#3 | გზაში დაწერილი წიგნიდან
„ნიყვი ერთადერთია, რომლის მოყვანაც სათბურში შეუძლებელია, რადგან ნიყვი თუ თავისუფალ და ბუნებრივ გარემოში არ იზრდება, ყველა იმ თვისებას კარგავს, რაც მას სხვა სოკოებისგან გამოარჩევს. წარმოიდგინეთ, ადამიანს რამდენად სჭირდება თავისუფლება…“.
ჩიტის წყალი
ნიუ-იორკის ლეგენდარულ ჯაზ-კლუბში, რომელსაც “Birdland” ჰქვია, ორჯერ დამპატიჟეს და ორივეჯერ ბოდბე გამახსენდა. კლუბს „ჩიტის მიწა“ ჩარლი პარკერის პატივსაცემად დაარქვეს, რომელსაც ასეთი მეტსახელი ჰქონდა, და გენიალური ჩარლი პარკერი (მუსიკაში) მართლა ჩიტით თავისუფალი იყო.
თუმცა იმ კლუბში ბოდბე იმიტომ გამახსენდა, რომ ბოდბეში, მონასტრის ეზოში, ძველი ტაძრის შესასვლელთან, ჩემი საყვარელი საფლავის ქვაა. იმ ქვის ქვეშ მონასტრის ძველი იღუმენიაა დაკრძალული და თვითონ საფლავის ქვაზე პატარა ორმოა ამოკვეთილი ჩიტებისთვის – ჩიტებმა რომ წყალი დალიონ…
იასონ იმნაძე და კირილე ხოფერია
წავედით კუნძულზე, რომელსაც სემუელ ელისის სახელი ჰქვია და სადაც რამდენიმე მილიონი ადამიანი მოხვდა ეგრეთ წოდებულ კარანტინში, სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაბარდებოდნენ. ელისის კუნძული არის იქვე, თავისუფლების ქანდაკებასთან ახლოს, და ახლა, ამ დიდ და ისტორიულ შენობაში, დიდი მუზეუმია ამერიკაში ჩამოსული ემიგრანტების პირველი დღეების საჩვენებლად.
გაჩვენებენ დოკუმენტურ ფილმსაც, მაგრამ მთავარია გაჩვენებენ ოთახს, სადაც მათ ეძინათ, სადაც სადილობდნენ და სადაც გადიოდნენ გასაუბრებას. ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც ერთ-ერთ კედელზე გაკრული გადიდებული ფოტოა იმ ორი ჩოხიანი ქართველი ემიგრანტისა, ამ კუნძულს XIX საუკუნეში რომ მიადგა. და იმ უზარმაზარ ფოტოს მათი ვინაობა და სადაურობაც იქვე აწერია.
სოლომონ პირველი
ვიყავით სტადიონზე და წავაგეთ, მაგრამ მაინც გულიანად ვიცინეთ, რადგან ჩვენგან ახლოს მჯდომმა ქომაგმა ჩვენი მეკარის შესახებ, რომელიც ხელფეხშეკრულივით, გაუნძრევლად იდგა, ხმამაღლა იხუმრა:
– მგონი ჩვენ კარში ჰენრი კუპრაშვილი დგასო.
იქ, სტადიონზე, კი ვიცინეთ, მაგრამ სახლში მაინც დავსევდიანდი, რადგან გამახსენდა, რომ ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კოლხური ცურვის გამავრცელებელია. არადა, ეს იყო იძულებითი სტილი, მოგონილი იმ განსაცდელის დროს, როცა გაყიდული ქართველი ბიჭები ოსმალური ფელუკებით მიჰყავდათ შორეული ქვეყნებისკენ და რომელიმე ხელფეხშეკრული ქართველი ტყვე წყალში ხტებოდა.
სულ მინდოდა ამის თქმა ბატონი ჰენრისთვის, მაგრამ ვერასოდეს მოვახერხე.
რომ არა სოლომონ პირველი და ერეკლე მეორე, ალბათ აღარც დავრჩებოდით.
