დრამატურგია

Nightfall

გია ეძგვერაძე · №32 · 15 ივნისი, 2026

სცენა 1. ექსტერიერი. ღამე. ღრუბლებიდან ზოგჯერ მთვარე მოსჩანს. ასფალტის გზა ბუნებაში.

შარაგზაზე კამერა უკნიდან მიჰყვება ყმაწვილს, რომელსაც ხელით მიაქვს ზურგჩანთა. მისი ნაცრისფერი ჰუდის ზურგზე დროდადრო მთვარის შუქი თეთრ წარწერას აელვებს – „GAP“. გზაზე, ბიჭის წინ, მანქანის ყვითელი სინათლეები იწყებს ნათებას. მას მანქანა უახლოვდება, აჩერებს (ძველი „ოპელი“). მანქანის ინტერიერში სამი, საშუალო ასაკს გადაცილებული ზორბა მამაკაცი მოჩანს.

მანქანის ფანჯარასთან მჯდომი მამაკაცი, სახელად პეტრე (გაუგებარი წარმოშობის პროვინციული აქცენტით): საით მიდიხარ?

ყმაწვილი: რამე დასახლებამდე… აზრზე არა ვარ, სად ვარ.

პეტრე: და საიდან აღმოცენდი?

ყმაწვილი: მატარებელი გაჩერდა შუაგზაზე, გადმოვედი, მეთქი, გარშემო სიბნელეში რა ხდება და ისე სწრაფად დაიძრა, ასვლა ვეღარ მოვასწარი, შევრჩი გზაზე.

პეტრე: უახლოესი აქედან განთიკარია („განთიადის კარი“) მარა შორია. თუ ივლი, დაგათენდება; მანქანები ეხლა არ დადის. ჩვენ უკაცრიელაში ვიყავით – ბავშვი დაიბადა და იაფად რომ გამოსულიყვნენ ბარემ ნათლობაც მიაყოლეს; იქ შევრჩით. (თავის თანამგზავრებს მიუბრუნდა) ჩვენთან ხომ არ წავიყვანოთ? (თანამგზავრები თავს უკრავენ). წამოხვალ?

ყმაწვილი (ღიმილით): კი, ეტყობა, ჩვენ შესახვედრად ჩამოვსულვარ მატარებლიდან.

ახალგაზრდა კაცი ჯდება მანქანაში.

სცენა 2. ღამე, „ოპელის“ ინტერიერი. მანქანა მოძრაობს. სიჩუმე. მალე მანქანა უხვევს უასფალტო გზაზე.

მძღოლი (ყმაწვილს): აბა, შენ იცი, 10 წუთი გაუძელი. მანქანა ძლიერად ჯაყჯაყებს გზაზე, მძღოლი ცდილობს, ღრმულებსა და დიდ ქვებს აერიდოს. სცენა კარგა ხანს გრძელდება. ასეთი გამოცდის შემდეგ, მანქანა ბნელ ეზოში გადაუხვევს და ასევე ბნელი სახლის წინ ჩერდება.

სცენა 3. ექსტერიერი. მანქანა ბნელ ეზოში. სრულიად ჩაბნელებული, სოფლის ორსართულიანი სახლი აივნითურთ.

ოთხი კაცი გადმოდის მანქანიდან. სამ მათგანს თეთრი ცელოფნის პარკები უჭირავს ხელში. ნელა, სრულ სიბნელეში, ოთხივე, სახლის გარეთა კიბით მეორე სართულზე ადის. ერთ-ერთი მათგანი ანთებს აივნის შუაში ჩამოკონწიალებულ ნათურას.

სცენა 4. ინტერიერი. სოფლის სახლის სასტუმრო ოთახი. განათებული აივნიდან ფანჯრებში მბჟუტავი შუქი ანათებს. კარი იღება, შემოდის ოთხი მამაკაცი. ჭერის შუაში ინთება ჭაღი. ძლიერი, თეთრი შუქით, ისე, რომ სივრცე ზედმეტად განათებულია. ოთახი ეკლექტური კულტურული ესთეტიკის მატარებელი საგნებითაა სავსე. შემოსულები ცელოფნის პარკებს თეთრ სუფრა გადაფარებულ მაგიდაზე აწყობენ.

