პროზა

სანზონა

ელზა გურგენიძე · №09/10 · 15 ივლისი, 2024
  • ფრაგმენტი რომანიდან „სანზონა”


თავი არ უნდა მომეკლა.

არაფერში რომ არ ვარგიხარ, იარაღსაც არ უნდა გაეკარო.

ოქმს ზურა შეადგენდა. ნევროზი მოკლავს მაგას. გრაფიკული ექსპერტიზის გარეშე ათასი ნაწერიდან ამოიცნობ მისი ტრემორიანი ხელით ნაჯღაბნ ზიგზაგებს.

„25“ აპრილი 20** წელი

გენერალური პროკურატურა

თბილისი

ოქმის შემდგენი პირი: საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი ზურაბ ქლიბაძე

დაიწყო: „22“ საათი და „45“ წუთი

დამთავრდა: „23“ საათი და „55“ წუთი

ან იქნებ მეტიც მოანდომეს…

საქართველოს სსრ-ის 125-127-ე მუხლების, ასევე 128-ე მუხლის შესაბამისად, და ამავე უწყების კრიმინალისტიკის დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმი­ნალისტ ლეჟავას მონაწილეობით ჩავატარე შე­მ­თხვევის ადგილის, რომელიც მდებარეობს – თბი­ლისი, გორგასლის ქუჩა 24, საქართველოს გენერა­ლური პროკურატურის შენობის მე-6 სართული – და გვა­მის პირველადი დათვალიერება.

დათვალიერებით დადგენილია შემდეგი:

საქართველოს გენერალური პროკურატურის „შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საქმიანობის კანონიერებაზე საპროკურორო ზედამხედველობის“ სამმართველოს უფროსის კაბინეტში აღმოჩენილია დაახლოებით ორმოცი წლის მამაკაცის სხეული. სავარაუდოდ, იგი უნდა ეკუთვნოდეს ზემოაღნიშნული სამმართველოს უფროს ალექსი ლანდიას. კაბინეტის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, რამაც მისი შემტვრევა გამოიწვია. კარის საპირისპირო მხარეს ფანჯარაა ვერცხლისფერი ჰორიზონტალური ალუმინის კარიდან მარჯვნივ ღია კარადა დგას წიგნებით და საქაღალდეებით სავსე. მარცხნივ – მწვანე ალაგ-ალაგ ატკეჩილი საღებავით სეიფი, რომლის კარიც ღიაა. შემოსასვლელი კარიდან ფანჯრამდე მანძილი შვიდი მეტრია. კარადიდან სეიფამდე – ოთხი მეტრი. ფანჯრიდან ერთ-ნახევარ მეტრში საწერი მაგიდა დგას მომცრო მისადგმელით. მაგიდაზე დგას კომპიუტერის ბრტყელი მონიტორი, მცირე ზომის ორი დინამიკი, ტყავით გაწყობილი ინკრუსტირებული ხის დეკორატიული საწერი მოწყობილობა ორი წვეტიანი კალმით და მათ შორის ჩამაგრებული მრგვალი საათითურთ, სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსები, სიგარეტ LM-ის გახსნილი კოლოფი, დიდი ზომის ბროლის საფერფლე, სავსე სიგარეტის ნამწვებით, პლასტმასის წითელი სანთებელა, კანცელარიიდან ამოტანილი ფოსტა, ჩადებული ლურჯი დერმატინის საქაღალდეში, საიდანაც მხოლოდ ნაწილია განხილული და რეზოლუციადადებული, ასევე, საზედამხედველო წარმოებები, ე.წ. ნადზორკები, და წითელი საქაღალდე, რომელიც თითქმის დაფარულია გაურკვეველი წარმომავლობის ნივთიერებით, სავარაუდოდ, კუჭიდან ამოსული მასებით. მაგიდის ქვეშ დგას კომპიუტერის პროცესორი ჩართულ მდგომარეობაში და მასზე მიერთებული მოწყობილობა, ე. წ. „იუპიესი“.

მაგიდასა და ფანჯარას შორის გორგოლაჭებიანი შავი ტყავის სავარძელი, რომელშიც განთავსებულია მამაკაცის გვამი…

არა, რა გვამი?! ოქმის წერისას უკვე იციან, პულსი მესინჯება.

