05
დავით კლდიაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ვასილ ბარნოვი, ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ლეო ქიაჩელი, გიორგი ლეონიძე, ოთარ ჩხეიძე, ნოდარ წულეისკირი, გურამ რჩეულიშვილი, შოთა ჩანტლაძე, ნოდარ დუმბაძე, ზაირა არსენიშვილი, გურამ გეგეშიძე, რევაზ ინანიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჭეიშვილი, ნუგზარ შატაიძე, ლეილა ბეროშვილი გაიხსენებ და ჩამოთვლი ამ სახელ-გვარებს და ქართული მოთხრობის გამორჩეულობა გაგახარებს და დაგაფიქრებს, რადგან გაწუხებს აზრი, რომ ხომ არ იჩაგრება ჩვენს დროში ლიტერატურის ეს უმშვენიერესი ჟანრი.
ჟურნალის ეს ნომერი სწორედ ამაზე ფიქრსა და მსჯელობასაც დავუთმეთ, გვსურს დავაფიქროთ მწერლებიც, მკითხველებიცა და წიგნის გამომცემლებიც, რამდენად არის დღევანდელი ლიტერატურული პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე მოთხრობა და მოთხრობის მწერალი.
რუსუდან რუხაძე თავის შესანიშნავ წერილში, რომელსაც ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ, ამბობს, რომ მოთხრობას მთავარი დრამატული შეკითხვა სჭირდებაო, ჰოდა, ჩვენც დღეს ასეთი შეკითხვა დავსვით.