რუსთაველი და ჰომეროსი
„…დადგება დრო, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს ამ გენიალურ პოემას, რომელსაც ასევე გენიალურ „ილიადასთან“ და „ოდისეასთან“ არაერთი მსგავსება აღმოაჩნდა, თუმცა კი, ამ მსგავსებათა მიუხედავად, რთულია იპოვო ერთმანეთისგან ასე განსხვავებული პოემები…“
რუსთაველი და ჰომეროსი, „ვეფხისტყაოსანი“, „ილიადა“ და „ოდისეა“ ქართველი და არამხოლოდ ქართველი მკითხველისთვის მხოლოდ სახელებითაც გასაგებია, თუ რა სიმაღლეზე, რამდენად გენიალურ ავტორებსა და პოემებზეა საუბარი, თუმცა მსოფლიო ლიტერატურის ამ შედევრებს შორის იმაზე მეტი პარალელის გავლება შეგვიძლია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
ამ პარალელებზე საუბარი დავიწყოთ იმით, რაც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ თავის დროზე მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ძიების სიუჟეტი, და ღმერთის თვითმკვლელობის სიუჟეტი. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, იმ ნაწარმოებებში გვხდება, სადაც ღვთაებრივი პერსონაჟი იკლავს თავს.
„ვეფხისტყაოსანში“, „ილიადასა“ და „ოდისეაში“ ეს ოთხივე სიუჟეტი გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ მწერალმა და მოაზროვნემ, ნობელის პრემიის კომიტეტის მიერ უსამართლოდ დაჩაგრულმა ხორხე ლუის ბორხესმა მსოფლიო ლიტერატურაში ოთხი სიუჟეტი გამოყო. რა თქმა უნდა, ეს მწერლის აზრია, სერიოზული დავიწროება ლიტერატურის სიუჟეტებისა, მაგრამ კაცმა რომ თქვას, მართლაც რომ მთელი ლიტერატურა თავსდება ამ ოთხ სიუჟეტში, ესენია: „ილიადის“ სიუჟეტი, ანუ ალყაშემორტყმული ქალაქი, რომელმაც იცის, რომ დაეცემა; „ოდისეის“ სიუჟეტი, ანუ შინ დაბრუნება; განძის, მათ შორის სულიერი განძის მიმდინარეობს ამ პოემებში აღწერილი ამბავი დროში, საიდან იწყება, სად მთავრდება, სწორხაზოვანია თუ არა, გვხვდება მასში დროის მდინარება, არის თუ არა ე. წ. ფლეშბექები, წინ გასწრება და სხვ.
ამ საკითხზე მსჯელობისას გავიხსენოთ, რომ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის უძველესი ნაწარმოები „გილგამეშის ეპოსი“, რომელიც ხაზოვნადაა დაწერილი — А წერტილში იწყება და B წერტილამდე მიდის: იყო ვინმე მეფე გილგამეში, იცხოვრა, გაუჩნდა მეგობარი, მოუკვდა მეგობარი, ეძება უკვდავება, ვერ იპოვა უკვდავება და თავადაც მოკვდა. ამ ნაწარმოებში გვხვდება თხრობა, რომელიც ტრადიციულია მითოსისთვისაც. სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე ჰომეროსთან, ამიტომაცაა ყოველთვის მარტივი გაიგო, წაკითხული აქვს თუ არა სტუდენტს, მაგალითად, „ილიადა“, რადგან ესაა საკმაოდ უჩვეულო ტექნიკით დაწერილი პოემა. თუკი კითხვაზე — როგორ სრულდება „ილიადა“? სტუდენტი გპასუხობთ, რომ პოემა ტროის დაცემით და ბერძენთა გამარჯვებით სრულდება, მას ეს ტექსტი არ წაუკითხავს, რადგან „ილიადაში“ არც ტროის ომის დაწყებაა აღწერილი და არც დასასრული, „ილიადა“ ჰექტორის სიკვდილითა და მისი დაკრძალვით სრულდება. ჰომეროსის პირველი პოემა არ არის ხაზოვანი ნაწარმოები, მასში მოქმედება, როგორც მომავალში ვერგილიუსი იტყვის, იწყება in medias res, ანუ საქმის შუაგულში, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ტროის ომის მეათე წელი, პოემა კი ომის მეათე წლის 54 დღეს აღწერს.
