წარსულის თარგმნა რომანიდან რომანში – გოგა ქობალიას „სიკვდილი პაპანაქება მზეში“
თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ვინც კარგად თუ არა, მეტ-ნაკლებად კარგად მაინც იცნობს, იმათგან ყველამ იცის ბესიკ ხარანაულის „მკვდრების სიმღერა“, იცის და წაუკითხავს რომელია, ხანდახან ისეთსაც გადაეყრები, ზეპირად რომ ჩაიბუტბუტებს, რადგან ამ ლექსს არ უხდება ხმამაღლა, ომახიანად თქმა. მკვდრები ჩვენ ვართ და ეს სიმღერაც ჩვენია, რომელსაც ხან ჩვენვე ვმღერით, ხან სხვები გვიმღერიან, მაგრამ, ასეც და ისეც, ყველამ ვიცით, რომ „ყველაფერი ნამდვილად იყო“ და რომ ყველაფერი ნამდვილად იყო, და იყო ომი, ლტოლვილობა, უსახლკარობა, უშუქობა, ახალგაზრდები დაკარგული ახალგაზრდობით, მკვლელობები, ბინძური პოლიტიკა და კიდევ უფრო ბინძური პოლიტიკოსები, დავიწყებული ქვეყანა და დავიწყებული ოჯახები, და იყო უსულგულობაც, სისასტიკეც და სპილენძის მოსაგროვებლად და მერე ჩასაბარებლად თბილისის ქუჩებში გასული მამები და შვილები, ამ ყველაფერზე წერს გოგა ქობალია თავის მეორე რომანში „სიკვდილი პაპანაქება მზეში“.
რადგან ავტორის შემოქმედებაში ამ წიგნის რიგითობას გავუსვი ხაზი, პირველი რომანიც უნდა ვახსენო – „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“, ძალიან პოეტური სათაურით, სადაც გოგა ქობალიამ წარსულის თარგმნა ლიტერატურულ ენაზე დაიწყო და, მიუხედავად ფიქციურობისა და მხატვრულობისა, ბასრი და ძალიან ნამდვილი იყო ის, რასაც წერდა. არაფერს წერდა ამ რომანში, გარდა დაუვიწყებელი, მოუშუშებელი ტკივილებისა და მეხსიერებისა, რომელსაც მუდმივად სჭირდება ვარჯიში და გავარჯიშება, რადგან მეხსიერება მოწყვლადია, და ის ამბებიც, რომლებმაც თუნდაც ავტორი ლტოლვილად აქცია და სამი წელი აფხაზეთის ომის შემდეგ ზუგდიდში აცხოვრა, შეიძლება იქცეს ნეგატივად. და რადგან ავტორს არ სურს, ცხოვრება და ლიტერატურა, რომლებიც ერთი და იგივეა, გასახსენებლად მკრთალი და ნაცრისფერი გახდეს, ის პირველ და მეორე წიგნშიც უტრიალებს ომს და ომის უსასრულო, დაუმთავრებელ მოგონებას.
აფხაზეთის ომი მომხდარია, ცხრა აპრილიც, 2002 წელია, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა, რომლის ესკორტის გამოჩენისთანავე თბილისის რომელიმე კონკრეტული ქუჩა, იქნება ეს ნუცუბიძე თუ რუსთაველის გამზირი, ისე ცარიელდება, უკაცრიელი გეგონება. თბილისში ჯერ კიდევ არიან რუსი ჯარისკაცები და რისთვის არიან, არც თავად იციან და, მით უფრო, არ იცის მოსახლეობამ, მაგრამ არიან – სვამენ, ვაჭრობენ, ჩხუბობენ, იმუქრებიან და სხედან სხვადასხვა უბნის, სხვადასხვა ქუჩის ბორდიურებზე. და ეს ქალაქი, ზაფხულის თბილისი, თავისი ჰგონიათ, ასეც არის, რადგან ფაქტია, რომ ამ ქალაქში ვერავინ ცხოვრობს და, ცხოვრებას რომ თავი დავანებოთ, ძლივს არსებობენ და ამ არსებობაშიც ეძახიან ლტოლვილ ნაბიჭვრებს.
