პოეზია

კულინარიული ციკლი

პაატა შამუგია · №32 · 30 ივნისი, 2026

ღომი

ყველაფერი იწყება თეთრი, უწყინარი ნისლით –

ქვაბიდან ამომავალი ორთქლით,

რომელიც მანამ გატყუებს, სანამ წყალში ღერღილი ჩაიყრება.

აქ კლასიკური მექანიკის კანონები წყვეტენ არსებობას:

რაც უფრო მეტს ურტყამ ჩოგანს,

მით უფრო მეტ წინააღმდეგობას გიწევს მატერია.

ღომი მოთმინების გამოცდაა:

თუკი ადრე დანებდები, ხელში შეგრჩება უმი, უხეში მასა,

და ნუ იფიქრებ, რომ რამეს გახდები –

აქ დემოკრატია არ არსებობს,

მხოლოდ ცეცხლისა და ხის ჩოგნის აბსოლუტური მონარქიაა,

რომელიც ფქვილსა და ღერღილს აიძულებს,

შეელიონ თავიანთ მარცვლოვან ეგოიზმს

და ერთ სხეულად გადაიქცნენ.

ძველად კაცს ღომით ამოწმებდნენ.

თუ ცხელ მასას თითებით აიღებდა

და სახეს არ შეიჭმუხნავდა,

ნიშნავდა,

რომ უკვე შეეძლო

ოჯახის რჩენა,

სახლის აშენება

და, სულ მცირე, სამი მეზობლის გალახვა.

ხარისხიანი ღომი თეფშზე ისე წევს,

როგორც შემოდგომის აზნაური ხის საწოლზე –

მოუხერხებლად,

მაგრამ ავტორიტეტულად,

მაგრამ ასეთი შედეგისთვის

დაგვჭირდება წყალი, ღერღილი და ხელების ძალა,

რომელიც არ უნდა დაზოგო,

რადგან ჩოგანსა და ქვაბს შორის მესამე პირი ზედმეტია,

სხვა არავინ მოგეშველება.

და როცა თეთრი ნისლი სამზარეულოს აავსებს,

სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი დრამატურგია.

„ღომი იარაღია, რომლითაც მეგრელი დედა

დროებით აჩუმებს ოჯახურ პრობლემებს“, –

გაიფიქრებდა კაცი, როცა სუფრაზე

ამ ორთქლადენილ ვულკანს დაინახავდა,

რომლის გულშიც სულუგუნის ნაჭრები

ფარულად იწყებენ დნობას.

ჩაფალი თეთრ, ცხელ მინდორში ყველის ფირფიტები,

დაე, ჩაიძირონ, როგორც გზააბნეული მონადირეები

კოლხეთის ჭაობში,

დაე, გაქრნენ თვალსაწიერიდან,

რომ მერე, პირველივე ლუკმის გაჭრისას,

ნაკადულებად გადმოიღვარონ.

ჩიხირთმა

როცა სულის სიმძიმე საფეთქლებს აწვება

და სხეული ითხოვს

ხავერდოვან ლიტერატურულ კათარზისს,

ქართული სამზარეულოს ნარატიულ პანთეონში

ყველაზე მანუგეშებელი ინტერტექსტი ფრთებს შლის.

ეს არ არის ხაშის მრისხანე,

მიწისქვეშა ნატურალიზმი,

და არც ბოზბაშის მძიმე, ცხიმიანი და აგრესიული იმპერია.

ეს არის ჩიხირთმა – ლირიკული პოეზია,

მოხდენილი ანჟამბემანი,

ეფექტური ინტერტექსტი.

ფრთები, ფრთები გვინდა, კიდევ ფრთები გვინდა.

კერძოდ, ქათმის ფრთები, და არა მხოლოდ ფრთები,

და ასევე გვინდა ცივი გონება და მტკიცე ხელი,

რადგან თუკი წამით მოდუნდები

და მდუღარე სითხეს სტილისტურ სიფრთხილეს დააკლებ,

კვერცხის გული მყისვე შეიკვრება,

აიჭრება

და კულინარიული ნოველა აბრაკადაბრად იქცევა.

ასეთია სითხის სემანტიკა:

მჟავე ძმარი და თბილი ცხიმი –

ეს ორი ანტაგონისტური მეტაფორა –

ისე უნდა შეზავდეს,

რომ მათ შორის არსებული სტრუქტურული კონფლიქტი

სრულ ფონეტიკურ ჰარმონიად გადაიქცეს.

დაგვჭირდება დედალი – მსუქანი, ქარვისფერი და უკარება,

როგორც ორმაგი კოდირება,

რომლის ხავერდოვანი ბულიონიც

საფუძვლად დაედება ამ კულინარიულ მეტატექსტს.

