ყველაზე გრძელი სიყვარული
რატომ ვიწყებთ ხოლმე წერას სიყვარულზე, მერე კი დაძველებული ტანსაცმელივით მივაგდებთ გვერდზე? თითქოს მასზე წერა წლების გასვლის შემდეგ გვეუხერხულება. ამაზე ხომ ყველა წერს — ვფიქრობთ. და ვერიდებით, შორი-შორს დავაბიჯებთ მისგან. მაგრამ საკმარისია, ხელში ჩაგვივარდეს რომელიმე დიდი სიყვარულის ამბავი — წიგნად, სულმოუთქმელად ვეცემით და ვყლაპავთ. შეიძლება არც ვაღიაროთ. ღამე მურაბის ჭამასავით არ გავამხილოთ ეს ამბავი. მე სულ მინდოდა სიყვარულზე ისევ მეწერა. აკრძალულ, უშნო, დამარცხებულ, ლამაზ, განდიდებულ, დასრულებულ, გამართლებულ სიყვარულებზე. დღეს რომ მათგან აღარაფერი დარჩა, მაგრამ იმის ღირსები კი ნამდვილად იყვნენ ეს ჩვენი სიყვარულები, რომ საბოლოო გაქრობისგან გადაგვერჩინა. თუნდაც ასე, ლექსებში შეტენვით. ეს ნაწყვეტია ჩემი მომავალი წიგნიდან და ის მხოლოდ სიყვარულზე იქნება. ჰო, ასე ბანალურად.
…
როცა ამ წიგნის თავგადასავალს მომაყოლებენ,
ვიტყვი,
რომ წერა ერთ ყველაზე უსიყვარულო დღეს დავიწყე.
…
ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე სიყვარულის ძებნაში,
გავიარე მეტროს რვა გაჩერება და
გმირი კურსანტების ქუჩა და
ებრაელთა მეგობრობის ქუჩა და
რაღაც სულელური ქუჩა,
ბოლოს — ბოლო გაჩერებაზე ჩამოვხტი.
მაშინ მივხვდი — ჩემს თავთან მოვედი.
მაგრამ იმდენად შეცვლილი დამხვდა,
გვერდი ფრთხილად ავუარე.
…
გადავწყვიტე, იმ სიყვარულზეც მომეყოლა,
მაგრამ როცა ძველი წიგნის გადაშლა ვცადე,
ყველა ფურცელი ერთმანეთს მიჰკვროდა
— როგორც ჩვენ, ოდესღაც.
ასე იცის სინესტემ და ობმა.
სიმხურვალემაც.
…
როდესაც პირველად დავინახე,
მივხვდი, სხვა ყველაფერი დამთავრდა.
დიდხანს მივშტერებოდი კეფაზე.
სანამ მანაც არ გამომხედა.
მიხვდა: ყველაფერი ახლა დაიწყო.
…
მიყურებდა
და მის თვალებში ვხედავდი ჩვენი ფილმის
დასასრულის კადრებს,
რომელიც კატასტროფულად ლამაზი იყო.
ჯანდაბას, მიღირს, — ვთქვი და მასში გადავხტი.
…
მისგან პირველი მესიჯი რომ მოვიდა,
ფანჯრიდან ტელეფონის გადაგდება მინდოდა,
როგორც მკვლელობის იარაღის მოშორება.
მაგრამ როგორ გამემეტებინა
იმწამს დაბადებული სიყვარული მიწაზე დასახეთქებლად?
ამიტომ ფრთხილად ავიყვანე ხელში,
თავზე ხელი გადავუსვი და
დავიწყეთ ანბანის სწავლა.
…
სიყვარულზე ისე უნდა წერო,
უკან არ მოიხედო.
თორემ სავარცხლების ტყე ამოიზრდება.
მე გავიხედე და ვინანე — აღარაფერი მოჩანდა.
ასე მოვკალი უკანასკნელი მოგონებები ჩვენზე.
…
მთავარი შიში:
მთავარია,
ეს ბეჭედი არ დაპატარავდეს — არათითზე.
…
სიყვარულის შემონახვის რეცეპტი:
შეხვედრა მიგდებული ქალაქების სასტუმროებში,
სადაც აღარასოდეს მოხვდები,
მაგრამ კედელზე სიფრთხილით მონიშნავ
ერთად ყოფნის კვალს.
…
ერთხელ ძალიან დიდ თოვლში მოვიდა.
მე მაღალი კორპუსის აივნიდან გადავყურებდი.
