ყულაბებში გადასვრილი მოთხრობები

ფოტო: ლევან ხერხეულიძე
„მკითხველი ხშირად მეუბნება, რომ დღიურები მათთვის ბევრი ინფორმაციის მომტანი გამოდგა, წაიკითხეს წიგნები, რომლებზეც დავწერე, მოიძიეს იმ ფრინველებისა თუ ცხოველების ფოტოები, რომლებსაც ვერ გადავუღე, მაგრამ აღვწერე, გაუჩნდათ იმ ქვეყნებში მოგზაურობის სურვილი“.
01. როდესაც სიუჟეტის ან გმირის იდეა მოგდით, რატომ აკეთებთ არჩევანს მოთხრობის სასარგებლოდ?
ა. ქ. დიდი ხანია, რაც მოთხრობებს აღარ ვწერ, ასე მოხდა. ჩემი მოთხრობები თანდათან იზრდებოდა და იზრდებოდა, ბოლოს ვეღარ ჩავეტიე ფორმატში. როცა ვწერდი, მაშინ ეს ფორმა მქონდა მორგებული და ძალიან მიყვარდა, ახლაც მიყვარს, უბრალოდ ახლა ვეღარ ვფიქრობ მოთხრობაზე, ძალიანაც მინდა, მენატრება, მაგრამ ვერ. როდესაც გმირი თუ პერსონაჟი, ამბავი დამაინტერესებს, ის ავტომატურად რომანის ყულაბაში მიდის.
02. ვინ არის თქვენთვის საუკეთესო მოთხრობების მწერალი, ვინ შთაგაგონებთ?
ა. ქ. ვერ გეტყვით. ნებისმიერი კარგი მოთხრობა თუ რომანი არის შთამაგონებელი. მით უმეტეს, თუ ეს ქართულია.
03. რეალურად მომხდარ, თქვენ მიერ ნანახ ამბავზე უფრო გიყვართ წერა თუ თქვენივე წარმოსახულ, გამოგონილზე?
ა. ქ. იცით, ყველაფერი არც მთლიანად ნამდვილი და არც მთლიანად გამოგონილია. თუმცა, ბიძგი ყოველთვის რეალური ამბიდან მოდის, დანარჩენი უკვე ზედნაშენია.
04. პერსონაჟებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, წერის დასრულების შემდეგ თუ გეფიქრებათ ხოლმე, როგორ გაგრძელდებოდა მათი ცხოვრება?
ა. ქ. როდესაც წერას ვამთავრებ, მაინცდამაინც აღარ ვფიქრობ, მაგრამ ბოლო დროს ერთ საინტერესო შემთხვევას მივაქციე ყურადღება. მომხდარა ისე, რომ პერსონაჟები, რომლებზეც ბევრი მიფიქრია, მთელი მათი ბიოგრაფია წარმომიდგენია, მათთვის მთავარი ადგილი მიმიჩენია მოთხრობასა თუ რომანში და შემდეგ ვერ, არ დამიწერია ანდაც უბრალოდ დამძველებია, წლების შემდეგ სხვა იდეის ნაწილად მიქცევია. ამდენი ფიქრისგან, ისინი თავისით შემოდიოდნენ პატარა ეპიზოდებში. შეიძლება სულ რამდენიმე გვერდზე გამოჩენილიყვნენ, მაგრამ მე მათ ისე კარგად ვიცნობდი, შემეძლო მათზე დამაჯერებლად მეწერა. ეს ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა.
05. რას ფიქრობთ თქვენს ნატურალისტურ რომანებზე, ვგულისხმობ დღიურების სერიას, როგორია მათზე მუშაობის პროცესი?