ჯანდაბა… აზრი ისევ გამიწყდა. დავიწყოთ ხელახლა. სად გავჩერდი? დათვალიერების ოქმი… კაბინეტში კარი შემოამტვრიეს და რას ხედავენ?

გვამს თავი გვერდზე აქვს გადაგდებული…

ისევ გვამს! მე ცოცხალი ვარ. ცოცხალი. ცოცხალი.

მამაკაცს თავი მარჯვენა მხარისკენ აქვს გადახრილი. პირის ნახევრად ღია კუთხე სახეზე შავი ხვრელივით ღვივის; მარჯვენა ხელის ცერა თითი ხელისგულისკენაა მოხრილი; წამწამები თითქოს თეთრადაა დამტვერილი, ხოლო თვალები მღვრიე აპკით აქვს დაფარული. გეჩვენება, თითქოს ალექსს რაღაც საშინელი სიმძიმე, წარმოუდგენელი ტვირთი, აწევს.

ალექსს საშინელი ტვირთი აწევს… მართლა ასე რომ დაეწერა ზურას. ვხარხარებ. საიდან მოვიტანე ეს ნაქარგი ლიტერატურა?! ჰალუცინაციები. მგონი, გათენდა. მოშორებით ფეხის ხმა ისმის და ეს მორიგე ექიმის არაა. ახლა ჩემთვის ღამე რეანიმაციის სრულ სიჩუმეში უმაქნისი სიცოცხლის შემნარჩუნებელი აპარატების მონოტონური სიგნალებია. აქ მარტო არ ვარ. კარდიომონიტორების კვინტეტია. ტუ ტუ ტუ ტუ. ერთი გვირევს, რიტმში ვერაფრით ჯდება. ტუ ტუ… ტუტუტუტუ… ტუ ტუ. ყველანი ერთად გონებას თუ დავძაბავთ, აკორდებზე შევთანხმდებით.

ახლა უნდა გავიზმორო. ისე ძლიერად, რომ ეს გირაგად ქცეული სხეული გავანგრიო შიგნიდან. ნეტა, მართლა არაფერი მეტყობა? ჩემი ახალი საათით მალე მარინა უნდა მოვიდეს. ბოდიშს გიხდით! მე არაფერს ვწყვეტ. მარინაც ვერ მოითხოვდა, გამონაკლისი დაეშვათ მისთვის, მთელი ცხოვრება უფერულ ჯოგთან ირჩევს ერთობას. ალბათ სინდისმა შეაწუხა ზოგიერთები და ასე მონანიება სცადეს. პატივი დამდეს – მნახველებს აშვებინებენ ჩემთან. ან იქნებ გაგამ გამიჩალიჩა? მამიდაშვილია ჩემი. ერთად გავიზარდეთ. ქირურგია, უროლოგი. მგონი, საერთოდაც, მასთან ვწევარ კლინიკაში. ხშირად მოდის ჩემ სანახავად. მოდის, მაგრამ მე არ მელაპარაკება. არც არავინ მელაპარაკება. რთულია, ცოცხლად აღიქვა ადამიანი, მიცვალებულივით თუა გაშოტილი და თავსაც ვერ გიქნევს საპასუხოდ. მოდიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან და, თვითონაც რომ ვერ ხვდებიან, ისე, დღის ამბების დაიჯესტი მოაქვთ ჩემამდე.

ოქმი… სად გავჩერდი? მძიმე ტვირთი მაწევს სულზე…

თითქოს ჩემს პტაშკას ვუყვები ახლა ამას და ცხადად ვხედავ, როგორ იცინის კრიალა ხმით, თაფლის­ – ფერი თვალები ცრემლებით ევსება. სულ ასეთ ხასიათზეა. მსუბუქი, ლაღი, ხასხასა. ხასიათს უგავს სხეული თუ პირიქით? მე ლოდი ვარ. ყინულის ლოდი. ის – ორთქლია მზეზე, ცისარტყელა. მენატრება.

ტუტუტუტუტუტუტუტუ!

გაგიჟდა ჩემი კარდიომონიტორი. სულ ასე ემართება, პტაშკაზე ფიქრს როცა ვიწყებ. მონიტორია, ყველაფერს ხვდება. პირდაპირ გულზეა მიბმული.

