კლასიკა

დაწყევლილი დღესასწაული

გიორგი კაკაბაძე · №1 · 27 ოქტომბერი, 2023

აკაკი წერეთელი თავისი ლიტერატურული სამფლობელოების საზღვრებს ყოველთვის ფხიზლად იცავდა, რადგანაც კარგად იცოდა, რომ ერთი გვირგვინი ორი თავისთვის მეტისმეტად ვიწროა.

ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი დიდი ხნის მანძილზე დარჩა გაბატონებულ ძალად ქართულ პოეზიაში. იქაც კი იყო, სადაც ყოფნას არასოდეს ისურვებდა, და იმათ შორისაც იკარგებოდა, ვისაც თვითონვე გაუკაფა გზა-კვალი. აკაკი წერეთელმა პოეტობა მოდურ საქმიანობად აქცია და ახალგაზრდებს ლექსის წერის ჟინი გაუღვიძა. ისინიც საზრდოობდნენ მისი მელოდიებით, ინტონაციებით, სიტყვათწარმოებით, ლექსიკით, რითმებითა და ფორმებით. გამრავლდა მიმბაძველთა და იმიტატორთა რიცხვი, ყოველ მეორე ლექსში გაისმოდა „ხმა ბულბულისა“ და „გულამოსკვნილი ტირილი“. უზარმაზარია ამ „ლიტერატურიდან წაშლილი თაობის“ ნეკროპოლისი, რომელიც სწორედ აკაკი წერეთლის მიმბაძველობამ დაღუპა. აკაკის გავლენის დაძლევა უთანასწორო ძალასთან დაპირისპირებას ნიშნავდა და სწორედ ამან გამოიწვია აზროვნების, კულტურისა და ცნობიერების კრიზისი იმდროინდელ ქართულ ლიტერატურაში.

XX საუკუნის ქართული პოეტიკის განვითარება შეფერხდა, იმდროინდელ გლობალური პოეზიის პროცესებს ჩამორჩა და XIX საუკუნის ჩარჩოებში ჩაიკეტა. ტირაჟირებული განცდებითა და ექსპლუატირებული სახეებით მოქანცული ქართული პოეზია რეფორმასა და ფორმების, თემების, რითმების, რიტმული და ინტონაციური წყობის განახლებას საჭიროებდა.

ამიტომაც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აკაკი წერეთელი და იმავე წლის 27 ივლისს ვაჟა ფშაველა გარდაიცვალნენ, იერარქია მოირღვა, ლიტერატურული სივრცე უზენაესი ავტორიტეტებისგან გაიწმინდა და ახალგაზრდებისთვის ასპარეზი გათავისუფლდა.

ვინც გუშინ აკაკის ცხენად ყოფნას ნატრობდა, დღეს მის წინააღმდეგ გამოდიოდა და საკუთარ პრეტენზიებს აცხადებდა სამეფო ტახტზე.

ახალგაზრდა პოეტები თვითგანდიდების გზას დაადგნენ.

სწორედ ამ პერიოდში, ქუთაისში, თითქმის ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ ხალისიანი, ნიჭიერი, ამბიციური და ჩხუბისთავი ყმაწვილები, რომლებიც პერიოდულ პრესაში დროგამოშვებით ლექსებსაც აქვეყნებდნენ. მართალია, ამ ლექსებს მხატვრული სრულყოფა აკლდა, ბევრი რამე იყო დასახვეწი და ეპიგონური, მაგრამ ახალგაზრდებს უყვარდათ პოეზია და უჭირდათ ერთმანეთთან განშორება. უძილო ღამეების მოტრფიალეები ხან ჰოფმანურ საღამოებს აწყობდნენ და ერთმანეთს შიშისმომგვრელ ისტორიებს უყვებოდნენ, ხანაც ხმაურით დასეირნობდნენ ქალაქის ქუჩებში. უამინდობის დროს კი რომელიმე მოზრდილ სადარბაზოს შეეფარებოდნენ და დილამდე პოეზიაზე საუბრობდნენ. კათოლიკური ეკლესიის საფეხურებზე შემომსხდარნი ერთმანეთს ახალდაწერილ ტექსტებს უკითხავდნენ, ქართული ლიტერატურის მომავალზე აზარტულად კამათობდნენ და ხელოვნებას რეალობაზე მაღლა აყენებდნენ.

მეგობრებს შორის ყოველთვის გამოირჩევა ერთ-ერთი, რომელიც ყველას იზიდავს და ემოციური ცენტრის ფუნქციას ასრულებს. ამ ჯგუფის ასეთი გული 21 წლის ბრგე, შავგვრემანი, ლაღი და სიცოცხლით სავსე პაოლო იაშვილი გახლდათ (1894-1937), რომელსაც განსაკუთრებული მიმზიდველობა ჰქონდა, ავთანდილივით მეგობრობა იცოდა და ძალიან ადვილად შეეძლო ადამიანების მოხიბვლა. პაოლო მაშინ ახალი დაბრუნებული იყო პარიზიდან, ლათინურ კვარტალში ნაცხოვრები. სწორედ იქ, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, მდებარეობდა კაფეები: „დომი“, „კუპოლი“ და „როტონდა“, სადაც ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები იკრიბებოდნენ. იქ ქრებოდა ზღვარი სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენელ ქალებსა და მამაკაცებს შორის. ეს იყო დრო, როდესაც ეიფელის კოშკის გარშემო დირიჟაბლები დაფრინავდნენ. ახალგაზრდა შეყვარებულები ქუჩაში მოურიდებლად კოცნიდნენ ერთმანეთს, ხოლო გულგატეხილები ბორდელის ჭაღებზე დაუნანებლად ჰკიდებდნენ თავიანთ სხეულებს. სიგარეტის კვამლით დანისლულ კაფეებში, რეგტაიმის ფონზე, ახალგამომცხვარ „გალეტებს“ მიირთმევდნენ და „მწვანე ფერიას“ წრუპავდნენ ახლად შექმნილი ავანგარდიზმის წარმომადგენლები: მოდილიანი, პიკასო, გერტრუდ სტაინი, შაგალი, სუტინი, მარია ბლანშარი, უტრილო, ბრანკუზი, სონია დელონე, დე კირიკო, ალისა ერნესტინა პრენი, დიეგო რივერა. მაგიდებს შორის კი მშვენიერი მენატურე ქალბატონები დასეირნობდნენ და მათ თავიანთ სამსახურს სთავაზობდნენ.

