კრიტიკა

კულტურის პოლიტიკის გამო

ნოდარ არონიშიძე · №5 · 18 მარტი, 2024

თანამედროვე საზოგადოების „საზოგადოებად“ თვითიდენტიფიცირების ერთ-ერთ მთავარ „მარკერს“ კულტურის მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს.

კულტურული მემკვიდრეობა უამრავ მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა ქვეყნის მხატვრულ-მატერიალური მემკვიდრეობა, ის, რასაც ხშირად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახელითაც მოიხსენიებენ. ძალთა ბალანსი შემოქმედება-ქმნადობის ცოცხალ პროცესსა და უკვე არსებულ- შექმნილის მოვლა-პატრონობა-პრეზენტირებას შორის ურთულესი განსასაზღვრია. კაცობრიობის „კულტურული ცხოვრების“ საერთო ისტორიის ფონზე, კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩნდება თანამედროვე საზოგადოების, როგორც ერთგვარი „შემნახველის“, კულტურის „მომვლელისა“ და მისი სიცოცხლისუნარიანობის გამახანგრძლივებლის მძიმე, მაგრამ თავისი არსით „შემოქმედებითობის“ ტოლფასი მნიშვნელობა.

აღნიშნული სხვაგვარადაც შეიძლება ფორმულირდეს და განისაზღვროს – განვითარებული საზოგადოების უალტერნატივო მაჩვენებელი მისი დამოკიდებულების რაგვარობაა საკუთარი (და არა მხოლოდ) კულტურის (მთლად ცოცხალი, ნაწილობრივ გადარჩენილი თუ მცირედ ნაშთებადღა შთენილი) მიმართ.

ბოლო 3-4 წლის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების ვრცე­ლი ქრონოლოგიური „ჯაჭვიდან“ რამდენიმე „რგოლის“ ამოღება და მათ ძირეულ მოტივებზე ფოკუსი­რებაა ამჯერად ჩვენი ამოცანა. წერი­ლის ფარგლებში ჩვენ მოვიხმობთ ფორმით, გამოხატვითა და შინაარსით მოვლენათა „ოპოზიციებს“, რომელთა მორალური განსჯა თუ „სამოქალაქო ვერდიქტი“ მკითხველის პრერო­გატივად გვესახება.

ხსენებულ „ოპოზიციათა“ პირველი ჯგუფი შემდეგი სახით წარმოგვიდგება:

2023 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით „ავტოპორტრეტი სარკესთან“, რომლის ერთ-ერთმა ახალგაზრდა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ გამოფენის გახსნისთანავე საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და კედელზე, სადაც სურათი ეკიდა, საღებავით დაიტანა წარწერა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“

აღნიშნული ფაქტის გამო, არტისტის მიმართ დაიწყო საქმის წარმოება ქურდობის მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის სასჯელიც განისაზღვრება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკ­ვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ეროვნული გალერეა. ყველა ოფიციალურ განცხადებაში დაგმეს სანდრო სულაბერიძის განხორციელებული აქტი, როგორც ვანდალიზმი. აღნიშნული ქმედება ცალკეულმა ჯგუფებმა შეაფასეს, როგორც ფსევდოპერფორმანსი. კულტურის სამინისტრო და შესაბამისი მიმართულების სახელმწიფო უწყებები კი აცხადებდნენ, რომ დაზიანდა საქართველოს ეროვნული გალერეის კედლები, როგორც კულტურული სივრცე.

ამის პარალელურად და ცხადია, არა საპირწონედ:

2023 წლის 10 ოქტომბერს „მემკვიდრეობის პლატფორმამ“ გამოაქვეყნა ბრიტანელი პუბლიცისტისა და ფოტოგრაფის, პიტერ ნეისმითის გადაღებული ფოტო, რომელიც ასახავდა დუშეთის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქოროღოს არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი, X საუკუნის „ზურგიანი“ კოშკის ნანგრევებს. გაირკვა, რომ 2022-2023 წლების განმავლობაში კომპლექსზე მიმდინარე „სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო“ სამუშაოების ფარგლებში X საუკუნის ეს უნიკალური სათავდაცვო ნაგებობა „გეგმურად“ დაანგრიეს. აღსანიშნავია, რომ ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსს 2006 წლის 7 ნოემბრის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

აღნიშნული ფაქტი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლის „მიზნობრივი“, შეიძლება ითქვას „მიზანმიმართული“ განადგურება, სრულებით აუხსნელი მოვლენა იყო დარგის სპეციალისტთათვის, როგორც საკითხით დაინტერესებისა და შესწავლის მომენტში, ასევე დღესაც.