პეტრე ამოიღებს სიგარეტს და დაღლილი მიუჯდება მაგიდას; მეორე კაცი, კუთხეში, სავარძელში ჩაესვენება, იღებს ფანჯრის რაფიდან ლეპტოპს და იდებს მუხლებზე; მესამე მამაკაცი კი მაგიდაზე პარკების მოვლას იწყებს და შიგთავსს გარეთ ალაგებს. ყმაწვილი, პეტრეს ხელმარცხნივ მაგიდასთან ჩამოჯდება და გარშემო იყურება უინტერესოდ.

ყმაწვილი: თქვენ სამნი ცხოვრობთ აქ?

პეტრე (დაღლილი ხმით): არა, ბიჭო, ქალები და ბაღნებ-ბაჭაჭყები ზღვაზე გავუშვით დასასვენებლად. ხო იცი, ბარის ჰაერი, ზღვის ჰაერი – კარგია ფილტვებისთვის ცვლა. ეხლა იქ პარპაშობენ. პრანჭიკელობა, სელფები, კუდის ბზიკვა, ტალღებში გორაობა… რამე… მაგის საშუალება ქალს და ბავშვს უნდა შეუქმნა – მაგათი სიხარული ეგაა. მე პეტრე მქვია, ესენი ჩემი ძმები, მალხაზი და გიგოა – ამ სამი კვირით ჩემთან გადმოვიდნენ; ჩვენ აქ ჩვენებურად ვპარპაშობთ: კაი მწვადი, კაი ღვინო, დღეს კაი ქალს რა გამოლევს ნეტში – რას არ შვებიან, კაცო! რასაც ეტყვი, იმას გაგიმზადებს კერძად! (იცინის) შენ ხომ იცი ეგა?

ყმაწვილი: კი, ვიცი. მეც მითამაშია.

პეტრე: ესე იგი ცხოვრების მარილს თამაშს ეძახი… (დაყვავებით) აბა, ცხოვრებას რას ეძახი?

ყმაწვილი: რავი, არც არაფერს – ასე, ვცხოვრობ…

პეტრე თვალებს ლულავს დაღლილად და ბრძენკაცის ღიმილით ჩაიღიმებს.

პეტრე: ჩვენ ნაჭამ-ნასმები ვართ, კერძები და ღვინო გამოგვატანეს ნათლობიდან და გეშიება ალბათ?

ყმაწვილი: კი, მადლობა, მშია მაგრა! მე ალექსი მქვია.

მალხაზი (თეთრი ცელოფანიდან ღვინის ბოთლებს იღებს): ღვინოსაც ხომ დალევ?

ალექსი: კი, ერთ ჭიქას, სიამოვნებით…

მალხაზი პლასტიკის ყუთებს ხსნის, ალექსს თეფშს და დანა-ჩანგალს უდებს წინ.

მალხაზი: ხორცს ხომ ჭამ? (აპირებს დაუდოს ხაშლამას ნაჭერი).

ალექსი: არა, არ ვჭამ.

მალხაზი: მაშინ ლობიო, ფხალი. ყველი?

ალექსი: არა, ყველსაც არა. ვეგანი ვარ. რძის პროდუქტს არ ვეტანები.

მალხაზი: გიგო, შენ ღვინოს დალევ?

გიგო: არა.

მალხაზი (ალექსს): პური გეყვარება (იღებს ცივი შოთის პურს ცელოფნიდან).

ალექსი: კი.

მალხაზი: კაი რუსული კისელიც გამოგვატანეს. დაგისხა ლიმონათის მაგივრად?

ალექსი: არა, შაქარსაც ვერიდები, კვების დისციპლინაა ასეთი.