„ილიადაში“ მოქმედება არ იწყება ab ovo, ანუ ლედას კვერცხიდან ჰელენეს გამოჩეკით, გაზრდით, მისი სილამაზით სასიძოების გადარევით, მის გარშემო ატეხილი მთელი ამბებით და შემდეგ პარისის მიერ მისი მოტაცებით. აღნიშნული ცნობები პოემაში არ არის პირდაპირი დროითი აღწერილი ობიექტი, მაგრამ მაინც გვხვდება სხვადასხვა ფორმით — მინიშნებებით, გახსენებით და ა.შ. მაგალითად, „ილიადა“ იწყება ქალის მოტაცებით, მაგრამ ეს ქალი არა მშვენიერი ჰელენე, არამედ ბრისეისია, ქალი, რომელიც აგამემნონმა აქილევსს წაართვა, რითაც ბერძენთა მთავარი გმირის მრისხანება გამოიწვია. ამით ჰომეროსი გვახსენებს, რომ ტროის ომის მიზეზი გახდა ბერძნებისთვის ქალის მოტაცება, რამაც ისინი განარისხა.
რაც შეეხება „ოდისეას“, მოქმედება აქ ტროის ომის ბოლო, მეათე წელს იწყება, მომენტიდან, როდესაც ოდისევსი შინ ბრუნდება. ახლა კი ვნახოთ, რა ხდება „ვეფხისტყაოსანში“; რუსთველთან მოქმედება იწყება X წერტილში — არაბეთში, რომელიც დახატულია, როგორც უნათლესი, უბრწყინვალესი, უკონფლიქტო სახელმწიფო, სადაც მეფე ქალიშვილის დაისვამს თანამეფედ ტახტზე და ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ბედნიერებაში, რომელშიც აშკარად ევროპული ცივილიზაცია იგულისხმება, მოულოდნელად, ტარიელის სახით, გაურკვევლობა შემოიჭრება — „ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა“, რაც დაარღვევს არაბეთში არსებულ ჰარმონიას.
ასე იწყება „ვეფხისტყაოსანი“, ამ გენიალური პოემის მოქმედების დაწყების წერტილია თინათინის გამეფება, ნადირობა და რაც მთავარია, ტარიელის, უცხო მოყმის, გამოჩენა. დავუშვათ, რომ დროის ღერძზე ეს არის რომელიმე X წერტილი, რომელიც არც A წერტილია, არც B და არც C, რადგან პოემის შინაარსის მიხედვით, A წერტილი სარიდანის მიერ ინდოეთისთვის საკუთარი სამეფოს შეერთებაა, B — ტარიელის დაბადება, C — ტარიელის დაბადებიდან 5 წლის შემდეგ ნესტანის დაბადება, D — სარიდანის გარდაცვალება. ამის შემდეგ ერთი წელი უნდა გავიდეს და მოვხვდებით E წერტილში, რადგან ტარიელმა ერთი წელი უნდა იგლოვოს. F წერტილი ხატაეთის ომია, G — ნესტანის გათხოვების მცდელობა და ხვარაზმშას ძის მკვლელობა და ა. შ.
„ილიადას“ მსგავსად, „ვეფხისტყაოსანიც“ A, B ან C წერტილიდან კი არ იწყება, არამედ in medias res, ანუ საქმის შუიდან, უცხო მოყმის გამოჩენიდან. ამის შემდეგ, დროის მდინარება გვაქვს X+1 — მონები ერთი წლის განმავლობაში ეძებენ და ვერ პოულობენ ტარიელს. ეს ამბავი არ ასვენებს თინათინს, რადგან წარმოუდგენელია, რაციონალურ არაბეთში ასეთმა მისტიკურმა ელემენტმა გააფუჭოს ყველაფერი. ამიტომაც, თინათინი თავის სიყვარულს — ავთანდილს უბრძანებს, სამი წლის განმავლობაში ეძებოს უცხო მოყმე. შესაბამისად, ერთ წელს, რომელიც გავიდა ტარიელის გამოჩენიდან, ემატება კიდევ სამი წელი, რომლის ბოლოსაც, ავთანდილი პოულობს ჯერ ასმათს, შემდეგ ტარიელს და ჩვენ აღმოვჩნდებით დროის წერტილში, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ X+4. აქედან ტარიელი გადახტება A წერტილში და ისტორიის თხრობა გაგრძელდება იმ მომენტიდან, როდესაც სარიდანმა საკუთარი სამეფო ინდოეთს შეუერთა.
