03
ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატი იუნ ფოსე თავის სიტყვაში, რომელსაც ამ ნომერში გთავაზობთ, ამბობს, რომ:
„ცხოვრებისეული სინამდვილის ჩაწვდომა ზოგჯერ მართლაც ძნელია…“ და – „ვცდილობდი ის მეწერა, რაც, ჩვეულებრივ, სალაპარაკო ენაზე სიტყვებით ვერ გამოითქმებაო…“
ჩვენც ეს ნომერი, შევეცადეთ, გამოუთქმელის გამომთქმელს, სინამდვილის ყველაზე ღრმად ჩამწვდომს – პოეზიას დავუთმეთ, ასე მრავალფეროვან თანამედროვე ქართული პოეზიას.
სამოციანი წლების შემდეგ ხომ ასეთი მძლავრი და შთამბეჭდავი ხმები ქართულ პოეზიას არ ჰქონია, თითქოს თავიდან დაბრუნდა, შეიძლება ვთქვათ, თავიდან დაიბადა ქართული ლექსი ჩვენს ყოფაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ყველგან ისმის ქართველი პოეტების ძლიერი, მძაფრი ხმა: აკადემიურ სივრცეებში თუ ქუჩაში – საპროტესტო აქციებზე, შეყვარებულთა მესიჯებში თუ კედლის გრაფიტებზე, ტელევიზიით თუ „ტიკ ტოკზე“, ყველგან, სადაც ადამიანია და სურს ამ ენით ისაუბროს და ელაპარაკოს სამყაროს, რაც ჩვეულებრივ, სალაპარაკო ენაზე ვერ გამოითქმება.
ჯერ ლექსი დაბრუნდა და შემდეგ მათი ავტორების სახელებმა დაიმკვიდრეს მკითხველთა გულებში საკუთარი ადგილები.
სხვათაგან განდიდებულ სახელს, საზოგადოებრივ მდგომარეობას ან სხვა პრივილეგიებს არ დაუბრუნებია პოეტები, ლექსებმა, მათმა პოეზიამ დააბრუნეს ისინი.
ამ ნომერში ზვიად რატიანის ინტერვიუს წაიკითხავთ, ახალი ქართული პოეზიის ერთერთი შე მოქმედისა. აქვე მის შედევრსაც გაგახსენებთ, ძვირფასო მკითხველო:
მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი
კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა
ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით
ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად
ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,
რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც…