08

#08 — ყდა
#08
ივნისი, 2024
ანა კორძაია-სამადაშვილი
© ნატა სოფრომაძე
რედაქტორებისგან

ცხელი ზაფხულის დღეებში, როცა ჩვენი ქვეყნის დასავლური სივრციდან მოწყვეტის ვერაგულ სურათებს ვადევნებთ თვალს, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იბრძვის, წინააღმდეგობის მოძრაობა კი ძალას იკრებს, გვინდა გაგახსენოთ ფრაგმენტები დიდი ქართველი მოაზროვნის, კრიტიკოსისა და მთარგმნელის გერონტი ქიქოძის წიგნიდან „თანამედროვის ჩანაწერები“:

1.

„…ნოე ჟორდანიამ ჩვეულებისამებრ მოკლე სიტყვა წარმოთქვა. მან განაცხადა, ამიერიდან ქართველი ერი დიდი ევროპული ერების ოჯახში შევიდა, არა რაიმე მოწყალების სათხოვნელად, არამედ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორისო. საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ ცნო მუშათა კლასის ინტერნაციონალმა ლუცერნში, ხოლო შემდეგ გამარჯვებული სახელმწიფოების საბჭომ პარიზშიო. საქართველოს ბედი დასავლეთს გადაეჯაჭვა და ამ კავშირის გაწყვეტა არავითარ ძალას არ შეუძლიაო. რა მიგვაქვს ჩვენ ევროპული ერების კულტურულ სალაროში? – იკითხა ნოე ჟორდანიამ: – ორი ათასი წლის ეროვნული კულტურა, დემოკრატიული წესწყობილება და ბუნებრივი სიმდიდრე. ჩვენ სამხედრო კავშირი შემოგვთავაზა საბჭოთა რუსეთმა, მაგრამ უარი ვუთხარით: ჩვენი გზები ერთმანეთს დაშორდნენ, ისინი აღმოსავლეთისაკენ მიდიან, ჩვენ – დასავლეთისაკენ. ჩვენ გვინდა რუს ბოლშევიკებს შევძახოთ: პირი იბრუნეთ დასავლეთისკენ, გახდით თანამედროვე ევროპელი ერი. მე აქ გადაჭრით უნდა განვაცხადო, რომ აღმოსავლეთის ფანატიკოსებს დასავლეთის იმპერიალისტები მირჩევნიაო.

თავისი სიტყვის დასასრულს ნოე ჟორდანიამ ცალ-ცალკე მიმართა ლოჟებში მსხდომარე დიპლომატებს, კერძოდ საფრანგეთის, ინგლისის, შეერთებული შტატებისა და იტალიის წარმომადგენლებს და შეაფასა თვითოეული ამ ქვეყნის დამსახურება კაცობრიობის წინაშე. მაგრამ რადგან საქართველოს პრეზიდენტმა ყველა ლოგიკური დასკვნა არ გააკეთა თავისი საზეიმო სიტყვიდან, რადგან ინგლისი ემზადებოდა ბათუმი და ეცალა, ხოლო საფრანგეთი, იტალია და შეერთებული შტატები უარს ამბობდნენ საქართველოში და სომხეთში თავიანთი სამხედრო ძალები შემოეყვანათ, ცხადი იყო, რომ ამ დასავლეთისადმი მიმართული სიყვარულის დეკლარაციას პლატონური ხასიათი ჰქონდა და მას შეეძლო მხოლოდ მეშურნეობა და გაღიზიანება გამოეწვია კრემლში“.

2.

