25/26
ჟურნალი „ქართული მწერლობა“ ყოველთვის ცდილობდა, არა მხოლოდ ლიტერატურულ პროცესებზე ესაუბრა, არამედ იმ მორალურ და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზეც, რომელიც სიტყვას, ხელოვნებასა და კულტურას აკისრია.
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას უმძიმესი განსაცდელი, დუმილი უკვე თანასწორია თანხმობისა, ამიტომაც ვწერთ, ვლაპარაკობთ, ვბეჭდავთ და გამოვცემთ.
„ბიბისის“ მიერ მომზადებულმა ფილმმა, რომელშიც წარმოდგენილია მასალები საქართველოს ნეოპატრიმონიული რეჟიმის მიერ ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლება ადრე თუ გვიან სამართლის წინაშე დგება. ეს ისტორიული კანონზომიერებაა.
მაგრამ პასუხისმგებლობა მხოლოდ მმართველებს არ ეკისრებათ. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ამ რეჟიმთან თანამშრომლობს, ვინც საკუთარი ნიჭით, სიტყვით თუ ავტორიტეტით ამართლებს ან ფარავს უსამართლობას.
ისტორია ამ მხრივ დაუნდობელია: როგორც გერმანიაში ფაშისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაში ჩართული ხელოვანები და ინტელექტუალები ვერ გაექცნენ მორალურ განაჩენს, ასევე ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ვერც ერთი მწერალი, კულტურის მუშაკი თუ ხელოვანი, რომელიც დღეს დგას ძალადობის მხარეს და არა სიმართლისა.
ამ ნომრის გამოსვლა დაგვიანდა. იძულებულნი გავხდით, ორი თვის ნომერი გაგვეერთიანებინა. ამის მიზეზი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია: ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული მდგომარეობა, გაურკვევლობა, შიში და ყოველდღიური დაძაბულობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება.
მიუხედავად ამისა, მივიჩნიეთ, რომ ჟურნალის ხმა არ უნდა გაჩუმებულიყო და სწორედ ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ეს ნომერი თქვენამდე მაინც მოვა.
ამჯერად გამოცემა განსაკუთრებით მრავალფეროვანია. მასში მრავლად შეხვდებით თანამედროვე საზოგადოებრივ რეფლექსიებს.
გვჯერა, რომ ეს ნომერი საინტერესო და ფიქრის მომგვრელი საკითხავი იქნება ჩვენი ერთგული მკითხველისთვის.
წლის მიწურულს, უპირველეს ყოვლისა, გვინდა მივულოცოთ ახალი წელი სინდისის პატიმრებს. მათ ვუსურვებთ თავისუფლებას, სიმტკიცესა და გამარჯვებას. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მათთან არის.
ახალ წელს ვულოცავთ ასევე „ქართული მწერლობის“ ერთგულ მკითხველს, მწერალსა და ხელოვანს.
ვუსურვებთ საქართველოს გამარჯვებას, თავისუფლებას და ისეთ მომავალს, სადაც სიტყვა აღარ დაისჯება, ხოლო სიმართლე აღარ იქნება საფრთხის შემცველი.
გისურვებთ ახალ წელს, თავისუფლებითა და რწმენით სავსეს!