09/10
მსუყე.
თუ რამე სიტყვა მოუხდებოდა ჟურნალის ამ ნომერს, ეს სიტყვაა – მსუყე.
ზაფხულის საკითხავად ჩავიფიქრეთ ორი თვის გაერთიანებული ნომერი და ამიტომაცაა, რომ ასეთი არაერთფეროვანი და არაერთგვაროვანი „ქართული მწერლობაა“ თქვენ თვალწინ.
ბევრი ახალი სახელი გაგახარებთ და ბევრი საყვარელი ავტორიც გაგახსენებთ თავს.
მაინც, როგორც ამბობენ, ყველაფერი რაღაცისთვის მზადებაა, მუდმივად რაღაც ერთი წერტილისკენ მოძრაობა, სვლა დასახული მიზნისკენ, ჩვენც ხომ ჟურნალის აღდგენის დღიდან დავისახეთ მიზანი – ქართული თანამედროვე ლიტერატურის მხარდაჭერა, ანტიქართული ხელისუფლების მიერ კულტურის სფეროში გატარებული რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლა და სიტყვისა და აზრის თავისუფლების დაცვა მათგან, ვინც ქართულ მწერლობასთან ბრძოლით დაიწყო და ამ ქვეყნის მტრობით აგრძელებს ცხოვრებას.
ამიტომაცაა, რომ ჟურნალის ეს საზაფხულო მსუყე ნომერი კარგ მკითხველს რთული და მძიმე შემოდგომისთვის მზადებადაც მოეჩვენება, გვინდა ოქტომბრამდე ბევრ და საჭირო საკითხებზე კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ.
ამასობაში კარგი ამბავიც გახაროთ, კულტურის სამინისტროს მიერ გაუქმებული თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის დაბრუნება, რაც საქართველოს პენცენტრისა და საქართველოს მეგობრების დახმარებით კვლავ ლიტერატურისა და წიგნის დედაქალაქად აქცევს თბილისს. დაელოდეთ სექტემბრის ნომერს, რომელშიც ფესტივალისა და ჩვენი ქვეყნის საპატიო სტუმრებს, საინტერსო მწერლებს შეხვდებით.