ფარსმანდუკის სახარება

ღმერთო, სიტყვის შნო მომეცი, ეს ამბავი მოვყვე ისე, როგორც ვიგრძენი და არა იმგვარად, როგორც მოხდა.
ზაფხულის ერთ უმზეო დღეს მე – ფარსმანდუკი, კავკასიური კემულარიელა, ყანჩაველის მაჩიტა და შავჩოხა თავკაპიწის ტყეში წავედით.
თვეობით უქმად ნადები მელქიორის დანა-ჩანგალი მწვანესარჩულიანი ყუთიდან რომ დავიხსენი, აღმოვაჩინე, რომ ლითონისა და ხავერდის ნაზავი სურნელი ყოველთვის განსაკუთრებულ წვეულებებს მაგონებდა. ძველი სასახლის ნანგრევებთან საზეიმო ვახშამი მაშინ დავგეგმეთ, როცა მაჩიტამ ზალცბურგის უნივერსიტეტიდან თანხმობა მიიღო, სწავლა სატყეოზე გაეგრძელებინა. მენიუზეც ერთად ვიზრუნეთ: შნიცელი ვენურად, კარტოფილის სალათითა და ლიმონით, დესერტად ვაშლის შტრუდელი – იმაზე მეტი დარიჩინით, ვიდრე რეცეპტში ეწერა და გორული მწვანე, კანდელაკებისგან კეთილმეზობლობის ნიშნად მორთმეული. წინა საღამოს კემულარიელამ მკაცრად გაგვაფრთხილა, ამაღამ არავითარი ვინილები და ლიტანიობაო, ფირსაკრავის ჩემოდანი დახურა და დასაძინებლად პირველი ავიდა. მე და მაჩიტა, ორი სახელგანთქმული ბაბაყული, ერთად შევიყუჟეთ, ღამის ფეისბუქს თვალი გადავავლეთ და ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ოფროუდერების საშუალო სირთულის მარშრუტი გუდალეთიდან ზემო ნიჩბისამდე სწორედ თავკაპიწის ტყეზე გადიოდა. კანდელაკებმა წინასწარ გაგვაფრთხილეს, მთლად ციციშვილების ციხე-დარბაზი არ დაგიხვდებათ, გუმბათიანი აბანოთი და სათოფურებიანი გალავნით, მაგრამ ნამდვილად ძვირფასი სანახაობა გელითო.
დილით შავჩოხამ გამოგვიარა. ყავა იუარა, საუზმის გარეშე ვინ გამომიშვებდაო და სანამ გავემზადებოდით, ჩვენს ღობესთან შემოჯარულ ძაღლებს გაეთამაშა. ამათი მოშინაურება არ იქნება – ჭიშკართან მხოლოდ საჭმელად მოდიან, ღამღამობით კი ხევის პირას დამწკრივდებიან და ტურების დასაფრთხობად თვალებს აკვესებენ.
სოფლის გზა ნიჩბელი ძაღლების ესკორტით ავიარეთ. მათ შორის იყო ბალანში ჭაღარაშერეული შავი ნაგაზი, რომელმაც დაკოჭლების შემდეგ სოფლის ყოჩობა დათმო და უბანში გამცილებლად დაიწყო მუშაობა. როცა ხეებით გადაბურულ ბილიკს შევყევით, ჩვენმა ამალამ პირი ისევ სოფლისკენ იბრუნა. ფოთლოვანი ხეების გვირაბმა მაყვლის ბუჩქებით გარშემორტყმულ მდელოზე გაგვიყვანა და ყველა ხმა ერთბაშად მიჩუმდა. ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს სოფელი შორს მოვიტოვეთ და სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. წინ შავჩოხა მიგვიძღოდა და ჩვენც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით – ვიცოდით, გზა არ აგვერეოდა. როგორც კი მუხნარში ჩუმი სიცხისგან შვება ვიგრძენით, აღმართიც დაიწყო. ნიაღვრისაგან ამოღრმავებულ ბილიკზე ფეხებს გარდიგარდმო ვაბჯენდით და ბამბუკის ჯოხებით დამშრალი კალაპოტის სიღრმეს ვზომავდით. დროდადრო შავჩოხა უკან გამოგვხედავდა და ჩამომტვრეულ ტოტზე მიგვანიშნებდა, ხიდად გადებული სავალს რომ გვიხერგავდა.
წყლის გზა რომ ავათავეთ და ცოტა გავივაკეთ, ვეება ნარშავმა გვამცნო – რა სრა-სასახლეც უნდა ააგოს კაცმა, ამ ტყის ბატონ-პატრონი ვერ გახდებაო. იმავეს დაგვჩხაოდა ყვავი კენწეროდან და თვალუწვდენელი წიფლის ჩრდილიც ამას ადასტურებდა. რამდენიმე წუთში ძველმა საურმე გზამ თავკაპიწამდე მიგვიყვანა.
როგორც ველოდი, ისე არ მომხდარა – სასახლის ნანგრევებს შორიდან რომ დაინახავ, გული ამოგივარდება და გაიფიქრებ, იქამდე ხუთი-ათი წუთის სავალიღა დარჩაო. სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი ოპტიკური შემზადების გარეშე გალავნის ნაშთთან აღმოვჩნდით. შავჩოხა რომ არა, შეიძლება, მოკლე გადასახვევი ვერც შეგვემჩნია, გზა გაგვეგრძელებინა და გეზი გუდალეთისკენ აგვეღო.
– ოჰო! – აღტაცება ვერ დავმალე.
– საოცარია! – ზურგჩანთა მოიხსნა მაჩიტამ და კედლის ნანგრევს მარდად აუყვა.
– ამას შეხედე! – კემულარიელამ მაშინვე სუფრის გასაშლელი მდელო მონიშნა გულგადახსნილი კომპლექსის ეზოში.
შავჩოხა თაღოვან კარში ჩამდგარიყო და აქაურობაზე თვალშეჩვეულს ჩვენი გულწრფელი აღფრთოვანება მოკრძალებულ ღიმილს ჰგვრიდა. მხოლოდ ფოტოების გადაღება არ ვიკმარე და ბლოკნოტში ესკიზების ჩახატვას შევუდექი. თან ჩემს დაკვირვებებსა და აღმოჩენებს საველე დღიურში ჩაწერამდე ხმამაღლა ვუზიარებდი. მეორე სართულის სიმაღლეზე ბუხარი და თახჩები ერთად შევნიშნეთ, მაგრამ საკურთხევლის კედელზე მე რომ არ მიმენიშნებინა, ეკლესიის ნაშთი შეუმჩნეველი დარჩებოდათ. ბოლოს ყველას სამხრეთით ვუხმე, სადაც მეოთხე სართულის ფრაგმენტი იყო შემორჩენილი. ირგვლივ მიმობნეული ქვებით კი ისიც მალევე გამოვარკვიე, რომ სასახლეს გალავანი მხოლოდ სამი მხრიდან უნდა ჰქონოდა შემოვლებული, მეოთხეს კი დამრეცი ფერდი ბუნებრივად იცავდა.