სწორედ აქ ეზიარა პაოლო იაშვილი ბოჰემური ცხოვრების მომხიბვლელობას და გაიცნო ადამიანები, რომლებმაც უზარმაზარი პოსტრენესანსული სამყარო შექმნეს. ეს იყო სერიოზული სკოლა, რომელიც ბიძგს აძლევდა ახალგაზრდა პოეტის ცნობიერებას, ავსებდა ინფორმაციით, იმდროინდელი მსოფლიო კულტურა რომ სთავაზობდა. მის თვალწინ იმსხვრეოდა „მშვენიერი ეპოქის“ საზოგადოებრივი წყობა, მორალისა და ზნეობის დამკვიდრებული ნორმები, რელიგიური შეხედულებები და იბადებოდა სრულიად ახალი კულტურა, ახალი ურთიერთობები, სამეცნიერო აღმოჩენები, ტექნიკური პროგრესი და სუფრაჟისტული მოძრაობა. აქვე გაეცნო „ლაუდანუმის“ მაგიურ ზემოქმედებასაც, რომელიც მაშინ ჩვეულებრივად აფთიაქებში იყიდებოდა და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად მიიჩნეოდა. მაშინდელ შემოქმედებით ინტელექტუალიზმს აბსენთის, ოპიუმისა და თამბაქოს სუნი ასდიოდა. პაოლო ილია ერენბურგსა და კონსტანტინე ბალმონტს დაუმეგობრდა და ხანგრძლივად ესაუბრებოდა მათ ბოდლერზე, რემბოზე, ვერლენზე, მალარმეზე, ლოტრეამონზე, უაილდსა და რუსთაველზე. იგი ძალიან გაამდიდრა ამ გამოცდილებამ, მოულოდნელად გაზარდა და აზროვნება შეუცვალა, თვალნათლივ დაანახვა, როგორ ირყეოდა და ტორტმანებდა ძველი სამყარო და შემოდიოდა მოდერნისა და ჯაზის ეპოქა. ამ დროს მისი სისხლდაცლილი და კარგამოკეტილი სამშობლო, თავისი აუჩქარებელი რიტმით, ისევ საკუთარ წვენში იხარშებოდა, კეთილი ილუზიებით საზრდოობდა და ვერაფრით გადაელახა ეთნოგრაფიულობისა და რეალიზმის ვიწრო ჩარჩოები. პაოლომ დაინახა იმ პრობლემების სიმცირე, რომელსაც ქართველი ავტორები დასტრიალებდნენ, დიდი და ეკონომიურად ძლიერი ქვეყნების ლიტერატურისთვის კი ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი და უინტერესო გახლდათ. ევროპაში უკვე პოეტური სიტყვის თავისუფლება ბატონობდა და ილაშქრებდა საზოგადოებრივი გემოვნებისა თუ ნორმების წინააღმდეგ. იქმნებოდა რეალიზმისგან სრულიად განსხვავებული, დამოუკიდებელი მიმდინარეობები: ფუტურიზმი, დადაიზმი, ფოვიზმი, ექსპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი. 1915 წელს უკვე არსებობდა მალევიჩის „შავი კვადრატი“ და ყველაფერი პრინციპულად ახალი — ხელოვნებად მიიჩნეოდა.

ასეთ დროს საქართველოში ჩამოსვლა სამოთხიდან გამოდევნას ან წარსულში დაბრუნებას ჰგავდა. ამიტომ, პაოლოსთვის საჭირო იყო, ცვლილებების აუცილებლობაში თავისი ქუთაისელი მეგობრებიც დაერწმუნებინა, თავი მოეყარა თანამოაზრეთა ჯგუფისთვის, რომლებიც გაილაშქრებდნენ იმდროინდელ ქართულ ხელოვნებაში გავრცელებული კლიშეების, ტენდენციებისა და საზოგადოებრივი ღირებულებების წინააღმდეგ.

ასეთები აღმოჩნდნენ:

26 წლის ვალერიან გაფრინდაშვილი (1889-1941). ის ჯმუხი და წარბშეკრული, თუმცა გულკეთილი, მორიდებული და ჩუმი ახალგაზრდა იყო. ბუნებით გულჩათხრობილს, ხალხში გამოსვლა და საკუთარი ლექსების კითხვა არ უყვარდა და თითქოს გაურბოდა კიდეც. ქუთაისში ბალახვანის ქუჩაზე ცხოვრობდა. მისი შინაგანი სამყარო მხოლოდ მეგობრული საუბრების დროს იხსნებოდა. უფრო შინაყუდა იყო და შესაძლებელია, სწორედ ამის გამო გაატარა ცხოვრება მარტოობაში. ვალერიანს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და თანაბარი წარმატებით წერდა ლექსების რუსულ და ქართულ ენებზე

20 წლის ტიციან ტაბიძე (1895-1937). ის ტანმორჩილი მეოცნებე ყმაწვილი იყო, ცისფერი თვალები და სქელი ტუჩები ჰქონდა, სიცოცხლის ბოლომდეც უცბად გაზრდილ ბავშვს ჰგავდა. ტიციანს იმხანად დაემთავრებინა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და 16 წლიდან ლექსებს ბეჭდავდა იმდროინდელ პერიოდულ პრესაში.

