რეცენზია

ლუსინე ხარატიანის „ლარსის ხაფანგი“ – ჩვენი სამშობლო ერთად გადატანილი ტკივილია

თაკო წულაია · 23 სექტემბერი, 2026

„ლარსი დაკეტილია თუ ღიაა? გაზი მოვა თუ არა? ატომური ელექტროსადგური აფეთქდება თუ გადავრჩებით? არ ვცხოვრობთ. ბოლოს ველოდებით. არ შეგიმჩნევიათ, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ. ჩვენ განუწყვეტლივ სიკვდილის გადავადებაში ვართ. თუ სიცოცხლის?“

იკითხავს სომეხი კაცი აეროპორტში, როცა შენიშნავს, რომ მოსაცდელ დარბაზში მხოლოდ სომხები დარჩენილან და მათ გარდა, აღარავინ ელოდება ფრენას. თუმცა ამ კითხვების დასმისკენ მხოლოდ რამდენიმე გვიანი მგზავრის იძულებითი თავშეყრა როდი უბიძგებს. ეს რიტორიკული კითხვები, რომლებიც ირიბად კრებულის სხვა მოთხრობებშიც იკითხება, სინამდვილეში მთელი ერისკენაა მიმართული; ხალხისკენ, რომელიც გამუდმებით გაურბის ცხოვრებას და ცდილობს, შინ თუ სახლისგან შორს განცდილ უცხოობას გაუმკლავდეს. 

ერებს ხანდახან „წარმოსახვით საზოგადოებად/ერთობად“ მოიხსენიებენ ხოლმე. განსხვავებით მცირე სოფლებისა და დასახლებებისა, სადაც ყველა ყველას კარგად იცნობს, ყველაზე პატარა ერებშიც კი შეუძლებელია მყარი ერთობის შექმნა, ყველასთან შეხვედრა და ყველას მოსმენა. ამიტომაც ეროვნული იდენტობა არაპირდაპირ, ისტორიული, ლიტერატურული, კულტურული ნარატივებით კონსტრუირდება და ეს ნარატივები მანამ მეორდება და მეორდება, სანამ სურათ-ხატების, ამბების, სიმბოლოებისა და რიტუალების ერთიანობა ერს მნიშვნელობით არ შეავსებს და სრულიად უცხო ადამიანებს არ დააკავშირებს ერთმანეთთან. სწორედ ამაზე ფიქრობენ ლუსინე ხარატიანის მოთხრობების კრებულის „ლარსის ხაფანგი“ პერსონაჟები, ამაზე ფიქრობს თითოეული მგზავრი საზღვართან გაჩერებულ მანქანაში, ამაზე ფიქრობენ კვლევითი ექსპედიციის წევრები, ვიდრე ლეგო-კაცუნები უცხოვრებელი სიცოცხლეების გამოსახულებებს დაატარებენ თვალებით, ამაზე ფიქრობს ჰაიკანუში, რომელსაც ბებიის გამუდმებული სევდის მიზეზი ჯერ კიდევ ვერ გაუგია და იქნებ სწორედ ამაზე ფიქრი აიძულებს აშოტსაც, საკუთარ თავს გამოეკიდოს მოსაკლავად.

ლუსინე ხარატიანის პერსონაჟებმა კარგად იციან, რომ მათი გამოცდილებები ხშირად არ ემთხვევა იმას, რასაც ამ გამოცდილებებზე ტელევიზორში ჰყვებიან თუ გაზეთებში წერენ. ვთქვათ, საბჭოთა კავშირის დროს, კომბინატის შესახებ მომზადებულ გადაცემებში არაფერს ამბობდნენ ქალებზე, რომლებიც რიგრიგობით ავადდებოდნენ და ერთმანეთის მიყოლებით იხოცებოდნენ; მაგრამ ამ ცოდნის მიუხედავად, ბედავენ, შეინარჩუნონ მომავლისა და ერთმანეთის გულუბრყვილო რწმენა. 