ამასობაში კემულარიელას მინდორზე სუფრა ისე ლამაზად გაეშალა, ხელის ხლება დაგენანებოდა. ეზოდან როზმარინის მომცრო ტოტებიც წამოეღო გასაფორმებლად და მეტი ლაზათისთვის უყუნწო ყვავილებიც მიმოებნია.
– შენა მობრძანდის კაცი გინდა, თუ როგოა საქმე?! – გავძახე შავჩოხას, რომელიც ფიჭვის ხეს აშრევებულ მერქანს მონდომებით აცლიდა, ალბათ უფრო მორიდებისგან.
ფეხმორთხმით ჯდომა და შნიცელის დანა-ჩანგლით ჭამა მთლად მოსახერხებელი არ გამოდგა, მაგრამ მელქიორის ელვარება აქაურობას ძალიან დამშვენდა. ლხინი კი ალბათ უწინ უფრო დიდებული იცოდნენ, ან სტუმარს რა დალევდა ამ არემარეში, ან მასპინძელს – თავიანთი მეჯინიბეებით, დარაჯებითა თუ მზარეულებით თვითონაც ბევრნი იქნებოდნენ. ისე, ნიჩბისის ტყეში ნადირის მეტი რა არის, მაგრამ ნადიმზე სულ ხორცეული ხომ არ იქნებოდა, განა სატაცური, ღანძილი და ჯიჯლაყა მაშინ არ ამოდიოდაო, შავჩოხამ იქაურობას თვალი მასპინძელივით მოავლო და ბროლის ჭიქები შეგვივსო. ყველამ ჩვენ-ჩვენი ვთქვათო, საღერღელი ღვინის შესმამდე აგვიშალა.
კემულარიელა დარდობდა, რომ ლიტერატურა გაუდაბურდა – იკლო სიმწვანემ და გაქრა პასტორალი; ქაღალდისთვის ტყის გაკაფვის თუ აგუზგუზებულ ბუხართან წიგნის კითხვის სიამოვნების სანაცვლოდ, მწერლების ვალია, ბუნება სათანადოდ აღწერონ – განა მხოლოდ იდილიისთვის, მეტაფორების გასაცოცხლებლადო. შეიძლება, ვაჭარბებ კიდეც, მაგრამ ავტორები იმაზეც აღარ ირჯებიან, ახლად მოთიბული ბალახის სუნი გვაგრძნობინონ ან ფოთლებზე წვიმის წვეთების წკაპუნი გაგვაგონონ, თითქოს სიცოცხლით ტკბობა მკითხველისთვის მობეზრებული ამბავი იყოსო. წამკითხავ-გამკითხავი აღარ ჰყავს ლიტერატურას, თორემ ამას ჩემამდე სხვა როგორ ვერ შეამჩნევდაო.
მაჩიტა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, რომ ქალაქიდან არც ისე შორს, პატრიარქი ხეების ჩრდილში ვისხედით და ღვინოს ვწრუპავდით. საუკუნეთა კვალის ამოცნობას იმ ცაცხვის ვარჯზე დაკვირვებით ცდილობდა, რომელიც სასახლის ნანგრევების შუაგულში ამოსულიყო. მონდომებით გვიხსნიდა, რომ მეგობრობა ხეებმაც იციან და მიწის სიღრმეში შეზრდილი ფესვებით ერთმანეთს ეხმარებიან. კეთილგანწყობას ქარტეხილების დროსაც ინარჩუნებენ და მაშინაც, როცა ფოთოლი არ იძვრისო. მერე ხეთა თანადგომაში დასარწმუნებლად ზემოთ აგვახედა: თელას მხოლოდ იქამდე ჰქონდა ტოტები გაშლილი, სანამ ნეკერჩხლის ყლორტებს შეეხებოდა – მეგობრობისთვის ჩრდილი რომ არ მიეყენებინა.
მე სხვა ფესვებზე ვყვებოდი: ნიჩბისის ხეობაში ბარი რომ დაჰკრა, საგანძურს გადაეყრები-მეთქი. განა ვტყუოდი, მიწის დამუშავების დროს თუ ექსპედიციისას ბრინჯაოს სამაჯურებიც აღმოუჩენიათ, არწივისთავიანი ვერცხლის აბზინდაც, მინის სალღობი თაკარაც და რუსუდანის დროს დაფლული განძიც – ზარაფხანიდან სალაროში, ქისიდან ქისაში, ხელიდან ხელში გამოვლილი ათას ხუთასამდე სპილენძის მონეტა, დიდწილად ქართველი მეფეების სახელზე მოჭრილი. ისიც უნდა ითქვას, რომ ახლომახლოში, ნატბეურის კლდეზე მიშენებული სახელოსნო და მიწაში ჩაფლული მინის წვეთები კიდევ უფრო ძველ ამბებს ინახავდა, ვიდრე ჩვენი მასპინძელი თავკაპიწა.
შავჩოხამ ხან წრფელი ინტერესით, ხანაც თავაზიანობის გამო ყურადღებით გვისმინა და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს, რისთვისაც შევიკრიბეთ, მაჩიტას ავსტრიისკენ გზა დავულოცოთო. ჭიქა ფაქიზად მოგვიჭახუნა, სადღეგრძელო შესვა და „მგზავრულიც“ შემოსძახა. მართალია, ერთმანეთს ხმები ვერ შევუწყვეთ, მაგრამ ტყეში სიმღერამ ყველანი გაგვამხიარულა და მაჩიტას ზალცბურგში სტუმრობასაც დავპირდით.
სანამ წამოვიდოდით, ზურგჩანთიდან პატარა ნიჩაბი ამოვიღე, თაღიან კედელს მივუახლოვდი და ნაშალის ქვეშ მიწა მოვსინჯე. კემულარიელამ, ამას ახლა მოუნდა არქეოლოგობაო და ნასუფრალს ცელოფნის პარკში მოუყარა თავი. მაჩიტამ, კოღოების შემოსევაა, დროა, გზას გავუდგეთო და უკვე ნაცნობ ბილიკს პირველი გაუყვა. მეც ჩემი საქმე რამდენიმე წუთში მოვითავე და მალევე დავეწიე. ახლა ბატკანძერი რომ ვიყო, ფრთის სამ მოქნევაში სახლში აღმოვჩნდებოდი-მეთქი და „ყაჯირი 001“ ვახსენე. გოგოებს ვუამბე, რომ ცოტა ხნის წინ ნიჩბელებმა დაუძლურებული ფრინველი იპოვეს და ზოოპარკში ჩაიყვანეს. ოპერაციის შედეგად გაირკვა, რომ საბრალო კრავიჭამიას ლეშის ძვლის ნაცვლად დანა ჰქონდა გადაყლაპული.
– უიმე, ეს ლამაზი ფრინველი მემძორიაა?! – ამრეზით იკითხა კემულარიელამ, როცა მობილურის ეკრანზე დიდებული ფრინველის ფოტო გამოისახა.
– მაშ, შენ შეშჭამ ლეშსა?! – შავჩოხამ ბუნების კანონზომიერება ქართლური პირდაპირობით შეახსენა.