პეტრე (ნელა, დარბაისლურად – ღვინოს წრუპვით და მონოლოგის ტონით): უცნაური ხალხი ხართ შენნაირები. დღეს ყველა ჯანმრთელობისთვის იბრძვისო. რაღად უნდათ ეგ ჯანმრ­თელობა, დედამიწაზე ყოფნას თუ ეშხი გაუქრა, რათ მინდა გრძელი სიცოცხლე? გერმანიაში მანქანას და სახლს აღარ ეტანებიანო, იაპონიაში ქალი და კაცი ერთმანეთში ვნებას არ ეძებენო… ყველაფერი, რითაც ვხარობდით, გაუქმდა, არა? უწინ ასეთი ადამიანი ღმერთს მსახურობდა და დღეს რას მსახურობთ? არაფერს… ბრინჯივით ხართ დაბნეული. ერთი ალთას, მეორე ბალთას, ბატებივით დადიხართ… არაფერი გიყვართ, არც ადამიანი, არც გმირობა… ხან აქეთ წაცინცქლავთ, რასმე, ხან იქით… ბავშვებსაც არ აჩენენო… არ გინდათ, სიცოცხლე ჩქეფდეს? წადილი წადილობდეს! წადილს რომ გამოაკლებ სიცოცხლეს, უმარილო კიტრი შეგრჩება… მარილსაც არ ჭამ?

ალექსი: ვცდილობ, ნაკლებად.

პეტრე: ჰო, უცნაურები ხართ – სიცოცხლეს იგრძელებთ და ცხოვრება კი არ გინდათ! კომპიუტერს რომ ჩასცქერი, ცხოვრებაა ვითომ?

ალექსი (თან თავს ზემოთ არ წევს, თან საჭმელს ჭამს და სრულიად უბოროტოდ ამბობს): აბა, ნეტში ქალებიო?

პეტრე: ქალი მე გულში მყავს და თქვენ გულის დაცლას აპირებთ…

ალექსი (წყვეტს ჭამას): დიდი მწერლის ცოლი იყო, ისიც მწერალი, თავის წიგნს დაარქვა „ძალიან გრძელი სიკვდილი“…

პეტრე (თავისთვის): ესე იგი სიცოცხლე სიკვდილია არა? (გრძელი პაუზა). ეხლა შენ ხაშლამა არ ჭამე; ხაშლამად რომ იქცა, იმ დეკეულის მონაძოვარი ბალახიც არ გიჭამია; არც იმ ბალახის შეწოვილი მიწის ძალა და წვიმის წყალი დადის შენს ტანში; არც მათზე დანათებული მზის და მთავარის მადლი გიმოძრავებს კუნთებს… სიცოცხლის სიკვდილით ჩაანაცვლება გინდათ, არა? იმ ქალმა ეგეც იცოდა…

ალექსი: კი, ბევრი რამე იცოდა, მაგის ქმარმაც, მაგარი წყვილი იყო…

პეტრე: მთავარი არ იცოდა – სიცოცხლის ფასი და სიყვარული.

ალექსი: არა, სიცოცხლე უყვარდა, „როგორც დედას ჯარში წასული შვილიო“ – ასე თქვა.

პეტრე (მაგიდას ჩაშტერებული ძმას მიმართავს): გაიგე, გიგო, ვიღაცა შენ მაგიერ ომობს, სისხლს ღვრის, ყველა დედა თუ გავხდით, ვინღა იომებს, ომს ვინ მოიგებს, ვინ იზეიმებს? ჰა, რას იტყვი, გიგო?

გიგო (თავისი სახელის გაგონებაზე ამოხედავს პეტრეს, მერე ისევ კომპიუტერს ჩააშტერდება და ჩაილაპარაკებს): ჭკვიანად იყვნენ ყველანი!

პეტრე: და შენ რას იტყვი, მალხაზ? არ გინდა ომში? დედად გირჩევნია შინ დარჩენა?

მალხაზი: ღამის პირველი საათია, რა დროს ომია! ბევრს კი უყვარს მკერდის მოშიშვლება – რამდენი გაიხიკა ჩვენგან უკრაინაში…

პეტრე: ეგ არ არის უჯიშობა? მამელუქებივით რომ ხეტიალობენ – ომი სამშობლოსთვის არის სულის ნუგეში. სხვის საქმეში კი… (თავს აქნევს უარყოფის ნიშნად).

ალექსი: უკრები ძმები არიანო…

პეტრე (თვალებში უყურებს ალექსს): ძმები გიგო და მალხაზია… ებრაელი ერი ბრძენია, „სხვას“ გოიმს ეძახიან (იღიმის).

სიჩუმე. პეტრე ნელა წრუპავს ღვინოს. მალხაზი სანოვაგეს მაცივარში ალაგებს. მერე კარადიდან ლოგინის თეთრეულს იღებს და ტახტზე დებს. ბრუნდება მაგიდასთან.

