ინტერვიუ ნესტან ნენე კვინიკაძესთან

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
როგორი უნდა იყოს მშვენიერი სიმღერა
01. მინდა, საუბარი თანამედროვე ქართული ლიტერატურით დავიწყოთ, ოღონდ ერთი განსხვავებული და ვფიქრობ, განსაკუთრებული კუთხით. ეს შეკითხვა, როგორც მწერალს და როგორც სატელევიზიო გადაცემის „ლიტერატურული სამკუთხედი“ წამყვანსაც გეკუთვნის. ძალიან საინტერესო ადამიანი გავიცანი რამდენიმე დღის წინ, თბილისელი ტაქსის მძღოლი, სამოცი წლის მამაკაცი, რომელსაც მანქანაშიც ელაგა წიგნები და რომელიც აღფრთოვანებული მიყვებოდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, უფრო სწორად, თანამედროვე ქალ მწერლებზე, ნინო ხარატიშვილზე, თამთა მელაშვილზე და ამბობდა, რომ ძლიერი და ჭკვიანი ქალები გვყავს. განასხვავებდი ამ მხრივ დღევანდელ ლიტერატურულ პროცესს და რას იტყოდი ამდენი განსხვავებული, საინტერესო და მძლავრი ხმის ქალი ავტორების გამოჩენაზე?
ჩემი აზრით, თანამედროვე ქართული ლიტერატურის არქიტექტონიკა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში სწორედ ქალი ავტორების დომინაციამ შეცვალა.
დროთა განმავლობაში დაგროვილმა ტკივილმა, რაც ზოგადად, ქალებისთვის და მათ შორის, ავტორი ქალებისთვის უჩინარის ან ენიგმურის როლის მიჩენას გულისხმობდა, მკაფიო ხმების აუცილებლობა განაპირობა.
ხშირად აღნიშნულა ის, რომ ქართულ კულტურაში ქალის სახე დაკავშირებული იყო არა მის სექსუალობასთან, არამედ მის როლთან. სექსუალობა როგორც ერთგვარი დაცული ტერიტორია, როგორც მე, ჩემი ყოფნა და ჩემი სურვილები… სწორედ ამ სურვილების გვერდის ავლას ვხვდებით გასული დროის ლიტერატურაში; იქ, ცალკეული თამამი გამოვლინებები შეუმჩნეველი რჩებოდა.
1928 წელს ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ რომ გამოვიდა და პარიზული საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი ჟოზეფ კესელის „დღის ლამაზმანი“; რომანი, სადაც ქალის სულიერი მდგომარეობა და მისი ფიზიკური ტერიტორიის მოხილვა ასეთი საუცხოოა… გახსოვთ, ავტორმა მთავარ სცენად „შეხვედრების სახლად“ წოდებული საროსკიპო შეარჩია. ჩვენთან სამი წლით ადრე, 1925 წლის ივლისში, ბახმაროში საფო მგელაძემ დაწერა რომანი „ქარიშხლის ფრთებზე“ და ჰო, მშვენიერ სევერინსა და შესანიშნავ მაგდას შორის იდეური კავშირი საერთოდაც არაა; ეს ორი ქალი სხვადასხვა ცეცხლით იწვის – სევერინი, ყველაფრით უზრუნველყოფილი არისტოკრატი ზრდასრული ქალი, საკუთარი ნებით ირჩევს ცხოვრების ცვლილებას; მომხიბვლელი მაგდა კი სოციალისტური იდეებით ანთებული არასრულწლოვანია, რომელსაც იძულებით გამოამწყვდევენ საროსკიპოში და მტრის ალერსს მოსთხოვენ.
საფო მგელაძე ქალის სურვილს თუ უსურვილობას, მის მდგომარეობასა და სასოწარკვეთას ისეთი სიზუსტით და სითამამით აღწერს, ისეთ პრიზმას იპოვის, როგორი დაკვირვებაც რეალურად გვაკლდა და აქ ესაა მნიშვნელოვანი.