ნიყვი
შემხვდა ერთხელ ქუჩაში ერეკლე დეისაძე და მოვიკითხეთ ერთმანეთი, ჯერ ზოგადად და მერე მე კონკრეტულად ვკითხე, რას წერ-მეთქი და მექსიკურ ჯადოსნურ სოკოებს ვიკვლევ და ამაზე წიგნს ვწერო.
გამიკვირდა გულწრფელად და გულწრფელადვე ვუთხარი – იმერელ კაცს რად გინდა მექსიკური სოკოს კვლევა, იმერული სოკო მსოფლიოში ყველანაირ სოკოს ჯობია და შენ ნიყვზე წერე და მექსიკურ სოკოზე ისევ კასტანედამ წეროს-მეთქი. გაგვეცინა ორივეს და ჩვენ-ჩვენი გზით წავედით.
მაშინ არ ვიცოდი, თორემ ერეკლესაც ვეტყოდი, რომ ნიყვი ერთადერთია (არა მარტო სოკოებს შორის), რომლის მოყვანაც სათბურში შეუძლებელია, რადგან ნიყვი თუ თავისუფალ და ბუნებრივ გარემოში არ იზრდება, ყველა იმ თვისებას კარგავს, რაც მას სხვა სოკოებისგან გამოარჩევს.
წარმოიდგინეთ, ადამიანს რამდენად სჭირდება თავისუფლება…
ნიკა მაჩაიძე
ხშირად მეკამათებიან და მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ქართველები ყველაზე ნიჭიერი ხალხი მგონია დედამიწაზე. არასოდეს მითქვამს, რომ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანები ჩვენ ვართ, მაგრამ ჩვენზე ნიჭიერი მართლა არავინ მგონია პროცენტულად და ამის გადამოწმება (სხვათა შორის) საკმაოდ ადვილია.
რთული ნამდვილად არ არის იმის დათვლა, თუ რამდენი ათეული წლის განმავლობაში ჰქონდათ გაყოფილი საბალეტო სამყარო ორ ქართველს ორ ნაწილად. აღმოსავლეთ ნახევარსფეროს უპირობო ლიდერი იყო ვახტანგ ჭაბუკიანი და ასევე ქართველი ჯორჯ ბალანჩინი კი მთელ დასავლეთში ისე ბატონობდა, როგორც ქორეოგრაფიის უგვირგვინო მეფე. იმის დათვლაც შეიძლება, თუ რამდენი ქართველი მომღერალი ამშვენებს მსოფლიოს საუკეთესო საოპერო დასებს და რასაკვირველია, იმის დათვლაც რეალურია, თუ რამდენი ქართველი მორაგბე თამაშობს ასე სახელოვნად თუნდაც მხოლოდ საფრანგეთის კლუბებში. ბუნებრივია, იმის დათვლაც შეიძლება, რამდენ ქართველ კინორეჟისორს აქვს მოგებული მსოფლიოს საუკეთესო კინოპრემიები და აგერ, ოთხმოცდაათიან წლებში, ნიკა მაჩაიძემ ის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი მოიგო, რომელშიც სამოცი ქვეყანა მონაწილეობდა, ოღონდ ის სამოცივე გაჭახჭახებული იყო, საქართველოში კი დენი მაშინ საერთოდ არ გვქონდა. აღარაფერს ვამბობ იმ ოცდაათ წელზე, რომლის განმავლობაშიც მსოფლიოს საუკეთესო პირველი ხუთი ქალიდან, ხუთივე ქართველი იყო.
მეტი რა ქნას ამ პატარა საქართველომ და ნეტა ნიჭთან ერთად, ჭკუაც ბევრი გვქონდეს.
რუსთაველის პრემია
რა უნდა იყოს ქართველი მწერლისთვის რუსთაველის პრემიაზე ძვირფასი, მაგრამ მაშინ მაინც უარი ვთქვი ამ პრემიაზე რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი იყო ამ პრემიის გაცემის წესი, რომელიც სინამდვილეში უკავშირდებოდა ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო იმ წელს, როცა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ვინც უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, რასაკვირველია, მაინც უარს ვიტყოდი, მაგრამ ეს ამბავი საგულდაგულოდ დავმალე.
