შორის უპირატესი ტიტულის – „ქართველთა მეფობის“ ფლობაც შესაძლოა ბედის ირონიასავით ჩანდა, კომიკურად გამოიყურებოდა მისი ფორმალური ძალაუფლება და აიგდეს კიდეც თანამედროვეებმა „თანამდებობისთვის შეუფერებელი“ ბაგრატი. ასე იყო თუ ისე იყო, ასეთი იყო თუ ისეთი იყო, შლეგი იყო თუ გულუბრყვილო, უხერხემლო გახლდათ თუ გაუწონასწორებელი, სუსტი იყო თუ პოლიტიკურად ბეცი, თუ ყოველივე ეს გამარჯვებული დასის აღქმები და მიკერებული ეპითეტებია, ამას დიდად ვერ გავიგებთ. ისტორიის ხიბლიც ხომ ხშირად სახელების დარქმევებისა და ვერდარქმევების გაუთავებელ დაჭიდებებია. თუმცა ისტორიამ რკინის ბეჭდის ჩამოსხმა და დატყაპუნებაც იცის. ძნელად თუ რამე ამოშლის ხოლმე.

დარჩა და დარჩა დამღასავით ზედწოდება ამ კაცს: ბაგრატ რეგვენი.


შესვლა
რეგისტრაცია