ჰაერში ისეთი მძაფრი, აუტანელი სუნია, სუნთქვაც ჭირს. ყარს თბილისი ნაგვით, უსამართლობით, ამ ჰაერშივე ერევა კორუმპირებული მთავრობის ამონასუნთქი, სიღარიბის, უპერსპექტივობის სუნი. ქალაქი ფიზიკურადაც და მორალურადაც იხრწნება და ამ ხრწნის შუაგულში, დელისის მეტროსთან, იყრიან თავს ახალგაზრდები – გაბედავა, ბენო და რომანის მთავარი გმირი, ამბის მთხრობელი.
დელისის მეტროსთან შევხვდებით ცოლ-ქმარსაც, ზინას და ზაქროს, რომლებიც სიგარეტს ყიდიან და ბიჭები თითქმის ყოველდღე, თვალის დახამხამებაში აცლიან ხან თითო ღერობით, ხანაც მთლიანად, მაგრამ არც ეს არის დიდი დანაშაული ამ ქალაქში, სადაც ყველას თავისი გადარჩენის წესი აქვს და სადაც სხვისთვის რაიმეს წართმევა, მოტყუება თუ მოპარვა ზოგჯერ უბრალოდ არსებობის გაგრძელების საშუალებაა. იმავე დელისის მეტროსთან არიან ბახრამი და სამირი – ერთი თათარია, მეორე აზერბაიჯანელი. რულეტკა აქვთ და თუ ვინმეს ბარაბნის დატრიალება მოუნდება, ეს სიამოვნება ორმოცდაათი თეთრი ღირს. აქვე არიან ძაღლებიც – წესიერა, ტარზანა და ბლუზი. რატომ ჰქვიათ ასე, ვინ და რის გამო შეარქვათ ეს სახელები, სხვა ამბავია, თუმცა ისინიც ისეთივე სრულუფლებიანი ბინადრები არიან ამ სამყაროსი, როგორც ზემოთ ნახსენები ადამიანები.
აი, ვინ არიან გოგა ქობალიას წიგნის პერსონაჟები, რომელთა ირგვლივ ჩნდებიან მამები, დედები, დები და ძმები, მეგობრები და შემთხვევითი ნაცნობები, ადამიანები, რომლებიც ამ ქალაქის ყოველდღიურობას ქმნიან და, ამავე დროს, მის მიღმა არიან დარჩენილები. და, რა თქმა უნდა, ჩნდებიან ქალაქის ყველა მიტოვებულ შენობა-ნაგებობაში შესახლებული ლტოლვილებიც.
რომანის არქიტექტონიკა და სტრუქტურა ცალკე ყურადღებას იმსახურებს, რადგან გოგა ქობალია აქ ამბის თხრობის არაერთგვაროვან, მაგრამ შინაგანად მკაცრად ორგანიზებულ პრინციპს მიმართავს, ეს არის ამბავი ამბავში და რომანი რომანში. რომანის ორმაგი ნარატიული სტრუქტურა უშუალოდ უკავშირდება მისი მთავარი გმირის შინაგან მდგომარეობას და, უფრო ფართოდ, იმ არსებობით კრიზისს, რომლის აღწერასაც ავტორი ცდილობს. მთავარი გმირი კითხულობს მექსიკელი მწერლის, ოტავიო როდრიგესის, „სანტიაგოს ეშხიან გოგოს“ და ჩვენც, მკითხველებიც, გარკვეული დროით ვხდებით ამ პროცესის თანამონაწილეები. რომანის ძირითადი სიუჟეტური რეალობა დროებით მეორე, ჩართული სიუჟეტური რეალობისკენ ინაცვლებს და ამ გადასვლაში ჩნდება ტექსტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აზრობრივი დაძაბულობა, რაც საკუთარი ცხოვრებიდან გასვლის სურვილსა და, ამავე დროს, ამ ცხოვრებიდან თავის დაღწევის შეუძლებლობას გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ პერსონაჟი ლიტერატურის მოყვარულ, წიგნებში თავშეფარებულ მკითხველად არ წარმოვიდგინოთ. ის კითხვას მაშინ იწყებს, როდესაც რეალურ ცხოვრებასთან გამკლავება უჭირს – როდესაც ვერ ახერხებს მამასთან საუბარს, მეგობრების დახმარებას, პრობლემების გადაწყვეტას და ახალი ფეხსაცმლის ყიდვასაც კი. ამიტომ მისი მკითხველად ქცევა არა იმდენად ლიტერატურული ინტერესის გამოხატულებაა, რამდენადაც რეალობიდან დროებითი გასვლის ფორმა. როგორც ჩანს, სხვათა ამბების მონაცვლეობა პერსონაჟისთვის საკუთარი, ჯერ კიდევ უთქმელი ამბისგან გაქცევაც არის და მასთან მიახლოების ირიბი გზაც.