ტუტუტუტუტუტუტუტუ!

ყოველ გაფიქრებაზე განგაშს ტეხს, მაგრამ ჩვენს მორზეს ანბანს ვერავინ შიფრავს.

…გვამის დაბლა დაშვებული მარცხენა ხელის ქვეშ… ნწ! მამაკაცის სხეულის დაბლა დაშვებული მარცხენა ხელის ქვეშ იატაკზე გდია მაკაროვის ტიპის ტაბელური იარაღი. საწერი მაგიდა დაფარულია სხეულის კუჭიდან ამოსული ნახევრად გადამუშავებული საკვები მასებით.

ბუფეტში ნაჭამი წიწიბურა და კატლეტი… ყელში არ გადამდიოდა, მაგრამ ძალით ვჭამე. ოღონდ სხვა რამეზე მეფიქრა, მემოქმედა, დრო მომეკლა…

სხეულს თავზე მარცხენა საფეთქელთან აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. სხეული თბილია და კისრის არეში აღენიშნება სუსტი პულსი.

ტუ… ტუ… ტუ… ტუ…

პირის სახელზე რიცხული ტაბელური იარაღით – „მაკაროვის“ პისტოლეტით – მარცხენა საფეთქელზე მიბჯენით მიყენებული აქვს ცეცხლსასროლი ჭრილობა. შემავალი კიდეები ნაფლეთი, ალაგ-ალაგ ნახეთქებით. ირგვლივ მცირე მანძილზე კანი დაფარულია ჭვარტლით. შტანცმარკა. ჭრილობის არხის გასწვრივ ქსოვილები ასევე დაფარულია ჭვარტლით. კუნთები ჭრილობის ირგვლივ და არხის გასწვრივ კარბოქსიჰემოგლობინის წარმოქმნის გამო ალისფერია. ნატყვიარებში ჭვარტლისა და დენთის კვალი, როგორც მიბჯენით გასროლის ნიშანი. ტრა­ ექტორია ქვემოდან ზემოთ, საფეთქლიდან თხემისკენ, სადაც აღინიშნება ტყვიის გამომავალი ნაფლეთი ჭრილობა.

მტკივა. თავი მტკივა. ოღონდ სხვანაირი ტკივილია. თითქოს გირაგში ვარ გაჭედილი და წამი წამზე ველი, როდის გაუხსნიან პირს. ამის მეტი რა ვიცი, მთელი ცხოვრება თავი მტკივა.

საფეთქელზე მიბჯენა შეცდომა იყო. არც ვაპირებდი. აბა, როგორ იყო?

სეიფიდან საგულდაგულოდ შენახულ იარაღს ვიღებ. მაგიდასთან ვჯდები და საბრძოლო მდგომარეობაში მომყავს. საბრძოლო მდგომარეობაში… თავს უნდა შევებრძოლო, გავუმკლავდე. ხელში ვიმარჯვებ და პირში ვიდებ. ლულას ჯერ წინა კბილებზე მტკივნეულად ვირტყამ. ცივ ლულას ხორხისკენ აზიდული ენის წვერს ვუსვამ, ტაოტიანი მეტალის გემო აქვს. ცოტა ღრმად ვიყოფ და ღებინების რეფლექსი წინ მაქანებს. იარაღს პირიდან ვიღებ და დამძიმებული ხელი მაგიდაზე მივარდება. გულისრევა არ ჩერდება. ტუალეტში მინდა გასვლა, კარისკენ თვალს ვაპარებ, მაგრამ თითქოს ქვაში მთლიან და ჯერ მხოლოდ თავი და მარცხენა ხელი მიჩანს, დანარჩენი ერთი უშველებელი ლოდი ვარ. უძრავი ლოდი. იარაღს მაღლა ვწევ, იდაყვით მაგიდას ვეყრდნობი და ლულას საფეთქელზე ვიდებ. ერთი. ორი. სამი… უკან გაგორებასაც კი ვერ ვასწრებ, პირიდან ჩანჩქერივით ვარწყევ. პირდა­პირ მაგიდაზე. ის წითელი საქაღალდე თითქმის აღარ ჩანს. ღებინების სპაზმები არ მეშვება. ვიხრჩობი. პირიდან ენა მივარდება, სადაცაა თვალები ორბიტებიდან გადმომცვივდება, ღებინებას მთელი სხეულია აყოლილი და ერთიან სპაზმში ვცახცახებ. მწვანე ლორწოღა გადმომდის პირიდან, ცხვირი­ დან. ყელი მეწვის. სულს ვითქვამ, პირს პიჯაკის მხარზე ვიწმენდ და იარაღს ისევ საფეთქელზე ვიბჯენ. ნარწყევს საზიზღარი სუნი ასდის. გორგოლაჭებიანი სავარძლით უკან გაგორება მინდა, იატაკს ფეხით ვაწვები თითქოს, მაგრამ ლოდს ვერ ვძრავ. იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. სიკვდილითაც ვერაფერს ვცვლი, სირცხვილი ისევ აქ რჩება. მხოლოდ მე დავიმალები.