20 წლის შფოთისთავი კოლაუ ნადირაძე (1895-1990). მას წარმატებით დაესრულებინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი, პირველი ლექსი კი — „ავზნიანი ქალაქი“ — ჟურნალში „ცისფერი ყანწები“ დაბეჭდა.

21 წლის დინჯი და თავშეკავებული სანდრო ცირეკიძე (1894-1923). იგი ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ ტუბერკულოზით დაავადდა და სწავლა კიევის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. ცისფერყანწელებთან გაერთიანებამდე საკმაოდ ბევრი მინიატიურა ჰქონდა გამოქვეყნებული. ხელმოკლედ ცხოვრობდა კათოლიკური ეკლესიის გვერდით, ერთ ნოტიო ოთახში, რიონის პირას.

22 წლის, სუსტი, პირხმელი და ენამახვილი სერგო კლდიაშვილი (1893-1986), დიდი ქართველი კლასიკოსის, დავით კლდიაშვილის ვაჟი. სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო, თუმცა ვერ დაამთავრა. ამ დროის თვის უკვე გა მოექვეყნებინა პირველი მინიატიურები.

18 წლის რაჟდენ გვეტაძე (1897-1952). პირველი პოეტური კრებული „მთვარის ზღაპარი“ 1915 წელს გამოსცა, რამაც ხელი შეუწყო პაოლო იაშვილთან დაახლოებაში.

ქუჩებში ხანგრძლივი საუბრების შედეგად დაუოკებელი სურვილი გაუჩნდათ სიმბოლისტური მიმართულების დაჯგუფების შექმნისა, სათავეში რომ ჩაუდგებოდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესებს და ვერსიფიკაციის ძველ ფორმებს დაარღვევდა.

სახელწოდებად „ცისფერი ყანწები“ შემთხვევით არ ამოურჩევიათ, ეს იყო რომანტიკოსების ცისფერი ყვავილისა და ქართული ტრადიციული ატრიბუტის — ყანწის შერწყმა, რაც ახალგაზრდების წარმოდგენაში თრობასა და ბოჰემას უკავშირდებოდა. ამ ორი სიტყვით მიღებული მეტაფორა მარადისობით გატაცებას და შორეული, იდუმალი ნაპირისკენ სწრაფვას ნიშნავდა.

ორიოდე სიტყვა სიმბოლიზმზე. ძალიან მოკლედ თუ შევეცდებით მის დახასიათებას, უნდა ვთქვათ, რომ ეს იდეალისტური მსოფლმხედველობა იყო, რომელიც რეალისტურ ესთეტიკას უპირისპირდებოდა.

სიმბოლისტებს ახასიათებდათ ზუსტი სიტყვის დეფიციტი, ისინი სიმბოლოებად გამოსახავდნენ ნაწარმოების საიდუმლო აზრს, მის იდეებს, ემოციებსა და გრძნობებს, ამიტომაც მათ შემოქმედებაში ერთ სიტყვას შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონოდა, უამრავ ინტერპრეტაციას ბადებდა და მკითხველს სიღრმისეული აზრის ძიებისკენ უბიძგებდა.

სიმბოლისტებს აინტერესებდათ: მისტიკა, რელიგიური ძიებები, ფილოსოფია, მითოლოგია, სიზმრისეული ლოგიკა, მელანქოლია, ეროტიკა, ბოროტება და სიკვდილი. ფიქრობდნენ, რომ სიმბოლო ზუსტად ის ბეწვის ხიდია, რეალურ სამყაროს წარმოსახვითთან რომ აკავშირებს. ოდნავ თუ უფრო ჩავუღრმავდებით ამ მიმდინარეობის არსს, უნდა ითქვას, რომ სიმბოლისტები სიმბოლოებს განსაკუთრებულ არსებებად (ან ნიშანხატებად) მიიჩნევდნენ, რომლებიც არა მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდნენ ყოფიერებასა და ამ ყოფიერების აღმქმელ არსებებს შორის, არამედ ობიექტური და სუბიექტური სამყაროს არსსაც წარმოადგენდნენ. ამგვარად, სიმბოლო ის დაფარული ჭეშმარიტება უნდა ყოფილიყო, რომელიც განდობილი, წინასწარმხედველი თუ ქარიზმატული შემოქმედების საშუალებით ეუწყებოდა ადამიანებს. სიმბოლისტური პოეზიის გაგება რაციონალურად საკმაოდ რთულია, რადგანაც ამისთვის ძლიერი ინტუიცია და ერუდიციაა საჭირო.

მოგვიანებით, 1917-1918 წლებში, ცისფერყანწელთა ჯგუფს შეუერთდნენ:

23 წლის შალვა აფხაიძე (1893-1968). დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1917 წელს ქუთაისში გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი, ერთი წლის შემდეგ კი უკვე ცისფერყანწელთა საძმოს წევრი გახდა.

26 წლის ალი არსენიშვილი (1892-1939). დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სხვებისგან განსხვავებით ლექსებს არ წერდა, მაგრამ ლიტერატურის დიდი მოტრფიალე და მთარგმნელი იყო. საკუთარ განსწავლულობას კი საინტერესო საუბრებსა და კრიტიკულ წერილებში ამჟღავნებდა. კრებული არასოდეს გამოუცია.

22 წლის ნიკოლო (ნიკოლოზ სირბილაძე) მიწიშვილი (1896-1937). მას ორწლიანი სამასწავლებლო კურსები ჰქონდა გავლილი და 16 წლიდან პერიოდულ პრესაში იბეჭდებოდა მისი მინიატიურები და სტატიები.