გამოდის, რომ „ვეფხისტყაოსანში“ მოქმედება მიმდინარეობს ასე — რომელიღაც წერტილიდან მოქმედება მიდის წინ — 4 წლის განმავლობაში, ამ 4 წლის შემდეგ კი ღრმა წარსულში, წერტილში, როდესაც სარიდანი სამეფოს ინდოეთს შეუერთებს, დაიბადება ტარიელი, ნესტანი, ტარიელი გახდება 15 წლის, მოკვდება სარიდანი, ტარიელი იგლოვებს მამას 1 წლის განმავლობაში, ამის შემდეგ სატრფო ეტყვის — „ბედითი ბნედა სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია? სჯობს საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია“, და ხატაეთის ომში გააგზავნის. ამ ომს ტარიელი მოიგებს, დაბრუნდება გამარჯვებული, ჩამოიყვანს რამაზს, რომელსაც შეუნდობენ და გაათავისუფლებენ, ამასობაში კი მეფე ნესტანის გათხოვების გადაწყვეტილებას მიიღებს და მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცის — ნესტანსა და ტარიელს ერთმანეთი უყვართ, მიიჩნევს, რომ უცხო მეფე უკეთესი იქნება და ხვარაზმშას ძეს მოიხმობს, რათა ნესტანი მას გააყოლოს ცოლად. ამაზე ნესტანი და ტარიელი გადაწყვეტენ — „ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“ და ტარიელი მიიღებს ხვარაზმშას ძის მოკვლის დავალებას, რომელსაც პირნათლად შეასრულებს. სწორედ ამას მოჰყვება კატასტროფა — დავარი გადაკარგავს ნესტანს, მოიკლავს თავს, ტარიელი დაიწყებს ნესტანის ძებნას. ამ წერტილიდან, ანუ ხვარაზმშას ძის მკვლელობიდან — პოემის ბოლომდე გადის ცხრა წელი, მთლიანობაში კი ათი. „ილიადასა“ და „ოდისეას“ მსგავსად, მოქმედება „ვეფხისტყაოსანშიც“ მეათე წელს მიმდინარებს და ამ მეათე წელს დასრულდება კიდეც. მოკლედ რომ ვთქვათ, მივიღეთ ასეთი სქემა — „ვეფხისტყაოსანში“ მოქმედება იწყება ერთ კონკრეტულ წერტილში, შემდეგ მიდის წინ, რასაც მოჰყვება ღრმა წარსულში დაბრუნება, ღრმა წარსულიდან მოემართება იმ წერტილში, საიდანაც ამ ღრმა წერტილში დაბრუნდა, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მიდის წინ და სრულდება.
მოდით, ეს შევადაროთ მოქმედების განვითარებას „ოდისეაში“. მოგეხსენებათ, ოდისევსი იმყოფება კუნძულ ოგიგიაზე, ნიმფა კალიფსოს ტყვეობაში. რა თქმა უნდა, ეს საპატიო ტყვეობაა, რადგან ყველაფერთან ერთად, სანამ ოდისევსი ნიმფა კალიფსოსთან ერთადაა, ის უკვდავია. ამ ტყვეობაში ითაკის მეფე შვიდ წელს დაჰყოფს, თუმცა უკვდავებაზე კი არა, შინ დაბრუნებაზე ოცნებობს.
ტროის ომის დასრულებიდან მეათე წელს ღმერთები გადაწყვეტენ, რომ ოდისევსმა დაიმსახურა შინ დაბრუნება და სწორედ ამ წერტილში იწყება ჰომეროსის პოემა. ითაკის მეფე ოგიგიას ტივით დატოვებს და ალბათ ითაკამდეც მიაღწევდა, რომ არ დაენახა მასზე განრისხებულ პოსეიდონს, რომელიც ტივს დაულეწავს და ითაკის ნაცვლად, გონებადაკარგული ოდისევსი კუნძულ სქერიაზე აღმოჩნდება, სადაც მას უმშვენიერესი ქალწული, პრინცესა ნავსიკაა იპოვის და სასახლეში მიიყვანეს. სასახლეში ოდისევსს დაბანენ, მოაწესრიგებენ და გაუმასპინძლდებიან. სწორედ აქ მოისმენს ოდისევსი ბრმა მომღერლის — დემოდოკოსის სიმღერას ოდისევსის შესახებ, რაც მისი აღელვებისა და ცრემლის მიზეზი გახდება. და როდესაც ჰკითხავენ აღელვების მიზეზს, ოდისევსი გაამხელს, რომ ის არის გმირი, ვის შესახებაც დემოდოკოსი მღერის.
ანუ, „ოდისეაში“ მოქმედება წარიმართება შემდეგნაირად — ოგიგიადან ოდისევსი აღმოჩნდება კუნძულ სქერიაზე, სადაც იმ წერტილიდან, როდესაც გაამხელს ვინაობას, თხრობა დაბრუნდება უკან, იმ წერტილში, სადაც ტროის ომი დასრულდა და გმირები შინ ბრუნდებიან. ამ წერტილიდან ოდისევსი აღწერს ყველაფერს, რაც გამოიარა მანამ, სანამ არ აღმოჩნდა სქერიაზე.