 „ლარსის ხაფანგი“ არც მტრის ხატებთან მიბრუნებას ერიდება. მოთხრობაში „ერევნული სენი“ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ექსპედიციის წევრები იკრიბებიან და ამ შეკრებისას ერთ-ერთი ამტკიცებს, რომ ერები მხოლოდ კონსტრუქტები არიან და ადამიანები სომხებად, ქართველად და რუსებად კი არ იბადებიან, არამედ აღიზრდებიან; ბავშვობიდანვე სწავლობენ, ვინ არის ერის მტერი და ამ მტერთან შეპირისპირებით ცდილობენ საკუთარი ეროვნულობის საზღვრების დადგენასა და გაგებას. მეორე მხრივ, ეს ექსპედიცია 2008 წლის სექტემბერს იმართება, ქართველების უმრავლესობა უარს ამბობს რუსებთან ერთად მონაწილეობაზე და კონსტრუქტივიზმიც ერთგვარ პოლიტიკურ იარაღად იქცევა, რომელიც ვერაფერს ცვლის მაშინ, როცა ადამიანები ომებში იხოცებიან, ლტოლვილები სიზმრად თავიანთი სახლების ყოფილ მეპატრონეებს ხედავენ, ბავშვობაში გონებაში ჩასახლებული მტრების სახეები კი ზრდასრულებს კოშმარებად სდევნიან.

პერსონაჟები, რომლებსაც ლუსინე ხარატიანი ქმნის, საკუთარი თავისა და იდენტობის ძიებაში გარბიან და ბრუნდებიან, უახლოვდებიან ერთმანეთს და შორდებიან, ცხადსა თუ სიზმარში ცდილობენ გაარკვიან, რა ნამდვილად მათია და რა – მხოლოდ თავს მოხვეული და მოგვიანებით შეთვისებული… ეს დაუსრულებელი ძიება, უწყვეტი ფიქრი წასვლაზე, შინაგანი წინააღმდეგობა და სიცოცხლისა და სიკვდილის შიში აქცევს მათ უნივერსალურ სახეებად. ამის დამსახურებაა, რომ კრებული ერთდროულად ძალიან კონკრეტული ადგილების, ქალაქებისა და ადამიანების ამბებს ჰყვება, თანამედროვე სომხეთის გასაცნობად იდეალურ გზამკვლევს ქმნის მკითხველისთვის და ამავდროულად ისეთ პრობლემებს ეხება, რომლებიც პატარა ქვეყნებისთვის და, განსაკუთრებით, საქართველოსთვის ასე ნაცნობი და ახლობელია.

როგორი მკვეთრიც არ უნდა იყოს საზღვრები და როგორი უცხოც არ უნდა გვეჩვენებოდეს ერთმანეთი, „ჩვენი სამშობლო ერთად გადატანილი ტკივილია“, „ჩვენი საერთო სამშობლო შიმშილია“ და ეს კრებულიც ამ სამშობლოში მცხოვრები ყველა მკითხველისთვისაა დაწერილი, მიუხედავად მათი ეროვნებისა და წარმომავლობისა. მათთვისაც, ვისაც ჯერ ვერ უპოვია სახლი, რომელიც შეიფარებს და ვისთვისაც საბუთებიანი პორტფელი ქცეულა ერთადერთ სამშობლოდ.

მკითხველი მალე არა მხოლოდ ამ მოთხრობების პერსონაჟების, არამედ ავტორის გაცნობასაც შეძლებს. სომეხი მწერალი და კულტურული ანთროპოლოგი ლუსინე ხარატიანი თბილისის XI საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ქართველ მკითხველებს შეხვდება.

როგორც ლუსინე ხარატიანი წინასიტყვაობაში აღნიშნავს, ამ კრებულმა ის საერთო ფესვები, წარსული და ერთობა უნდა გამოხატოს, რომლის ერთი სიტყვით გადმოცემაც ძნელია, მაგრამ არსებობს სომხებსა და ქართველებს შორის და განსხვავებებზე გაცილებით ძლიერია.  ასეთი ერთობის არსებობის შესახსენებლად „ლარსის ხაფანგი“ ნამდვილად არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.


შესვლა
რეგისტრაცია