მალხაზი (ხელებით მაგიდაზე დაყრდნობილი პეტრეს): დავაბინავე მაცივარში ყველაფერი. ხვალ კაი საუზმე გვექნება. (ალექსს) თეთრეული ტახტზეა. ჩვენ აქ აბაზანის და ტუალეტის რემონტი დავიწყეთ, ვერთობით ცოტა-ცოტა, ჰოდა, თუ მოგეფსა, კიბეზე რომ ჩახვალ, ჩეჩმაა ხელმარჯვნივ, 20 მეტრში, მეზობელთან ვინაწილებთ, მარა საუკუნეა, ეგენი არ გვინახავს. სადღაც ქალაქში წავიდნენ და დაიკარგნენ.

მცირე პაუზა.

პეტრე (ალექსს): კაი, დაიძინე. (დგება, კარისკენ მიდის, გაჩერდება, შემობრუნდება ალექსისკენ): მოგკლავდი, შვილო, ჩემი ხელით, მაგრამ დაიძინე და შენს გზაზე გაეშურე – კიდევ კარგი, შენი მატარებელი ჩვენს სოფელში არ შემოდის.

ძმები კარში გადიან.

ალექსი: ღამე მშვიდობისა.

პეტრეს ხმა (უკვე მოხურული კარის უკნიდან): ნახვამდის.

ცოტა ხანი ალექსი ზის მაგიდასთან, უყურებს მობილურს. მერე დგება, ნახმარ ჭურჭელს სამზარეულოს ონკანში რეცხავს. თავის ზურგჩანთას ტახტთან ახლოს დებს, ტახტზე თეთრეულს იშლის. მერე დიდ ჭაღს გამორთავს.

ახლა ოთახს მხოლოდ მთავრის სუსტი შუქი ანათებს. ალექსი მივა ფანჯარასთან, გააღებს, ცოტა ხანი მთვარეს გაჰყურებს (რომელიც მთების წვერებს ეთამაშება). მერე მიდის ტახტთან, იხდის ტანისამოსს, წვება ლოგინში და ხუჭავს თვალებს. რამდენიმე წამში ეკრანს შავი ფერი ეფინება.

სიშავის და სიჩუმის ხანგრძლივი მონაკვეთის შემდეგ, უკუნეთში ისმის ჭრიჭინას ჩუმი ხმა, ეკრანზე იგივე სასტუმრო ოთახი გამოანათებს, რომელიც ახლა მთვარითაა გადანათებული. ალექსს კვლავ ტახტზე ძინავს. ჭრიჭინას ხმა ძლიერდება. ალექსი იღვიძებს (შესაძლოა ჭრიჭინას ხმისგან, შესაძლოა მთვარის ძლიერი შუქისგან, რომელიც ამ დროისთვის უკვე პირდაპირ სარკმელში ანათებს ძლიერად).

ალექსი უყურებს მთვარეს, რომელიც თითქმის ავსებს ფანჯარას, იღებს მობილურს რომელზეც 05:06 წერია, მერე უღებს ფოტოს ამ მთვარის სახელით ცნობილ უცხო ობიექტს, ადიდებს და კადრის ნელი გადაადგილებით უყურებს კრატერებს. ჭრიჭინა აგრძელებს სივრცესთან ჭიდილს. ალექსი წამოჯდება ტახტზე, თვალებით ეძებს ჭრიჭინას და მას ტახტის კიდეზე ამჩნევს. ალექსი ფრთხილი მოძრაობით აშინებს ჭრიჭინას, რომელიც აკეთებს ნახტომს და მთვარის მიმართულებით ფანჯრიდან გარეთ მიფრინავს.

ალექსი დგება, იცვამას, მოიცვამს ჰუდს და გადის ოთახიდან.

სცენა 4. ექსტერიერი. ღამე. მთვარით განათებული ეზო. ბნელი კიბიანი სახლი.

იღება კარი და აივანზე გამოდის ალექსი, მობილურის ფანრის შუქზე ჩადის კიბეზე ეზოში და უხვევს მარჯვნივ.

სცენა 5. ექსტერიერი, ღამე, ბაღი, ჩეჩმა.

