„გზაჯვარედინები წერისათვის“ – ირაკლი შამათავა ნატო ინგოროყვას პოეტური კრებულების შესახებ
ვისლავა შიმბორსკა სანობელო სიტყვაში „პოეტი და სამყარო“ წერს: „სიტყვის წარმოთქმისას ყველაზე რთული პირველი ფრაზაა. მგონი, ეს უკვე მოვახერხე. მაგრამ ვგრძნობ, რომ შემდეგი ფრაზებიც არ უნდა იყოს ადვილი – მესამე, მეექვსე, მეათე, თვით უკანასკნელიც კი, მე ხომ პოეზიაზე საუბარს ვაპირებ. ამ თემაზე იშვიათად ვლაპარაკობ, ძალზე იშვიათად.“
პირველი ფრაზისა და შესავლის აუცილებლობაზე ქართულ მწერლობაში ბევრად ადრე ილია ჭავჭავაძემ მიგვანიშნა: „რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავალით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც ისე დავიწყოთ.“
როცა ადამიანს აღარ ახსოვს, მის ნაცვლად ნივთები იმახსოვრებენ…
ნატო ინგოროყვას სამი წიგნი, „სადგურებს შორის“, „ისმის ჩემი ხმა?“ და “Memento Memorias”, ერთი ხანგრძლივი ლექსის სამგანზომილებიანი ამოსუნთქვაა, რომელიც თითქოს გზაჯვარედინზე მყოფმა დაწერა. სამივე წიგნს საერთო ხაზი გასდევს: ადამიანი გზაშია, ცდილობს, მისი ხმა სხვამდე მივიდეს და შეინარჩუნოს ის, რასაც დრო თანდათან შლის. გზა, ხმა და მეხსიერება ამ კრებულებში ერთმანეთს ეხიდებიან.
ჰერტა მიულერი 2009 წლის 7 დეკემბერს შვედეთის აკადემიაში წარმოთქმულ სანობელო ლექციას ბავშვობის მოგონებით იწყებს. ყოველ დილით, სახლიდან გასვლის წინ, დედა ეკითხებოდა, ჰქონდა თუ არა ცხვირსახოცი. მიულერისთვის ეს ნივთი დედის მზრუნველობის უხმო დასტური იყო. წლების შემდეგ, როცა რუმინეთის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო ქარხანაში სამუშაო ოთახი წაართვეს, მან კიბის საფეხურზე ცხვირსახოცი გაშალა, ზედ ჩამოჯდა, მუხლებზე სქელი ლექსიკონები დაიდო და ჰიდრავლიკური მანქანების ტექნიკური აღწერილობების თარგმნა განაგრძო. ცხვირსახოცი სამუშაო ადგილადაც იქცა და დედის უჩინარ თანდასწრებადაც. იმავე ლექციაში მწერალი იხსენებს, რომ რაიმეს დასამახსოვრებლად ცხვირსახოცზე კვანძს აკეთებდნენ. ასე იძენს მეხსიერება სხეულს: იგი ქსოვილში რჩება და ნივთის მეშვეობით განაგრძობს არსებობას.
სარჩევის დრამატურგია
ნატო ინგოროყვას წიგნებში ლექსების განლაგება სარედაქციო წესრიგზე მეტია. სათაურები ქმნიან გზას, რომლის გავლითაც ერთი განცდა მეორეში გადადის.
„ისმის ჩემი ხმა?“ „თავიდან მოსაშორებელი ამბებით“ იწყება და „ლექსების გადარჩენით“ სრულდება. თავდაპირველად ამბავი ტვირთია, ბოლოს კი მისი დავიწყებისგან დაცვა ხდება საჭირო. პირადი ხმა თანდათან სამშობლოს, ქალაქებისა და ომის გამოცდილებას იტევს და საზოგადოებრივ მოწმობად იქცევა.
“Memento Memorias” სიტყვით „ვიმახსოვრებ“ იწყება, რასაც „დედა. დემენცია“ მოსდევს. ასე უპირისპირდება დამახსოვრების სურვილს დავიწყების საფრთხე. დასასრულის „თეთრი ფურცლის ამბავში“ გახსენება უკვე მოქმედებაა: უნდა დაიწეროს და სხვას გადაეცეს.
სამივე სარჩევი ერთ საერთო მოძრაობას ქმნის. გზა ხმაში გრძელდება, ხმა მეხსიერებაში, მეხსიერება კი წერასთან გვაბრუნებს. ამიტომ სარჩევი ლექსების ჩამონათვალი კი არა, წიგნის შეკუმშული სიუჟეტია.