თვალ-ტანადი, დინჯი და თავაზიანი გიორგი ლეონიძე (1899-1966). ცისფერყანწელებთან დაახლოების დროს (1918) მხოლოდ 18 წლის იყო, იმხანად დაემთავრებინა სასულიერო სემინარია. 11 წლიდან აქვეყნებდა ლექსებს. გულწრფელები თუ ვიქნებით, მის ადრეულ ლექსებში მომავალი დიდი პოეტის კალმის კვალსაც ვერ ვიპოვით. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს ძალა ერჩის, მაგრამ სათქმელს ვერ იხელთებს. გოგლა ლეონიძე როგორც პოეტი „ცისფერყანწელთა“ წრეში ჩამოყალიბდა და იმ ფორმას მიაგნო, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერებოდა მის ძარღვიან სიტყვას, მდიდარ ლექსიკასა და ხატოვან სტილს. მიმაჩნია, რომ მისი პოეტური ფორმის ჩამოყალიბებაზე ყველაზე მეტად გრიგოლ რობაქიძის ბგერწერამ იმოქმედა. აქედანაა ის ვეფხვის ღრენასავით მიწყობილი ყელხშული თანხმოვნები და ძლიერი ექსპრესიულობა. ვფიქრობ, ეს მსგავსება სხვებსაც შეუმჩნევიათ, მაგრამ რადგანაც ათწლეულების განმავლობაში გრიგოლ რობაქიძის სახელის ხსენებაც აკრძალული იყო, საკითხი სათანადოდ არავის უკვლევია.

და სულ ბოლოს, 1921 წელს, ცისფერყანწელთა ჯგუფს შეუერთდა 22 წლის ფაქიზი ბუნების შალვა (გოგიაშვილი) კარმელი (1899-1923). გამხდარ, ოდნავ მოგრძო ჭორფლი ან სახეს პუდრით იფარავდა ხოლმე. ფიზიკური სისუსტის გამო შალვა კარმელი მეგობრების სატურნალიებში მონაწილეობას ვერ იღებდა. იმ დროს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ჟურნალში „თოლაბაურის სარტყელი“ უკვე გამოექვეყნებინა ლექსები.

ცისფერყანწელთა რაოდენობა სხვადასხვა წყაროში განსხვავებულადაა მოცემული. პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე სიმბოლურ საფუძვლად საბედისწერო რიცხვ 13-ს ასახელებდნენ, როგორც საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულ 13 ასურელ მამათა რაოდენობას. მაგრამ რეალურად ცისფერყანწელთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო. ძირითად ბირთვად, რა თქმა უნდა, ქუთაისელი მეგობრები იგულისხმებიან, მაგრამ სინამდვილეში სხვადასხვა დროს მათი რაოდენობა იცვლებოდა, ამიტომ, ჩამოთვლილების გარდა ცისფერყანწელები ასევე იყვნენ:

ლელი ჯაფარიძე (1895-1934). დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. მისი ლექსები 1913 წლიდან იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში, ხოლო 1918 წლიდან უკვე აქტიურად მონაწილეობდა ცისფერყანწელთა ღონისძიებებში.

თვითნასწავლი გიონ საგანელი (გიორგი საგანელიძე, 1889-1922). ის ოდესღაც დალაქის შეგირდი ყოფილა, მაგრამ ამის გახსენება საშინლად არ უყვარდა, რადგანაც უნდოდა, რომ თავისი არსებობა მხოლოდ პოეზიით გაემართლებინა.

ლილი (ლელი) მეუნარგია (იონა მეუნარგიას მშვენიერი ქალიშვილი). მისმა უეცარმა გამოჩენამაც მეგობრები ააფორიაქა. ლილი თავიდანვე მიეკედლა ყანწელებს. ორი წლის განმავლობაში მათთან ერთად ბეჭდავდა ლექსებს და შემოქმედებით საღამოებშიც მონაწილეობდა, მაგრამ სამწუხაროდ ტუბერკულოზით დაავადებული 1922 წელს ახალგაზრდა გარდაიცვალა, მის ხელნაწერებს კი ვეღარ მიაკვლიეს. პაოლო იაშვილი ნაზი სიყვარულით გამოეთხოვა ძვირფას მეგობარს:

სამარადისო ნისლს დაუბრუნდი.

მაგრამ მგზავრობას შენსას ჰქვია: ბავშვის სიკვდილი.


ასე მგონია, ფუტკარის გუნდი


დაესეოდა შენს მკვდარ სხეულს, ტკბილ სხეულს – ლილი.

აქვე აუცილებელია გავიხსენოთ ივანე ყიფიანიც (1893-1948), რომელიც თავიდანვე იღებდა მონაწილეობას „ცისფერყანწელთა“ შეკრებებში და მათთან ერთად ბეჭდავდა ტექსტებს, მაგრამ მოგვიანებით დამბლა დაეცა და აქტიურ ცხოვრებას მთლიანად ჩამოშორდა. ერთი პერიოდი ინერციით კვლავ განაგრძობდა ლექსების წერას, მაგრამ შეზღუდულმა შესაძლებლობებმა საშუალება აღარ მისცა, საკუთარი კვალი დაეტოვებინა ლიტერატურაში. როგორც მწერალი გაქრა, თუმცა, ასეთ პირობებშიც სხვებზე მეტი იცოცხლა და 1948 წელს 55 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლის მიწურულს გამოსცა თავისი უკანასკნელი ნაწარმოები, ფანტასტიკური რომანი — „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ“ (1936), რომელსაც თავის დროზე კარგი გამოხმაურება ჰქონდა.

არსებობდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ქართული სიმბოლიზმის განვითარებასა და ცისფერყანწელთა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

ეს იყო ფილოსოფოსი გრიგოლ რობაქიძე (1882 1962). საშუალო სიმაღლის, დარბაისელი ევროპელი; დახვეწილი ქცევებისა და გამორჩეული ღირსების გრძნობის მქონე; მუდამ გემოვნებითა და ელეგანტურად ჩაცმული. გრიგოლ რობაქიძის პიროვნებას იდუმალება ახლდა (როგორც ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი დიონისეს კულტის ქურუმს), მისი სულში ჩამწვდომი შავი თვალები, აუჩქარებელი, დინჯი ბარიტონი და ღრმა აზრები მაგიურ ზემოქმედებას ახდენდა გარშემომყოფებზე.

