13
სხვაგვარიც შეიძლებოდა ყოფილიყო ნოემბრის ნომერი, საზეიმოც და სადღესასწაულოც, მაგრამ ასეთი შემადგენლობისა თუ იქნებოდა ისიც, გამარჯვებულ საქართველოში გამოშვებული, ასეთი ახალგაზრდული და ახალი სახელების ნომერი, რადგან ახალი საქართველოც, გამარჯვებული ქვეყანაც, რომელიც ამ ნოემბერს ვერ ვიხილეთ, მაგრამ აუცილებლად გვექნება, ამ ახალი სახელებისაა, ამ მომავლის ადამიანებისა.
ჟურნალის ეს ნომერი დებიუტანტების, ახალი ლიტერატორების კუთვნილებაა, ქართველი ახალგაზრდების, მათი, ვინც არ შეეგუება, არ დაყრის ფარ-ხმალს და არ დადებს კალამს ბოროტებასთან ბრძოლაში.
თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება, ვწერთ, ვბეჭდავთ და ვაქვეყნებთ, გავდივართ ნაღალატევი ქალაქების ქუჩებში აქციებზე, ვიყენებთ სიმართლის სათქმელად ყველა ტრიბუნას, ეთერს და მიკროფონს, მოვუწოდებთ ყველას ერთობისკენ – სკოლებში, უნივერსიტეტებში, საგანმანათლებლო სივრცეებში, არ ვნებდებით, არ ვჩერდებით, არ ვიღლებით!
ასეთ დღეებში, როცა გარშემო ნიჰილიზმის შხამს ავრცელებს მტერი, ამ ჟურნალის ერთ-ერთმა საყვარელმა ავტორმაც, ნათია გიორგაძემ მხოლოდ ერთი ლექსი გამოგვიგზავნა და ამ ლექსით გაგვამხნევა, რომ ბევრნი ვართ ჩვენ, ვისაც გვიყვარს ეს გასაოცარი ქვეყანა და მის მარცხს არ შევეგუებით.