„ომის საუზმე“
2026 წელს დაფუძნებული ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალ „სოხუმის“ პირველ ნომერში (გამომცემლობა „ინტელექტი“) ნატო ინგოროყვას ლექსები დაიბეჭდა, მათ შორის „დაშვება“, „ღმერთო, არ ჩაგეძინოს!“, „პურის რიგი“, „სამშობლო. ჩემოდანი“, „მცოცავი ოკუპაცია“ და „ომის საუზმე“. ომის პოლიფონიაში (რომელსაც გეოგრაფია სულაც არ ჭირდება, რადგან ის ყველგან ერთნაირად შემზარავ სურათებს ხატავს, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე – უკრაინის ქალაქებში) მკვეთრად ისმის მისი ხმა, რომელიც უსაფრთხო დისტანციაზე უარს ამბობს. ფოტოგრაფიული სიზუსტით შემოდის ომი პურის რიგში, სასაუზმე მაგიდასთან და მეგობრების სახელებში. ლექსი „ღმერთო, არ ჩაგეძინოს!“ კონკრეტულ ადამიანებს ასახელებს, რადგან ომს სახელები აქვს და ამიტომ აღარ არის სტატისტიკა. „პურის რიგში“ ბოლო რიგში მდგომი პირველი კვდება, მაგრამ შვილებზე ფიქრობს, დახოცილებისთვის გატანებული ხორბალი კი მაინც „გაღივდება“.
„ომის საუზმეში“ ოჯახურ ყოფას ჭურვი ერთ წამში ანადგურებს, საბოლოოდ კი ყველაზე გრძელ წინადადებად სიჩუმე რჩება. „მცოცავ ოკუპაციაში“ საქართველო სხეულად იქცევა, რომელსაც დამპყრობელი „დღისითაც ლუკმა-ლუკმა“ ჭამს. პოლიტიკური ლირიკის ღირებულებაც აქ იკვეთება. იგი ისტორიულ ტკივილს ხელშესახებ გამოცდილებად გარდაქმნის და მკითხველს მორალური გულგრილობის უფლებას არ უტოვებს. „სამშობლო. ჩემოდანი“ ქვეყნის დავიწყება დედის დემენციას ემსგავსება: „ახსოვდა, რომ ვყავდი, მაგრამ ვერ მცნობდა“. „სამშობლოს პოეზიაში“ „ლექსს საგარეო ტანსაცმელში“ აწყობენ, სინამდვილეში კი იგი „კაბის სარჩულზე“ იწერება. „კონფორმიზმში“ სიტყვა „სამშობლოს“ უშეცდომოდ დაწერა ვერ ხერხდება. ეს მართლწერის შეცდომა აღარ არის; ეს გულის არითმიითა და ხელის კანკალით ნაამბობი ისტორიაა. ამბავი სახელად „ღმერთის ძილისპირული“, სადაც თვლემა უფალსაც ეპატიება, რადგან „ერთხელ მდინარესაც ჩაეძინებაო და შენც რომ ჩაგეძინოს, რა გასაკვირია“. დაბოლოს, თავის მართლებასავით ამოთქმა: „იცის ენამ აკვიატება – რამდენიც ვცადე, ვერ დავწერე უშეცდომოდ სიტყვა „სამშობლო“…
მეხსიერების ახალი ფიზიკა
პოეზიის მთავარი თვისება აბსტრაქტულის გასაგნებაა. მის სამყაროში „სიჩუმე სიკვდილის მაკრატლით ჭრის სიცოცხლის ხაზს“, „სინდისი ქუჩაში მიტოვებული ძაღლივით კართან ბრუნდება“, „სამშობლო კი ჩემოდანსა და ალუბლის მურაბის ქილაში ეტევა“. ეს მხოლოდ მეტაფორათა სიმრავლე არ არის. პოეტი სამყაროს ახალ ფიზიკას ქმნის, სადაც სიტყვებს სხეული აქვთ, საგნებს კი მეხსიერება. ადამიანი შეიძლება წავიდეს, დაივიწყოს ან დადუმდეს, მაგრამ მის ნაცვლად სარკე, „ცირცელებით მოხატული ხის კოვზი“, „ლიმონებიანი კაბა“, „ქოლგა თუ სანიშნე“, „ფეხსაცმელები, რომლებმაც იციან შენი გულისცემის საიდუმლო და არ გაგცემენ“, სახლის კედელი და თვით „დაღლილი სტრიქონებიც“ განაგრძობენ დამახსოვრებას.