სქერიაზე ოდისევსს მისცემენ გემს, რომლითაც ის ითაკისკენ აიღებს გეზს, შინ დაბრუნებული კი ამოხოცავს პენელოპეს საქმროებს და შეუერთდება თავის ოჯახს, ანუ ხელახლა მოხდება ღვთაებრივი ქორწინება, ოდისევსი დაუბრუნდება თავის პენელოპეს. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ „ვეფხისტყაოსანსა“ და „ოდისეაში“, სქემატური თვალსაზრისით, მოქმედება აბსოლუტურად იდენტურად მიმდინარეობს. იწყება ერთ წერტილში, საიდანაც მიდის წინ, შემდეგ ბრუნდება ღრმა წარსულში, მოდის სწორხაზოვნად იმ წერტილამდე, საიდანაც უკან დაბრუნდა და მიდის წინ — ოდისევსი გემით ბრუნდება შინ, ხოცავს სასიძოებს და ხელახლა შეეუღლება ცოლს, ტარიელი კი, ავთანდილთან და ფრიდონთან ერთად, აიღებს ქაჯეთის ციხეს, გაათავისუფლებს ნესტანს და ამას მოჰყვება ქორწინებათა მთელი წყება. ამ თვალსაზრისით, „ვეფხისტყაოსანი“ სრულად იმეორებს „ოდისეას“. რასთან გვაქვს საქმე? ეს ტიპოლოგიური შეხვედრაა თუ რუსთაველი იცნობს ამ ნაწარმოებს? შესაძლოა გვეფიქრა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ტიპოლოგიური შეხვედრაა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება:
„ვეფხისტყაოსანი“ არის პოემა ტარიელის შესახებ, რომელსაც მოსავს ვეფხის ტყავი, ანუ შემოსილია სიყვარულით — ნესტანით, თუმცა პოემაში მოქმედება იწყება არაბეთში. „ოდისეა“ არის პოემა ოდისევსის შესახებ, რომელიც პოემაში პირველად რომ ჩნდება, ნიმფა კალიფსოს ტყვეობაშია, კუნძულ ოგიგიაზე, მაგრამ „ოდისეას“ მოქმედება ითაკაში, ოდისევსის სამშობლოში იწყება, რადგან მოქმედებას იწყებს ტელემაქოსი, მისი შვილი. ზუსტად ასეა „ვეფხისტყაოსანში“ — ჯერ არაბეთის ამბები გვხვდება და მხოლოდ შემდეგ იწყება ინდოეთისა.
იმ როლში, რომელსაც „ოდისეაში“ ოდისევსის ვაჟი — ტელემაქოსი ასრულებს, „ვეფხისტყაოსანში“ — ავთანდილი გვევლინება, რომელიც მართალია ტარიელის შვილი არაა, მაგრამ, იერარქიულად, უმცროსი მეგობარია. „ვეფხისტყაოსანი“ ამ ნაწილშიც ფანტასტიკურად იმეორებს „ოდისეას“! ამ ფონზე, ორი ხაზი, ჰომეროსთან — მამაშვილობის, რუსთაველთან — კი მეგობრობის, ასევე შეიძლება მივაწეროთ ტიპოლოგიას, რადგან ჰომეროსიცა და რუსთაველიც გენიოსები იყვნენ და შესაძლოა ასეთი რამ ორივეს თავში დაიბადა, მაგრამ მსგავსება მეტისმეტად დიდია… ამიტომაც, თუკი ნებას დამრთავთ, გამოვთქვამ ვარაუდს, რომ რუსთაველი კარგად იცნობს „ოდისეას“! ზოგადად, რუსთაველი რომ ბერძნულ სამყაროს იცნობს, ეს ცხადზე ცხადია, საკმარისია გავიხსენოთ, რამდენჯერ ახსენებს დიონისე არეოპაგელს, პლატონს და ა. შ. მაგრამ საქმე მხოლოდ ესეც არ არის. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ბერძნული სამყაროს, ბერძნული მითოსის გარეშე ქრისტიანობაში ამოდენა ძეგლი დაწერილიყო!