ა. ქ. გამოცემის შემდეგ არასოდეს წამიკითხავს ჩემი არც ერთი წიგნი თავიდან ბოლომდე, არც ვაპირებ ამის გაკეთებას. თუმცა ახალი დაბეჭდილი ამიღია და კონკრეტული ადგილები გადამიკითხავს. წლების შემდეგ, ალბათ მხოლოდ იმიტომ გადავშლი ჩემს წიგნებს, რომ გავიხსენო საკუთარი თავი, თურმე ასეთი ვყოფილვარ, ასე ვფიქრობდი, ასე ვგრძნობდი. რაც შეეხება ჩასწორებებს, ასე რომ მივუდგე ამ საკითხს, შეიძლება მთელი ცხოვრება ერთი წიგნი ვწერო და ვერ დავამთავრო. თუმცა, ცხადია, მიფიქრია ამაზე. მაგალითად, „სამხრეთული სპილო“ რომ გამოიცა, მივხვდი, ბევრი რამ მქონდა შიგნით ჩაყრილი და ბევრი რაღაცის ამოღება მომინდა, რაც ყველაზე რთული ყოფილა.
06. რას ხედავთ ამ დღიურების მთავარ მიზნად?
ა. ქ. იცით, ქართველებს რატომღაც გვგონია, რომ მარტო ჩვენ ვართ ადამიანები, მარტო ჩვენ ვიცით სტუმართმოყვარეობა. მე დღიურებში ყოველთვის ბევრს ვწერ უცხო ქვეყანაში აღმოჩენილ კარგ ადამიანებზე. კი, ჰქვია ნატურალისტური და არის ჩიტებზე, მოგზაურობაზე და კიდევ ბევრ რამეზე, მაგრამ ამის მიღმა თუ ვინმე ადამიანს დაინახავს და სხვა ერის, სხვა კონტინენტის შვილს შეიყვარებს, ჩემს მიზანს მიღწეულად მივიჩნევ.
07. თუ მიგაჩნიათ თავი ამ ჟანრის პიონერად ჩვენს ქვეყანაში?
ა. ქ. ცხადია, ეს არ ყოფილა განზრახული, თუმცა, პიონერი აღმოვჩნდი იმდენად, რამდენადაც ჩემი ორი ინტერესის სფერო, ნატურალიზმი და ლიტერატურის სიყვარული, დავუკავშირე ერთმანეთს. მე კიდევ მხოლოდ მაშინ გამომდის რაღაც, თუ ის მართლა საინტერესოა ჩემთვის. არ ვფიქრობ, რომ რაიმე დიდ ლიტერატურულ ამოცანებს ვეჭიდები წერის დროს. გარდა ამისა, თუ ამას შევხედავთ, როგორც დოკუმენტურ ჟანრს, შემიძლია ბევრი მწერალი გავიხსენო, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ბევრად დიდ შრომას დებენ. მათი დოკუმენტური პროზა მაინც სხვა სიმაღლეზეა.
08. როგორია თქვენი წერის პროცესი, ელოდებით თუ არა ამისთვის შესაბამის განწყობას, გარემოს, ამინდს. ხომ არ გაქვთ რაიმე რიტუალი?
ა. ქ. არაფერი განსაკუთრებული. მთავარი, რასაც ყოველთვის აღვნიშნავ, არის ის, რომ დაწყება ძალიან მიჭირს. თუმცა, აქაც არის ჟანრებს შორის სხვაობის ფაქტორი, დოკუმენტური წიგნების წერა ყველგან შემიძლია, მაგალითად, აქ, „მზიურის კაფეში“, სადაც ყველამ იცის, რომ ხშირად ვარ, ხალხმრავალ ადგილებში, ძილის წინ. აი, მხატვრულ პროზას კი ჩემთვის სხვანაირი ძალისხმევა სჭირდება. კი, კარგია, თუ მშვიდ ადგილას ვარ, არ მაწუხებს ყოფითი პრობლემები, პანაშვიდზე არ ვარ წასასვლელი, მაგრამ მწერლის ცხოვრებაც იმ რეალობის ნაწილია, რომელში ცხოვრებაც ყველას გვიწევს, ასე რომ, თუ პრაგმატულად მივუდგებით, ყველგან შემიძლია ვწერო, სადაც მაგიდა და მინიმალური პირობები იქნება.
