პროზა

პატარა ამბები

თინათინ ხუტურიძე · №32 · 30 ივნისი, 2026

მდინარე

მანქანით შორ გზაზე მოგზაურობისას, ჩემი ტვინის რომელიღაც უჯრედი აქტიურდება და უცებ, თითქოს დენი მარტყამს – მახსენდება ბავშვობის ამბები. მაგალითად, მამას მოტანილი სათამაშო – სლიკინა, მონაცრისფრო/რუხი რეზინისმაგვარი მასალით დაწნული თევზი, რომელიც ჩემ გარდა ოჯახის არც ერთ წევრს არ ახსოვს. ასეთი ამბებიდან ხშირად უმნიშვნელო დეტალები ამოტივტივდება – საგნები, საგანთა ფერები/ დანიშნულება, ნაცნობ-უცნობი ადამიანების უმნიშვნელო მოძრაობები… ოჯახურ შეკრებებზე თუ რამის გახსენება უნდათ, მე მიხმობენ – იციან, რომ ზუსტად გავიხსენებ. მაგალითად, ერთხელ ბებიაჩემის ძმის ძაღლზე რომ საუბრობდნენ, მხოლოდ მე გავიხსენე, კონკრეტულად რა ადგილას ჰქონდა ვარსკვლავი (ჭრელი ძაღლი იყო), ან ის ამბავი – ბიძაჩემი სტაფილოსფერი „მოსკვიჩით“ რომ მოვიდა ჩემ წასაყვანად მოხეტიალე ცირკში, – რა ფერის კუბოკრული პერანგი ეცვა. და საერთოდ, ის ცირკი იყო რაღაც ჯადოსნური ბურთივით, რომელიც გასკდა, იქიდან ჯინი ამოვიდა და სამუდამოდ მომაჯადოვა. მოხეტიალე ცირკი სოფლის შემოსასვლელში, მდინარის პირას გაშლილ მინდორზე იყო დაბანაკებული – დიდი, მბრუნავი კარუსელი, ზედ ცხენებით, სპილოებით, აქლემებით… მასხარები საპნის უზარმაზარ ბუშტებს უშვებდნენ ცაში, ცირკში მონაწილეთა შვილები ფერად-ფერად საწუწნ მამალო კანფეტებს, ბამბის ნაყინს და სურნელოვან მზესუმზირას ყიდდნენ, ასევე შეგვეძლო ტირის თოფებით მიზანში გვესროლა და საჩუქრად სათამაშო დათუნიას, მოსამართ პლასტმასის მტრედს, ზანზალაკებიან ეტლს და კიდევ ბევრ ასეთ პლასტმასის თუ ხავერდის ბავშვებისთვის მაცდუნებელ ნივთებს გვაძლევდნენ. ოჩოფეხებზე შემდგარი მსახიობები სხვადასხვა ფერის სასტვენებით უსტვენდნენ, მერე ჯიბიდან „დონალდოს“ და „ოქროს მონეტების“ საღეჭ რეზინებს იღებდნენ და ჩვენს ფეხებთან აბნევდნენ. სწორედ აქ იმართებოდა დიდი აურზაური – ვინ უფრო მეტის დატაცებას მოასწრებდა. და მახსოვს ის ბავშვი, რომელსაც არც საღეჭი რეზინა შეხვდა და არც სასტვენი, რა საცოდავად აბუზული იდგა ბავშვებით დახუნძლული დიდი, მბრუნავი კარუსელის ახლოს და ქვითინებდა. ყავისფერი, თვალწასული დაგრეხილი რეიტუზი, გადაჭრილი ხაკისფერი ბოტები და საყელომოქარგული ქურთუკი ეცვა. ამ ყველაფრის ცოტა მოშორებით, ხის მრგვალი ავანსცენა იყო მოწყობილი, გარშემო ხის კიბით. „დონალდოს“ და ოქროს მონეტების დატაცების შემდეგ ამ ხის სცენას მივაწყდებოდით. კიბეზე ასულები საოცარი სანახაობის მოწმენი ვხდებოდით – ჩვენ წინ უზარმაზარი ძაბრის ფორმის ხის ღრმა ორმო იყო და ამ ორმო-ძაბრის ძირში მოტოციკლეტზე ამხედრებული ჩაფხუტიანი ბიჭი იდგა. მაყურებლებში მდგომი მასხარა სასტვენში ჩასტვენდა თუ არა, მოტოციკლისტი ადგილს მოსწყდებოდა და ამ ძაბრის კედელზე იწყებდა თავბრუდამხვევ რბოლას. აბა, ის იყო, რაც იყო… ხალხი სხვა ყველაფერს თავს ანებებდა – კარუსელის ცხენები თავდახრილები უძრავად იდგნენ, მამალო/ნაყინის გამყიდველები მოწყენილები აკნატუნებდნენ შემორჩენილ მზესუმზირას, ტირის თოფების ტკაცუნი აღარ აყრუებდა არემარეს, ოჩოფეხებზე მდგარი მსახიობები ქვის მაღალ გალავანზე შემომჯდარები, იმ ოჩოფეხიფეხზეგადადებულები სიგარეტს აბოლებდნენ და თან ბოშური ცეკვების ულამაზეს მოცეკვავე გოგოს ეარშიყებოდნენ, რომელიც ძალზე გრძელ, ტალღოვან შავ თმას მკლავზე იხვევდა.

