04

#04 — ყდა
#04
თებერვალი, 2024
ვახტანგ ჯავახაძე
© ზაქარია ჭელიძე
რედაქტორებისგან

ჟურნალის „ქართული მწერლობა“ თებერვლის ნომერი პოლონური ლიტერატურის სულში იხედება.

პოლონურ-ქართული ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა, პოლონელებისა და ქართველების მუდამ უცვლელი ურთიერთსიმპათია, პოლონელთა გავლენა ქართულ კულტურაზე, პოლონური ლიტერატურის არსებობა საქართველოში, ეს ყველაფერი გვავალდებულებს, კიდევ ერთხელ გავაცნოთ ქართველ მკითხველს პოლონეთის რჩეული ლიტერატურული მემკვიდრეობა.

ნომრის ავტორები შემთხვევით არ არიან შერჩეულნი, მათი სახელები თბილისში პოლონური ინსტიტუტის მიმდინარე საქმიანობას, ჩვენს მომავალ გეგმებს უკავშირდება, მაგრამ არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, ნაკარნახევია ქართველი მკითხველის, ლიტერატორებისა და მთარგმნელის გემოვნებით.

ჟურნალში წარმოდგენილი ნაწარმოებების ფრაგმენტები პოლონური სულის იმ პერიოდებისთვის დამახასიათებელ თავისებურებას ასახავს, რომლებშიც ისინი იქმნებოდა. ეს ნაწერები სხვადასხვა ლიტერატურულ ეპოქას მიეკუთვნება, მაგრამ ამბოხის, ნოსტალგიის, რომანტიზმის ელემენტები და კაცობრიობისადმი გახსნილობა აერთიანებს.

ადამ მიცკევიჩის რომანტიკული დრამის, „ჯიადის“ გმირები მიცვალებულთა სულებს თავიანთი სულის დასამშვიდებლად იხმობენ, ესაუბრებიან მათ და მე-19 საუკუნეში პოლონელთა „იატაკქვეშა“ არსებობის მნიშვნელობას, პოლონური სულის მეტაფიზიკას გვაცნობენ, ამხელენ ცარიზმის სისასტიკეს და გადმოსცემენ პოლონელების რწმენის სიდიადეს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში. „ჯიადი“ პოლონური პატრიოტიზმის გამოვლინებაა. ეს არის რთული, სიმბოლური, მეტაფიზიკური, ფანტასტიკური და ირაციონალური ნაწარმოები, როგორც პოლონური სული, როგორც ქართული სული.

„ქართულ მწერლობაში“ წარმოდგენილი კიდევ ერთი ავტორი გახლავთ მარეკ ჰლასკო, 1950-იანი წლების თაობის ხმა. არსებული რეალობის წინააღმდეგ ამბოხებული მწერალი, თავდაპირველად აღიარებული და მოწონებული კომუნისტური ხელისუფლების მიერ, მკითხველს ნიჭიერებით განაცვიფრებს. მარეკ ჰლასკომ ბევრი ჯილდო და მაღალი შეფასება მიიღო ლიტერატურული საზოგადოებისგან. თუმცა დროთა განმავლობაში, მისი ინოვაციურობა და არსებული რეალობის მეტისმეტად დაუფარავად გადმოცემის უნარი იმ დროს დადგენილ ნორმებს სცდებოდა და მაშინდელ ხელისუფლებას აღიზიანებდა. ემიგრაციაში წასული ჰლასკო სრულად ტკბება ცხოვრებით, დარდობს, ალკოჰოლს ეტანება, დეპრესია იპყრობს; სიყვარულში უიღბლო, ბოლოს დარდისგან კვდება. იგი ამბოხის სიმბოლო და თაობის ღირებული ხმა იყო. უყვარდა, დარდისგან იტანჯებოდა და ნელ-ნელა კვდებოდა, ისევე როგორც პოლონეთის 1950-იანი წლების მეამბოხე თაობა.

„ხშირად ყველაზე მეტად ის ადამიანები გვიყვარს, ის ნივთები და ის საგნები, რომლებთანაც ცხო ვრების გზა გვაშორებს – ზოგჯერ სამუდამოდ“ (მოთხრობების კრებული „პირველი ნაბიჯი ღრუბლებში“).

შემდეგი ორი ავტორი ქალია, ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში, ვისლავა შიმბორსკა და ოლგა ტოკარჩუკი.