მაპატიეთ.

მცირე პროცენტებში მოხვედრა ჩემი ბედისწერა ყოფილა. აქაც სულ რაღაც ხუთ პროცენტში მოვყევი და ცოცხალი ვარ. ოღონდ ამის შესახებ, მგონი, არავინ იცის.

ვერაფრით ვხვდები, სამასი მეტრი წამში სიჩქარით რა გზით გაიქროლა ჩემი ტვინი ცხრა მთელ ოცდაშვიდმილიმეტრიანმა ტყვიამ და როგორ მოახერხა სამასამდე ჯოულით ისეთი უბნების შერჩევით დაზიანება, რომ ახლა მხოლოდ ფიქრი შემიძლია.

ლინოლეუმზე ორი წყვილი ფეხის ხმა ისევ გუშინდელივით ისმის, თითქოს ერთის ფეხსაცმელს წებოვანი ძირები ჰქონდეს, მეორეს – ქვისა. რა აცვიათ ასეთი? უცებ ბნელდება. თავზე მადგას გადმოხრილი და რაღაცას ბუტბუტებს. ფიქრები და აპარატების რიტმული წრიპინი მიშლის ხელს ყურადღების მოკრებაში.

– უფალო იესო ქრისტე! ძეო ღვთისაო! შემიწყალე მე ცოდვილი! გადამირჩინე ჩემი ალექსი, – რამდენჯერმე იმეორებს მარინა.

– გულზეც წაუსვი, – მისი ქვისფეხება მეგობარი გვიახლოვდება.

სახელი დამავიწყდა. მარინა ვერ გაიგებს, ზოგი ჭირი მარგებელია. იოლად სწყინს ყველაფერი. ახლაც გაბრაზდებოდა, რომ იცოდეს, მისი სულიერი დის, თანამემრევლის, სახელს ვერ ვიხსენებ. უფრო სწორად, არც არასდროს მიცდია დამახსოვრება.

– შუბლზე ვუსვამ, ტვინმა უნდა გაიღვიძოსო, – თავის მართლებას იწყებს მარინა.

– ტვინი ეშმაკისაა. გულშია სიყვარული და გულმა უნდა გაუღვიძოს სიცოცხლე. წაუსვი, გოგო, გულზე, – არ ეშვება ქალი.

მარინა ყურადღებას არ აქცევს, ისევ თავზე დამფუსფუსებს და ცხვირში ბურტყუნს იწყებს:

– მამაო გაბრიელ, ვითარცა ქრისტე მეუფემან ბუნებაჲ ღმრთაებრივი კაცობრივითა დაჰფარა და მით უჩინო ჰყო წინაშე ჩვენსა გამოუთქმელი დიდებაჲ მისი, გამსგავსებთ შენცა, რომელმან დიდებაჲ შენი სალოსობითა დაჰფარენ და ნიშითა აღმსარებლობისათა სულთა მწყემს ექმენ, მამაო ღირსო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. დამიბრუნე ჩემი ალექსი! დამიბრუნე…

– რა არის ეს, მარიამ?! – ნათლობის სახელს ეძახის, ნამდვილზე პირს არ ისვრის ქალი, – მამაომ ხომ გვითხრა, ჩემი ტროპარით თქვით მამა გაბრიელის ლოცვაო!

