თარგმნილი პოეზია

პრუტის საძებნად – ზაბინე შიფნერი

ბელა ჩეკურიშვილი · №2 · 15 დეკემბერი, 2023
  • გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა

ზაბინე შიფნერის ლექსების ციკლი „პრუტის საძებნად“ ნაწილია მისი პოეტური კრებულისა „გაოცება“, რომელიც 2022 წელს გამოიცა ბერლინში, Quintus Verlag-ის მიერ.

ზაბინე შიფნერის ლექსების თემა ყოველდღიური ყოფა, ურთიერთობები, ქალისა და დედის თავს გადახდენილი ამბებია. მას ჰყოფნის გამბედაობა, აღწეროს ძნელად გამოსათქმელი მომენტები, სავსე ძალადობით, მორჩილებით, დანაკარგით, საბედისწერო გადაწყვეტილებებითა თუ სიკვდილით, ანდა ზოგადად, ცხოვრებისეული მელანქოლიის განცდით.

პოეტის ყურადღების მიღმა არასდროს რჩება ბუნება, მის ლექსებში უამრავი ყვავილის, ხის, მწერისა თუ ფრინველის სახელს და სურათ-ხატს შეხვდებით. აქ უჩინარი საგნებიც ცოცხლდება და პოეზიის ნაწილი ხდება. შიფნერის ლექსებში ერთმანეთშია გადახლართული წარსულისა და აწმყოს ამბები, სამოგზაურო შთაბეჭდილებები, განცდილი თუ უბრალოდ, უძილობისას ნაფიქრი თემები. მისი სტრიქონები მოგვატარებენ გერმანიის ქუჩებს და ქალაქებს, აღმოსავლეთ ევროპას და საქართველოსაც, კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ ჰოლოკოსტის ამბებს, როგორც ევროპის ისტორიის მოურჩენელ იარას.

ზაბინე შიფნერის სახელი ცნობილია ლიტერატურით დაინტერესებული ქართული საზოგადოებისთვის. იგი აქტიურად არის ჩართული ქართული პოეზიის გერმანულ ენაზე თარგმნის პროცესში. 2016 წლიდან დღემდე ათამდე ქართველი პოეტის კრებულსა და არაერთი ანთოლოგიის ლექსებზე აქვს ნამუშევარი. მის ლექსებსაც რამდენიმე წელია ვაცნობ ქართველ მკითხველს ლიტერატურული პერიოდიკის დახმარებით. იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს, იყო თბილისის პოეზიის ფესტივალის მონაწილე, ასევე მწერალთა სახლის რეზიდენციის მთარგმნელობითი პროგრამის სტუმარი. ასე შეიქმნა მისი ლექსების ციკლი „მთვარე მტკვრის თავზე“, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა „ლიტერატურულ გაზეთში“. მომავალ წელს კი გამომცემლობა „მერიდიანი“ დასტამბავს ზაბინე შიფნერის პოეტურ კრებულს „გაოცება“.

  • ლექსები წიგნიდან „გაოცება“, 2022

“I had a home“ 

ლითონისაა საფოსტო ყუთი

პოეტის სახლზე,

ცხრაას ორმოცდაერთის ნისლიან ღამით

რომ მიაკითხეს და წაიყვანეს.

მორდეხაი, ბლუმა, შიფრა, ბასია, ლოლა

ბერეკ იოსელევიჩის 5-ში

დღესაც მიიღებდნენ წერილებს,

წაიკითხავდნენ, კიდეც დაწერდნენ…

პოეტის ფოტო

სარდაფის ღია ფანჯარიდან მოჩანს,

მისი ხმაც ისმის,

თავის სახლს და ცხოვრებას უმღერს,

ემშვიდობება – კარგს ხომ არაფერს აღარ ელოდა.

ლითონის ერთ საფოსტო ყუთზე ოდნავ მეტია,

რაც დარჩენილა სამოცდაჩვიდმეტი წლის გასვლის

შემდეგ,

იმ დღიდან, მთელი ოჯახი რომ წაიყვანეს

და გეტოში ისე დახოცეს, საფლავიც კი არსად

მონიშნეს.