ისე მოხდა, რომ ყაჯირის ამბავი ვერ დავასრულე, რადგან მაჩიტამ ყურადღება მხარზე შემომჯდარ ჩოქელაზე აუღელვებლად გადაგვატანინა.
უკანა გზა გაცილებით მოკლე მოგვეჩვენა. ჩვეულებრივ, ასეა: როდესაც უცნობ მარშრუტს გადიხარ, გზა უფრო გრძელიც გგონია და სახიფათოც, დაბრუნებისას კი მშვიდი გონებითა და მოდუნებული სხეულით მთელი სისავსით აღიქვამ ხოლმე იქითობისას შეუმჩნეველ მშვენიერებას. ცხადია, ზემო ნიჩბისის ბოლო სახლიც პირველი აღმოჩნდა – სამშვიდობოს გასვლის მახარობელი. მაშინღა მივხვდი, რომ ეს მომცრო ფიცრული ერთდროულად სოფლის მცველიც იყო და ტყის გუშაგიც, ხესაც იცავდა კაცის ხელისგან და ადამიანსაც ველური ბუნებისგან, ან შესაძლოა, სულაც სასაზღვრო პუნქტი იყო წარსულსა და აწმყოს შორის მოგზაურთათვის. ჩვენს ხმაურზე ფიცრულიდან ნაბია ჩიტივით მსუბუქმა კაცმა გამოიხედა:
– გაბრო, როგორა ხარ, გაბრო?! – შავჩოხამ მოხუცი შინაურულად მოიკითხა.
გაბრო ისეთი გამხდარი იყო, როგორც აქაურები იტყვიან – ამოდი, სულო და ჩადიო. ყვრიმალები ამოსჯდომოდა, ხელის გაყვითლებული მტევნები სხივებს დაეღარა და პაწია, ცისფერი ბროლები თვალბუდეებში ჩასცვივნოდა. სალმის ნიშნად თავი დაგვიქნია, უცხო სტუმრების დანახვამ შეაკრთო და კარს უკან მიიმალა.
– კიდევ კარგი, ფინთ წარბზე არ დაგვიხვდა და ცხენი არ მაიკითხა! – შავჩოხას ტუჩის კუთხესთან ღიმილი გაუკრთა.
– დაეკარგა? – ერთხმად ვკითხეთ მე და კემულარიელამ.
– განა ერთი და განა თავისი?! სუ სხვადასხვა სახელს ამბობს და ეგ რო ცხენს ახსენებს, მთელი სოფელი სიკვდილის მოლოდინში გასულკეთილდება ხოლმე.
– ცხენის ხსენებაზე?! – გაიკვირვა მაჩიტამ.
– ჰო, წელს იყო, თებერა ახსენა და პელო წავიდა, შარშან საღარამ ზაქრო წაიყვანა, იმის წინა კიდევ კატუა – ბერკვიცამ, ზედ ახლიწლებზე! ეტყობა, სიკვდილის წინ ცხენი დაინახა და ისეთი შიში ჭამა, მკვდარს თვალები ვერ დაუხუჭეს.
სამივე დავდუმდით. მაჩიტამ, ყელზე წკიპურტი დაირტყა, მთვრალია და იგონებსო. მე კი მეგონა, რაღაც ისეთს ჰყვებოდა, ჩემს ორკარა ცხოვრებას სამუდამოდ რომ შეცვლიდა – ან ქალაქს ვეღარ შევეგუებოდი, ან აქაურობას. ნიჩბელებს რომ ჰკითხო, დაჩა და სოფელი ერთია, მაგრამ ეს ამბავი ზღაპრადაც კი პირველად მესმოდა.
– ისე კი, მადლიანი კაცია, მსუდრავია, ყველა უცრემლო მკვდრის გამბანი და შემმოსველი ეგ არის.
სანამ ვარდისუბნისკენ გადავუხვევდით, შავჩოხამ გაბრიას ამბავი წვრილად გვიამბო. კვირაში ერთხელ ტირიფის ხემდე ჩადის და რასაც სოფელი გაიმეტებს, თავს იმით ირჩენსო. უწინ თურმე ძეგვიდან კავთისხევამდე დაეხეტებოდა, თავი დალაქობით გაჰქონდა და სადაც დაუღამდებოდა, იქ უთენდებოდაო. ერთხელაც ზემო ნიჩბისში ამოსულა და ჩვენი კაცები დახვედრიან გეჯერათმიანებიო. ჯერ გოგიამ ანდო თავი, მერე ალექსა გაკრიჭა და რიგიც დაუდგაო: იოსკა, თადე, ვანო, დათია, ბარაშა, თომა, შალა, სიკონა, პეტრე… ბოლოს არჩილას წყაროში ჩაუხედავს, თავზე ხელი გადაუსვამს და უთქვამს, ამას მხოლოდ მკვდარი ენდობაო. მერე კარგადაც უქეიფიათ და იმავე საღამოს კაცებს გაბრო მწყემსების ნადგომ ფიცრულში დაუბინავებიათ…
ამასობაში შავჩოხას ღვინო მართლაც მოეკიდა და მოხასიათდა. პაპაჩემმა თუ მიკითხა, ვითომ თქვენთანა ვარ, თემოსთან გოგოები მელოდებიანო, თვალი ჩაგვიკრა და სოფლის გზას წმინდა მარინეს ეკლესიისკენ აუყვა.
გორული მწვანე ალაპარაკდა.
რამდენიმე თვის შემდეგ, ნოემბრის ერთ მზიან დღეს, მე, ფარსმანდუკი, თავკაპიწის ტყეში მარტო წავედი. შავჩოხას ვუთხარი, შენი გაყოლა არ მინდა, მაგრამ ყურადღებით იყავი, გზა თუ ამებნა, დაგირეკავ-მეთქი. მინდოდა, მარტოობის შიში სამუდამოდ დამეძლია, რისთვისაც დიდხანს ვემზადებოდი. გზად კვლავ ყაჯირზე ფიქრი ამეკვიატა, საფრენ ვოლიერში მოღონიერების შემდეგ თვალებახვეული იმავე მთაზე რომ დააბრუნეს, თვალყურის სადევნებლად ზურგზე პატარა მოწყობილობა დაუმაგრეს და ფერდობის ქარებს მიანდვეს. ბატნკანძერის ოქროსფერი გულმკერდისა და წითლად შემორკალული თვალების წარმოსახვამ, ფერთა პალიტრის უცვლელად, ყვითელ ფოთლებს შორის მოკიაფე კურკანტელები გამახსენა.