გვახსოვს, ჩვენი კაცი მწერლები სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალ პერსონაჟებს დრამატულად, თუმცა მაინც ადვილად რომ იმეტებდნენ თვითმკვლელობისთვის ან გასარიყად. საფოსთან სხვანაირადაა…
თამამია ბაბილინა ხოსიტაშვილის მსჯელობაც ქალთა ჯანმრთელობისა და სექსუალობის საკითხებზე, მაგრამ შემდეგ ლიტერატურის გზა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე გრძელდება, რომ მსგავსი სურვილები ცალსახად იდევნება შემოქმედებითი წესრიგიდან. შემდეგ საბჭოთა მორალურ კრედოს თავისი საზღვრები და მკაცრი კონტროლი შემოაქვს… სოლო ბრძოლა აქვს ლია სტურუას. ნაირა გელაშვილს. ზაირა არსენიშვილის პროზას, საერთოდაც, წლების შემდეგ გავიცნობთ…
კინოშიც ასე იყო; გამოკვეთილი სურვილის მქონე ქალი, ჩვეულებრივ, ცალსახად კარიკატურულია. ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე გახმაურებული კინოსახეც საკმარისია.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთეული მაგალითების გარდა, ახალი დამოუკიდებელი საქართველოს ლიტერატურული სცენაც მამაკაცი ავტორების რეპერტუარს მოიაზრებდა. პრემია „საბას“ არქივი საუკეთესოდ წარმოაჩენს ბოლო 20 წლის სურათს. დასაწყისში კონკურსსა და ჟიურიში კაცები დიდი უპირატესობით არიან, თანდათანობით კი ქალების გვერდის ავლა ობიექტურად შეუძლებელი ხდება. ქალი ავტორების სიმრავლე ქალის სურვილზე, მის მდგომარეობაზე სხვა პერსპექტივიდან დაკვირვებას ჩანასახშივე გულისხმობს. და ასეცაა; ათობით ახალი ხმა, შესაბამისად, ახალი თემები, ახალი პრიზმა და სითამამე ჩნდება.
თანამედროვე ლიტერატურაში ქეთი ნიჟარაძემ თავისი „ავტოპორტრეტით“ გაარღვია წრე; სულ ბოლოს კი თამთა მელაშვილმა სოფელში მცხოვრები მარტოხელა ეთეროს საშუალებით, ქართველი ქალის ყველაზე იშვიათად მონახულებულ ტერიტორიაზეც (სხეულსა და სულში) გვამოგზაურა. თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარების საერთო პროცესში, მთარგმნელობით საქმეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ქალი ავტორები გამორჩეული, თამამი პროზით და პოეზიით მონაწილეობენ და მკითხველიც იქვეა.
02. შენთან საუბრით ვისარგებლებ, უკეთესს რესპონდენტს კინოზე სასაუბროდ ვის ვინატრებდი და ამავე კონტექსტით თანამედროვე ქართულ კინოზეც გკითხავ, იქაც ხომ დღეს ძალიან საინტერესო ქალები გვყავს, ბოლოს თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და კინემატოგრაფიის თანამშრომლობის საინტერესო მაგალითებიც დაგვიგროვდა.
ჩემი აზრით, კინოს შემთხვევაც ერთგვარად სინქრონიზებული აღმოჩნდა ლიტერატურის პროცესთან. მახსოვს ის დიდი სიხარული, როდესაც 2012 წელს ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრი“ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე აღმოჩნდა. ეს მსოფლიო პრემიერა დამოუკიდებელ საქართველოში წარმოებული კინოფილმისთვის უდიდესი წარმატება იყო. ამის შემდეგ არაერთხელ აღმოვჩნდით ყურადღების ცენტრში;
გვახსოვს დეა კულუმბეგაშვილის პრიზების ნაკრები სან-სებასტიანის კინოფესტივალზე; უმსხვილესმა „ნეტფლიქსმა“ ნანა ექვთიმიშვილის ფილმი შეისყიდა… ცნობილი პლატფორმა MUBI თამარ შავგულიძის „კომენტებს“ სხვადასხვა ქვეყნის პროფილზე ათავსებდა. კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება… და დღესაც, მიუხედავად ცნობილი პროცესებისა, რაც კინოცენტრისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს გულისხმობს, ქალი რეჟისორების წარმატება დიდ პლატფორმებზე გრძელდება.
