პროზა

Dum spiro spero

მაკა ლდოკონენი · №1 · 27 ოქტომბერი, 2023

იყო და არა იყო რა… იყო ერთი მწერალი, წიგნებს წერდა და გეგმებს აწყობდა: ნეტავ, რასაც დავწერ, ბევრმა ადამიანმა წაიკითხოსო. მწერალს სახედარი ჰყავდა, ჩვეულებრივი — ოთხფეხა, ორყურა და ცალკუდა. ერთ დღესაც მწერალმა გაიფიქრა, მეტი მხნეობა მმართებს, ბედს უნდა ვეწიოო. სახედარს მცირე ტირაჟი აჰკიდა და გასწია მკითხველის საძებნელად.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ხალხს გადაეყარა. იმათ წიგნები რომ დაინახეს, ხან ერთი მხრიდან ფურცლეს, ხან მეორიდან, ტიტულები შეუმოწმეს, აწონ-დაწონეს, ილუსტრაციებთან სელფები გადაიღეს და საყვედურიც არ დაიშურეს: ეს რამოდენა წიგნი დაგიწერიაო!.. დღეს ვინღა კითხულობს ერთგვერდიან აბზაცებსო!.. ისეთ სქელ ყდაში ჩაგისვამს, ვინმეს რომ მოხვდეს, სულსაც გააფრთხობინებს, ფასზე აღარაფერს ვამბობთ, აძვირებსო!.. ილუსტრაციებიც ზედმეტი ხარჯიაო!.. გაიძურწა მწერალი, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ერთი წიგნიც ვერ გაყიდა.

გამოხდა ხანი. მწერალმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, არავინ იცის, მაგრამ სქელყდიანები სარდაფში ჩაიტანა, ახალი წიგნი დაწერა, ნაკლები ხარისხის ფურცელი და რბილი ყდა მოარგო, შრიფტიც შეუმცი რა, ისევ თავის ოთხფეხას აჰკიდა და გასწია. სხვათა შორის, ხურჯინში სქელყდიანის ორი ეგზემპლარიც ჩამალა. რა იცი, რა ხდებაო, — იმედი შეეპარა.

ხახრიალდა დიდ-პატარა: ან ამ ვირს რას ერჩი, ან ჩვენ, ან ხე-ტყესო?! რაღა დროს ფურცლიანი წიგნების ბეჭდვააო?!. არა გრცხვენია, შენი აზრების უკვდავსაყოფად ბუნებას აზიანებო!.. ცხოვრებას ჩამორჩი, ციფრულზე გადავედით რახანიაო! — სულ თავში ურტყეს თავიანთი შავი ეკრანები.

აილეწა მწერალი. ამ ხმაურზე, ამ ყვირილზე სახედარსაც კი ყურები წამოუწითლდა. გამოიძურწა ორივე. რბილყდიანები სხვენში აზიდა, მონიტორს მიუჯდა და კლავიატურას სულ ბუღი ადინა. არც ამჯერად გამოუვიდა ურიგო წიგნი (კარგი მწერალი რომ იყო, აქამდე თუ არ მითქვამს, ახლა გაგიმხელთ). აბზაცები მილიმეტრებში გაასწორა, ფონტის ტიპი და ზომა საგულდაგულოდ შეარჩია, ტიტულზე უწინ გამოცემული წიგნების სია ჩამოწერა, საკუთარ გვარ-სახელს „მწერალი“ მიამატა და აცეეე!.. თუმცა რაღა „აცე,“ ვირის კეხი ხომ მიატოვა და თითის ერთი დაწკაპუნებით გაუშვა ხალხში.

იმდენი სიხარული მე და თქვენ, რაც იმ წიგნის ლინკმა ვირის ბედი ინატრა. სახედარს არ მოხვედრია იმდენჯერ სახრე, რაც იმას ბრაზი და დაცინვა ერგო: საერთოდაც ვინ არისო?.. მწერალი რაღას მიქვიანო?.. ან რა დაუწერიაო?

ისევ დაღონდა. ისევ შერცხვა. ლეპტოპი კარადაზე შემოდო, სახედარზე შეჯდა და უღრანი ტყისკენ გასწია. გამოხდა ხანი. კაცმა დარდი შეჭამა თუ დარდმა — კაცი, არავინ იცის, მწერალი კი მობრუნდა. ყველა ადამიანის თითო ჭკუის აყოლა რომ არ არგებდა, ამასაც მიხვდა. ისევ ძველებური გზა არჩია: ფურცელი, უბრალო ფანქარი და საშლელი მოიმარჯვა, დაწერა და მოისვენა კიდეც. ოღონდ აქ კი არა — გაღმა. ჰო, რა ვერ გაიგეთ? მარილზე გავიდა! რა ექნა საბრალოს, იმ ოხერ გულსაც ხომ ერთგული ვირივით სულ თან დაატარებდა.

ნეკროლოგის კითხვას, მოგეხსენებათ, თავისი მუღამი აქვს: მოკლეა, სხარტი, არავის ღლის, გულს კი ყველას ულბობს. აუყირავეს სხვენი, გაუჩხრიკეს სარდაფი, გაუტეხეს პაროლები, ხელნაწერი სტამბაში აფრინეს, კითხვაში სულ თვალები ამოიღამეს. არც სახედარი დაივიწყეს: წარდგენიდან წარდგენაზე დაატარებდნენ, ნაკურთხ წყალს აპკურებდნენ და საკმეველსაც მხოლოდ სამეუფეოს უკმევდნენ.

მწერალი კიდევ, აკი გითხარით კარგი იყო და მისდა საუბედუროდ, გულიც ჰქონდა, ამიტომ გაღმაც გემოზე იცინა. უხაროდა ცხონებულს: კიდევ კარგი, ხელი არ ჩავიქნიე, საქმეს არ ვუღალატე, თორემ ურემი რომ გადაუტრიალდებოდათ გზასაც ვერ დაინახავდნენო.

სიცილით გული რომ იჯერა, გამოღმელებს თავი მდაბლად დაუკრა და გზა განაგრძო. როგორც ამ ბობენ, ბევრ გულდაწყვეტილს გადაეყარა, თავის დროზე კითხვისთვის რომ ვერ იცლიდა და წერა იქაც გააგრძელაო.

P. S. ამ ზღაპრის ინსპირაცია იოსებ გრიშაშვილის „მუსტაფა და ვირი“ რომ გახლავთ, თავადაც მიხვდებოდით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ.


შესვლა
რეგისტრაცია