მარინას პასუხი იგვიანებს. მე მომშორდა და რაღაცას ფაციფუცობს. ყნოსვა აღარ მაქვს, მაგრამ ნაც­ნობი მოძრაობის ხმებით ვხვდები, საკმეველს აფრქვევს. ზოგჯერ ჭირიც მარგებელია… მოძღვრის ერთგული თანამემრევლეც გაყურსულია და მე ზუსტად ვიცი, რატომაც. თითქოს ვხედავ – ისეთი სახე აქვს ახლა მარინას, ყველაფერია ნათქვამი. არა, ჩხუბი ან ყვირილი არ სჩვევია. პირიქით, დადუმება იცის მომაკვდინებელი. თხელ ტუჩებს ისე შეკრავს ხოლმე, პირის ნაცვლად წვრილი ხაზია სახეზე გავლებული. წარბები შეჭმუხნილი, ცხვირი წაწვეტებული და ქვედა ყბა კიდევ უფრო წინ წამოსული. ასე იქნება, სანამ გულში ლოცვებით ბრაზს ან ჯავრს არ გაიქარვებს. მერე ისევ გაიღიმებს თხელი ტუჩებით, თვალებით, ნესტოებით. წარბებს ისევ მაღლა აზიდავს, თითქოს გააოცა რაღაცამ.

ასე გაოცებულსახიანი მყავს გაჭედილი მეხსიერებაში ხუთი წლის მარინა. ქუთაისში, პასელოკის ბავშვთა საკონცენტრაციო ბაღში, ერთად გვიწევდა დედების მოლოდინში ყურყუტი. როცა იგებენ, ორივენი ქუთაისელები ვართ და ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში შევხვდით ერთმანეთს, ჰგონიათ, იმ დროიდან მოყოლებული მიყვარდა. არადა, როგორი შემთხვევითი იყო ქორწინება, ჩვენ რომ დაგვემართა რვა წლის წინ, მხოლოდ მე ვიცი. ბავშვობაში მარინას ქერა თმა სულ მოკლედ ჰქონდა გადაკრეჭილი და ყალყზე ედგა, მაგრამ მაინც უხერხებდნენ „ნევიდიმკებით“ (ჩვენ „ლევეძინკას“ ვეძახდით) ქრიზანთემასავით შექუჩებული მბზინავი კაპრონის ბაფთის დაკოსებას კინკრიხოზე. მასწავლებელმა თქვა ერთხელ, თეთრ ვირთხას ჰგავს მარინაო, და ნუტრია შეარქვა. დედაჩემისგან მქონდა ყურმოკრული, ნუტრიის საყელო უშნოა, ღორის მოყვითალო ჯაგარს მაგონებსო. უკვე ვიცოდი, მისი პალტოს „ჩერნაბურკა“ და ბებიაჩემის ნორკის საყელოები ნუტრიის ჯაგრისას ჯობდა.

ბაღის საუზმე – მჟავე მანანის ფაფა აჭრილი რძის თეთრი ფანტელებით გაჯერებული – არ მიყვარდა. სადილი გამართლებაზე იყო, თუ „მაკარონ პაფლოტსკი“ მოვიდოდა, ხორცის გაელვებით შერჩენილი პროტეინის კვალი გონს მაკარგვინებდა სიამოვნებისაგან. მერე წყნარი საათი გვეწყებოდა. ტანზე უნდა გაგვეხადა და ოვალურად ჩამწკრივებული პატარა სკამების უკან გაშლილ ლოგინებში ჩავწოლილიყავით. ზოგს ეძინა, მე გატრუნული ვიწექი, თავზე ზეწარგადაფარებული და მზის სხივებით ნარინჯისფრად განათებული მყუდრო გუმბათის ქვეშ ცხვირიდან გამოღებულ წვინტლებს ვაგორავებდი თითებში. მასწავლებლის ფეხის ხმას თუ მოვკრავდი ყურს, ზეწარს ვიძრობდი თავიდან და თვალს ვხუჭავდი. ბოლოს მაინც ჩამთვლემდა ხოლმე, როცა უკვე ადგომის დრო მოდიოდა.