უნდა ითქვას, რომ დასახელებული „სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო“ პროცესები მიმდი­ნარეობდა შესაბამისი უწყებრივი ნებართვების პირობებში და არ გახლდათ თვითნებური ქმედება, რაც კიდევ უფრო აბსურდულსა და ტრაგიკულს ხდის მომხდარს.

მიუხედავად იმისა, რომ სრულებით ცალსახა და აშკარა იყო ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტი და შესაბამისად, დანაშაული ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე – ზემოთ ხსენებული არცერ­თი უწყება (მათ შორის არც საგამოძიებო, არც კულტურის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები3) მომხდარს არ გამოხმაურებია. აქ საგულისხმოა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს როლი – უწყება, რომლის პირდაპირი მოვალეობაც გახლავთ მსგავს ფაქტებზე რეაგირება.

მოხმობილი მაგალითები მსჯელობისა და ანალიზის არაერთ მიმართულებას ხსნის, რომელთა დეტალებსა და სიღრმეებს ჩვენ აღარ შევეხებით – საგანგებოდ არ გამოგვაქვს დასკვნებიც, რომელთა ცალსახოვნებაც, ვგონებთ, სრულებით ნათელია და მაინც – „ვერდიქტი“ მკითხველის „ვალია“!

„ოპოზიციათა“ მეორე ჯგუფი კი შეიძლება შემდეგი სახით წავიკითხოთ:

2024 წლის 6 იან­ვარს სხვადა­სხვა სახის მედიასაშუალებით, სოციალური ქსელებით, საინფორმაციო გამოშვებებითა თუ სატელევიზიო გადაცემებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, განთავსებული იყო ნეტარი მატრონა მოსკოველის ხატი. ცენტრალური ფიგურის ირგვლივ არსებულ, მომცრო ფიგურატიული კომპოზიციებით შეკრულ არშიაზე, სადაც წმინდანის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდებია გამოსახული, დატანილია ნეტარი მატრონასა და სტალინის შეხვედრის ამსახველი სცენა. ამ გამოსახულების კანონიკურობის საკით­ხი მოგვიანებით თავად საქართველოს საპატრიარქომ დააყენა ეჭვქვეშ, რომ აღარაფერი ვთქვათ თეოლოგებზე, ხატმწერებსა და დარგის სპეციალისტებზე.

ნეტარი მატრონა მოსკოველის ხატის სამების საკათედრო ტაძარში იმ „რედაქციით“ წარმოდგენა, რომელზეც სტალინი არათუ უარყოფით კონტექსტში, თითქოს დადებითი პერსონაჟის სახითაც კია ასახული, ფართო საზოგადოების აღშფოთებისა და წყრომის საგნად იქცა. სწორედ ამის რადიკალური გამოვლინება იყო გარემოსდამცველისა და სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის მხრიდან 2024 წლის 9 იანვარს ხატის მინაზე საღებავის მისხმის ფაქტი.

ამ ქმედებას უმძიმესი რეაქცია მოჰყვა ქვეყნის „კონსერვატიული საზოგადოებების“ მხრიდან – საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნატა ფერაძის სახლთან 2024 წლის 10 იანვარს საპროტესტო აქცია მოეწყო რამდენიმე მოთხოვნით, მათ შორის უმთავრესი იყო მისდამი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. აქციის ფარგლებში, გაჟღერდა მუქარის შემცველი ფრაზებიც: „მაგას ან სახელმწიფო მიხედავს, ან კონკრეტულად ჩვენ მივხედავთ…“, „ან სახელმწიფო მიხედავს, ან სხვანაირად მიეხედება“. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ სულისკვეთებას იზიარებდა არა მხოლოდ საზოგადოების დიდი ნაწილი, არამედ პოლიტიკური წრეები და თანამდებობის პირების გარკვეული ჯგუფიც.

ეს მაშინ, როდესაც:

2019 წელს გელათის სამონასტრო კომპლექსში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე საფასადო ქვის კონსერვაციისა და სახურავების მოწყობის პროექტი დასრულდა და იმავდროუ­ლად თავი იჩინა ურთულესმა ხარვეზებმა, რომელთა მოგვარებაც, არათუ მყისიერად, არამედ დღემდე ვერ მოხერხდა. აღმოჩნდა, რომ მრავალწლიანი პროექტის განხორციელების პროცესში დაუშვეს (დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ – გამოუსწორებელი!) ხარვეზები, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ არა იმდე­ნად უხარისხო მასალა, რამდენადაც გულგრილობა და არაკომპეტენტურად, არაკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოები. ყველაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ახლად გამართული სახურავიდან, რომლის კამარები შევსებული იყო სხვადასხვა სახის არაორგანული მასალით, წყალი ჩავიდა ტაძრის ინტერიერში, რამაც სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო ტაძრის მრავალსაუკუნოვანი მონუმენტური მხატვრობა.