“I had a home“
პოლონელი ებრაელი პოეტის და კომპოზიტორის, მორდეხაი გებირტიგის სიმღერა.


    კაზიმეჟი / კრაკოვი

    ეს ნამცხვარი

    ვიტრინაში

    თორას გრაგნილს ჰგავს.

    აქვე,

    ერთი ქუჩის გადაღმა,

    ცხოვრობდნენ ბლუმა და მორდეხაი

    გებირტიგები,

    სამ შვილთან ერთად.

    სარდაფის ფანჯრები,

    ისინი რომ ამოიყვანეს,

    დღესაც ღიაა,

    ნებისმიერს შეუძლია, იქ შეიხედოს

    და მორდეხაის ნამღერს უსმინოს.

    სინაგოგაში,

    შორიახლოს რომ მდებარეობს,

    არვინ გაძალებთ, გეხუროთ კიპა.

    შესასვლელში დგანან ქალები

    და მეგობრულად უღიმიან

    გერმანელ სტუმრებს.

    კაფესთან ყვავის

    ტუნბერგია ალათა,

    ხოლო

    ფინჯან ყავას, ყაყაჩოს ნამცხვრით,

    ხუთ ზლოტად დალევთ.

    ბოლო გაჩერება

    აუშვიცის №1 ბანაკიდან ბირკენაუმდე

    ავტობუსი

    ყოველ ათ წუთში გადის.

    ძველისძველია,

    დიუსელდორფიდან ჩამოყვანილი,

    ჯაყჯაყით დადის ამ გრძელ გზაზე,

    აუშვიცის №1 ბანაკიდან ბირკენაუმდე.

    ბოლო სადგურზე ჩამოვდივართ

    და სარკინიგზო რამპისაკენ მივეშურებით,

    სადაც დგას ძველი,

    ვიტმან ჰასპეს საწარმოს მიერ

    ცხრაას ცამეტ წელს გამოშვებული მატარებელი.

    მოგვატარებენ ბირკენაუს

    და ისევ იმ გაჩერებასთან დაგვაბრუნებენ.

    დიუსელდორფიდან ჩამოყვანილი ავტობუსიც

    უკვე აქაა,

    აქედან გადის ყოველ ათ წუთში,

    ტურისტებით ივსებ-იცლება,

    აუშვიცის №1 ბანაკამდე და ისევ უკან.

    ლიანდაგები

    გადავდივართ ლიანდაგებზე,

    რომელიც რამპიდან დაწყებული

    ბირკენაუს ჭიშკრის გავლით გადაჭრის ქუჩას.

    ის უღრანში შეგვიყვანს

    და იქვე შეწყდება.

    ვხედავთ, როგორ დაუფარავს

    ბალახს რკინიგზა.

    მერე რელსები

    ისევ ჩნდება გზის განაპირას,

    ნიშნად იმისა,

    რომ ყველაფერი სრულ წესრიგშია.

    მხოლოდ ის გვიკვირს,

    ისინი აქ ვინ და რატომ ჩააცემენტა.

    რელსები

    სამრეწველო უბნისაკენ მიემართება,

    შემდეგ გარს უვლის

    ერთიანად აბალახებულ ტერიტორიას,

    მასაც გავივლით,

    ლიანდაგები ერთგან გუდრონს ამოუვსია,

    გზას კვლავ ვაგრძელებთ

    და ქალაქშიც ასე ვმოძრაობთ –

    ლიანდაგის პარალელურად,

    მხოლოდ მთავარი ბანაკის წინ,

    მოულოდნელად,

    ქრება რკინიგზა

    და იწყება

    შიშის მომგვრელი,

    ულიანდაგო

    ტერიტორია.

    ნარჩენები

    ბირკენაუს ცა გულგრილად დაჰყურებს მინდორს,

    იქ აღმართულ

    წითელ-ყავისფერ და ნაცრისფერ

    საკვამლე მილებს,

    გაჯგიმულები რომ დგანან დღემდე.

    ბარაკებისგან

    საძირკველი შემორჩენილა –

    ხის კოჭები თან წაიღეს წასვლისას თურმე,

    გვიხსნის გამყოლი,

    ბევრი არაფერი დარჩაო.