მოტოციკლისტი კი უფრო და უფრო უმატებდა სიჩქარეს – ძაბრს მთელ სიმაღლეზე აჰყვებოდა და ჩაჰყვებოდა. ძაბრი ამ სიჩქარისგან ძაგძაგებდა და მთელი კონსტრუქცია მაყურებლიანად საშინლად ჭრიალებდა. ეს ჭრიალი შემზარავი ქარიშხლის ღმუილს მაგონებდა, – საცაა ჭექა- ქუხილი დაიწყებაო, – მაგრამ ვერავინ, ვერავინ ჩამომიყვანდა მაშინ იქიდან. ორივე ხელით ჩაფრენილი ვიყავი მოღრჭიალე კონსტრუქციის მოაჯირს და აღტაცებისგან თვალებგადიდებული ამ ყველაფრის სამუდამო მახსოვრობაში დანთქმას ვლამობდი. როცა, ბოლოს და ბოლოს, მოტოციკლისტი ისევ ძაბრის ფსკერზე დაეშვებოდა, ხალხი ერთბაშად ხმამაღალა, შვებით ამოისუნთქავდა და კიდევ დიდხანს ჩაჰყურებდა ამ საოცარებათა მორევს… დასასრულს, მაყურებელი ნელ-ნელა იშლებოდა და გაოცებულნი შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებნენ, მე კი იქით გავრბოდი, სადაც მოტოციკლისტი ბიჭი მეგულებოდა. მინდოდა მენახა, ახლოდან როგორ გამოიყურებოდა და ვნახე კიდეც. ხიდთან ახლოს პატარა კარავი ჰქონდათ, სადაც მსახიობები იცვლიდნენ და თავიანთ ნივთებს ინახავდნენ. იმ კარვის შესასვლელთან იდგა და თერმოსიდან წყალს სვამდა. შავი ტყავის შარვალ-მოსაცმელი და იასამნისფერი, მკერდზე ჩახსნილი პერანგი ეცვა. სახეზე ოფლის წვეთები ეყარა, მარცხენა ყვრიმალიდან ნიკაპამდე ნაიარევი გასდევდა და მარჯვენა ხელის არათითზე დიდი, ზურმუხისთვლიანი ბეჭედი ეკეთა. გაოცებული დიდხანს მივჩერებოდი, ის კი ყურადღებას არ მაქცევდა – ალბათ მიჩვეული იყო ცნობისმოყვარეთა ასეთ მზერას. წყალი დალია, რაც თერმოსში დარჩა მოკლედ შეჭრილ, აჯაგრულ თავზე დაისხა, მოჭუტული ელვარე თვალებით ცას ახედა და სველ სახეზე უდარდელი ნეტარებით ჩამოისვა ორივე ხელი, კარვის კუთხეს ხელი აჰკრა – გაუჩინარდა მის სიბნელეში. ცოტა ხანს ისევ იმ ადგილას ვიდექი, ჩაფიქრებულმა გვიან შევნიშნე, რომ კარავს ჭრელი ფარშევანგები ეხატა მთელ სიგანეზე, მის ზემოთ ოქროსფერი სპილოები, სულ მაღლა კი – მწვანედ მოხასხასე პალმის ტოტები. შემოვბრუნი და მხოლოდ მაშინ მივაყურადე, როგორ უხმაუროდ და მდორედ მიედინებოდა ხიდის ქვეშ ადიდებული მდინარე.


შესვლა
რეგისტრაცია