2021 წლის 22 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობა შეიცვალა. განახლებული უწყების უმთავრესი გზავნილთაგანი იყო გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარსა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში არსებული ურთულესი მდგომარეობის გამოსწორება, თუმცა „რეაბილიტაციის“ ახალი პროექტი, რომელიც თავის მხრივ, ძველი ხარვეზების (უფრო მკაფიოდ რომ ითქვას – დანაშაულების!) გამოსწორებას გულისხმობდა, ასევე არაკვალიფიციურობისა და არაკომპეტენტურობის აშკარა ნიშნით იყო დაღდასმული. ისევე როგორც 2019 წლის „რეაბილიტაციის“ პროცესებისა და მისი შედეგების აღმოფხვრა-გამოსწორების მიზნით, 2021 წლის ახალი ეტაპიდანაც, პროფესიული საზოგადოება ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობდა პროექტის მენეჯმენტის, მისი განხორციელების გზებისა თუ შემსრულებელი ჯგუფების მიმართ არ­ სებული კრიტიკული შენიშვნების მიტანას შესაბამის უწყებებთან, თუმცა მცდელობები ორივე შემთხვევაში უშედეგოდ დასრულდა. იმ უამრავ სირთულეს, ხარვეზსა თუ შეუსმენლობას, რაც წარმოჩნდა 2019 წლიდან გელათის სამონასტრო კომპლექსში, არ შევეხებით. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ ყველაფერს 2022 წლიდან დაემატა მთა­ვარი ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეთოდოლოგიაში დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომები, რაც გულისხმობდა მხატვრობის უკვე დაკარგული ნაწილების აღდგენას. მსგავსი ქმედება ცალსახად შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც ფალსიფიკაცია!

ნეტარი მატრონა მოსკოველის ხატის საკათედრო ტაძარში განთავსების პროტესტს მოყოლილი დევნა და გელათის „რესტავრაცია-რეაბი­ლიტაციის“ ჩავარდნილი, ორეტაპიანი პროექტის ნიველირება იმავე „კონსერვატიული საზოგადოებების“ მხრიდან, აშკარა ანაქრონიზმზე მიუთითებს:

საზოგადოება, რომელიც ხატის დამცავი მინის ზედაპირზე მცირე რაოდენობის საღებავის მისხმას საეკლესიო ღმრთისმსახურებისთვის ხელისშეშლად, ეკლესიის დევნად და შეურაცხყოფად აფასებს, გაუგებარია, რატომ არ რეაგირებს არანაირად გელათის სამონასტრო კომპლექსში წლების განმავლობაში მიმდინარე კედლის მხატვრობის „ჩამორეცხვის“ დინამიკაზე? 

თუკი სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი შეიძლება იყოს პირი, რომელმაც ხატის დამცავ მინას, სტალინის პერსონისადმი პროტესტის ნიშნად, საღებავი შეასხა (რომლითაც, რეალურად ხატი არ დაზიანებულა), მაშინ რატომ არ მოჰყვა პროტესტი და ულტიმატუმებიანი აქციები გელათის უნიკალური სულიერი მემკვიდრეობის მიზანმიმართულ გადახატვა-გაყალბება-ფალსიფიკაციას?

როგორ დადუმდა ქართული საზოგადოება ქოროღოს სამუდამოდ განადგურებული კოშკის მხილველი (რადგან იქ რაც უნდა აშენდეს თავიდან, ის X საუკუნის ძეგლი ვერაფრით იქნება) მაშინ, როცა გალერეის კედელზე დროებით მიწერილ ტექსტს მსგავსი დაუცხრომელი ვნებათაღელვა მოაყოლა.

დასახელებული ორივე „ოპოზიციის“ შემთხვევაში ფაქტია ღირებულებათა თუ ფასეულობათა სრული აღრევა, ორმაგი სტანდარტებით განსჯა ამა თუ იმ მოვლენისა, საკითხების პოლიტიზების მცდელობა, კულტურის შემსწავლელი უწყებების დისკრედიტირება, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოდ ქართული კულტურის არაკომპეტენტურობით (ზოგ შემთხვევაში მიზანმიმართული!) განადგურება…

იმის მიუხედავად, რომ მსგავსი დაპირისპირების ხერხი მოვლენის კიდევ უფრო მეტი მკაფიოებით წარმოჩენისთვის მოვიხმეთ, კიდევ ერთხელ და­ ბეჯითებით აღვნიშნავთ, რომ ცხადია მათი ურთიერთსაპირწონედ წარმოდგენა, თითოეულის შინაარსობრივი თუ ისტორიულ-კულტურული მნი­შვნელობიდან გამომდინარე, სრულიად დაუშვებელია.


შესვლა
რეგისტრაცია