ინტერვიუ

ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან

მელანო კობახიძე · №2 · 30 დეკემბერი, 2023

ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან

ბესიკ ხარანაული საბჭოთა საქართველოში სამშობლოზე ლექსებს არ წერდა. როგორც თავად აღნიშნავს, საბჭოეთში ცხოვრება სამშობლოსათვის მზადება იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, თავისუფალ, თუმცა უამრავი სირთულით სავსე საქართველოში მისი ლექსების მთავარი თემა სწორედ ქვეყანა და მისი ამჟამინდელი გამოწვევებია. მის ლექსებს ელოდებიან, „უსმენენ“ და მიჰყვებიან, განსაკუთრებით – ახალგაზრდები. პოეტი ამ ქვეყნის შვილებს გვაგრძნობინებს, რომ ახლა დანებების კი არა, ბოლომდე ბრძოლის დროა, რადგან სამშობლო თითოეული ჩვენგანის გადასარჩენია.

რა პასუხისმგებლობას გრძნობს თავად, როგორც პოეტი-მოქალაქე, რა სირთულესთანაა დაკავშირებული სამშობლოს ყოველწამიერი განცდა, რაში ხედავს გამოსავალს და მოსახლეობის რომელი ნაწილი ეიმედება ყველაზე მეტად?

„საქართველოს ახლა სჭირდება ძალა – აზრშიც და მუხლებშიც“ – ასე სწამს და სჯერა. ასეთია მისი ბოლოდროინდელი ლექსებიც. წინამდებარე ინტერვიუშიც ეს რწმენა და იმედი იგრძნობა.

01.

საინტერესოა, რომ 1992 წლამდე, ვიდრე ქვეყანამ დამოუკიდებლობა არ მოიპოვა, თქვენ საქართველოზე ლექსებს არ წერდით, საბჭოთა კავშირისგან გამოთავისუფლების შემდეგ კი აქტიურად დაიწყეთ სამშობლოზე წერა. რა თქმა უნდა, ნათელია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი, თუმცა, თქვენი პასუხი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

ბ. ხ. მე დავიბადე და გავიზარდე საბჭოთა საქართველოში. განა სამშობლო იყო საბჭოთა საქართველო? ერთი შემოღობილი სოფელი იყო. ეს იყო მხოლოდ ტკივილი და ოცნება სამშობლოზე; ეს იყო მზადება სამშობლოსათვის. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ყველამ და მეც, მათ შორის, სხვა პასუხისმგებლობა ვიგრძენით. XIX საუკუნეში სამშობლო პოეტისთვის „სატრფო“ იყო. 1992 წლიდან ჩემთვის საქართველო გახდა ყოველდღიური საფიქრალ-სამღერალი. განყენებული თემები თავისით გაქრნენ. სამშობლო მწარე გემოსი აღმოჩნდა, თავისუფლება – კვლავაც სანატრელი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემია და მე უნდა გამოვთქვა, მე უნდა ვუმღერო ან დავიტირო. მე უნდა ვიდარდო – დარდი ხომ პოეზიის ღერძია.


შესვლა
რეგისტრაცია