თუმცა რომელიღაც ჟურნალისტმა მაინც გაიგო და რომელიღაც ყვითელ ჟურნალში მაინც გამოქვეყნდა წერილი სათაურით – „რატომ თქვა ტურაშვილმა უარი თხუთმეტი ათას ლარზე“, რომელიც ჩემმა ცოლმა სადღაც შემთხვევით წაიკითხა.
მაშინ ეს, დიდი კი არა, ძალიან დიდი ფული იყო ჩვენთვის და ამიტომაც მირტყეს ის ჟურნალი შვილებმა მძინარე მამას დედის წაქეზებით, – რაც თქვენ გაკლიათ და არ გაქვთ, სწორედ მეტიჩარა მამათქვენის ბრალია, რომ რუსთაველის პრემიაზე უარი თქვა და არ დაზოგოთ, ურტყითო.
კი მირტყამდნენ შვილები, მაგრამ არც ისე გამეტებით, როგორც ამას მაკა კეკელიძე ისურვებდა…
მოწმაო
ჩვენ ბერდიას ვეძახდით, ხევსურები – ტრისტანს.
ხევსურებისთვის ჩუმი იყო, ჩვენთვის – ხმაურიანი.
ქალაქის ხმაურს ბოლოს მაინც ხევსურეთში გაექცა, მაგრამ ხევსურეთის დარდს მაინც ვერსად დაემალა. ასწავლიდა სკოლის მოსწავლეებს ლიტერატურას და თითო კლასში ბოლოს რომ მხოლოდ თითო მოსწავლე დარჩა, ამის გაძლება გაუჭირდა.
ისედაც დარდიანი კაცი იყო იმთავითვე, ახალგაზრდობიდანვე, და ამ დაცლილ ხევსურეთს კი ვეღარ გაუძლო. დარდსა და სევდას პოეტები ლექსებში ემალებიან ხოლმე, მაგრამ ის არ იყო ჩვეულებრივი პოეტი და არც ჩვეულებრივ სასაფლაოზე დაუკრძალავთ ხევსურეთში.
მისი გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ მოვხვდი მისი მშობლიური მოწმაოს თავზე და ის ადგილი რომ ვნახე, უცებ გავიფიქრე, რომ ცაში დაკრძალეს…
დიდი ადამიანი
დიდმა რეზო თაბუკაშვილმა დიდ მიხეილ ხერგიანზე დიდებული ფილმი გადაიღო და მიხეილ ხერგიანზე ვისაც არაფერი წაუკითხავს, ის ფილმი მაინც ექნება ნანახი. თუმცა, ვისაც ფილმი უნახავს, შეიძლება მაინც არ იცოდეს, რომ მიხეილ ხერგიანი, სანამ მთამსვლელი გახდებოდა, მოჭიდავე იყო. ისეთი ტალანტი იყო ჭიდაობაშიც, რომ თექვსმეტი წლისა უკვე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ თბილისში გამგზავრების წინ საოცარი ამბავი მოხდა. ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, რომელიც ხერგიანმა დაამარცხა, უცებ ისე ატირდა, რომ მიხეილ ხერგიანმა ბოდიში მოუხადა, წამოაყენა და გულში ჩაიკრა. მეტიც, იმ ღამეს მიხეილს თვალი არ მოუხუჭავს და რამდენჯერაც დაძინება დააპირა, იმდენჯერაც იმ დამარცხებული ბიჭის თვალები გაახსენდა. დილით კი გადაწყვეტილება მიიღო და ჭიდაობაზე სამუდამოდ თქვა უარი, რომ არავინ არასოდეს დაემარცხებინა და მთამსვლელობა აირჩია.
აირჩია ის, რასაც მხოლოდ საკუთარი თავის დამარცხება მოაქვს.
საგრეშ
ლისაბონში წავედით სპორტბარში „ნაპოლის“ გამო. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო და გვაინტერესებდა, რას იზამდა ახალი სეზონიდან.
