18
დღეს, როდესაც დემოკრატიული, ვიტყოდით – ადამიანური ღირებულებები ზეწოლისა და რეპრესიული მექანიზმების სამიზნედაა ქცეული ხელისუფლებამიტაცებული ანტიდემოკრატიული ძალისგან, ლიტერატურამ კიდევ ერთხელ უნდა იტვირთოს თავისი ძველი, მაგრამ სამუდამოდ აქტუალური მისია – წინააღმდეგობა.
პროტესტის ლიტერატურა – ესაა არა მხოლოდ ემოციური რეაქცია, არამედ ცივი გონებით გააზრება იმ საზოგადოებრივი მარწუხებისა, რომლებიც ზღუდავენ ადამიანს, ახშობენ მის ხმას და ცდილობენ, ჩაანაცვლონ თავისუფალი შემოქმედება უნიჭო, რუსულიდან გადმომღერებული პროპაგანდით და ასევე უნიჭო, არანაირი ავტორიტეტის მქონე, კონფრომისტი ადამიანებით, რომლებიც ყველა დროში ნახულობდნენ პირად სარგებელს და ახლა პირველები გამოცხადდნენ ასევე რუსული დაკვეთით შექმნილი ქართული ეროვნული ნარატივის შეცვლისა და დამახინჯების კომისიის კარზე.
თანამედროვე ქართველი ავტორები უარს ვამბობთ დუმილზე.
ვწერთ – ხშირად რისკის ფასად, ყოველდღიურად სამთავრობო სატელევიზიო არხების ტყუილების ფონზე, რომ უკვე ლამის ისეთი დრო დაგვიდგეს, გამოიტანონ და ქუჩაში დაწვან წიგნები, კულტურის ყოფილი საბჭოთა კომისრები დირექტივებს იძლევიან, ვინ და რაზე ვწეროთ.
მაგრამ მწერლები საკუთარი შრომით, წერით, ბრძოლითა და წინააღმდეგობით ვიცავთ პიროვნულ, ეროვნულ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.
წინააღმდეგობა არ არის მარტივი, როცა თავისუფალი სიტყვის გამო ყველა სახელისუფლო ძალა წესების გარეშე გებრძვის, როცა კანონი არ კანონობს და როცა სამართალი ფეხქვეშაა გათელილი.
ჩვენი წინააღმდეგობა – ესაა მრავალი საუკუნის ქართული მწერლობის ხმა, ესაა საბჭოთა ტერორის მიერ რეპრესირებული და მოკლული მწერლების ხმა, ესაა გაუბზარავი და გაუტეხელი ხმა!
არ გავჩუმდებით!