თუკი სხვა პოეტები საზოგადოების თვალწინ განვითარდნენ და მკითხველებს მათზე ხანგრძლივი დაკვირვების საშუალება ჰქონდათ, გროგოლ რობაქიძე უკვე დასრულებული და ჩამოყალიბებული სახით თითქოს არსაიდან მოგვევლინა და მთელი ქართული ლიტერატურული სივრცე დაიპყრო. მდიდარი გამოცდილებით სახელმოხვეჭილი ლექტორი, შეუდარებელი ორატორი და საკმაოდ ორიგინალური ლექსების ავტორი ჩამოთვლილთა შორის ყველაზე უფროსი (33 წლის) და ერუდირებული იყო.

იმდროინდელ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიებითა და განსაკუთრებით საჯარო ლექციებით კრიტიკოსებისა და ინტელიგენციის წრეებში საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევდა. მის თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი და სხვები.

გრიგოლ რობაქიძე თეურგიული ხელოვნების მქადაგებელი და მიმდევარი გახლდათ, ამიტომ საკუთარ შემოქმედებაში ანტიკურ-წარმართულისა და ქრისტიანული მის ტიციზმის შერიგებას ცდილობდა. მის ტექსტებში ხელოვნურ სიტყვებს ვერშეხვდებოდით, ენა ოდნავ არქაული ჰქონდა, მაგრამ მისი დახვეწილი და ორნამენტული. ნაწერები ნაკლებად განათლებული ადამიანისთვის დღემდე დაუძლეველია. გრიგოლ რობაქიძეს არ სურდა, რომ უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი ავტორი გამხდარიყო. იგი გამიზნულად ამცირებდა თავისი შემოქმედების „გამგებთა“ რაოდენობას და, წარმართი ქურუმის მსგავსად, მხოლოდ „განდობილთა“ ვიწრო წრისთვის „ქადაგებდა“. გარდა ამისა, მისი სულიერი სიმდიდრე მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობით როდი შემოიფარგლებოდა, გრიგოლ რობაქიძის ცხო რების წესი და გარეგნობაც კი ამ შემოქმედებითი პროცესის ნაწილი იყო.

რობაქიძე დროდადრო ჩნდებოდა ცისფერყანწელთა გვერდით, როგორც იდეური წინამძღოლი და სულისჩამდგმელი, ან „ორდენის კარდინალი“, როგორც მას პაოლო უწოდებდა, მაგრამ არა როგორც ამ ორდენის წევრი. თუმცა, ზოგიერთ ჩამონათვალში გრიგოლ რობაქიძეც ცისფერყანწელთა შემადგენლობაშია მოხსენიებული და ამით არაფერი შავდება.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ პაოლო (პავლე) იაშვილმა თავისი კეთილხმოვანი სახელი პარიზიდან ჩამოიტანა და შესაძლოა მისი მიბაძვით, ცისფერყანწელთა უმრავლესობამაც საკუთარ სახელებს ევროპული ჟღერადობა შესძინა. მას მერე ჩვენს ცნობიერებაში დამკვიდრდა: ტიციანი (ტიტე), კოლაუ, კოლლაუ (ნიკოლოზი), ალი (ალექსანდრე), ნიკოლო (ნიკოლოზი), ივი (ივანე), ლელი (ლევანი), გიონ (გიორგი).

ახალგაზრდა პოეტებმა სადღაც მამლის დეზები იშოვეს, რომლებიც მინიატიურულ ყანწებს ჰგავდნენ, მკერდზე მიიმაგრეს და მთელ ქვეყანას ახალი პოეტური ორდენის დაბადება აუწყეს.

ამის შემდეგ ყმაწვილური სიგიჟით დაუწყეს ბრძოლა საზოგადოების მეშჩანურ სისტემას, არქაულ შეხედულებებს, აზროვნებას, გემოვნებას, ფილისტერობას, ფარისევლობას, პირმოთნეობას და თანაცხოვრების არასწორად გაგებულ სისტემას. ცდილობდნენ საზოგადოებაში კულტურულ ანტიგმირებად წარმოჩენილიყვნენ, რომელთა საქციელსაც პარადოქსული ზღვარი ახასიათებდა, რაინდობა ემთხვეოდა უღირსობას, წესრიგი — ამბოხებას, ხოლო სიწმინდე — სიბინძურეს. სადაც კი გამოჩნდებოდნენ, კაფე იქნებოდა, ქუთაისის ბაღი თუ თეატრი, ყველგან სკანდალსა და აურზაურს იწვევდნენ, ხულიგნობდნენ, ქალაქს იკლებდნენ. ზოგჯერ მთვრალი კამპანია ბაზარში სპეკულანტების რიგებსაც აწიოკებდა.