მარინამ ერთხელ მასწავლებელს სთხოვა, არ დამაწვინოთ და თეფშებს დავრეცხავო. დიდ ნათელ ოთახს, სადაც მთელ დღეს ვატარებდით, ფანჯრების მოპირდაპირედ ნიშა ჰქონდა. მასში კედლის გასწვრივ ერთ მხარეს სუფთა ჭურჭლის ღია კარადა იდგა, მეორე მხარეს – სამუშაო მაგიდა ზედ დახვავებული გასარეცხი თეფშებით და ჭიქებით, ხოლო ცენტრში – დიდი თეთრი ემალირებული მოიდადირივით ნიჟარა ამოზრდილიყო კედლიდან.

მარინას ინიციატივას ეგრევე დათანხმდნენ. ძიძამ მკლავები დაუკაპიწა, ნიჟარასთან სკამი მიუდგა და ზედ შესვა. ლოგინიდან ვადევნებდი თვალს, როგორ რეცხავდა ჭურჭელს ნიჟარაზე გადაკიდებული მარინა. მერე ალბათ ჩამეძინა. ეს ყველაფერი მახსოვს თუ ბოლო სცენამ გაუკეთა ტვინში რეკონსტრუქცია, არ ვიცი. ის კი ზუსტად მახსოვს, როგორ გავახილე თვა­ ლი უეცარ ხმაურზე და მასწავლებლის გამაყრუებელ ყვირილზე. მარინა დაბლა იდგა, მხრებამდე აკაპიწებული დაწითლებული ხელები განზე გაეშალა, მასწავლებელს გაოცებული მისჩერებოდა ქვემო­ დან და თვალებიდან ღაპაღუპით სცვიოდა ცრემლები. მის გარშემო დალეწილი თეფშების თეთრი ნამსხვრევები მიმოფანტულიყო.

– არ მინდოდა… გამივარდა… – ზლუქუნებდა მარინა და გაოცებული აფახურებდა ცრემლიან თვალებს.

მასწავლებელი ბაფთაში სწვდა, თავი გადაუწია და გამეტებით გაულაწუნა სახეში გაშლილი ხელი. მერე ყურში ხელი წაავლო, გააპროწიალა და კუთხეში მიაგდო. კიდევ დიდხანს ტიროდა მარინა კედელზე თავმიდებული, სანამ ძალა არ გამოეცალა, მუხლებზე ჩაჯდა და მოკუნტულმა ჩაიძინა იქვე.

– არ დაგზოგავთ! – ყვიროდა ეშხში შესული მასწავლებელი, – ცხვირიდან სულ ძმარს გადენთ!

რამდენიმე დღე ვატრიალე თავში მასწავლებლის სიტყვები. ბოლოს დედაჩემს ვკითხე:

– დე, დაზოგვა რას ნიშნავს?

დალი სამზარეულოს სალათისფერი კარადის გამოსაშლელ მაგიდასთან იდგა და ხახვს ჭრიდა.

– ფულის შეგროვებას. ყაირათიან, ეკონომიურად ხარჯვას ნიშნავს, – მიპასუხა, დანიანი ხელი სახესთან მიიტანა და მოხრილი მაჯით ცრემლები შეიმშრალა.

ფულის შენახვა. ფულის დაზოგვა. ვერაფერი გავიგე. რა შუაში იყო ფულის შენახვა მარინასთან ან სხვა ბავშვებთან? როგორ უნდა დავეზოგეთ მასწავლებელს ფულივით? ან ძმარი რატომ უნდა გვდენოდა მერე ცხვირიდან?

ათასჯერ მაქვს მარინასთვის ეს მოყოლილი. თვითონ არაფერი ახსოვს. იგონებო. დაგესიზმრა, ეტყობაო. ტკბილადაც კი იხსენებს იმ წლებს. ჩვენი მადლენა ბესარიონოვნაო…

დერეფნიდან უსწორმასწორო იატაკზე გორგოლაჭების ხრიგინი ისმის. ამ ერთადერთი საკაცის ცალ ბორბალს ღერძი აქვს გატეხილი და სულ გვერდზე იხრება.

– ღმერთო, უშველე ყველა გაჭირვებულს… ნეტა რა სჭირს? – კითხულობს მარინა და უცებ პირზე ხელაფარებული მოგუდულად იცხადებს, – ვაიმე! რას უგავს სახე!

