15/16
ჟურნალის დეკემბრის ნომერმა დაიგვიანა, იანვრისა და თებერვლისა კი ერთად ავკინძეთ და დავსტამბეთ, ალმანახივითაა, მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ ჩვენს ძვირფას ქვეყანაში, რა თქმა უნდა, როგორც ყველას და ყველაფერს ჩვენც, ჟურნალსაც, გამომცემლობასაც და ავტორებსაც მოგვწვდა პრობლემები, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების მმართველობითაა განპირობებული: უკანონობა, უსამართლობა, განუკითხაობა, სიდუხჭირე, რეპრესიები, მოღალატეთა აღზევება და ქვეყნის ღალატი.
ვიღაც ცნობილ ფრაზასაც გაიხსენებს სასკოლო სახელმძღვანელოს ლექსიდან: „რა დროს ლექსიაო?“, მაგრამ ქართული მწერლობა იბრძოდა და კვლავაც იბრძვის და ამბობს მთავარ სიტყვას, ქართველი ხალხის სათქმელს.
პოეტი რატი ამაღლობელი გალაკტიონის სიტყვებს იხსენებს ინტერვიუში:
„აზვირთებულ მსოფლიოსთან მისვლით შენ ბორკილის მეტს არაფერს კარგავ“
თანამედროვე ქართველი პოეტი, რომელიც საპროტესტო აქციების ტრიბუნია და რომელიც ახალი ქართული პოეზიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
პოეტი და მოქალაქე, მოქალაქე და პოეტი, მწერალი და მოქალაქე, მოქალაქე და მწერალი – აი, დღევანდელი ქართული მწერლობა, აი, დღევანდელი სახე ქართული ლიტერატურისა, რომელსაც ბორკილები ვერ დაადეს და ვერ მოათვინიერეს ბოროტების იმპერიის ახალმა ქართველმა ვასალებმა.
ეს ქვეყანაც აიხსნის ბორკილებს, ამ მწერლების სამშობლო.
როდის?
უნდა ვიბრძოლოთ, ძვირფასო მკითხველო, უნდა ვიბრძოლოთ, რომ მალე დაგვიდგეს ეს ნანატრი დღე.