შეიძლება, სიტყვა „კურკანტელი“ ეკალას კენკრას უფრო ესადაგებოდეს, მაგრამ ყველა მომცრო წითელი ნაყოფი, რომელიც შემოდგომის ტყეს ამშვენებს, ჩემთვის სწორედ ასე ითქმის – შინდი იქნება, ჭანჭყატა, ღვია, კუნელი, უთხოვარი, ჩიტავაშლა, ძახველი თუ ჭყორი, ზოგისთვის ირმის საკვნეტელად ცნობილი. როგორც ნიკო პაპა ჩვენებურ კოწახურებზე წერდა, ნაყოფის აღწერა მხოლოდ ფერის აღნიშვნით სრული ვერ იქნება, რადგან წითელი შეიძლება იყოს ძოწეული, მუქი, კაშკაშა, მკრთალი და სხვაო. იმ „სხვაში“ კი, შესაძლოა, მეწამული, ალისფერი ან თუნდაც Grenade 65 – ჩემი პომადის ფერი – იგულისხმებოდეს. თუმცა, რა ტონისაც უნდა იყოს, ამ სიწითლეს თანაბრად იხდენს შეყვითლებული ფოთოლიც და მწვანედ შერჩენილიც.
ერთი ძველი გამოთქმისა არ იყოს, ტყე ისეთი უნდა იყოს, ჩიტს კურკანტელი გაჰქონდესო. ალბათ მეც სწორედ ამიტომ მომხიბლა ერთმა წიგნმა, რომლის 89-ე გვერდზეც ცირცელის წითლად დახუნძლულ ტოტზე შემომჯდარი შაშვი ეხატა. კრებული კი მლხენელებსა და სამკურნალო მცენარეებზე იყო, უფრო კი – რწმენაზე, რომ არ არსებობს დაავადება, რომელიც არ იკურნება და არც მცენარე, რომელსაც განკურნების უნარი არ გააჩნია. ერთი ესაა, რომ ზოგი ყინვამდე უნდა დაკრიფო, ზოგი კი მოყინვის შემდეგ. ცხადია, ასკილსაც თავისი წესი აქვს, მაგრამ ისეც ხდება, რომ ერთ ტოტს შემჭკნარი ნაყოფიც შერჩება ხოლმე და სქელ კანში გამოკვართულიც. თუმცა, გვარი ერთი აქვთ და ორივემ იცის – ნებისმიერი ვარდი რომ დააძინო, ისპაჰანი იქნება, პილიგრიმი თუ… მესამის სახელი დამავიწყდა, საკუთარ ფესვს დაუბრუნდება და ისიც ასკილად იქცევა.
ვარდის სახელზე ფიქრისას აღმოვაჩინე, რომ თავკაპიწის ტევრი ძალიან ჰგავდა სიტყვების ტყეს, სადაც ჩემი აფორიაქებული გონება დაძრწის ხოლმე სათქმელისთვის თავმოსაყრელად. ხანდახან უძილობამ, შფოთვამ და კაეშანმა შეიძლება ისე გამიფანტოს აზრი, ისე გამომფიტოს, რომ წინადადების აგებისას ყოველ სიტყვაზე სათითაოდ ვფიქრობდე, მათ შესაკავშირებლად მეტისმეტად ვირჯებოდე და წარმოთქმისას პირი მიშრებოდეს. ამასობაში ერთი მათგანი მოულოდნელად გამისხლტება, თვალს მიეფარება და ფიქრსაც გაიყოლებს. უხერხული დუმილის გადასაფარად, დარწმუნებით ვიტყვი: „ენის წვერზე მადგას, გამახსენდება!“, დაკარგული სიტყვა კი უჩემოდაც განაგრძობს არსებობას, არც მნიშვნელობა დაუკარგავს და არც ჟღერადობა, მაგრამ ჩემს შესაწევნად უკუნიდან თავი ვერ დაუხსნია.
როგორც კი უღრან ტყეში აღმოვჩნდები, თავგზა კიდევ უფრო ამებნევა, რადგანაც სიტყვა მრავალგვარი შეიძლება იყოს: მართალი, გატეხილი, ბრტყელი, მახვილი, ლიტონი, ჩამოგდებული, საჭირო, კეთილი, ავი, ტკბილი, მწარე, მტკიცე, მიცემული, შებრუნებული, შენახული, ზედმეტი, გამეტებული, მოსწრებული, ფუჭი, ბილწი, ცარიელი, ბანზე აგდებული… მე კი სწორედ ის უნდა ვიპოვო, რომელსაც ვეძებ და ადვილად მოხელთებული სიტყვის ცდუნებას არ ავყვე. სრულიად მოულოდნელად წყვდიადში მინიშნება გაიელვებს. ღრმად ჩავისუნთქავ, თვალებს დავხუჭავ და დავინახავ იმას, რასაც თვალგახელილი ვერც კი ვამჩნევდი – საჭირო სიტყვას! ტოტზე გამოდებულს, ხის წვერზე შემომაღლებულს, ლოდზე დადებულს, ხავსში ჩამალულს… ან სულაც კუნძზე უდარდელად მოსვენებულს – როგორც შავჩოხა იტყოდა, „ყურდოზე ზის და ანაღვლე!“. ჯერ თანხმოვანი გამოასწრებს ხმოვნებს, ან ერთი მარცვალი სხვა დანარჩენს და როგორც კორომში მზის სხივი, სანუკვარი ბგერათშეთანხმებაც გამოანათებს.
მესამე სახელმა, იგივე სამოთხის ვარდმა, გონებაში მოულოდნელად გაიელვა. რ-რ-რ, პიერ დე რონსარი! – გახარებულმა წამოვიძახე და ისევ დაკარგვის შიშით პირზე მივიკერე.
მუხის ძირში შევისვენე და ხის ფესვზე ჩამოვჯექი. მიწა დანაკვთული ფოთლებით და რკოებით იყო მოფენილი. ზოგი ნაყოფი ჩამოვარდნისას ბუდიდან ამოვარდნილიყო, ზოგიც ტყუპად ეგდო, მოკლე ყუნწით ერთმანეთზე გადასკვნილი. გამახსენდა, ბავშვობაში რკოებს რომ ვაგროვებდით, ხაოიან ქუდებს ვაცლიდით, თითებზე ჩამოვიცვამდით და ხელებს ერთმანეთთან ვალაპარაკებდით. რკოებით თამაში უდანაკარგო იყო, რადგანაც უქუდოდ დარჩენილი ნაყოფისგან სასტვენებს ვაკეთებდით. გადავწყვიტე, ახლაც იგივე მეცადა და ბავშვობის დროინდელი თავშესაქცევი გამეხსენებინა. მიუხედავად იმისა, რომ რკო ნედლი და მწვანე აღარ იყო, გასაღები მოვიმარჯვე, ქუდის სამაგრთან ჩარბილებული ნაყოფის გარსი ამოვტეხე და ოვალის შიგთავსის ამოსუფთავება დავიწყე. გულის იმგვარად ამოღებას, ზედაპირი რომ არ დაზიანდეს, ნებისყოფა, მონდომება და გაწაფულობა სჭირდება. მერე კი შეგიძლია, ქვედა ტუჩთან მიიდო, ზედა ოდნავ გადმოაფარო და ჰაერიც ჩაბერო. თუმცა, რადგან შემოდგომის რკო უკვე ხმელი და გამომშრალი იყო, კაფსულა გაიბზარა და გზის მეორე მხარეს დაუნანებლად მოვისროლე, რადგან საჭიროების შემთხვევაში თითებით სტვენაც ბევრზე უკეთ შემეძლო.