    მხოლოდ აი, ეს

    ეკლიანი მავთულის ღობე,

    პროჟექტორები,

    საგუშაგო კოშკები,

    გზები,

    ზედ გაშლილი ქვიშით და ხრეშით,

    გადამხმარი გაზონებით,

    და ნანგრევებით,

    სადაც ახლა მივეშურებით –

    ერთ დროს კრემატორიუმს რომ წარმოადგენდა.

    ძველ ფოტოებზე შეგიძლიათ,

    შენობები სრულად იხილოთ,

    ხოლო ხეები, იმ დროს ჯერაც ახალდარგული,

    დღეს კენწეროებს აწვდენენ ზეცას,

    რომელიც იმ ძველ ფოტოებზე გულცივად,

    შავ-თეთრ ფერებში უცქერს

    შიშისმომგვრელ ამ არემარეს.

    დღეს ლურჯია ცა,

    შევყურებ მას

    და თავს ვეკითხები:

    რატომ რჩება მუდამ მდუმარე,

    რატომ არასდროს იძლევა პასუხს.

    ლექსი ოზონის შრეზე

    გულყვითელა, კვირისტავა და კოსმეა

    ყვავის ბუკოვინის სოფლებში,

    ისევე ტურფად,

    როგორც ახლა ჩემს სამშობლოში,

    თუმცა წელს მზე ისე მწველია,

    გადახრუკავს ალბათ ყველაფერს,

    რასაც ხეთა ჩრდილი ვერ სწვდება.

    ქალაქელები მორწყვას არ ვაკლებთ,

    მაინც სცვივა ფოთოლი წიფელს, იფანს და

    ცაცხვებს,

    ასე რომ, ჩვენი

    კვირისტავები, გულყვითელები და კოსმეები

    კიოლნის ბაღებში გახმობას ვერ გადაურჩება,

    მაშინ, როცა უკრაინაში

    ყვავილები მხიარულად აგებებენ სახეს მზის

    სხივებს

    და მის სითბოს ეფიცხებიან.

    პრუტის ძებნა

    დაეშვები ფერდობზე და

    გაგარინის ქუჩის გავლით

    გახვალ შოლომ ალეიხემზე.

    იქიდან მარჯვნივ შეუხვევ

    და ისრებს გაჰყვები,

    ტროტუარზე რომ ჩნდება ცენტრიდან

    ქალაქის ყველა მიმართულებით,

    და გზას გასწავლის.

    გადაივლი ტრაქტორების ქარხანას,

    მერე საწარმოების ლიანდაგებსაც,

    და შემოგხვდება გრანდჰოტელი,

    რუმინელი მძღოლების დიდი ღამისსათევი,

    მერე დამბაზე შედგები, თუმცა

    მდინარეს მაინც ვერ დაინახავ,

    ვერც დინების ხმას გაიგონებ,

    არადა, ცურვას აპირებდი,

    ვიდრე ტურისტულ ბიუროში დაგარწმუნებდნენ,

    რომ არა ღირდა,

    ჭიები და ბაქტერიები ბუდობენ მასში.

    ცურვა თუ არა,

    წყალში ფეხის ჩაყოფას მაინც წინ რა უდგასო, –

    ამბობდი, – რა, პირანიები ხომ არ არიან?

    მაგრამ ახლა საკუთარი თვალით იხილე,

    ბუკოვინის წიფელი ისე ატყევებულა

    მდინარის პირას,

    რომ პრუტის წყალს

    ვერა მხრიდან ვერ მიუდგები.

    აქ ქუჩებს ვარდის კონებით ჰგვიან

    ეს წითელ-ოქროსფერი ქალაქი,

    ბუკოვინის მთის ფერდობზე რომ შეფენილა,

    ყველა კუთხეში ყვავილების მაღაზიებით,

    ქალებით, ფერად-ფერად, მაღალ ქუსლებზე,

    ტროტუარზე რომ მიმოდიან,

    კაცებით, ვისაც შეუძლიათ,

    შეიძინონ ყვავილების თაიგული დღისით თუ

    ღამით,

    სადაც ახლა ისრაელელი ტურისტებისთვის

    ტრომბონი უკრავს „ჰავა ნაგილას“,

    სტუმრები კი მუსიკის ხმაზე პარკში შედიან

    და მის რიტმზე ცეკვას იწყებენ.