ერთხელ ქუთაისის თეატრში, რომელიც მაშინდელ ყველაზე მოდურ ადგილად მიიჩნეოდა, აზერბაიჯანელი კომპოზიტორის, უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერეტა „არშინ მალ ალანი“ დაიდგა. ეს და ამავე კომპოზიტორის მუსიკალური კომედია — „მეშადი იბადი“ — საქართველოში ძალიან ხშირად იდგმებოდა, რადგანაც ძველი თაობის მაყურებელში ყოველთვის გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევდა. სპექტაკლის სანახავად ყანწელებიც მივიდნენ, მაგრამ სრულიად სხვა მიზნით. წარმოდგენის დაწყებისთანავე ერთ-ერთმა ელექტროსადენები გადაჭრა და დარბაზში შუქი ჩააქრო, დანარჩენებმა კი, საზოგადოების მდაბიური გემოვნებისადმი პროტესტის ნიშნად, მაყურებლებს მყრალი სითხე გადაასხეს. ამ სკანდალის გამო მთელი ქუთაისი აღშფოთდა. ახალგაზრდებს ქალაქიდან გასახლებაც კი დაუპირეს, მაგრამ, როგორღაც, ახლობლების ჩარევით ეს მუქარა აღარ შეუსრულებიათ. განსაკუთრებული აყალმაყალის მომწყობნი იყვნენ კოლაუ ნადირაძე და სერგო კლდიაშვილი, რომელთაც ხშირად უწევდათ პოლიციის განყოფილებაში ღამისთევა. მეგობრებს არაერთხელ შეუწუხებიათ ცოცხალი კლასიკოსი დავით კლდიაშვილი, რომ თავისი ავტორიტეტი გამოეყენებინა და დაპატიმრებულებს გამოსარჩლებოდა, მაგრამ დავითი შფოთისთავებს ყოველთვის ცივი უარით ისტუმრებდა.

დღეს, როდესაც მავანი უკმაყოფილებას გამოთქვამს რომელიმე შემოქმედის ეპატაჟური საქციელის გამო, გაიხსენოს, თუ როგორ იქცეოდნენ მისი საყვარელი კლასიკოსები ახალგაზრდობაში. ყანწელების მიერ მოწყობილი პოეტური საღამოებიც ყოველთვის ალიაქოთითა და ორომტრიალით მთავრდებოდა. მოკლედ, იმდენს ოინბაზობდნენ, რამდენის უფლებასაც თავიანთი ფანტაზია და ახალგაზრდობა იძლეოდა. სამაგიეროდ, ყოველი ასეთი გამოხდომის შემდეგ მათ მიმართ საზოგადოების ინტერესი ერთიორად იზრდებოდა. მაშინდელ პოეზიის საღამოებზე ზოგჯერ ლექსები განსახიერდებოდა, ანუ ცოცხალ სურათებად იდგმებოდა. მცირეოდენი დეკორაციითა და ზოგჯერ მუსიკალური აკომპანემენტით იქმნებოდა იმპროვიზაციები და რაღაც იმის მსგავსი, რასაც ახლა პერფორმანსს დავარქმევდით. მაგრამ იმ დროს ეს ძალიან თამამ და სრულიად არნახულ სანახაობად მიიჩნეოდა, მაგალითად, როდესაც მსახიობი შაქრო გომელაური კითხულობდა იოსებ გრიშაშვილის ლექსს — „ზღაპარი ჰამაკში“:

დამაცადე,

ჯერ ეს ბადე


აგერ იმ ხეს გამოვაბა


და ზღაპარს კი გეტყვი მერე!


დამიჯერე!


გამომართვი მარდად აბა,


ჰა, ეს თოკი, —


მღერის გული ანატოკი, გული ცრემლით დანათვერი,


გამოაბი შენ ეგ წვერი და მე ამ წვერს გამოვაბამ…

სცენაზე მართლაც აბამდნენ ჰამაკს, რომელშიც შემდეგ წვებოდა ქალი. გომელაური კი ლექსის კითხვას განაგრძობდა და თან მანდილოსანს ანანავებდა,

— ახ, ნეტავი ეს ჰამაკი გადაიქცეს ჩვენ საფლავად,

რომ სულ მუდამ ერთად ვიყვნეთ! სულერთავად… სულერთავად…

— ხომ კარგია ეს ჰამაკი?

— და… ვი… ღა… ლე! მე-ძი-ნება!

— რაო, არ გსურს ლაპარაკი?

— და-ვი-ღა-ლე! მ…ე…ძ…ი…ნ…ე…ბ…ა…

ასევე იდგმებოდა გალაკტიონ ტაბიძის „მერი“, „მესაფლავე“, „მე და ღამე“, „გურიის მთები“ და სხვა ლექსები.

მაყურებელს სამუდამოდ ამახსოვრდებოდა ისეთი საღამოები, სადაც პოეტი მხოლოდ პოეტი კი არა, არტისტიც იყო. მოგვიანებით პაოლო იაშვილი ისეთ თემებსაც შეეხო, რომელიც მაშინდელ საზოგადოებაში უხამსობად მიიჩნეოდა. მან პოეტურ მისტიფიკაციას მიმართა და ელენე დარიანის სახელით დაწერილი ლექსები წაიკითხა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას შეუნიღბავი ეროტიკით იქცევდნენ. ეს იყო სრულიად ახალი პოეზია, გათავისუფლებული ქალური ბუნების, შეუკავებელი გრძნობებისა და დაუფარავი ვნებების გამოვლენით. ქართველი მკითხველი უფრო განათლებული რომ ყოფილიყო, ემახსოვრებოდა, რომ ეროტიკა ქართული პოეზიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ქართველი საზოგადოება უფრო გულწრფელი რომ ყოფილიყო, უპირველეს ყოვლისა, თავიანთ ქალაქებში გახსნილი ბორდელების რაოდენობას ან იმ მუსიკალურ წარმოდგენებს გააპროტესტებდა, რომლებშიც მათი მამები და ქმრები ხარბად უჭვრეტდნენ პიკანტურ სცენებს და ტაშს უკრავდნენ, როდესაც ლამაზმანები სცენაზე საცვლებს იხდიდნენ და დარბაზში აღფრთოვანებულ მამაკაცებს ესროდნენ. მაგრამ ქართველი საზოგადოება არც იმდენად განათლებული იყო და არც იმდენად გულწრფელი, რომ ამ მოვლენისთვის თვალი გაესწორებინა. ის, რასაც გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაში სრულიად შემწყნარებლურად უყურებდნენ, პოეტ ქალს ვერ აპატიეს და ელენე დარიანი გარყვნილებაში დაადანაშაულეს. მიზეზი ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალის თავისუფლებაზე და მის სექსუალურობაზე ლაპარაკი არა თუ მაშინ, დღემდეც მიუღებელი, ტაბუდადებული და დემონიზებული თემაა.

