20
დავკარგეთ მალხაზ ხარბედია
– კაცი, რომლის ადგილი ქართულ ლიტერატურაში არ შეიცვლება და ვერ შეივსება.
მისი აზროვნების სიღრმე, ენციკლოპედიური განსწავლულობა, პოეტური სტილი და ლიტერატურული კრიტიკის მაღალი სტანდარტი – ეს ყველაფერი ქმნიდა იმ ინტელექტუალურ ბირთვს, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ლიტერატურასა და ზოგადად თანამედროვე ქართულ კულტურას.
დღეს, ამ რთულ დროებაში, მისი ხმის გარეშე, კიდევ უფრო მეტი წონასწორობა იკარგება. ყოველთვის მწუხარებითა და მღელვარებით გავიხსენებთ უახლესი ისტორიის ქართული საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების გამცოცხლებელს, ქვეყნისთვის ბნელ დღეებში სინათლის შემომტანი ჟურნალის – „არილის“ რედაქტორს, არილივით კაცს, მახოს, მალხაზ ხარბედიას.
მახოს გარდაცვალებასთან ერთად კულტურულ ცხოვრებაში კიდევ უფრო მწვავედ გაჩნდა ის დისონანსი, რომელიც უკვე წლებია გრძელდება – კულტურისა და ძალაუფლების დაპირისპირება, ინტელექტუალური თავისუფლების შეკვეცა, მწერლების დევნა და ხელოვანთა რეპრესიები, და როგორც ამას დღეს ვხედავთ, კულტურის სფეროში დუმილის ნორმალიზება.
ამავე კონტექსტში, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პოეტ ზვიად რატიანის საქმე – პოეტის, რომლის შემოქმედება თანამედროვე ქართული ლექსის ერთ-ერთი ღრმა საძირკველია. მისი ხელახალი დაკავება, დაპატიმრება და ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ ერთი პიროვნების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ არის, ეს არის ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა სიტყვისა და სამოქალაქო თავისუფლების დათრგუნვისა, ეს არის ანგარიშსწორება პატრიოტ და თავისუფლებისთვის მებრძოლ მოქალაქეებზე.
და მაინც, ყველაზე მძიმეა, უყურო დადუმებულ ადამიანებს, რომლებიც გუშინ ზვიად რატიანის კოლეგებად იწოდებოდნენ, რომლებიც კონფორმიზმის ჭაობში ჩაეფლნენ და თანამშრომლობს ტერორის დამკანონებელ ხელისუფლებასთან და მის მიერ მიტაცებულ „მწერალთა სახლთან“, იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც უნდა წარმოედგინა ქართული მწერლობის ღირსება და მისი სამოქალაქო ხერხემალი უნდა ყოფილიყო.
მწერლებს აპატიმრებენ, სდევნიან, ავიწროებენ – და „მწერალთა სახლი“ დუმს!
ის დიდი ხანია აღარ ეკუთვნის მწერლებს, მიტაცებულია, ისევე როგორც მთელი ქვეყანა!
მწერალი, რომელიც უარს ამბობს პოზიციაზე, უარს ამბობს საკუთარ თავზეც!
როცა უსამართლობა ყოველდღიურობა ხდება, წინააღმდეგობა – აუცილებლობაა.
ეს სიტყვები მწერლებს უნდა გვესმოდეს არა როგორც ლოზუნგი, არამედ როგორც პროფესიული, მორალური პასუხისმგებლობა.