მეხსიერება, შიში და დანაკარგი წინასწარ განსაზღვრავს, როგორ დაინახავს იგი სახლს, გზას, სიტყვასა თუ სამშობლოს. ამიტომ ერთი და იგივე საგანი მოგონებადაც შეიძლება იქცეს, საფრთხედაც და გადარჩენის ნიშნადაც.
ინგოროყვას სიტყვები მოდიან, გარბიან, ტყდებიან და „ძველ კალაპოტში მიედინებიან“, რათა სათქმელმა ფორმა შეინარჩუნოს. პოეტი ახალ სიტყვასაც ქმნის: „სხვადასხვამნიშვნელობამინიჭებული სიტყვები“. ენა მისთვის მზა მასალა არ არის; იგი ქურაში გავარვარებული სპილენძივით უნდა გამოიწრთოს. ამავე დროს, ლექსებში ხალხური სიბრძნის სიღრმე იგრძნობა: „ხეც ხომ არავის ეკითხება ნაყოფის ცვენას“. ეს დაკვირვებაცაა და გამოცდილების ხელახალი პოეტური გასიგრძეგანებაც. სამყაროში მხოლოდ ადამიანები არ იღლებიან: „სტრიქონი დაიქანცა და წელშიც მოიხარა“. ფორმა შინაარსად იქცევა და სიტყვა ადამიანის სხეულს იძენს.
კადრსა და ექოს შორის
ნატო ინგოროყვას პოეზია ერთდროულად კადრიცაა და მელოდიაც. ფოტოგრაფია სახეს ინახავს, მუსიკა ხმას, ლექსი კი ორივეს დავიწყებისგან იცავს.
„გადაიღე, თუნდაც გიკრძალავდნენ, შეინახე“. კამერა აქ მხოლოდ ხილულს არ აფიქსირებს. კადრში ისიც რჩება, რასაც თვალი ვერ ამჩნევს და ადამიანი მოგვიანებით დაკარგავს. თუმცა მეხსიერება უტყუარი ფოტოგრაფი არ არის: „მეხსიერებაც თავისებური ფოტოშოპია“. იგი შლის, ფერს ცვლის და წარსულს საკუთარ სინამდვილეს არგებს. „მამაჩემის კინოში“ კადრი ბოლო ტიტრამდე გრძელდება, რათა „უჩინარი ადამიანებიც“ სინათლეში დარჩნენ. პოეზიაც აყოვნებს მათ, ვინც ცხოვრებამ კადრს მიღმა გაიყვანა.
ოდესღაც მხიარული „დო, რე, მი“ მინორულ რეკვიემად იქცევა, ზოგჯერ კი „სიტყვები მუსიკამ მიატოვა და ექოა მხოლოდ“. მაგრამ ექოც გადარჩენილი ხმაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა [1989 წლის 9 აპრილს] „აგვჩეხეს, გვტკიოდა და მაინც ვმღეროდით“. აქ სიმღერა ხელოვნება აღარ არის. წინააღმდეგობაა. ახალი, თავისუფალი საქართველოს დაბადება, რომელშიც პერიოდულად დადუმებული ხმები აქა-იქ სიცოცხლეს ექოსავით ბრუნდება, იმ ზღაპრის ფინალივით, რომელიც იწყება სიტყვებითვე „ჭირი იქა, ლხინი აქა“.
ნუ გეშინია!
ნატო ინგოროყვას ლექსები ავტორის ამბებია, მისი ცხოვრების ფრაგმენტები, განცდილის შეცნობისა და დამახსოვრების მცდელობა. მათ მხოლოდ მკითხველის თვალი სჭირდებათ იმისთვის, რომ კვლავ გამოიხმონ გრძნობები და ხმები, აივსონ ფერით და სურნელით. ლექსები გულის ენითაა დაწერილი, რომელიც გონებას საფიქრალსა და სულს თავშესაფარს სთავაზობს. ის, ვინც ლექსების ამ სადგურიდან პოეტის მდიდარ შინაგან სამყაროში მოგზაურობას გადაწყვეტს, მის კედელზე მატარებლების განრიგის ნაცვლად მისთვის დატოვებულ წარწერას ნახავს: „ნუ გეშინია!“ (კატია ვოლტერსი).
მაგრამ როგორ არ შეგვეშინდეს, როცა „წინ საშიში მოსახვევია“ და არც ის გვინდა, რომ „უკან ამოფარებულმა ტკივილებმა, მუცელჩაზნექილი წიგნის თაროებიდან სინამდვილე არ გადმოღვაროს“.