არადა, ქართველ მკითხველს პაოლო იაშვილის შემოქმედებიდან თუ რაიმე გაახსენდება, უპირველესად სწორედ „დარიანული“ ლექსების ციკლია.

უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი,

დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება ნელი,

სავნებო გზაზე სიბნელეა, არ სჩანს არავინ,

სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი.

დამეძინება… გათავდება ზანტი ზმორება.

და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები;

ძილში ჩემს მუცელს ვიღაც გიჟი ეამბორება

და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები.

მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,

(ჩემს შეყვარებულს მწუხარება კვლავ მოემატა!)

და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,

ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა.

ეს სექსუალურობის მხატვრული დღესასწაულია. იგი არა მხოლოდ პოეზიის კონკრეტული ნიმუში, არამედ გამოღვიძებული თავისუფლების ხმა, ახალგაზრდული ზეიმურობით თრობა და ეიფორიული იმედის დასაწყისია. ლექსი მკითხველს იმპლიციტური გზით ეუბნება: მოგვიახლოვდით, გართობა აქ არის და ნუ შეგრცხვებათ, რადგანაც საიდუმლო ტკბობის საგანი სწორედ ისაა, რაც თქვენ გსურთ.

საზოგადოებისთვის გამაოგნებელი უნდა ყოფილიყო ეს გაუგებარი და პროვოკაციული პოეზია, განსაკუთრებით XIX საუკუნის ხელოვნების ფონზე, რომლისთვისაც უმთავრესი დრო სილამაზის აღქმასა და დიდაქტიკას ეთმობოდა. მართალია, ახალგაზრდების შემოქმედება გაცილებით უფრო მელოდიური და გამომსახველობითი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან დაკარგა ის სოციალური მნიშვნელობა, მოქალაქეობრივი პათოსი და პატრიოტული ელფერი, რომელსაც ბუნებრივად მიიჩნევდა ძველი მკითხველი. 

***

მალე ცისფერყანწელებზე წყრომით ალაპარაკდნენ. ისინი ქუთაისის მთავარ სანახაობად გადაიქცნენ და პოეზიით თუ არა, თავიანთი გამოხდომებით მაინც იქცევდნენ საზოგადოების ყურადღებას. ეს თავგასული ყმაწვილები საერთოდ არ იზიარებდნენ ტრადიციების დამკვიდრებულ ნორმებს, რელიგიურობასა და პატრიოტიზმს. იმდროინდელმა ჟურნალ-გაზეთებმა ახალგაზრდა შემოქმედებზე პაროდიები გამოაქვეყნეს, ხოლო კარიკატურისტებს ახალი სალაღობო თემა გამოუჩნდათ. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია შარლემანის კარიკატურა გაზეთში „ეშმაკის მათრახი“, სადაც კატასუნა პაოლო იაშვილი ტახტზე მგრძნობიარედ წამოწოლილ ელენე დარიანის მუცელს ეალერსება. აქ ყველაფერი სექსუალურობის კლასიკური დიზაინითაა გამსჭვალული. ამ ნახატის სიუჟეტი ძალიან ფამილიარულია, მაგრამ ამაღელვებელი. მასში თავმოყრილია აკადემიური დახვეწილობა და მეოცე საუკუნის კადნიერება.

თუმცა, მეგობრების შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ალმანახის პირველ ნომერში, რომელიც 1916 წლის 28 თებერვალს გამოვიდა, ლექსებისა და მინიატიურების გარდა გამოქვეყნდა პაოლო იაშვილის წინათქმაც. ამ ვრცელმა ტექსტმა ჩვენი საზოგადოების საფუძველი შეარყია და მკითხველის აღშფოთება გამოიწვია.

პაოლო იაშვილს — მომეწყინა

ყვითელი დანტე,

ვაქებდი შექსპირს — მაგრამ ფარდა!.. შექსპირს უარი!..

რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთჰოვენი მხოლოდ ყრუ არი,

და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი.

საყოველთაოდ სალანძღავი გახდა ასევე კოლაუ ნადირაძის ლექსი „ავზნიანი ქალაქი“:

მე ხშირად მიყვარს ეს ქალაქი მრუში და მყრალი,

ატალახებულ ქუჩებს მივყვები, ვუცქერ უკბილოდ დაღრეჯილ სახლებს.

ხარბათ დავეძებ მახინჯ სახლებს,

მკლავებში მაღრჩობს მე ვიწრო კვალი, ავზნიანი და ცოდვილი მთვრალი.

ასევე ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „სონეტი“:

როს გათენდება,

მე შემოვალ შენთან ოთახში,

მე დაგიკოცნი ცოდვილ თითებს — ტილების მკვლელებს,

და მზე მეფური შენს ბაგეებს აამეტყველებს!

რა თქმა უნდა, იგრძნობა კანონზომიერება, როდესაც შვილების თაობა უარყოფს მამების ნამოქმედარს და თავისი წინაპრების მიმართ ანტაგონისტურადაა განწყობილი, მაგრამ მაშინდელი საზოგადოებრივი მორალის თვალსაზრისით ამის მოსმენა, ნამდვილად თავზარდამცემი იქნებოდა. აკაკი განსახიერება იყო ყველაფერი საუკეთესოსი, რისი ინვესტიციებიც ქართველმა ხალხმა თავის მომავალში ჩადო. ახლა კი, ეს „საამაყო ეპოქა“ თავისი იდეებით, აკადემიურობითა და დახვეწილი თხრობით ყველას თვალწინ ქრებოდა.