ცოტაოდენი ფქვილი სტრუქტურისა და ლოგიკური ბმებისთვის,

ახალი კვერცხის გულები (ყვითელი, როგორც ვან გოგის მზესუმზირები),

და ძმარი – მჭახე, მწარე და პირდაპირი, როგორც ილიას პროზა,

რომელმაც ამ ნაზ, მონოტონურ ერთფეროვნებაში

ირონიული ტროპი უნდა შემოიტანოს.

ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად

ჩაუშვი გათქვეფილი კვერცხი მჩქეფარე ბულიონში,

თან ურიე დაუღალავად, წრიულად, აუჩქარებლად,

თითქოს სამყაროს

წესრიგს უბრუნებდე.

და აი, ხედავ, ფქვილმა და ძმარმა

მჭიდრო რითმით შეკრეს ეს ოქროსფერი ნისლი,

და სამზარეულო გაავსო ნაცნობმა,

დამამშვიდებელმა მეტატექსტმა.

და ბოლოს, როცა ცეცხლიდან გადმოდგამ, მოაყარე ნედლი ქინძი –

მწვანე, ცოცხალი ეპითეტები ამ თბილ, ხავერდოვან უსასრულობაში.

მიირთვი ნელა, ყოველი ფრაზის,

ყოველი ყლუპის კრიტიკული გააზრებით,

როცა ძმრის სიმჟავე და ქათმის ნოყიერი ენერგია

შენს ძარღვებში ახალ, მშვიდ სემანტიკურ სიცოცხლეს აღვიძებს.

და როცა ბოლო ყლუპიც გაქრება,

მიხვდები, რომ კერძის ავტორი დიდი ხანია მკვდარია,

ქვაბში პოეტიკამ აბსოლუტურ თვითმმართველობას მიაღწია,

ხოლო შენ – უბრალოდ აქტიური მკითხველი ხარ,

რომელსაც ძლიერ უნდა

პირველად წაკითხვის ბედნიერება ხელახლა განიცადოს,

მაგრამ… წერილ არს:

ერთ ჩიხირთმაში ორჯერ ვერ შეხვალ.

ხინკალი

რომელმან შექმნა ხინკალი,

მანვე შექმნა ფაფუკი ხორცი,

მისცა ცომს სიმტკიცე,

შიგ კი წვენი განათავსა ფილიგრანულად,

მანვე დააწესა ნაოჭთა რიცხვი – ოცდარვა (მეტიც შეიძლება),

რათა დაემხოს მის წინაშე კულინარიული იმპერიები.

არსებობს თეორია, რომ მთელი ჩვენი ყოფიერება,

თავისი პოლიტიკური კრიზისებით,

კლასობრივი ბრძოლითა და

კათარზისით,

კოსმიური წესრიგით ჩაეტია თეთრი ცომის ნაოჭებში –

ტოტალიტარული არქიტექტურის ამ უზადო ნიმუშში.

ეს არის იდეალური, უნიტარული სახელმწიფო,

სადაც ხორცი, ხახვი და ძირა ისე მჭიდროდ თანაარსებობენ,

როგორც ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატები,

რომელთაც საერთო, კორუფციული საიდუმლო აკავშირებთ

(ეს კი ყველაზე მყარი კავშირია).

ფრთხილი რიტუალია, თითქმის ავტორიტარული:

აქ დასავლური ლიბერალიზმის ინსტრუმენტების –

დანისა და ჩანგლის ხმარება მკაცრად იკრძალება.

ხინკალს უნდა მიუდგე, როგორც მესამე სამყაროს დიქტატორს –

სტრატეგიულად, მოზომილად, ზედმეტი ემოციის გარეშე,

უნდა მოძებნო სისტემის სუსტი წერტილი,

მოკბიჩო ისე, რომ შიგნით დამწყვდეულმა სიმდიდრემ (ბულიონმა)

არ გამოჟონოს და გეოპოლიტიკურ ასპარეზზე (თეფშზე)

არ დატოვოს შენი მარცხის ნიშნები.

დაგვჭირდება მყარი, ცენზურით გაჯერებული ცომი,

რომელიც არ დანებდება ბაზრის რყევებს,

და ფარში – მსუყე, ნიორ-პილპილით,

ადმინისტრაციული რესურსივით ერთგანზომილებიანი და მკაცრი.

და ძირა – ეს სამზარეულოს იატაკქვეშა პარტიზანი,

იდეოლოგიურად ამოუცნობი და მიმზიდველი.

ქვაბში წყალი უნდა ბობოქრობდეს, როგორც რევოლუციური მასები ქუჩაში,

და როცა ხინკლის ღუზას სათითაოდ ჩაუშვებ ამ საარჩევნო მორევში,

ისინი იწყებენ ფარულ, კულუარულ ტრანსფორმაციას.