სოფლის ბოლოს რომ მივუახლოვდი, გაბრია გამომეგება. ზაფხულთან შედარებით კიდევ უფრო დაძაბუნებულიყო, თუმცა ამ უძლურებაშიც რაღაც ამოუხსნელ ძალას ასხივებდა. იმის გაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი, ნეტა, ცხენი არ მოიკითხოს-მეთქი, რომ ტყის ვაშლით სავსე პეშვი გამომიწოდა და დაჟინებით მომაჩერდა. ცისფერი ბროლებით ისე მომაჯადოვა, რომ ხელი უნებლიედ შევაგებე. იმ წამიდან გზა ორად გაიყო – რაც აქამდე ამოვიარე და რაც სოფლის ბოლოდან სასახლის ნანგრევებამდე უნდა გამევლო.
– ცხენია დაკარგული და სოფელს ვერ აგნებს! – მოხუცის ხმა განაჩენივით გაისმა.
ვიფიქრე, ახლა უკან გავბრუნდები და იქნებ ერთი ადამიანის ბედისწერა ასე მაინც შევცვალო-მეთქი, მაგრამ თავკაპიწისკენ ისეთი ანდამატი მიზიდავდა, გზიდან ვერაფერი გადამახვევინებდა. გაბროს ნებას დავყევი და ცხენის სახელიც ვიკითხე.
– ებე! იგეთი კუდნავარდაა! ვაშლით გამოიტყუე, – უკბილო ღიმილით მამცნო.
– მეყოფა? – ნაყოფს გემო გავუსინჯე და ხეს გავხედე.
– წაიღე კიდე, ნახე, რამდენი ასხია, სუ ტოტები ჩამოსტირის.
შარვლის ფართო ჯიბე ცხენის საცდუნებლით გავივსე და ტყისკენ გავუყევი. მივხვდი, რომ ადვილი გზა არ მელოდა. ბედისწერის მძაფრმა შეგრძნებამ მარტოობის შიში გადაფარა: რახან კანდელაკები სულ იმას იმეორებენ, დაჩა და სოფელი ერთიაო, იქნებ იმ გრძელ სიაში, გაბრიას განგებისგან რომ ეუწყებოდა ხოლმე, ჩემი სახელი და გვარიც ეწერა. თუმცა, ისიც ცხადი იყო, რომ ნიჩბელთა მიწებზე დაფუძნებული ახალი მოაგარაკეები ჯერ მხოლოდ წყაროს წყლის უყაირათო მოსარგებლეებად მივიჩნეოდით, ზაფხულობით ნაკადს რომ წრეტდნენ და შექმნილი უხერხულობის ასანაზღაურებლად არხის გაწმენდის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებდნენ. მართალია, ხიფათიანი არ მეთქმოდა, მაგრამ თავს მთლად უსაფრთხოდ არ ვგრძნობდი. ალბათ ამიტომ მომცრო ტომსიკაში გამოკრული ფარსმანდუკის ხმელი ყვავილი სანატრელ სიმშვიდეს მგვრიდა – ისე, როგორც ყველა მეომარს, რომელსაც ოდესღაც ეს ხეობა აევლო და ჭრილობაზე დასაფენად ხელს გაეყოლებინა.
თავი მალევე მოვთოკე, ებე ჩემი სულისა არ არის-მეთქი. მორჩა!
ამინ და კირიე-ელეისონ!
თავკაპიწას როგორც კი მივუახლოვდი, ტყის სიღრმეში კვამლი შევამჩნიე. ვიფიქრე, ან ხმელ ფოთლებს წაეკიდა, ან ვიღაცებს მოულხენიათ და ცეცხლის ჩაქრობას არ დალოდებიან-მეთქი. მოულოდნელად რამდენიმე ადგილიდან ბოლი ერთდროულად ამოიფრქვა, თუმცა უცნაური ის იყო, რომ დამწვრის სუნი არსაიდან იგრძნობოდა. თანდათან ხილვადობა გაუარესდა და თავკაპიწის ნანგრევებიც გაუჩინარდა. ნესტის სუნზე მივხვდი, რომ მიწის ფორებიდან ნისლი ამოდიოდა. მოულოდნელად საკუთარი სხეულის წონის შეგრძნება დავკარგე, თავს ისე ლაღად და მსუბუქად ვგრძნობდი, როგორც ბავშვობაში – ლიხს იქით პეტერე და ლიხს აქეთ პატრა რომ ვიყავი. რძისფერმა საბურველმა ჯერ ნიადაგი დაფარა, მერე ბუჩქები გაუჩინარდა და ბოლოს ხეები შთანთქა. დავფრთხი, ნისლში მხარი არ ამექცეს-მეთქი და ერთ ადგილას გავშეშდი.
მოულოდნელად ცხენის ჭიხვინი შემომესმა და სხეულის ჩვეული შეგრძნებაც წამიერად დამიბრუნდა. გავირინდე, მზერა დავძაბე და მომეჩვენა, რომ ნისლში ცხენის თავი გამოიკვეთა. ჯიბიდან რამდენიმე ვაშლი ამოვიღე, უნებლიედ იქით გავიწიე და პეშვი გავუწოდე. ებე, ებე-მეთქი, დავუძახე და მომდევნო ნაბიჯი უფრო თამამად გადავდგი – იქნებ ვიღაცა სიკვდილს ნატრობდა. ამასობაში ცხენის მთლიანი სილუეტი დავლანდე და ისევ შევჩერდი, რამე არასწორად არ მოვიმოქმედო და არ დავაფრთხო-მეთქი. ბედაურის გადაადგილებასთან ერთად თითქოს სქელი ნისლიც შეტორტმანდა და ჰაერის მსუბუქი რხევისგან ჟრუანტელმა დამიარა. ებე-მეთქი, ვაშლები ძირს დავყარე, უკან დავიხიე და ისევ ჩემკენ ვუხმე. ახლა საპირისპირო მხრიდან მომესმა ფრუტუნი და იქით მივტრიალდი. ამასობაში ნისლი ისე შედედდა, ფთილებს ხელით ვგლეჯდი და წინ ისე მივიწევდი, ოღონდ კი თეთრი ცხენი ცხადად მეხილა და სოფლისკენ გამეტყუებინა.