ალექსი მიუყვება ბუჩქებს შორის ვიწრო ბილიკს. მობილურის ფანარი თეთრი შუქით გზასა და ბუჩქებს ანათებს. წინ, სიძველისგან მორყეული ხის ჩეჩმის პრიმიტიული სილუეტი მოჩანს.

ალექსის ფანრის თეთრი შუქის ათინათი უახლოვდება ჩეჩმას, ალექსი აღებს კარს და ანთებს სინათლეს.

სცენა 6. ჩეჩმის ინტერიერი, ღამე.

ყვითელი შუქის სუსტ სინათლეზე ჩანს ჩეჩმის შიგთავსის ანტიჰიგიენა. ჩეჩმის კედლებზე აქ-იქ რაღაც სტიკერებია მიკრული: ტომი და ჯერი, „მერსედესის“ რომელიღაც მოდელი, ასევე „სთართრეკის“ და „ოტელეოს“ (ვახტანგ ჭაბუკიანის – ქართული საბალეტო დადგმა), ძველი პლაკატები… (კადრი ზემოდან) კამერა ჩერდება ჩეჩმის შავ ღრმა ხვრელზე. ალექსი ფანრით ანათებს შავი ხვრელის შიგთავსს, სადაც სადღაც ქვემოთ ლივლივებს კლოაკა. ალექსი აქრობს მობილურის სინათლეს და მოიხურავს ჩეჩმის კარს.

სცენა 7. ექსტერიერი, ღამე, ბაღი, ჩეჩმა.

ბნელ ლურჯ ღამეში ჩეჩმის კარსა და ჩარჩოს ნაპრალში ყვითლად მბჟუტავი შუქის ზოლი მოსჩანს, კამერა ნელა უახლოვდება მას.

უეცრად ისმის ჩანგრევის ხმა (კამერა ჩერდება), ყრუ კივილი, უცნაური დგაფუნი, კიდევ ყრუ შეკივლებები. მერე ხმაური წყდება და კამერა იწყებს უკუსვლას, სანამ ჩეჩმა არ გაქრება ხეებს შორის სიბნელეში.

სცენა 8. ექსტერიერი, ადრეული დილა, სოფლის ეზო, სახლი და მანქანა (კადრი ზემოდან მოიცავს მთელ ამ ლოკალურ სივრცეს საგნებიანად).

აივანზე გამოდის გიგო (თეთრი გულამოჭრილი მაისური, შავი ტრუსი და ფეხზე ნახევარკედები აცვია), ჩამოდის კიბეზე, მიდის მანქანასთან, აღებს მძღოლის კარს, შეჰყობს მანქანაში თავს (მანქანიდან ყრუდ ისმის რუსული მუსიკა). ამ პოზაში მანქანის სალონში რაღაცას კარგა ხანს ჩალიჩობს. შემდეგ გამოძვრება და მანქანას მიყუდებული, მანქანის რაღაც ნაწილს წმინდავს და ეჩალიჩება.

აივანზე გამოდის მალხაზი.

მალხაზი: გიგო, ეს ჩვენი სტუმარი ხომ არ გინახია? ზურგჩანთა აქ არის და თვითონ არ ჩანს.

გიგო (თავის აუწევლად): არა.

მალხაზი: ამო, ჩაი დავლიოთ…

გიგოს, რაც ხელში ჰქონდა მანქანის სახურავზე დებს, და ნელა მიდის კიბისკენ.

სცენა 9. ინტერიერი, ადრეული დილა, სასტუმრო ოთახი.

პეტრე (მაგიდასთან იმ წამს შემოსულ მალხაზს): გიგოს უთხარი, ბაღში ნახოს ეგ ბალღი… (მალხაზი ბრუნდება აივანზე).

მალხაზი (გიგოს): პეტრემ, ეგებ ბაღში ნახოს, იქ ხომ არ არის ბიჭიო?

გიგო (რამდენიმე საფეხურზე უკვე ამოსული, ბუზღუნით): ჰო, კარგი.

სცენა 10. ინტერიერი, ადრეული დილა, სასტუმრო ოთახი.

პეტრე (პურზე კარაქს ისვამს): ჩაი დაასხი, მალხაზ.

მალხაზი ჩაის ასხავს და პეტრე თან პარალელურად შაქარს ყრის ჭიქაში.