„…ქართველმა ხალხმა მხოლოდ ორჯერ მოასწრო და მოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 26 მაისი ედღესასწაულა. როგორც დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე, მე მონაწილეობას ვღებულობდი ამ ეროვნული დღესასწაულის პროგრამის შედგენაში, მაგრამ მისი ნამდვილი ავტორი უბრალო ხალხი იყო. მთელი თბილისის მოსახლეობა დილიდანვე თავს იყრიდა უზარმაზარ ბუნებრივ ამფითეატრში, სადაც ამჟამად ვაკის ახალი პარკია გაშენებული. ძალდაუტანებელი მხიარულება, სიმღერა, ცეკვა საღამომდე გრძელდებოდა. საუცხოო სანახაობას წარმოადგენდა ქართველი ფიზკულტურელების, ეგრეთ წოდებული „შევარდნების“ გამოსვლა, რომელსაც ნიკო ნიკოლაძის ქალვაჟი: თამარი და გიორგი ხელმძღვანელობდნენ. ისტორიული და სიმბოლური ჯგუფების პროცესია, რომელიც ქალაქის ცენტრიდან ამფითეატრისკენ მიემართებოდა, კარნავალს ჰგავდა და აღტაცებას იწვევდა ხალხში. მაგრამ ერთხელ დიდი ავტომანქანა, რომელზეც ეროვნული და მოუკიდებლობის გამომხატველი ახალგაზრდა ქალთა ჯგუფი იყო მოთავსებული, მოულოდნელად შეფერხდა უნივერსიტეტის შენობის მახლობლად და საჭირო გახდა მეორე მანქანის მიშველება, რათა ის ადგილიდან დაძრულიყო. ხალხმა ეს უბედურების მომასწავებელ ნიშნად მიიღო“.

3.

„…ჩქარა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თბილისში სტალინი ჩამოვიდა. ის გამოვიდა დახურულ მიტინგზე, რომელიც ნაძალადევის თეატრში მოეწყო. აუდიტორია უმთავრესად, მუშებისაგან შედგებოდა. – ქართულად ვილაპარაკო, თუ რუსულად? – ეკითხა სტალინს. – რასაკვირველია, ქართულად, – დაეყვირათ ადგილებიდან, – განა არ იცი, სად იმყოფები?“

4.

„…მიხეილ ჯავახიშვილი გამხდარი იყო, გამომცდელად იცქირებოდა სათვალიდან, ნაყვავილარი სახე და მაღალი შუბლი ჰქონდა და მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობას ავლენდა. მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა. რუსულქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე თითქო პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა, მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში“.

სარჩევი
04
ინტერვიუ
მე ვერ ვწერ ვერავისნაირად | ინტერვიუ ანა კორძაია-სამადაშვილთან
ესაუბრა თინათინ ჭავჭანიძე
08
პოეზია
ახალი ცხოვრების დაწყება და სხვა
ალეკო ცქიტიშვილი
12
პოეზია
ლექსები
ანდრო დადიანი
14
პოეზია
ახალი ლექსები
გიორგი იგი ხარაიშვილი
15
პროზა
მცურავი სამყაროს სევდა და ჩემი ჰოკუსაი
გაბრიელ ტანიე
20
პროზა
ბამბის ყანა
სოფიო კუბლაშვილი
26
რეცენზია
მზერა: ცეცხლოვანი, მაგიური, გამჭოლი | ვისლავა შიმბორსკა ხალათში
როსტომ ჩხეიძე
32
რეცენზია
ბაჩანა ბრეგვაძის „დრო და მარადისობა“
არჩილ წერედიანი
35
კრიტიკა
მედეა Puella Simplica | უბრალო გოგო
ანი დიდიშვილი
38
პროზა
გზაში დაწერილი წიგნიდან
დათო ტურაშვილი
40
რეცენზია
დათო გორგილაძე „აუტანელი სიმსუბუქის“ 4 წიგნს წარადგენს
დათო გორგილაძე
42
თარგმნილი პროზა
ლეიბი
არკაიც კანო
ინგლისურიდან თარგმნა ირინა ნოზაძემ
45
თარგმნილი პოეზია
ესპანური პოეზია
რუთ ბეარი, მონიკა ველასკესი, სონია მანზანო, იდეა ვილარინო, სარა ვანეგას კოვენა, ვიოლეტა ლუნა, კატალინა სოხოსი
ესპანურიდან თარგმნა ზაალ ჩხეიძემ
48
პროზა
ბახილები
თათი თომასი
50
კრიტიკა
„საბოლოო სიტყვა რესტავრატორისაა!“
ნოდარ არონიშიძე
შესვლა
რეგისტრაცია