მაინტერესებს ვინ შემოგვემატა ანსამბლის მეექვსე წევრად, მაგრამ უკვე მივეჩვიე ცნობისმოყვარეობის მოთოკვას. დროთა განმავლობაში აქა-იქ წამოსროლილი ფრაზებით ავკრეფ ამბავს და გავიგებ ყველაფერს. აზარტიც კი დავუმუღამე, ამასობაში. კეთილი იყოს შენი მობრძანება, უცნობო!

– ჰკითხე ამათ, – ქვისფეხება აგულიანებს მარინას.

– მოიცა… ექიმს ვკითხავ. ამათ არ ეცოდინებათ.

– ნაავარიები იქნება… ან ეგება გადმოხტა საიდანმე…

– ან გადმოაგდეს… ღმერთო, შენ გვიშველე!

საოცარი ფანტაზია აქვს მარინას. კარგი გამომძიებელი დადგებოდა მისგან. ისეთებს წარმოიდგენს, კაცს აზრად რომ არ მოგივა. ექიმი თუ ცოტაც კიდევ შეყოვნდება, საოცრებებს დადებს.

– ის რომ დაანგრიეს… უშველებელი. იმის ქვეშ მოჰყვებოდა.

არის! რაღაც ასეთს ველოდი.

– მაგი როდის იყო, გოგო!

– მერე რა? უფალო, ყოვლის შემძლევ! – ჩურჩულზე გადადის მარინა.

ჩახველება მინდა.

შორიახლოს ფუსფუსი მატულობს. მოკლე მანძილებზე დაჭრიალებენ წყვილ-წყვილად ფეხები. და, აი, კვინტეტს კიდევ ერთი ხმაც დაგვემატა – ტუუუ ტუუუ ტუუუ.

– ექიმო, ვინაა? რა მოუვიდა? – კითხულობს მარინა.

მოკვდება, ახლავე თუ არ გაიგო.

– გოგოა. ოცდახუთი წლის. ქმარი გუშინ ციხიდან გამოუშვიათ, ამას კიდე საყვარელი გაუჩენია… სულ ბეტონის კედელზე არტყმევინა უბედურმა თავი. რას არ კადრულობენ ახლანდელი გოგოები?! – დანანებით ამბობს ჩვენი მორიგე ექიმი.

– ვაიმე! ვაიმე! – პირზე ხელმიჭერილი იცხადებს მარინა.

– გგონია, ჭკუას ისწავლის? შენც არ მომიკვდე, – ასკვნის ქვისფეხება.

– ხომ მორჩება? – ვერ ისვენებს მარინა.

– ამას რა მოარჩენს?! ერთი-ორი დღე და ეგაა.

ჰაერი არ მყოფნის. ვიხრჩობი. აპარატი სუნთქავს, მე – არა.

წებოვანი ფეხის ხმა მიახლოვდება და ისევ ბნელდება. რას აკეთებს? ქუთუთოზე თმა მეხება. მკოცნის?! ხმა არ ამომდის.