პეტრე (თავისთვის): შაქარი არ მინდაო, გულის სითბოს როგორ დააგროვებს უშაქროდ – ტკბილი ყურძენი, ტკბილი ჩაი ქალის კოცნასავითაა. არ უნდა, რამე დაინახოს, ასე უგზო-უკვლოდ ფრენა უნდა, თან ისეთ სიმაღლეზე, ქვემოთ მიწაზე რომ არაფერი ჩანს და ცივი ჰაერია გარშემო…

რაღაც უცნაური ზმუილი ისმის გარედან – ეს გიგოა!

სცენა 11. ექსტერიერი, ადრეული დილა, სახლის აივანი.

მალხაზი გამორბის ოთახიდან.

გიგო (ჩეჩმისკენ მიმავალ ბილიკზე მორბის, მალხაზს რომ დაინახავს, ხელს იქნევს ენერგიულად – მოდითო, ყვირის):

პეტრე, მალხაზ (გარბის უკან). პეტრე და მალხაზი ორივე ჩარბიან კიბეზე და ჩეჩმისკენ მირბიან ძუნძულით.

ჩეჩმის გაღებული კარის წინ დგას გიგო და ჩეჩმაში იყურება. პეტრე და მალხაზი მივარდებიან ჩეჩმასთან და შემზარავ სურათს ხედავენ: ჩეჩმის იატაკი ჩატეხილია და სადღაც ქვემოთ განავლის ლორწოდან ანათებს თეთრი ასო G.

პაუზა.

ძმები დგანან ჩეჩმის წინ და ერთმანეთს უმზერენ.

გიგო: ხომ გითხარი შესაკეთებელია-მეთქი და ვინმე ჩვენიანი რომ ჩავარდნილიყო, ოჯახიშვილი?

პაუზა.

პეტრე მალხაზს თავით ანიშნებს ჩეჩმის ჭაზე.

მალხაზი (აქნევს თავს უარყოფის ნიშნად): ვერა…

პეტრე გიგოს გადახედავს.

გიგო: შანსი არაა…

ჩეჩმის გარე კედელზე საღებავი დამსკდარია. პეტრე ნერვიულად ტკეჩს საღებავს.

პეტრე (მალხაზს): მიდი, მოიტანე ფიცრები და იარაღი.

მალხაზი მორჩილად მიდის – პეტრე ბალახზე ჩამოჯდება, სიგარეტს ამოიღებს და მოუკიდებს.

გიგო: ტუალეტის ქაღალდის სამაგრზე მობილური დაუდია…

პაუზა. პეტრე ბოლს ჩაისუნთქავს და ამოსუნთქვაზე ეუბნება.

პეტრე: დაამტვრიე და ჩააყოლე…

გიგო იღებს მობილურს. დააჭერს ღილაკს, დახედავს, ზედ კრატერებიანი მთვარის სურათია. დადებს ქვაზე და მეორე ქვით ჩაამსხვრევს. მერე მივა ჩეჩმასთან და ჩამტვრეულ მობილურს ჩეჩმაში ჩააგდებს. მობილური ტივტივებს განავალზე. გიგო ჩეჩმის გვერდზე გრძელ ტოტს იპოვის და ტოტით დაძირავს მობილურს, ასევე ალექსის ჰუდს და მის ხელის მტევანს, რომელიც განავლიდან მოჩანდა.

მალხაზი მოვიდა ფიცრებით და იარაღით ხელში. გიგო და მალხაზი იწყებენ ჩეჩმის შეკეთებას. პეტრე ეწევა და ბოლის რამდენიმე სევდიან წრეს უშვებს პირიდან.

პეტრე: ეგ, სამოქალაქო ომი რომ იყო, იმ დროს ჩაინგრა კიდე; მაშინ თუ გახსოვს, ჩვენი ბიცოლა ნინოს ლურჯი მამალი, ფრთების გაშლა და ფახუნი რომ უყვარდა, ეგ ჩაიყოლა.

კამერა ზანტად იწევს ზემოთ. ადის მაღლა, სწრაფდება, მიიწევს წინ კიდევ და კიდევ სივრცეში – შორს ვხედავთ, როგორ მიქრის სადღაც თეთრი ექსპრესმატარებელი.


შესვლა
რეგისტრაცია