ავტობიოგრაფიული „მე“ და ხსოვნა
მეხსიერების თემა ყველაზე შემზარავად დედის დემენციის ფონზე იხსნება. პასუხი ორ წინადადებაში ეტევა: „ნატო თბილისშია. თბილისი შორსაა“. სახელი ახსოვს, ქალაქიც ახსოვს, მაგრამ მათ შორის გზა წაშლილია. რაც უფრო იკლებს სიტყვა, მით უფრო მძაფრად ისმის ხმა. მეხსიერებიდან წაშლილი გზა აქ დაკარგვის სხვა გამოცდილებასაც უკავშირდება: როგორ უნდა გაუშვა ის, ვისი დავიწყებაც შეუძლებელია?!
ამ კითხვას ქართული ტრადიცია თავისი რიტუალით პასუხობს. მიცვალებულს დაკრძალვისას მიაძახებენ: „უკან არ მოიხედო“. წასულმა გზა უნდა განაგრძოს, რათა გლოვა დაუსრულებელ შიშად არ იქცეს. ამ მრწამსით იკითხება სტრიქონები: „იქნებ უკან არ მოიხედოს, / იქნებ ნიშანი მომცეს და / მზე სახლის კედელს სხივით მიამაგროს“. სიკვდილიც ბავშვურ თამაშს ემსგავსება, რომელიც „ესა-მესათი“ იწყება. შიშს ამ სამყაროში „ისევ დიდი თვალები აქვს“. იგი თვალღია და გულდახურულია, ადამიანს საფლავშიც ჩაჰყვება. მის გვერდით დგას სოციალური სინდისიც: „დავტოვოთ სინდისი ქუჩაში ძაღლივით. / ერთხელ ჩვენს კართან ისიც აყმუვლდება“. მიტოვებული ძაღლივით სინდისი გზას უკან პოულობს. კართან აყმუვლებული სინდისი შინ დაბრუნებული ხმაა, რომელსაც შეიძლება კარი არ გაუღო, მაგრამ ვეღარ გააჩუმებ.
სახლიდან სამყაროსკენ
ნატო ინგოროყვას კოსმოპოლიტიზმი ქალაქების სახელების სიმრავლე არ არის. პირად და ეროვნულ ტკივილს იგი სხვა კულტურის მკითხველისთვისაც გასაგებ გამოცდილებად გარდაქმნის. საქართველო ამ პოეზიის საწყისი წერტილია და არა საბოლოო საზღვარი. ინგოროყვას პოეზია სწორედ უფესვო „მსოფლიოს მოქალაქისგან“ განსხვავებულ გზას ირჩევს: სამყაროსკენ სახლიდან მიდის და შინ დაბრუნების შესაძლებლობას არ თმობს. ჰერტა მიულერთან მას ნივთებში ჩაბეჭდილი მეხსიერება და ძალადობის პირობებში გამოცდილი ენა აახლოებს, კეროლინ ფორშესთან პირადი ხმის საზოგადოებრივ მოწმობად ქცევა, ვისლავა შიმბორსკასთან ყოველდღიური დეტალიდან ამოზრდილი ფილოსოფიური სიზუსტე, ელიზაბეთ ბიშოპთან კი მოგზაურობის, ადგილისა და შინ ყოფნის მერყევი საზღვრების პოეტური გეოგრაფია. ეს გავლენების ძიება არ არის. ეს ტიპოლოგიური ნათესაობა და გლობალური პოეტური დიალოგია, რომელშიც ინგოროყვა სამშობლოს არ ტოვებს, მაგრამ მის საზღვრებს ლექსით აფართოებს.
„სინამდვილეში, ის ვართ, რასაც ვიმახსოვრებთ“, წერს ნატო ინგოროყვა. მისი პოეზია მეხსიერების მუზეუმიცაა და ადამიანის საყრდენიც. ხმა სხვას უნდა მისწვდეს, დავიწყებას შეეწინააღმდეგოს და მაშინაც განაგრძოს მეტყველება, როცა ადამიანი თავად ვეღარ ლაპარაკობს. ამიტომ კითხვაზე „ისმის ჩემი ხმა?“ პასუხი მხოლოდ „კი“ არ არის. მისი ხმა ისმის სადგურებს შორის, დედის „უხილავ ჰორიზონტთან“, პურის რიგში, სიტყვა „სამშობლოსთან“ და იმ სიჩუმეში, რომლისთვისაც ეს ლექსები დაიწერა.
ისმის. ზოგჯერ გვიან, ზოგჯერ შორიდან, ზოგჯერ მხოლოდ მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფერი დადუმდება.