უცებ ტოტის ტკაცანი გაისმა და მთელი ტყე ერთბაშად შეიშალა. ხმელი ფოთლების შრიალს ჯირითის, ჩორთის და ჭენების ხმა ყველა მხრიდან ერთდროულად მოჰყვა. თითქოს ერთი ფაფარაშლილი ცხენის ნაცვლად, ნისლს მიწიდან მთელი რემა ამოჰყოლოდა. თითისტარივით ვტრიალებდი, ნისლის ნართში ვეხვეოდი და გამაყრუებელ ხმაურში ებეს ფლოქვების ხმის გამორჩევას ვცდილობდი. საით წავსულიყავი, არ ვიცოდი, თავგზააბნეული ჰაერს ხარბად ვიყნოსავდი და გეშის აღებას ვცდილობდი. ბოლოს ალღოს მივენდე და დამრეც ბილიკს მივყევი. უეცრად ნამიან მიწაზე ფეხი დამიცდა და ციცაბო ფერდზე დავცურდი. ხის ფესვს მარჯვედ მოვეჭიდე და მივხვდი – ეს სწორედ ის დაქანებული მხარე იყო, საიდანაც სასახლეს გალავანი არ ერტყა. თანდათან ხელებში ძალა დავკარგე და ხევის სიღრმე ფეხქვეშ დაგორებული ქვების ხმით გავზომე. მოულოდნელად ზურგში ძლიერი დაქაჩვა ვიგრძენი, უხილავმა ძალამ ჰაერში ამიტაცა და ზემოთ მომისროლა…
არ მახსოვს, გულაღმა რამდენ ხანს ვიწექი. ნისლი თანდათან მიწაში ჩაბრუნდა და შემოდგომის მზემ წიფლის ფესვებამდე ჩამოაღწია. დამძიმებულ ქუთუთოებს ძლივს მოვერიე და ორ ტოტს შორის მოქცეულ ცის ნაგლეჯს მივაშტერდი. ლაჟვარდისფერი და გამჭვირვალე კამარა ზამთრის მოახლოებას მოასწავებდა. „ყველა სიყვარულს ზამთარი გამოცდის“ – გ. თ. -ის შარშანდელი ნათქვამი გამახსენდა… გული გამალებით მიძგერდა, მთელ სხეულზე ჭიანჭველები დამდიოდნენ და ჩემს გაცოცხლებას ცდილობდნენ. იქნებ ყაჯირმა გადამარჩინა-მეთქი, გავიფიქრე და ჩემს წარმოსახვაში ყველა ზღაპრული ფრინველი ერთიანად წამოიშალა. სოლისებურად დამწკრივდნენ, თითქოს ზეცაში გუთანს აბამდნენ, თავკაპიწას წრეს უვლიდნენ და მჭახე ხმებს გამოსცემდნენ. სხეული ძლივს დავძარი, იდაყვებს დავეყრდენი და იქაურობას თვალი მოვავლე. არც ცხენი ჩანდა, არც კრავიჭამია და არც რაიმე ნიშანი იმისა, რომ რაც ვიხილე, ნამდვილად იყო.
ზანტად წამოვდექი, ბირკებისგან თავი გავითავისუფლე და სასახლის ჩრდილოეთით გავემართე. ზურგჩანთის მოხსნის და ნიჩბის ამოღების თავი აღარ შემრჩენოდა. მარჯვნიდან მესამე ქვა გადავთვალე და კედლის ძირში მიწის თხრას დაბუჟებული თითებით შევუდექი. ორიოდე წუთში ყველა ფრჩხილი შავად შემოირკალა, ჩემი საგანძური კი მაინც არ ჩანდა. სამაგიეროდ, ჩამხმარი ფესვებით შემკვრივებული ბელტი ხელში მალევე შემრჩა. ფხვიერი მასა ადვილად დაიფშვნა და ვერცხლის ბეჭედმაც ამოანათა მოელვარე ძოწითა და მოციმციმე მარკაზიტებით. ვინ იცის, ამ ხნის განმავლობაში რამდენი დელგმა და ავიზამათი გამოევლო, მაგრამ ბუნებას მიწაში კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო და ჩემთვის შემოენახა.
ბეჭედი ამ ზაფხულს უღრან ტყეში განგებ დავტოვე, რომ ერთ მშვენიერ დღესაც სწორედ მის გამო ავბრუნებულიყავი და მარტოობის შიშისგან თავი დამეღწია. მჯეროდა, რომ განძის დასაბრუნებლად თავკაპიწისკენ მიმავალ გზას უშიშრად ავივლიდი, უფრო იმ ბედნიერ დღეთა ნათებით, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი „ჟამე ვუ“-ს1 არსი. „ეს რა ლამაზი ბეჭედი გიკეთია! – ერთ მშვენიერ დღესაც დედაჩემმა თავისივე ნაჩუქარ სამკაულზე მითხრა, – და რა მშვენიერი თითები გქონია“… თითქოს პირველად ხედავდა იმას, რაც მისთვის ასე მშობლიური და ძვირფასი იყო.
უკანა გზაზე ფიცრულს შორიდან ავუარე. ისევ გაბრიას ცისფერი ბროლები რომ მეხილა, ალბათ ადგილზე გავქვავდებოდი. თან არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა და საერთოდ, უნდა შევყოლოდი თუ არა ამ საბედისწერო თამაშში. როგორც კი სოფლის გზაზე გადავუხვიე, ნახირი შემომხვდა და ზანზალაკების ხმამ სიმშვიდე მომგვარა. ხარ-ძროხაზე შებმული ზარების წკრიალმა ყოველდღიურობის დღესასწაულის შეგრძნება და სანეტარო სიმშვიდე ერთდროულად მომგვარა. გეჩო, ჰაი, გეჩო! – წითურმა ბიჭმა გზას აცდენილ ხბოებს მკვირცხლად შემოუძახა. მაკე ძროხა ნახირს ჩამორჩა და აღმართს მძიმე ნაბიჯით შეუყვა. ფუდედ! – მწყემსს სირბილე დაეტყო ხმაში.
იმავე საღამოს გაირკვა, რომ „ყაჯირი 001“ სულაც არ ყოფილა საქართველოში. როგორც ჩანს, ბუნებაში დაბრუნებულმა მეწყვილესთან შეხვედრა ვეღარ მოახერხა, ან სულაც მარტოხელა ფრთოსნის თავისუფლება შეიტკბო. ხან აღმა აჰყოლია ფერდობის ქარებს, ხან დაღმა და ბოლოს გეზი სომხეთისკენ აუღია. საბოლოოდ ლორეში, მდინარე სედნის ხეობაში, დაბუდებულა. აქედან გამგზავრებული ექსპედიცია ცისმარე დილას ყაჯირის ღამის გასათევ კლდეებს მისდგომია და ნაცნობი ფრინველიც მალე გამოჩენილა. ცოტა ხანში ქალბატონი ბატკანძერიც მოფრენილა და ჩვენს ბიჭს გვერდით მისჯდომია. მაძიებლებს მათი სავარაუდო ბუდისთვისაც მალე მიუგნიათ, თუმცა ამასობაში სტუმრიანობით შეწუხებულ მოარშიყე წყვილს ფრთები გაუშლია და ხეობის სიღრმეში გაუჩინარებულა…
აივანზე ვიჯექი, ცაცხვის ჩაის ვსვამდი და მთვარეს გავყურებდი. ისეთი სიჩუმე იყო, ჭივჭავი არ ისმოდა. ვიფიქრე, გოგოებს მივწერ, რომ ჩვენი კომპანია ყაჯირის შესანიშნავი მაყრიონი იქნებოდა-მეთქი: მე – ფარსმანდუკი2; ანასტასია, იგივე სტეიჟა, კემულარია – კავკასიური კემულარიელა3; მარიკო ყანჩაველი – ყანჩაველის მაჩიტა4 და მიქო კანდელაკი – შავჩოხა5.