როგორც ჩანს, პაოლო იაშვილი სიმბოლიზმის გარდა ფუტურიზმის თეორიულ საფუძვლებსაც კარგად იცნობდა, უფრო ზუსტად, რუსი ფუტურისტების: დავით ბურლიუკის, ალექსანდრ კრუჩონიხის, ვლადიმერ მაიაკოვსკისა და ვიქტორ ხლებნიკოვის უკვე საკმაოდ გახმაურებულ ფუტურისტულ მანიფესტს: „Пощечина общес твенному вкусу“, რადგანაც ერთი მეორეს არა მხოლოდ საერთო განწყობით, არამედ ზოგადი მოწოდებებით და პუნქტებითაც ჰგავს. ყანწელების მანიფესტში ოსტატურადაა გადახლართული სიმბოლისტური და ფუტურისტული, მე ვიტყოდი, ზოგადად ავანგარდისტული შეხედულებები. მათ თავიანთ თავში გააერთიანეს სიმბოლისტური პოეზია და ფუტურისტული საქციელი. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ცისფერყანწელებს ქუთაისში და იმდროინდელ პრესაში ფუტურისტებად მოიხსენიებდნენ.

ამ ეპითეტში ორი უარყოფითი მნიშვნელობა იგულისხმებოდა: ევროპული — ფუტურისტი როგორც ნგრევის სიმბოლო და ადგილობრივი, ფუტურო ცარიელი, ქარაფშუტა…

ევროპელი სიმბოლისტები (ისევე როგორც ფუტურისტები) ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი ენა, რომლის საიდუმლო სწავლებაც მხოლოდ განდობილთათვის იქნებოდა გასაგები. ამის გამოძახილია ცისფერყანწელთა იდეური მეთაურის, გრიგოლ რობაქიძის დაკვირვება: „ქურუმები ძველად ორი ენით მეტყველებდნენ: ჩვეულით და უჩვეულოთი. უჩვეულო სიტყვა მხოლოდ შეწირულებმა იცოდნენ. ამ სიტყვას ჰქონდა მაგიური ძალა“.

ცისფერყანწელთა შემოქმედებაში მართლაც ბევრ ისეთ სიტყვას შეხვდებით, რომლებიც ლოგიკური კონტროლის გარეშეა დარჩენილი:

პაოლო იაშვილთან — „დერიდახოლებს“, „იარდალი“, „ლევკოებად“…

ვალერიან გაფრინდაშვილთან — „არამხარა“, „ავსარაჯი“, „აშფაშაგი“…

ტიციან ტაბიძესთან — „ასარდაგონი“, „ასტრალი წევარი“…

ნიკოლო მიწიშვილთან — „ბრმობილი“, „წმინდანიანი“…

კოლაუ ნადირაძესთან — „ჯავაირი“, „ქარდირბაზი“, „შეიხსნა მელავანდები“…

გიორგი ლეონიძესთან — „ოდრიკალები“…

… და სხვები.

თუმცა, დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ ასეთი უცნაური სიტყვები მხოლოდ რითმების ნაკლებობის დროს იბადებოდნენ, შემდეგ კი ავტორის სურვილისამებრ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენდნენ. გარდა ამისა, ახალგაზრდები მთელი გულით ხარობდნენ, როდესაც ლიტერატურულ პრესაში დაბეჭდვის შემდეგ ლექსებში გაპარულ კორექტურას აღმოაჩენდნენ, რადგანაც ეს სრულიად ახალი და გამოუცნობი სიტყვების დაბადებას ნიშნავდა.

მიუხედავად მთელი ძალისხმევისა, ეს ყველაფერი მაინც დაგვიანებულ ლაშქრობას ჰგავდა, რადგანაც ამ დროისთვის ევროპაში სიმბოლიზმს უკვე დიდი ხანია ამოეწურა თავისი ძიებები და შესაძლებლობები. იგი აკადემიურ სკოლად გადაქცეულიყო და, როგორც ყველაფერი მოძველებული, თვითონვე იგერიებდა ახალი მემარცხენე მიმდინარეობების — ფუტურიზმისა და აკმეიზმის — დაუნდობელ შემოტევებს. მართალია, რუსეთში ჯერ კიდევ რჩებოდნენ უმცროსი სიმბოლიზმის უკანასკნელი წარმომადგენლები (კონსტანტინე ბალმონტი, ალექსანდრ ბლოკი, ვალერი ბრიუ სოვი, ანდრეი ბელი და სხვები), მაგრამ ისინიც თავის ისტორიულ დასასრულს უახლოვდებოდნენ.

ზუსტად არ ვიცით, ვისი შემოტანილია ლიტერატურათმცოდნეობაში ტერმინი „ქართველი სიმბოლისტები“, მაგრამ იგი ზედმიწევნით კარგად ასახავს იმ მოვლენას, რომელსაც „ცისფერყანწელობა“ ჰქვია. ეს იყო ქართულ პოეზიაში გადადგმული აშკარად პროგრესული ნაბიჯი, ყოველივე ძველის წინააღმდეგ თავგანწირული გალაშქრება, მაგრამ არა ორიგინალური სკოლის დაბადება, არამედ მომაკვდავი მიმდინარეობისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება. ქართული სიმბოლიზმი ევროპულის გარეშე წარმოუდგენელია, რადგანაც მასში არაფერია ისეთი, რაც იმდროინდელ ევროპულ და რუსულ სიმბოლიზმში არ გვხვდება. ცალკეულ ლექსებს თუ არ ვიგულისხმებთ, მთელი ეს მოძრაობა მხოლოდ ევროპული სიმბოლიზმის განწყობილებასთან მიახლოების დაუძლეველი სურვილია და მოდერნიზმის განვითარების საერთო სულისკვეთებას ისევე გამოხატავს, როგორც იმერული თავაზიანობით შესრულებული ფრანგული რევერანსი.



შესვლა
რეგისტრაცია