დოკუმენტური კინოს დღევანდელი მზერა კი მართლაც ქალი ავტორების ნამუშევრებით ჩამოინაკვთა. თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, კულტურაში, ამ შემთხვევაში კინოში, კრიტიკულად რთულ შედეგებზე მიგვანიშნებს. პირადი მაგალითები რომ გავიხსენო, ასეა: რეჟისორ თამარ შავგულიძესთან ერთად სცენარის განვითარებისთვის ავსტრალიასა და კანადაში უდიდეს პლატფორმებზე აღმოვჩნდით და კინოსცენარის პროექტმა პირველობაც მოიპოვა; ისე, როგორც ქეთი მაჭავარიანთან კოლაბორაცია იქცა ბერძნული ფულის მოგების მიზეზად. თუმცა, ქართული ფულის თანამონაწილეობის გარეშე, პროექტი ქართული ფილმის სტატუსს კარგავს. შემოქმედებითი მუშაობის ნაცვლად, იმაზე ფიქრი გვიწევს, თუ როგორ გადავარჩინოთ პროექტები. კინოს წარმოების სპეციფიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, ეს სექტორი კიდევ უფრო მეტი სირთულის წინაშე დგას. დასანანი და უპატიებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ წინწასული საქმის მიზანმიმართულად გაფუჭება.
03. მოდი, ახლა შენს ბოლო რომანზე გკითხავ, იქაც ძალიან ბევრი კინოა, ბევრნაირი კინო, ასეც შეიძლება ითქვას. გიფიქრია და ხედავ ამ წიგნს, „38, 44“-ს, ფილმად და ამ წიგნის წერის დროს თუ არა, სცენარებზე მუშაობის დროს მაინც თუ წარმოგიდგენია ნესტან ნენე კვინიკაძე რეჟისორად?
„38, 44“ ფილმად არ დამინახავს, თუმცა, რამდენიმე კონკრეტული სცენის განვრცობაზე და სცენარის ვერსიაზე მიფიქრია…
ბილი უალდერი ამბობდა, სცენარისტის საქმე ასეა: ლოგინს რომ გაშლი და გააწყობ და იმ ლოგინში სხვა დაწვება… შენ კი შინ უნდა წახვიდეო. უაილდერი ბოლოს ადგა და თავად დაიწყო ფილმების გადაღება. მე უაილდერი არა ვარ.
ეს საქმე არ ვიცი. რეჟისორობაზე ბავშვობისას, ნათესავ-მეზობლების დასის ხელმძღვანელობის შემდეგ აღარ მიფიქრია. მეტისმეტად რთული საქმეა. როცა იდეის ხორცშესხმა ამდენ და არც ისე მარტივ ადამიანზეა დამოკიდებული.
04. ვსაუბრობთ ლიტერატურაზე, ქალებზე, კინოზე და მინდა გკითხო როლებზე, კიდევ თუ ითამაშებდი კინოში და როგორ როლში ხედავ საკუთარ თავს?
ჩემი მონაწილეობა ფილმებში სერიოზულად არასოდეს აღმიქვამს. ვფიქრობ, ამ ფილმებშიც ზუსტად იმ პრინციპით აღმოვჩნდი, როგორც ჩემი ტანსაცმელი და რეკვიზიტი ჩნდებოდა ჩემი მეგობრების დაბალბიუჯეტიან კინოფილმებში. მაშინ არაფერი გვქონდა და ყველა თავისი რესურსით მონაწილეობდა პროცესში… არასოდეს მიფიქრია რაიმე როლზე.
ჩემი რეალური დრამატული როლები სხვა სახეებზე ფიქრის სივრცეს არ მიტოვებს.
რომელიმე რეჟისორი თუ მეტყვის, რომ კონკრეტულ პროექტში ჩემ გარდა ვერავის ხედავს და დარწმუნებულია, რომ საქმეს არ გავაფუჭებ, ვიფიქრებ. თუმცა, ამ იდეაზე მაინც მეცინება… ერთხელ, ჩემთვის ძვირფასმა რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა, საერთოდაც, სპექტაკლში მონაწილეობა შემომთავაზა; პიესა გერმანიაში უნდა დაედგა. გერმანული თეატრის სცენაზე დგომა მეტისმეტად დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის და ცხადია, უარი ვთქვი. იმითაც ბედნიერი ვარ, რომ გურამ მაცხონაშვილს სხვა სპექტაკლში ჩემი ვიზუალური პროტოტიპი ჰყავს და არქივი ამ შესანიშნავ ესკიზს ინახავს.