ჩემს თბილ სახლში ზუზუნებდა მაცივარი
და გუგუნებდა ტელევიზორი
და ჭიჭყინებდნენ ბავშვები
და შიშხინებდა ტაფაზე ხორცი…
მოკლედ, ყველაფერი რიგზე იყო.
მე კი ვიდექი თოვლიან აივანზე სიცივეში
და ვფიქრობდი,
ნუთუ ეს შავი წერტილია ჩემი სიყვარული?
რა მეშველება, თოვლმა რომ დაფაროს და ვეღარ დავინახო?
…
დღეში ერთხელ დაჭერილი შენი მზერაც საკმარისია,
რომ გადავრჩე, ვუთხარი.
რა ძალიან ვცდებოდი.
…
პირველად ძალიან იაფიან კაფეში წავედით.
მეორე შეხვედრაზე უკვე გვიყვარდა
და აღარც უფულობის გვრცხვენოდა.
სულ ტყუილად.
…
აღარ მინდა ისევ ის გოგო გიყვარდეს ჩემში,
ვინც შეგიყვარდა.
დროა ახლანდელიც მოგწონდეს — ძვირფასი დაძველებით.
…
გული ისე გაყინული მქონდა,
და ყველაფერი ისე დავიწყებული,
გადავწყვიტე,
დედამიწაზე ყველაზე სევდიანი მუსიკა ჩამერთო.
იქნებ ძველ სიყვარულში შევბრუნდე, ვიფიქრე,
იქნებ კიდევ რამე დამრჩა ამოსათრევი
ოკეანის ფსკერიდან, სადაც ჩავიძირეთ.
მაგრამ იქ მხოლოდ დამპალი წყალმცენარეები დამხვდა,
რომლებმაც ისევ ჩემი დახრჩობა მოინდომეს.
რა შტერი ხარ, ვუთხარი ჩემს თავს და ისევ
ცნობილი ავიაკატასტროფების ვიდეოების ყურება დავიწყე.
…
ერთი სიყვარული სამწელნახევარი გაგრძელდა.
მეორე ხუთი.
მესამე ხელში ჩამაბერდა.
რა კარგია, გავიფიქრე,
ამას მაინც დავმარხავ, სადაც მინდა.
…
ერთხელ დიდი ყვითელი ყვავილებით მოვიდა.
მათი სურნელი ფილტვებით შევისრუტე,
სასულეში გადავისროლე და ცხვირი ყვავილების მტვერში ამოვგანგლე.
მერე კი ყვავილები იქვე შორიახლოს მდგარ სანაგვეში ჩავასვენე.
უკან ისე გამოვბრუნდი,
როგორც ღია საფლავთან მდგარი ახლობლის კუბოსგან.
სამწუხაროდ, ეს აკრძალული სიყვარული იყო.
…
როცა ერთად ვიყავით,
ერთი ამოჩემებული საღეჭი რეზინის შუაზე გაყოფა გვიყვარდა.
ძველ ტანსაცმელში ვპოულობ ახლა ამ ნახევრებს.
ქსოვილზე შემდნარს, მიწებებულს.
ფუ, როგორ მიყვარდი.
…
ერთხელ კლდის წვერზე მომეხვიე.
შეიძლება ფეხი დაგვცდენოდა და ყველაფერი უკეთესად იქნებოდა,
ვიდრე მერე.
ერთმანეთი გადავიყვარეთ.
…
გრიფი „საიდუმლო“ ადევს ძველ ფოტოებს, რომლებშიც ვართ.
რომლებშიც გვიყვარს.
ეს კაცი გიყვარდა? — წარმოვიდგენ ხოლმე,
ერთ დღეს, და თუ ოდესმე მეყოლება, შვილიშვილს
როგორ მოაქვს გახუნებული ფოტოსურათი
და ცხვირწინ მიფრიალებს.
მე კი, ბოლოს და ბოლოს, ვიწყებ შენი ამბის მოყოლას.
თავიდან ბოლომდე.
და აღარაფრის მრცხვენია.
…
თავზე რომელიღაც ეკლესია დაგვყურებდა.
ზურგებით ვეკვროდით ერთმანეთს.
იქ რაღაც ხდებოდა, მგონი, გალობდნენ.
ჩვენ კი მარტო ჩვენი გულის ზარების ხმა გვესმოდა.
და ჩვენი სიჩუმის ლოცვა.
…
გამჭვირვალე მხოლოდ სიყვარულის დასაწყისია.
ბოლოს ორივე ჭაობში ვიდექით და
ერთმანეთისკენ ნაბიჯს ვერ ვდგამდით.
სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ:
ბოლომდე მოთმინებით ვუყურეთ ჩაძირვას.
ის უფრო მალე დაფარა ტალახმა.
