თარგმნილი პოეზია

პეტერ ჰანდკეს პოეზია

ზვიად რატიანი · №1 · 15 ნოემბერი, 2023

გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა

ავსტრიელი რომანისტი, დრამატურგი, მთარგმნელი, პოეტი, ესეისტი, სცენარისტი და კინორეჟისორი, 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი პეტერ ჰანდკე ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული პროზაიკოსია თანამედროვე მსოფლიოში, თუმცა გერმანულენოვანი სამყაროს მიღმა ცოტა თუ იცნობს მის პოეზიას, რაც ბუნებრივია: მისი უჩვეულო, ისედაც არატრადიციული ლექსები და პოემები იმდენად ღრმადაა შეზრდილი გერმანულ ენასთან, იმდენად ხშირია სიტყვებითა თუ გრამატიკული ფორმებით თამაშის ეპიზოდები, რომ მათი ნებისმიერ ენაზე მეტ-ნაკლებად ადეკვატური გადატანა თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. ამიტომ ნებისმიერი თარგმანი – წარმოდგენილი თარგმანის ჩათვლით – დიდწილად ტექნიკური ხასიათისაა და, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მიახლოებით წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს ორიგინალის შესახებ. 1969 წელს გამოცემული „შიდასამყაროს გარესამყაროს შიდასამყარო“ (Die Innerwelt der Außerwelt der Innerwelt) ჰანდკეს პირველი პოეტური კრებულია. 1973 წელს, როცა მწერალს გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯილდო, გეორგ ბიუხნერის პრემია მიენიჭა, კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში, ავტორის პროზაულ ნაწარმოებებთან ერთად, ეს კრებულიც იყო მოხსენიებული, როგორც „ემოციური და ენობრივი ფარგლების გაფართოების იშვიათი ნიმუში“.

ეს ერთი კრებულის შემადგენელი, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებული ლექსები მეტ-ნაკლებად ასახავენ ჰანდკეს პოეზიისათვის დამახასიათებელ სამ ძირითად მიმართულებას: ესაა მედიტაციური ლირიკა („ბავშვადყოფნის სიმღერა“, „სოფლების გავლით“), სოციალურ-პოლიტიკური სატირა („კანონის სამგვარი წაკითხვა“) და აბსურდის პოეზია („ფრანკენშტაინის ურჩხულის ურჩხული ფრანკენშტაინი“).

  • ლექსები წიგნიდან „შიდასამყაროს გარესამყაროს შიდასამყარო“, 1969

ბავშვადყოფნის სიმღერა | ურჩხული ფრანკენშტაინი

როცა ბავშვი იყო ბავშვი,ის დადიოდა ხელების რწევით,

მას უნდოდა, ყოფილიყო წყარო მდინარე,

ყოფილიყო მდინარე ღვარცოფი

და ეს გუბე ზღვა ყოფილიყო.

როცა ბავშვი იყო ბავშვი,

მან არ იცოდა, რომ იყო ბავშვი,

მისთვის ყველაფერი იყო სულიერი

და ყველა სული იყო ერთი.

როცა ბავშვი იყო ბავშვი,

მას არაფერზე ჰქონდა აზრი,

არ ჰქონდა ჩვევები.

ხშირად იჯდა ფეხმოკეცილი.

ხან სირბილით წყდებოდა ადგილს.

მისი ქოჩორი ფრიალებდა.

არ იმანჭებოდა, თუ სურათს უღებდნენ.

როცა ბავშვი იყო ბავშვი,

დრო იდგა მსგავსი შეკითხვების:

მე მე რატომ ვარ და არა შენ?

მე აქ რატომ ვარ და არა იქ?

დრო როდის დაიწყო, სივრცე სად მთავრდება?

ცხოვრება მზის ქვეშ ხომ არ არის მხოლოდ სიზმარი?

რასაც ვხედავ, მესმის და ვყნოსავ,

ხომ არ არის ანარეკლი სამყაროსი, რომელიც იყო

სამყარომდე?

მართლა არსებობს ბოროტება?

მართლა არსებობს ბოროტი ხალხი?

როგორ ხდება, რომ მე, ვინც მეა,

ვიდრე მე არ გავხდებოდი, არც არსებობდა

და როგორ ხდება, რომ მე, ვინც მეა,

დრო მოვა და მე არ იქნება?

როცა ბავშვი იყო ბავშვი,

გულს ურევდა შპინატი და ბარდეული, ბრინჯის

პუდინგი,

ყვავილოვანი კომბოსტო ორთქლზე.

ახლა კი ჭამს და არამარტო იმის გამო, რომ საჭიროა.

როცა ბავშვი იყო ბავშვი,

მან ერთხელაც გაიღვიძა უცხო საწოლში,

ახლა მუდამ ასე იღვიძებს.

თითქმის ყველა მშვენიერი ეჩვენებოდა,

ახლა კი – თითქმის აღარავინ.

ჰქონდა ნათელი წარმოდგენა სამოთხის შესახებ,

ახლა კი უჭირს ვარაუდიც.