მეტსახელები ამ ზაფხულს კარტის თამაშის დროს მარიკომ შეგვარქვა და ჩვენც შევირჩინეთ.
იორდასალამი! – მივიწერე ჯგუფურ ჩათში, სახელად „გოგოების გასახდელი“, რაც მაჩიტას ლექსიკონში გამარჯობას ნიშნავს. არავინ შემომხმიანებია, სტეიჟა ალბათ ლექციაზე იყო, მარიკო – ისევ სამსახურში.
დედაჩემის ნაჩუქარი ბეჭედი მოვიხსენი, ჟაკეტის სახელურით კიდევ ერთხელ გავწმინდე და მთვარე ვერცხლის რკალში მოვაქციე. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ შავჩოხას დავურეკე და მოკლედ ვუთხარი:
– ცხენი მაიკითხა. ებე ჰქვია!
ეგ იყო და მეორე დილიდან სოფელი აღარ იცნობოდა: ზოგი უმზეურის ღვთისმშობლის მოსალოცად მიდიოდა, ზოგი კვირაცხოვლობის ნიშასთან ანთებდა კელაპტარს, ზოგიც კიკოლაანთ საყდრის კედლებს კოცნიდა. ვალები გაისტუმრეს, განაწყენებულები შემოირიგეს, დედასახლები მოინახულეს, მეგობრებს გულისნადები გაანდვეს, ნათესავები მოიკითხეს – სისხლმა სამდურავს აჯობა. ხან ამაოების განცდა დააკარგვინებდათ სიცოცხლის ხალისს, ხან მოხასიათდებოდნენ და გაიხუმრებდნენ, თავკაპიწას ბედაურების გამოქროლება და გაბრიას უსიტყვო ქადაგება როგორ გაგვასულკეთილებს ხოლმეო. ხანაც გაიკვირვებდნენ, უწინ ეგ ბერიკაცი ცხენს რომ მოიკითხავდა, მეორე თუ არა, მესამე დღეს მაინც გაემგზავრებოდა ვინმე გაღმა სოფელში, ახლა მთელი კვირა გავიდა და თავიც არავის წამოსტკივნიაო. ან ის გოგო ტყუის, ამბავი ვინც ჩამოიტანა, ან რაღაცაშია საქმე, რისი ახსნაც ადამიანის გულსა და გონებას არ შეუძლიაო. სოფლის ამბები საღამოობით შავჩოხას მოჰქონდა, თორემ მე სალმის იქით ნიჩბელებთან გამოლაპარაკებისაც მერიდებოდა.
ებეზე ფიქრი არავის ტოვებდა, ელოდნენ ყველგან და ყოველ წამს.
აივლიდი და გაიგონებდი: – მაშ, ერთბაშას და უყაირათოს რო მეძახდით, ვინ მაიგო?!
ჩამოივლიდი და ყურს მოჰკრავდი: – ეჰ, ეგრე ბრმა კვირტად რად გავლიე წუთისოფელი?!
წყაროსთან ჩამოდგებოდი და ვიღაც დასჭექდა: – არა, ომარხნობის დროინდელები აქა ხართ და რაღა მე უნდა წამიყვანოს?!
მერე გამოჩნდებოდა ერთი, რომელიც საჩვენებელ თითს მაღლა ასწევდა, სმენად იქცეოდა და იტყოდა, უცებ ჭიხვინი შემომესმა, მაგრამ ეტყობა, ის არგასაშვები ბალღები თამაშობენო. ბავშვებმა კი მართლაც ძალიან მოილხინეს. ხან ერთის ღობესთან ატეხდნენ ფრუტუნს, ხან მეორის ჭიშკარს მიადგებოდნენ და სასაზე ენის მიბჯენით ფლოქვების ხმას გამოსცემდნენ.
კვირის თავზე ებეს ლოდინით დაღლილმა სოფელმა ტირიფის ხესთან ლხინი გამართა. არაფერი დაუშურებიათ, გამოიტანეს, თუკი რამ ებადათ, სულ საუკეთესო და სათავისო. მეც ჩემი საფირმო შტრუდელით გამოვიდე თავი და ქალებს სუფრის გაშლაშიც მივეხმარე. ყველას აუხსნელი ლხინი შესდგომოდა: მღეროდნენ, ცეკვავდნენ, მასხარაობდნენ – სიცოცხლეს თავს აწონებდნენ.
– შენ რათა, მე წამიყვანოს! – ერთმანეთს ეხვეოდნენ კაცები.
– არც შენა და არც მე! – კისკისებდნენ მოფუსფუსე ქალები.
– მა, ვინა?! – სიცილს ატეხდნენ ლოყებშეფაკლული გოგო-ბიჭები.
ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ებემ იცოდა. ებე კი ყველას თავისებურად წარმოედგინა: თეთრიც და წაბლაც, ჯაგლაგიც და ბედაურიც, კვიციც და ბეხრეკიც, ულაყიც და ფაშა ტიც, შეკაზმულიც და გაუხედნავიც. ვიღაცამ ისიცა თქვა, სინამდვილეში თებერაც, საღარაც, ბერკვიცაც და ებეც ერთი ცხენია, ჩლიქები დაუავადდა, პატრონმა მოსაკლავად ვერ გაიმეტა და ტყეში სამგლედ დატოვაო. ის გვიკვირდეს, აქამდე ცოცხალი რომ არის და ზამთარ-ზაფხულ ტყე ასაზრდოებს, მერე რა, თუ ხანდახან სოფელს ლანდად მოადგებაო.
სიცოცხლე მეცხრედ რომ ადიდეს, ქალებმა ლხინი დამთავრებულად მიიჩნიეს, სუფრა აალაგეს და ლანგრებით წყაროსკენ გაემართნენ ჭურჭლის დასარეცხად. კაცებმა თონის პური და ღვინო არ დაანებეს, ჩვენთვის ვისხდებით, ხელს არ შეგიშლითო. ზოგი ისევ გაბროზე ბრაზობდა, სანამ ეგ გამოჩნდებოდა, ისე ვცხოვრობდით, როგორც გვეკუთვნოდა, კაცი არსებაში გამოვიყვანეთ და არ დაგვინდოო. ზოგმა, დავუძახოთ, მოვიდეს, განა ამისთანა რა ბრალი მიუძღვის, სულიერი რომ მოვიძულოთო. რახან ვერც ქალებში გავერიე და არც კაცებში იყო ჩემი ადგილი, მე წავალ და ჩამოვიყვან-მეთქი, თავი გამოვიდე. ბეჭედი ცერა თითით მოვისინჯე და გული მომეცა.