კარგი ბარი იყო – ბევრი დიდი ეკრანი დაგვხვდა, მაგრამ რაც სხვაგან არ მინახავს, იმ ბარის ტუალეტი აღმოჩნდა. ტუალეტშიც ყველგან ეკიდა ტელევიზორი, რომ თუ ბევრი ლუდისგან ხშირად მოგიწევდა ტუალეტში შესვლა, თამაშს არ მოსწყვეტოდი. მეც მომიწია, რადგან საგრეშს ვსვამდით – პორტუგალიურ ლუდს, რომელსაც ისტორიული სახელი ჰქვია. ამ ადგილას, ჯერ კიდევ მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში, პორტუგალიის მეფე ენრიკემ საზღვაო სასწავლებელი დააარსა, სადაც პორტუგალიელებმა სწორედ ის ისწავლეს, ოკეანე როგორ გადაეცურათ.
ჩვენ არ ვისწავლეთ და ამიტომ ზღვაც ვერ გადავცურეთ…
საზღვაო უნივერსიტეტი
ძველ ბერძნებს თუ დაუჯერებთ, ქართველების წინაპარ კოლხებში, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში, არსებობდა აკადემია. ფაზისის აკადემია კი ერქვა, მაგრამ შინაარსობრივად, თითქმის უნივერსიტეტი იყო – თითქმის ყველაფერი ისწავლებოდა. თუმცა არ ისწავლებოდა არც ერთი საზღვაო მეცნიერება და ასე იყო იყალთოსა და გელათის აკადემიებში. ანუ ზღვა გქონდა, მაგრამ არ გაგვაჩნდა ცოდნა ამ ზღვის ასათვისებლად (მაგალითად) პორტუგალიელებისაგან განსხვავებით. პორტუგალიელებს საზღვაო სკოლა მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში ჰქონდათ და ერთი საუკუნის შემდეგ ბრაზილიაც დალაშქრეს და ჩინეთიც. არავის დაპყრობას არ ვისურვებდი, მაგრამ ზღვა რომ სალაშქროდ გამოგვეყენებინა, ახლა შორს ვიქნებოდით…
გიორგი ერისთავის „გაყრა“
პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი გიორგი ერისთავი ნინო ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქორწილში 1828 წელს ჩოხაში გამოწყობილი მივიდა. ქორწილი გადაუხადეს ამჟამინდელ მოსწავლეთა სასახლეში (მაშინდელი მთავარმმართველის მთავარ დარბაზში) და გიორგი ერისთავი დაცვამ შენობაში არ შეუშვა. მეტიც, რუსებმა ქართველ მწერალს დასცინეს და რამე ნორმალურის ჩაცმა ურჩიეს. 1828 წელს რუსები ველურებად მიგვიჩნევდნენ და ჩოხაც ველურების სამოსი ეგონათ. ისევე როგორც ჩვენი ენა და ადათები და ყველაფერი ქართული, რაც ძვირფასი იყო ქართველებისთვის. რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი გიორგი ერისთავი ისე გაბრაზდა, რომ იმ დღეს გაეყარა რუსეთის იმპერიას და იმ შეთქმულების მთავარი მონაწილეც გახდა, რომელიც 1832 წელს, სამწუხაროდ ღალატის გამო, მარცხით დამთავრდა.
სვანური იუმორი
ვსხედვართ მესტიაში, სასტუმრო „ლაჰილის“ საერთო აივანზე, საიდანაც საუკეთესოდ ჩანს ლანჩვალის კოშკები და ვსაუბრობთ. მანანა კვიციანი იქვე მჯდომი მეუღლის, გოგა დადვანის, შესახებ ამბობს:
– ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად ირაკლი გურჩიანთან ერთად სვამს. რამდენჯერაც მესტიაში ჩამოფრინდა ირაკლი, იმდენჯერვე დალიეს, არადა ამას წნევები დაეწყო.
– ირაკლი გურჩიანს საქმეზე ვხვდები ხოლმე, – ამშვიდებს გოგა დადვანი ცოლს და უცებ ლევან დადვანი, ასევე იქვე მჯდომი მათი შვილი, ამბობს:
– მამაჩემს ისე უხარია ირაკლის მესტიაში ჩამოსვლა, თვითმფრინავის ხმას რომ გაიგებს, აეროპორტში გარბის და თვითმფრინავის დაშვებასა და გაჩერებაში პირადად იღებს მონაწილეობას დროშების ქნევით…