09. გამოცემის შემდეგ თუ კითხულობთ ხოლმე თქვენს წიგნებს, ან თუ გაგჩენიათ რამის ჩასწორების სურვილი?
ა. ქ. გამოცემის შემდეგ არასოდეს წამიკითხავს ჩემი არც ერთი წიგნი თავიდან ბოლომდე, არც ვაპირებ ამის გაკეთებას. თუმცა ახალი დაბეჭდილი ამიღია და კონკრეტული ადგილები გადამიკითხავს. წლების შემდეგ, ალბათ მხოლოდ იმიტომ გადავშლი ჩემს წიგნებს, რომ გავიხსენო საკუთარი თავი, თურმე ასეთი ვყოფილვარ, ასე ვფიქრობდი, ასე ვგრძნობდი. რაც შეეხება ჩასწორებებს, ასე რომ მივუდგე ამ საკითხს, შეიძლება მთელი ცხოვრება ერთი წიგნი ვწერო და ვერ დავამთავრო. თუმცა, ცხადია, მიფიქრია ამაზე. მაგალითად, „სამხრეთული სპილო“ რომ გამოიცა, მივხვდი, ბევრი რამ მქონდა შიგნით ჩაყრილი და ბევრი რაღაცის ამოღება მომინდა, რაც ყველაზე რთული ყოფილა.
10. თქვენ ერთგან თქვით, რომ შეიძლება არც არაფრის მომცემი იყოს ავტორთან შეხვედრა, მთავარი შეხვედრა მაშინ დგება, როცა მის წიგნებს კითხულობ. გაცნობის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინო, რომ ის არის უჟმური, ასოციალური ან უბრალოდ ცუდი ადამიანი. რას გვეტყვით თქვენზე, როგორ ფიქრობთ, რა შთაბეჭდილებას ტოვებთ მკითხველზე?
ა. ქ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებს, მასზე რას ფიქრობენ, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ასე განცალკევებით მეფიქროს მკითხველის წარმოდგენებზე ჩემ შესახებ. თანაც, საქართველოა, თბილისი ძალიან პატარაა, ყველა ხელისგულზე ვართ. არც სელინჯერი ვარ, სადღაც რომ ვიყო გამოკეტილი, განდეგილურ ცხოვრებას მივყვებოდე და გარე სამყაროსთან არ ვურთიერთობდე. თუმცა, როდესაც ვინმე ჩემთან მოდის გასაცნობად, მოსწონს ჩემი ნაწერი და საუბარი სურს, ძალიან ვცდილობ, ზრდილობიანი და საინტერესო ვიყო მისთვის.
11. რას ფიქრობთ ქართველ მკითხველზე?
ა. ქ. ორი წლის წინ, ზაფხულში, სომხეთში ვიყავი, სადაც სომეხ კოლეგებს შევხვდი. ყველა მეუბნებოდა, რა ბედნიერები ხართ, ქართველი მკითხველი რომ გყავთო, აქ ძალიან იშვიათად, რომ ვინმემ სომხური ლიტერატურა წაიკითხოსო. მე ეს გავიოცე, მაგრამ გამახსენდა დრო, როდესაც ქართველი მკითხველი, ყოველ შემთხვევაში – მასობრივად, ქართულ ლიტერატურას არ კითხულობდა. გააქტიურება დაიწყო აკა მორჩილაძის გამოჩენასთან ერთად. მგონი, ამის მიზეზიც ვიცი. საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან გამომდინარე, მწერლები, გამონაკლისი გამონათებებისა, თანამედროვე ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე არ წერდნენ, უფრო ალეგორიებით. ახლა ძალიან ბევრი მწერალი გვყავს და მკითხველიც. შესაბამისად, აქტიური ქართველი მკითხველის ყოლა დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა.