05. ბოლოს ისევ წიგნებს დავუბრუნდეთ და მომიყევი მომავალ გეგმებზე, ის ვიცი, რომ შენი წიგნების ახალ თარგმანებს ველოდებით უცხოეთში, ამაზეც გვითხარი და რაზე მუშაობ ახლა?
იმედია, ახალი თარგმანების პროცესი შესაბამისი შედეგით დასრულდება. ბოიკოტის გამო, კინოს მსგავსად, ლიტერატურაშიც ბევრი საინტერესო პროექტი შეფერხდა. ვნახოთ, ალტერნატიული გზები თუ გაამართლებს…
ახალ რომანზე ვმუშაობ. ვმუშაობ ინტერვალებით. მეოთხე რომანი გამოდის.
ეს კონკრეტული პროცესი მეტისმეტად მტკივნეული მოძრაობა აღმოჩნდა ჩემთვის. მე და ტექსტი ერთმანეთს გავუჯიუტდით. ცენტრალური ბგერა ჩემგან დიდ თავგამეტებას ითხოვს. მე კი ხშირად ვსხლტები, რადგან ყველაფრის დავიწყებისკენ მიმიწევს გული.
რთული გასარკვევი აღმოჩნდა ის, თუ „როგორი უნდა იყოს მშვენიერი სიმღერა“… გამიჭირდა იმ მონაკვეთის შერჩევა, ჩემი სურვილით, ინტერვიუს თან რომ დავურთავდი.
კრიტერიუმის გარეშე, ეს ორიოდე აბზაცი იყოს:
„დღეს სამმა რამემ გამაღიზიანა: ჩინურ რესტორანში ქათმის წვნიანი რომ არ დაასრულე; შემდეგ, საკონდიტროში ნუში რომ გეძვირა და მოგვიანებით, ტაქსის ლოდინში, ვიფიქრე, რაღაც თბილი სიტყვა დაგცდებოდა. ამის ნაცვლად კი, ხელი წინ გაიშვირე და თქვი: ეს, სხვათა შორის, ძალიან კარგი აუთლეტია…
რამდენიმე დღე, როგორც ბაჭია ეძახდა, რიტუალური გაბუტვა გავითამაშე. თუმცა, ეს არ იყო თამაში. ნაწყენი ვიყავი და ყველაფერი მაღიზიანებდა, რაც მას უკავშირდებოდა. აი, ის ქურთუკიც, ჩინურში რომ სწრაფად მოიცვა; სავარაუდოდ, შუალედური ბრენდის, თითქოს ნორმალური, მაგრამ, რაღაც თვალსაზრისით, ცუდი, ძველმოდური, ნაცრისფერი;
მაღიზიანებდა ხელებით საუბრის მისი ჩვევა; ამ ხელების წარმოდგენა ჩემს სხეულზე; ხმა – საშინაო, საგარეო, სექსის დუბლირების, ლექციისთვის ამაღლებული, რესტორანში მიმტანისკენ მიმართული, სეზონური – სულ სხვადასხვა და ალაგ-ალაგ ყალბი;
მაღიზიანებდა დედის დაძახების უცნაური ინტონაცია; ყვავილების მორწყვის მოუხერხებელი და მონოტონური პლასტიკა.
ვინაა ბაჭია?
საშინელმა გაუცხოებამ მომიცვა.
აშკარა იყო, გრძნობებს და ალერსს ზოგავდა; გაურბოდა სიმძაფრეს და თავგამეტებას; თავს იზღვევდა და მეც მაზღვევდა ცეცხლის ალისაგან.
ამ ყველაფერს ვხვდებოდი და მაინც ვბრაზობდი. განცდა მქონდა, რომ მოკაზმული სიცარიელეში დავრჩი. ბავშვების არყოფნამ გული გამომიჭამა.
ეს სიჩუმე, რომელზეც რამდენიმე თვე ვოცნებობდი, დაუნდობლად დამცინოდა:
აჰა, ლანა, შენი იანვარი!“…