გზად მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ამ შიშიანობისა და სიკვდილთან შეთამაშების დროს ყველაზე მშვენიერი რამ სოფლის უხუცესმა რძალმა, დიდი ოჯახის დედამ და თვალმა, წინარეხელმა ევიამ წარმოთქვა: ჩემი საფლავის ქვა გულთან პინასავით ამოაღრმავეთ, წვიმის წყალი ჩადგება, ჩიტი მოვა და დალევსო. ამის გაგონებისას ალბათ ყველამ ერთი რამ გავიფიქრეთ: იქნებ ებე სწორედ ევიას წასაყვანად მოსდგომოდა სოფელს და გზასაც იმიტომ ვერ აგნებდა, რომ განგებამ სასიკვდილოდ ასაკის გარდა ვერაფერი დაუსაბაბა. მე კი ცხადად წარმოვიდგინე, როგორ ფრთხიალებენ ჩიტბატონები ბედნიერი ქალის საფლავზე, წყალს სვამენ და ჭიკჭიკებენ, ხეთა წვეროკინებისკენ აფრინდებიან და უკან ბრუნდებიან, ნეტარებისგან იფხორებიან და ნისკარტით ზეცას სწვდებიან.
ფიცრულს როგორც კი მივუახლოვდი, გაბრიას შევძახე. თან თვალი ტყისკენ მეჭირა, ებემ გზა ხომ არ გამოიგნო-მეთქი. რახან არ გამომეხმიანა, მეორედ კიდევ უფრო ხმამაღლა დავუძახე. ამასობაში ღობიდან ქოხის კარამდე ვაშლებით მონიშნულ ბილიკზე აღმოვჩნდი. გამბედაობა მოვიკრიბე და კარზე დავაკაკუნე, თან პატარა სარკმლიდან შევიჭყიტე, ორიოდე წამით წინასწარ რომ შემეტყო გაბროს ამბავი. ჩამავალი მზის შუქი მცირე ღიობიდან მაგიდას ეცემოდა, ზედ დოქი, ხმელი პური და ცარიელი ჭიქა იდო. უკვე ვიცოდი, რომ შინ არავინ იყო, მაგრამ კარი მაინც ფრთხილად შევაღე. კედელზე ერთმწკრივად მიჭედებულ ლურსმნებზე სხვადასხვა ზომის მაკრატელი და ხის ნაირგვარი სავარცხლები ეკიდა. უნებლიედ გამიკრთა ფიქრი – ნეტა, ოდესმე თუ განუცდია ის, რაზეც საუკუნეების წინ ფრანგი პოეტი წერდა-მეთქი:
„ეგ შენი თმები აურაცხელი,
ძვირფასო, ჩემთა თვალთა შუქია,
და მშურს, ამ გრძნობას შური თუ ჰქვია,
მათ როგორ ვარცხნის ეგ სავარცხელი“.
როგორც თავკაპიწის ნისლი, მელქიორისა და ხავერდის სურნელთა ნაზავი მოულოდნელად მომეპარა, ნიშნად იმისა, რომ იმ უსიხარულო ფიცრულში რაღაც განსა კუთრებული ხდებოდა. კედელთან მიბჯენილ ვიწრო საწოლს მივუახლოვდი. გაბროს ტანსაცმელი ისე დაეფინა, მწოლიარე გეგონებოდა. ტილოს შარვლის ტოტები ერთმანეთზე გადაედო, თითქოს ფეხები გადაეჯვარედინებინა, პერანგის მკლავებისთვის კი გულ-ხელი დაეკრიფა და საყელო წამოეწია. თითქოს სულ ასე მოხდენილად და არხეინად გაევლო წუთისოფელი. მწყემსების სადგომიდან უკუსვლით გამოვედი, ზღურბლზე წავბორძიკდი და ზღვარგადასულობის შემეშინდა. მივხვდი, რომ იქ არაფერი მესაქმებოდა და ამბავი, როგორც წერილი, ტირიფის ხემდე უნდა მიმეტანა.
ჩემს დანახვაზე ყველა ერთბაშად წამოიშალა. მეც სიტყვა არ დავუგვიანე – ასეთი ამბავია, გაბრია ტახტზე წევს და არცა წევს, გეგონება, კაცი სიკვდილს გაეპარა-მეთქი. გარს შემომერტყნენ, გამომცდელად მომაჩერდნენ და ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხეს. შავჩოხამ, იქნებ კაცი ტყეშია ცხენის საძებრად, გასაჭირი ადგას და ხმას ვერ გვაწვდენს, ფანრებით ხომ არ დავედევნოთო. მხარი არავინ აუბა. ყველა მტანჯველი მოლოდინისგან თავის დაღწევაზე ფიქრს შეეპყრო და უმწეობისგან გარინდულიყო.
სიჩუმე ისევ არჩილამ დაარღვია. ღვინისგან ჩაწითლებული თვალები ყაჯირს მიუგავდა და მღელვარებისგან მალ-მალე ახამხამებდა.
– როგორცა ჩანს, გაბრომ თავისი ჟამი შეასრულა და გრძელი ქვეყნისკენ გაუყვა გზასა. წილკერძი მაგას არ დარჩენია, მაგრამ იცოდეთ… იმის ჩამონავალი ჩვენა ვართ!
სიკვდილის სახელდებისგან შვება იგრძნო და დანამული შუბლი ხელსახოცით მოიწმინდა.
გოგიამ ჭიქაში ჩარჩენილი ღვინო მიწაზე დააქცია.
იოსკამ ხმელი მტევანი გულზე დაიფინა.
დათიამ საკუთარ თავს მუშტი მოუღერა.
სიკონამ თვალები ცისკენ აღაპყრო.
თომამ ფერდში ტკივილი იგრძნო.
პეტრეს ცრემლი ჩამოუგორდა.
თადემ პირჯვარი გადაიწერა.
ვანომ წვერზე ხელი დაისვა.
შალამ ქუდი მოიხადა.
ალექსამ თავი დახარა.
ბარაშა მათ შორის აღარ იყო.
იდგნენ და დიდგორის მთას გაჰყურებდნენ, გაბრია ებეს იქით ხომ არ მიაჭენებსო. წყაროდან მომავალ ქალებს კი უკვე ეხილათ ის, რასაც კაცები თვალს ვერ აწვდენდნენ.
ჩემს გულისძგერას მესამე ტონი შეერია და ექოკარდიოგრაფიის დასკვნა გამახსენდა: გალოპი ისმის მწვერვალზე6.
პიერ დე რონსარი! – გონებაში ისევ სამოთხის ვარდის სახელი ამოტივტივდა და იქაურობას მომწყვიტა…
აივანზე ვიჯექი, ცაცხვის ჩაის ვსვამდი და მთვარეს გავყურებდი. ორშაბათი თენდებოდა და ცხოვრება თავიდან იწყებოდა. დიდგორის მთებს კი არც ცხენის ჯირითი უკვირდათ და არცა სიტყვა, მათრახის გადაკვრამდე ნათქვამი:
„ეჰა, მეომარნო ქრისტესანო!..“
1 Jamais vu (ფრანგ.) – არასოდეს მინახავს.
2 Achillea filipendulina (ლათ.) – მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე.
3 Kemulariella Caucasica (ლათ.) – მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე.
4 Campanula Kantschavelii (ლათ.) – მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე.
5 Anchusa arvensis subsp. Orientalis (ლათ.) – ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე.
6 Apex Cordis (ლათ.) – გულის მწვერვალი.