არ ფიქრობდა არყოფნაზე,

ახლა კი ზარავს არაფრის შიში.

როცა ბავშვი იყო ბავშვი,

ის თამაშობდა გატაცებით,

ახლა კი მსგავსი გატაცებით

მხოლოდ მუშაობს.

როცა ბავშვი იყო ბავშვი,

მას ჰყოფნიდა ვაშლი და პური.

სხვათა შორის, ახლაც ასეა.

როცა ბავშვი იყო ბავშვი,

კენკრა ცვიოდა მის ხელებში, როგორც კენკრა;

ახლაც ასეა.

ნედლი კაკალი წვავდა ენას;

ახლაც ასეა.

მთაზე ასული

კიდევ უფრო მაღალ მთაზე ოცნებობდა

და დიდ ქალაქში –

კიდევ უფრო დიდ ქალაქზე;

ყველაფერი ახლაც ასეა.

ყველაზე მეტად ის ნაყოფი იზიდავდა,

კენწეროზე რომ მოჩანდა;

ახლაც იზიდავს.

უცხოებთან იმორცხვებდა;

ახლაც იმორცხვებს.

პირველი თოვლი ახარებდა;

ახლაც ახარებს.

როცა ბავშვი იყო ბავშვი,

ხეს შუბივით ესროლა ჯოხი

და ის ჯოხი ახლაც ცახცახებს.

კანონის სამგვარი წაკითხვა | ურჩხული ფრანკენშტაინი

1

ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება –

ტაში

თავისუფალი პიროვნული განვითარების –

ტაში

კერძოდ, აქვს უფლება –

ტაში

შრომის –

ტაში

დასვენების –

ტაში

თავისუფალი გადაადგილების –

ტაში

განათლების –

ტაში

შეკრების –

ტაში

და უფლება პიროვნული ხელშეუხებლობის –

მქუხარე ტაში.

2

ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება –

ტაში

თავისუფალი პიროვნული განვითარების კანონის ფარგლებში –

შეძახილები: უსმინეთ! უსმინეთ!

უფლება შრომის, საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად –

ჩოჩქოლი, ტაში

უფლება დასვენების, საზოგადოებისათვის სასარგებლო

შრომისუნარიანობის ასამაღლებლად –

ჩურჩული, ტაში, მოგუდული სიცილი, ჩოჩქოლი

უფლება თავისუფალი გადაადგილების, იმ შემთხვევების

გამოკლებით, როცა მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი

და მისი გადაადგილება ფინანსურ ტვირთად

დააწვება საზოგადოებას –

მეჩხერი ტაში, აგდებული სიცილი, შეძახილები, ჩოჩქოლი

უფლება განათლების, თუკი ეკონომიკური მდგომარეობა

განაპირობებს განათლების საჭიროებას და სარგებელი

მნიშვნელოვნად გადაწონის გაწეულ ხარჯებს –

მზარდი ჩოჩქოლი, უკმაყოფილო შეძახილები, აგდებული

სიცილი, კარის ჯახუნი

უფლება შეკრების, საზოგადოების საუკეთესო ინტერესების

მხარდასაჭერად –

სკამების ჭრიალი, სტვენა, მზარდი ჩოჩქოლი, აქა-იქ წამოსროლილი

„ბრავო“, ფეხების ბაკუნი, შეძახილები: „რაღა გვიჭირს“,

„ესღა გვაკლდა“, ყვირილი, ხმაური, ქაღალდის პაკეტების

ბერვა და ხეთქვა

და უფლება პიროვნული ხელშეუხებლობის –

უკმაყოფილო აბუჩადამგდები ტაში.

3

ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება

თავისუფალი პიროვნული განვითარების

კანონმდებლობისა და საზოგადოებრივი მორალის ფარგლებში;

უფლება შრომის – საზოგადოების ეკონომიკური და მორალური

პრინციპების შესაბამისად;

უფლება დასვენების – ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობისა და

საშუალო შესაძლებლობების მოქალაქისათვის დასაშვები

მოთხოვნების შესაბამისად;

უფლება გადაადგილების – იმ შემთხვევების გამოკლებით,

როცა მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი და მისი გადაადგილება

ფინანსურ ტვირთად დააწვება საზოგადოებას, ანდა საფრთხის

შემცველია საზოგადოების არსებობისათვის, ანდა საფრთხის

შემცველია საზოგადოების მორალური სიჯანსაღისათვის, ანდა

საფრთხის შემცველია ოჯახური სიმტკიცისათვის;

უფლება განათლების – ოღონდ მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელიც

საფრთხეს არ შეუქმნის თავად საზოგადოებას, მის მორალურ

და ეკონომიკურ განვითარებას, მის მიზნებსა და მისწრაფებებს;

უფლება შეკრების – თუკი შეკრების მიზანია საზოგადოების კონსოლიდირება,

ეპიდემიების, ხანძრების, სტიქიური მოვლენების გათვალისწინებით,

და, რაღა თქმა უნდა, პიროვნული ხელშეუხებლობის

პრინციპის დაცვით –

ქარიშხალივით მქუხარე, დაუსრულებელი ტაში.