რა დღე იყო? გიორგობა? არა, სვეტიცხოვლობა. მცხეთაში წავედით მთელი დეპარტამენტი. სტაჟიორებმა ითავეს. რამდენიმე შსს-დანაც მოდიოდა. ის არ იყო. სიგიჟემდე მენატრებოდა უკვე. მისთვის წავედი, იმედი მქონდა, სხვებს წამოჰყვებოდა განგებ. მერე გავიგე, ბრმა ნაწლავის შეტევა ჰქონდა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთესო. სულ ტყუილად ვნერვიულობდი. ის ღამე იყო. უცებ მეღვიძება, სიზმრიდან ვერ გამოვდივარ. პირი მაქვს გადამშრალი. მთელ ბოთლ „ბორჯომს“ ვცლი, წყურვილს ვერ ვიკლავ. თურმე უარესია. წყალი უნდა დამელია. მუცლის ქვემოთ ბირთვი მაწევს. ხელს საბნის ქვეშ ვყოფ. ისეთი „სტაიაკი“ მაქვს, გავარვარებული ყლე მიკანკალებს. ყვერები დამისივდა და მტკივა. მარინასკენ ვიწევი, პირქვე ვამხობ, საბანს მუცლის ქვეშ ვუტენი და უკნიდან ვადგები. მარინა ფართხალებს, ჩემს მოშორებას ცდილობს. ვერ ხვდება, რა მინდა. თვალს ვხუჭავ, ქვემოთ ვაწვები და თან გრძელ ღამის პერანგს მაღლა ვექაჩები. „გამიშვი! გამიშვი!“ – ხვანცალებს მარინა. მარჯვენა ხელს სახესა და ბალიშს შორის ვყოფ, პირზე ვაფარებ, ხმას ვაკმენდინებ, მარცხე­ნით საცვალს ვაგლეჯ, ხელზე ვიფურთხებ, თავს ვისვე­ლებ და მთელი ძალით ვაწვები. ვგრძნობ, როგორ იჭიმება ჩემ ქვეშ სხეული, როგორ უჭერს დუნდულებს, მაგრამ თავი შეყოფილი მაქვს, ვეღარაფერი გამაჩერებს. ყლე ბოლომდე შემყავს და წამიერად ვიტრუნები. პულსაცია ასოდან ტვინამდე მირტყამს. იდაყვებით საწოლს ვარ დაყრდნობილი და ნელა ვმოძრაობ. ერთიანად ვცახცახებ. ყვერებით ფეხებს ვედები და შეკვრის საშუალებას არ ვაძლევ. ისევ იჭიმება, ხელისგულზე მკბენს. თვალს არ ვახელ. მეშინია, პტაშკას სახე არ გაქრეს. მხურვალე სისველეში წინ და უკან ვსრიალებ. ენა კბილით მიჭირავს, სახელი რომ არ წამომცდეს. მეტი აღარ შემიძლია – უკანასკნელად ვჩქარდები და ვათავებ. ნელ-ნელა სუნთქვა მიწყნარდება, გულიც ნელდება და ვფხიზლდები. მარინას ხელს ვუშვებ და ჩემს მხარეს ვგორდები.

ეშმაკი ჩაგისახლდა სულში, შენ არ იყავიო, ორი დღის შემდეგ მითხრა. წლებია არ გამკარებიხარ და რაღა მაინცდამაინც მარხვაში დამეტაკეო. სხვა არაფერი ახსენა. თავს უბრძანა და დაივიწყა. ნეტა, თავის მყრალ მოძღვარს როგორ მოუყვა აღსარებაში? ის კი მიხვდებოდა ყველაფერს. ავხორცი მამაძაღლი. 

წავიდნენ. საღამომდე აღარავინ მოვა.

ფიქრები ისეთი აჩქარებით დაქრიან დაზიანებულ ტვინში, მათზე ჩაჭიდებას ვერ ვასწრებ. ხელი რომ წამავლებინა, სათითაოდ ამოვიგლეჯდი თავიდან. ტვინი კალორიების მეოთხედს აღარ ჯერდება და საკვები წვეთოვანიდან აკრეფილს თითქმის მთლიანად შთანთქავს. რომ გამაწვალოს, დამტანჯოს. ისევ იმ საღამოს, კაბინეტში, მაბრუნებს…

დილიდან პტაშკას ზარს ველოდები. არაფერი მოუწერია. ვერ ვითმენ. ჯერ მესიჯს ვწერ. მერე ვურეკავ. არ იღებს. თავს ვიმშვიდებ, მარტო არ არის და როცა შეძლებს, თვითონ შემეხმიანება–მეთქი. ტელეფონი მიჯდება. მაგიდის გვერდით ბუდიდან გადმოვარდნილი შტეფსელი ყოველ შეხებაზე ნაპერწკლებს ყრის. ვდგები, დამტენს ფანჯრის ქვემოთ შტეფსელში ვაერთებ, „ნოკიას“ რაფაზე ვდებ და მაგიდას ვუბრუნდები. რატომ არ რეკავს?! ლურჯი დერმატინის პირდაღებული საქაღალდიდან ვეებერთელა ფოსტა მომჩერებია. ჯობია განვიხილო. თითქოს არავის ველოდები. მიმართვამისტეპლერებულ „ნადზორკებს“ ერთიმეორის მიყოლებით ვიღებ, ზედ გულგრილ თვალებს ვაცეცებ და მექანიკურად ვადებ რეზოლუციებს.


შესვლა
რეგისტრაცია