ვისლავა შიმბორსკა დაკვირვების, ირონიისა და რეალობის ლაკონიური აღწერის ოსტატია პოეზიაში. მისი ამბოხი მოკრძალებული, არაპერმანენტული იყო. ხმაური და საჯაროობა არ უყვარდა. ჯილდოს მიღებას „სტოკჰოლმის ტრაგედია“ უწოდა. თავის ლექსებში შიმბორსკა აღწერს სამყაროს წესრიგს, უფრო სწორად, ჩვენს წუთიერებას, შემთხვევითობას და როლს, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ „მოლოდინში“: არ ვიცი, რა როლს ვასრულებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ იგი ჩემია, შეუცვლელი. სწორედ სცენაზე უნდა გამოვიცნო, რაზეა სპექტაკლი. ცხოვრება მოლოდინში ქართულ „წუთისოფელს“ ჰგავს. ცხოვრება ხომ წამიერი როლია, რომელიც რეალობაში უნდა შევასრულოთ. როლის დრო მაპარალიზებელია, რადგან ის წამიერია, განუმეორებელი, მისი შესრულება მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია. როლისთვის ვერ მოვემზადებით და მას ვეღარასოდეს გავიმეორებთ;

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კიდევ ერთი პოლონელი ლაურეატი ოლგა ტოკარჩუკი რამდენიმე წელია ქართულ სალიტერატურო სივრცეში შემოვიდა. თბილისში პოლონური ინსტიტუტისა და გამომცემლობა „ინტელექტის“ თანამშრომლობის წყალობით, მისი რამდენიმე წიგნი უკვე გამოიცა: „წიგნები იაკობისა“, „თოჯინა და მარგალიტი“, „დაუდგომელნი“, „შოტლანდიური თვე“. მისი სხვა ნაწარმოებების გამოცემაც იგეგმება. ოლგა ტოკარჩუკი წერს სულზე და სულისთვის. იგი აღწევს ადამიანის ფსიქიკაში, ჩვენს რელიგიურობაში, ეხება მითებს. ნობელის კომიტეტმა თავისი გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა:

„ნარატიული წარმოსახვისთვის, რომელიც ენციკლოპედისტის ვნებით აღწერს ზღვრების გადალახვას, როგორც სიცოცხლის ფორმას“.

პოლონური ინსტიტუტი მადლობას უხდის გამომცემლობა „ინტელექტს“ თანამშრომლობისთვის, დღემდე განხორციელებული ერთობლივი საგამომცემლო მიღწევებისთვის, პროექტში მონაწილეობისა და „ქართულ მწერლობაში“ პოლონური ლიტერატურის წარმოჩენის შესაძლებლობისთვის.

ჩვენს მკითხველს კი საკითხავიდან სიამოვნების მიღებას და პოლონური მწერლობის სულში ჩახედვას ვუსურვებ.

მაგდალენა ვოიდაშევიჩი,
პოლონური ინსტიტუტის დირექტორი თბილისში.

სარჩევი
04
თარგმნილი პოეზია
ზოგიერთს უყვარს პოეზია და სხვა ლექსები
ვისლავა შიმბორსკა
პოლონურიდან თარგმნეს შოთა იათაშვილმა და ქეთი ქანთარიამ
08
თარგმნილი პროზა
დაჩაგრული და მეამბოხე ვარსკვლავბიჭუნა
მარეკ ჰლასკო
პოლონურიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო კატია ვოლტერსმა
20
კლასიკა
ჯიადი
ადამ მიცკევიჩი
პოლონურიდან თარგმნეს ანი კოპალიანმა და ქეთი ქანთარიამ
22
რეცენზია
ქაოსის სიმფონია | ოლგა ტოკარჩუკი „დაუდგომელნი“
გუგა მგელაძე
24
პროზა
დაგვიანებული ინტერმედია
ვახტანგ ჯავახაძე
28
თარგმნილი ინტერვიუ
ინტერვიუ როსტომ ჩხეიძესთან
ესაუბრა ედუარდო გარსია როხასი
ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ
32
პოეზია
ახალი ლექსები
ლია სტურუა
36
პროზა
გზაში დაწერილი წიგნიდან
დათო ტურაშვილი
40
თარგმნილი ინტერვიუ
წიგნიდან „დიალოგები. ხორხე ლუის ბორხესი, ერნესტო საბატო“
შედგენილი ორლანდო ბარონეს მიერ
ესპანურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ნინო ფიფიამ
47
კლასიკა
პარალელების ძიება | „ცეცხლითა და მახვილითა“
გიორგი კაკაბაძე
48
კლასიკა
ლეგენდების რჩეულნი
ბუბა კუდავა
50
პოეზია
ლექსები | დებიუტი
ნათელა ჯანელიძე
შესვლა
რეგისტრაცია