სოფლების გავლით

ითამაშე.

გაიმეტე სამუშაო მეტი საფრთხისთვის.

ნუ იქნები მთავარი გმირი.

მიენდე შეუსაბამობებს.

ნუ იქნები მიზანსწრაფული.

მოერიდე ფარულ ჩანაფიქრს.

ნურაფერს დამალავ.

იყავი რბილი და ძლიერი.

და ცბიერი. იბრძოლე და გძულდეს გამარჯვება.

არ ჩაუსაფრდე, არ ამოწმო,

სულ მზად იყავი ნიშნებისთვის.

იყავი მოწყვლადი.

გაახილე თვალები და შეიტყუე სხვები სიღრმეში.

განსაზღვრე სივრცე, რათა ყველა დაინახო თავისი სახით.

გადაწყვიტე სასურველი.

ჩუმად დამარცხდი.

ნება დართე საკუთარ თავს, იაროს შორი გზით.

ნება დართე, გადაერთოს. დაუდგინე არდადეგები.

არ გამოტოვო ხე და წყალი.

დაივიწყე ახლობლები, გაიმრავლე უცნობები, მოიცალე

წვრილმანებისთვის; შედი სიცარიელეში; ნუ მიაქცევ

ყურადღებას უიღბლობას, უბედურებას, და დასცინე

უთანხმოებებს.

იმოძრავე შენი ფერებით,

ვიდრე მოხვდები სწორ ადგილას, სადაც საამოა ფოთლების შრიალი.

სოფლების გავლით იმოძრავე; მე გამოგყვები.

ფრანკენშტაინის ურჩხულის | ურჩხული ფრანკენშტაინი

წევს ფრანკენშტაინის ურჩხული თივაზე, თავლაში.

ცხოვრობს კარლსბრუნში ექიმი, გვარად შტაინი.

მიემგზავრება ფრანკენშტაინის ქალიშვილი ეტლით ინსბადში წამლების საყიდად.

ცხოვრობენ სოფელში ბიჭები, ფრიცი, კარლი, ოტო და ჰანსი.

ჰკიდია თავლის ჭერზე თოკი, რომელზეც ირწევა ხის შავი ბორბალი.

დარაჯი ურჩხულის პირველი მსხვერპლია, მეორე მსხვერპლს ერქმევა გერდა.

წევს ფრანკენშტაინი, ფრანკენშტაინის ურჩხული, თივაზე თავლაში.

სასტუმრო ოთახში კვარტეტი ასრულებს ნამდვილ ინგლისელ

კომპოზიტორს, მაგრამ დიასახლისი მოითხოვს ჰენდელს.

სტუმრების მოსასვენებელში ზეწრები იმდენად თეთრი და ლურჯია,

მავანს სამშობლოს მოანატრებს.

სარდაფში ექიმი დამფრთხალ თანაშემწეს ეხმარება ხელთათმნის გახდაში.

ასევე არსებობს ქალაქი, სახელად ფრანკენშტაინი.

ტყეში, სადაც გვიმრებია, სძინავს ფრანკენშტაინის ურჩხულს, რომელიც ტირის.

ფრანკენშტაინის ქალიშვილის შეყვარებულს ჰქვია ჰანსი.

ფრანკენშტაინის ურჩხული ამოდის სახლის აივანზე.

ექიმი შტაინი წასულია ავადმყოფების მოსანახულებლად.

შეყვარებულები, გერდა და ფრანცი, სხედან ბუჩქნარში შუაღამისას

და ითვლიან ჭიანჭველებს.

თავლაში, ხის შავი ძელიდან დაშვებულ თოკზე, ჰკიდია საქმრო.

ფრანკენშტაინის ურჩხულს ოდესღაც ერქვა ჰანსი.

დიასახლისის შეკივლება აქრობს სანთელს, რომელიც ანათებდა

პარტიტურას სიმებიანი კვარტეტისათვის.

ფრანკენშტაინის ურჩხული გაიხლართა გვიმრის ბუჩქებში.

ფრანკენშტაინის ქალიშვილს აცვია კაბა, რომელიც შეიძინა ინსბადში.

ფრანკენშტაინის ქალიშვილი და მისი შეყვარებული ჰანსი ისხდნენ ხოლმე

ბალახზე, ტყეში, და ედოთ შუაში კალათა საგზლით.

დიასახლისს ცერითა და ნეკათითით ეჭირა მარაო.

ფრანკენშტაინის ურჩხული სასოწარკვეთისას იხსნიდა საყელოს.

„თქვენ ისე კარგად მომექეცით“, ამბობდა ჰანსი.

ხალხის წარმომადგენელი მუცელს იფხანდა.

„ყოველთვის მხოლოდ მიყურებდნენ“, ამბობდა ურჩხული.

ექიმმა შტაინმა დაირქვა ფრანკი და ახლა ცხოვრობს ჰარლი-სტრიტზე,

დასავლეთ ლონდონში.


შესვლა
რეგისტრაცია