ამასთანავე, თუკი „ვეფხისტყაოსნის“ შიდა ქრონოლოგიას შევხედავთ, ისტორიასთან ზღაპრულ დამთხვევებს აღმოვაჩენთ, როგორც „ოდისეაში“ — მოგეხსენებათ, ოდისევსი ყველას მითოლოგიური პერსონაჟი ეგონა მანამ, სანამ მეცნიერულად არ დადასტურდა პოემაში ასახული ასტროლოგიური და ასტრონომიული მოვლენები და რაც მთავარია, არ აღმოაჩინეს ოდისევსის სასახლე ითაკაზე, რომელიც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც ჰომეროსმა აღწერა. „ოდისეის“ მსგავსად, „ვეფხისტყაოსანშიც“ გვხვდება თარიღები და მოვლენები, რომლებიც ისტორიული ხასიათისაა. ნესტანის და თამარის დაბადება — როგორც ვიცით, თამარ მეფე 1160 წელს დაიბადა, შესაბამისად, ნესტანიც ამავე წელს უნდა იყოს დაბადებული. აქედან გამომდინარე, ტარიელი, რომელიც პოემაში 5 ან 6 წლით უფროსია ნესტანზე, 1154 ან 1155 წელს დაბადებულა.
შემდეგი ისტორიულად დადასტურებული თარიღი 1179 წელია, როდესაც გიორგი მესამემ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. თუკი დავუშვებთ, რომ „ვეფხისტყაოსანში“ თინათინი 1179 წელს ავიდა ტახტზე, ფარსადანის სიკვდილი შესაძლოა ემთხვეოდეს გიორგი მესამის გარდაცვალებას, რაც არაა გასაკვირი, თუკი გავიხსენებთ, რომ გიორგი მესამეც და თამარიც ამ ნაწარმოებში გაორებულია, ორ სხვადასხვა სამყაროშია ასახული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რადგან ვიცით, რომ გიორგი მესამე 1184 წელს გარდაიცვალა, მის გარდაცვალებამდე და თამარის/ თინათინის გამეფებამდე ზუსტად იმდენი წელი გავიდა, რაც „ვეფხისტყაოსანშია“ აღწერილი:
თუკი როსტევანმა თინათინი თანამოსაყდრედ 1179 წელს აიყვანა, რა დროსაც უცხო მოყმე გამოჩნდა, რომელსაც ჯერ მონები ეძებდნენ ერთ წელს, შემდეგ კი სამი წელი ეძებდა ავთანდილი, გამოდის, რომ ავთანდილს ტარიელი 1183 წელს უნდა ეპოვნა, 1184 წელს კი ქაჯეთის ციხე უნდა აეღოთ და ნესტანი გაეთავისუფლებინათ, თუმცა, მეფის გარდაცვალებით გამოწვეული გლოვის გამო, ქორწილი მაშინვე ვერ გადაიხადეს. ანალოგიური ვითარება გვაქვს ჰომეროსთანაც — ტროის ომის დამთავრების თარიღად ძვ. წ. 1190 წელია მიჩნეული, შესაბამისად, გამოდის, რომ ოდისევსი ტროის ომიდან ათი წლის შემდეგ, ანუ ძვ. წ. 1180 წელს უნდა დაბრუნებულიყო ითაკაზე, რასაც არაერთი ცნობა ადასტურებს.
ამასთანავე, „ოდისეას“ მსგავსად, „ვეფხისტყაოსანიც“ შინ დაბრუნებით სრულდება. ეს დაბრუნება კი ძალიან ჰგავს დიდი მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლებიც აკორდების მთელი წყებით ბოლოვდება — „ვეფხისტყაოსანში“ ქორწილების მთელი წყება გვხდება, თუმცა გვხვდება ისიც, რაც არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში — საქართველოში გამეფდა თამარი, ხოლო შოთა რუსთაველის პოემაში, სრულიად კანონზომიერად, ავთანდილი და ტარიელი გამეფდნენ. ეს ადგილი არათუ არ ემთხვევა ისტორიას, ეს პასაჟი გახლავთ ისტორიის კრიტიკა, ამავდროულად კი ახსნა იმისა, თუ რატომ არ ვიცით არაფერი რუსთაველის შესახებ. რა თქმა უნდა, პოემის ეს პასაჟი სამეფო კარს არ მოეწონებოდა…
მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ მეფეების მოწონება არმოწონებაზე არ იყო ამ პოემის ბედი დამოკიდებული — „ვეფხისტყაოსანი“ მოიწონა ქართველმა ხალხმა და მტკიცედ მწამს, რომ დადგება დრო, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს ამ გენიალურ პოემას, რომელსაც ასევე გენიალურ „ილიადასთან“ და „ოდისეასთან“ არაერთი მსგავსება აღმოაჩნდა, თუმცა კი, ამ მსგავსებათა მიუხედავად, რთულია იპოვო ერთმანეთისგან ასე განსხვავებული პოემები..