    აფრთხობენ გვრიტებს,

    რომლებიც წყვილად ფრინდებიან ბილიკებიდან,

    ტროლეიბუსის მავთულებზე სხდებიან და

    შეჰყურებენ ამ ორომტრიალს

    ცნობისმოყვარედ.

    ზოგი მათგანი

    თავს დაჰფარფატებს მოცეკვავეებს,

    ჭრელი შარფების ფრიალით რომ ყვავილებს

    ჰგვანან.

    მათი განწყობა

    მალე ყველას გადმოგვედება

    და ავცეკვდებით,

    ქალაქ ჩერნივცის შუაგულში,

    ქუჩებს რომ ვარდის კონებით ჰგვიან.

    სიმღერა ქალაქ სტრიის ბაზრიდან 

    გაშინებს წასვლა რუმინეთში?

    უკრაინაში მგზავრობაც გაფრთხობს?

    უნგრეთზე გავლას სამოგზაურო კოშმარს ადარებ?

    და მოლდავეთი? მასზე ვინმემ გიამბო რამე?

    იქნება მითხრა, ვის ეკუთვნის ეს ღვთის სახლი

    გალიციაში,

    კათოლიკე ბერძნებსა თუ ძველ ორთოდოქსებს?

    სომხებს თუ ქართველ მართლმადიდებლებს?

    იქნებ ახლახან დაფუძნებულ ადვენტისტებს,

    იეღოველებს ან პროტესტანტებს?

    ებრაელების რომ აღარ არის, ცხადია,

    ისინი ყველა

    ორმოცდახუთ წლამდე დახოცეს,

    გაასახლეს, გარეკეს ან სხვაგან წაასხეს.

    სინაგოგები უქცევიათ საწყობებად

    ან ნანგრევებად,

    და არც მათი უბნებისგან შემორჩა რამე.

    ორმოცდახუთში აქედან ბოლო პოლონელიც განდევნეს,

    ერთი მუჭა კარპატელი უნგრელები დატოვეს მხოლოდ,

    ისინი არც კი ითვლებიან,

    სამაგიეროდ, რუსინები მოვიდნენ მრავლად

    და აქ დასახლდნენ,

    მათთვის რუსეთი არ იყო უცხო,

    არც ყირიმია აქედან შორს,

    თათრები რომ გამოაძევეს –

    უმრავლესობა

    გზაშივე მოკვდა.

    სტრიის ბაზარში

    სიმღერა მესმის,

    რამდენიმე კაცი მღერის

    ჩემი ყურისთვის

    ერთ სრულიად უცნობ ენაზე.

    იცით, როდის არის ჩემი შვილი ულამაზესი?

    პატარა ტანის შავტუხა ქალს

    გულზე მაგრად მიუკრავს ბავშვი,

    ისიც შავტუხა, ხუჭუჭთმიანი,

    უწყინარი მისი თვალები

    დედის კოცნასავით თბილია.

    პაწია სახე მოხუცისას მიუგავს,

    მაგრამ ის ხომ ძალიან პატარაა?

    ფეფუნებზე

    შავი ლაქის ფეხსაცმელი ჩაუცმევიათ.

    და თვალები სხივით ევსება,

    როცა ქალი ყურში რამეს ჩაუჩურჩულებს,

    რამე ტკბილს და მოსაფერებელს.

    უეცრად ქალი გინებას იწყებს,

    ბავშვს არა, იმ ქერა ქალს ლანძღავს,

    ფული რომ არ გამოემეტა,

    თუმც ამან ხელიც გაუშვირა, ფეხზეც

    წამოხტა,

    მერე რაღაცა დაუყვირა თავის ენაზე

    და ისეთი გამგმირავი მზერით შეხედა –

    რომ შეძლებოდა, იქვე მოკლავდა.

    ბოლოს ისევ ძირს დაჯდა

    და ბავშვს მოეხვია.

    და შეიქმნა მშვენიერი,

    თბილი სურათი.


    შესვლა
    რეგისტრაცია