და როცა თეფშზე დაასვენებ

ამ მაღალი ხელოვნების ნაოჭიან ნიმუშებს,

მოაყარე პილპილი – შავი და ბნელი, როგორც ივანიშვილის აზრები,

მოკიდე ხელი კუჭს და

შეისრუტე ცხელი, მარილიანი საიდუმლო სერვისები

და იგრძენი, როგორ გეუფლება აბსოლუტური ნირვანა –

ტოტალური კონტროლის ილუზია.

კუჭები კი დატოვე –

ეს არის უბრალო პროლეტარიატი, ხალხი, ნედლეული,

ჩვენი ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა იმ დიადი პოლიტიკური ღვთაებისთვის,

რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა:

თუ ხელში ძალაუფლების კუჭი გიჭირავს,

ქვედა ფენებს ყოველთვის თეფშზე დატოვებ.

ელარჯი

თუკი სადმე სამართალია,

გრავიტაციის მუდმივი კანონი

სამეგრელოს რომელიმე

ძველ სამზარეულოში უნდა დაწერილიყო,

იქ, სადაც ფქვილი და ყველი კარგავენ საკუთარ

იდენტობას

და სამყაროს ჰარმონიას უერთდებიან.

ფიზიკის და მეტაფიზიკის ჭიდილი,

რომელიც კედლებზე ჩრდილების თეატრად იხატება

და გვაიძულებს, კერპთაყვანისმცემლებივით

დაველოდოთ

ღვთაებრივი მასის პირველ ამოოხვრას –

აი, აქედან იწყება ყველაფერი.

თავიდან ამბავი უწყინარია:

წყალი დუღს,

ქვაბი მშვიდია,

სამზარეულო სუნთქავს.

მაგრამ როგორც კი ფქვილი ჩაიყრება,

იწყება ის,

რასაც კულინარიული ომი შეიძლება ეწოდოს.

კოვზი მძიმე ხდება,

მაჯა ჭრიალებს,

ადამიანი საკუთარ წინაპრებს იხსენებს,

ვიღაც ამ დროს ღვინოს ისხამს,

ვიღაც ფანჯარას აღებს,

ვიღაც ჩუმად გუგლავს:

„რატომ არის ელარჯი ასეთი წებოვანი“.

შემდეგ მოდის სულუგუნის დრო.

ეს უკვე აღარ არის ინგრედიენტი.

ესაა სიუჟეტის გარდატეხა.

ყველი იშლება,

იწელება,

იკვანძება,

როგორც ტოქსიკური ურთიერთობა,

რომელსაც მუდამ უბრუნდები,

რადგან დამოკიდებული ხარ.

დაგვჭირდება ღომის ღერღილი (ნამდვილი, უღალატო),

ცოტაოდენი მჭადის ფქვილი სითეთრისთვის,

და რაც მთავარია, ჭყინტი სულგუნი,

არა ქარხნული და უსულო,

არამედ ისეთი, დილის ნამივით რომ წვეთავს ცხიმი

და ხელში გადნება, როგორც კარიერული ილუზიები.

„ელარჯი უნდა მოათვინიერო“,

ჩასჩურჩულებდა გამოცდილი დიასახლისი

შეშინებულ პატარძალს,

და ხელში მიაჩეჩებდა ჩოგანს –

იმ ერთადერთ იარაღს, რომლითაც

ამ სტიქიის დამორჩილებაა შესაძლებელი.

ქვაბში ჯერ თეთრი ტბა უნდა აორთქლდეს,

ღომის ნაზი, ბუშტუკოვანი სუნთქვით,

და როცა მასა დაღლას იგრძნობს,

სწორედ მაშინ უნდა ჩაეშვას მასში სულუგუნის ნაჭრები –

როგორც თეთრი აისბერგები თბილ, ტროპიკულ ოკეანეში.

და იწყება ბრძოლა:

ჩოგნის ყოველი დარტყმა ქვაბის კედელზე

ისე ისმის, როგორც ბედისწერის კაკუნი.

უნდა ზილო,

უნდა დაღალო,

მოაშენიანო,

სანამ ყველი არ დათმობს თავის სიმკვრივეს

და არ გადაიქცევა ერთიან, უწყვეტ ნარატივად.

და როცა თეფშზე გადმოიღებ ამ წელვად სასწაულს,

მიხვდები, რომ სიყვარულიც ზუსტად ეს არის:

ორი სხვადასხვა სხეულის ისეთი შერწყმა,

რომ მათ შორის საზღვრის პოვნა

უკვე შეუძლებელი ხდება.

ისე ფიზიკურ სხეულს.


შესვლა
რეგისტრაცია