ისიც უნდა ვახსენოთ, რომ უსახელო პერსონაჟი საკუთარ საძინებელს ხშირად „კუბოსავით ვიწრო ოთახს“ უწოდებს და ეს მხოლოდ ყოფითი გარემოს აღმნიშვნელი მეტაფორა არ უნდა იყოს. ამ სივრცეში შეკუმშულია მისი არსებობის თითქმის ყველა ძირითადი წინააღმდეგობა: ოჯახური ძალაუფლება, ეკონომიკური შეზღუდულობა, მამასთან დაძაბული ურთიერთობა, არჩევანის სიმწირე და, საბოლოოდ, საკუთარი ცხოვრებისათვის არასაკმარისი სივრცე. ოთახი მის ფიზიკურ მდგომარეობასაც იმეორებს, არც გაცვეთილი ფეხსაცმელია საკმარისად გამოსადეგი ლისის ტბისა თუ ვაკე-საბურთალოს ფერდობების მოსავლელად და არც ეს ოთახი დამძიმებული ცხოვრების დასატევად. თუმცა სწორედ ამ დახშულ, თითქმის სამარხისმაგვარ ოთახში იხსნება მეორე, სრულიად განსხვავებული რეალობა, რაც უკვე ლიტერატურისა და წარმოსახვის საკუთრებაა. მექსიკური ამბავი ფიზიკურად შეზღუდული არსებობიდან ნარატიულ თავისუფლებაში გადასვლის მცდელობაა, თუმცა ეს თავისუფლებაც თავიდანვე პარადოქსულია, რადგან არც ამ წიგნში ამოკითხულ ისტორიას ექნება ბედნიერი დასასრული.
განსაკუთრებით საინტერესოა სასამართლოს უწყებისა და ლიტერატურული ტექსტის ურთიერთმიმართებაც. ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთისგან მაქსიმალურად დაშორებული ტექსტური ფორმებია, მაგრამ რომანში სწორედ მათი შეპირისპირება ქმნის მნიშვნელოვან ხაზს. სასამართლოს უწყება ძალაუფლების ენით დაწერილი ტექსტია, ის ადამიანს რაღაცას ატყობინებს, ავალდებულებს, მის ცხოვრებაში გარედან შემოდის და კონკრეტულ ქმედებას მოითხოვს. ლიტერატურული ტექსტი კი, რომელსაც მთავარი გმირი საღამოს კითხულობს, საპირისპირო მნიშვნელობისაა, ის რეალობისგან დროებითი გასვლის, სხვა შესაძლო სამყაროში გადასვლის საშუალებაა. ორივე შემთხვევაში პერსონაჟი სხვის ტექსტთან არის დაკავშირებული, მაგრამ განსხვავება სწორედ იმაშია, რომ პირველ შემთხვევაში ტექსტი მასზე უარყოფითად მოქმედებს, ზიზღსა და სიძულვილს ბადებს, მეორე შემთხვევაში კი ტექსტის საშუალებით თვითონ ცდილობს საკუთარ თავზე გავლენის მოხდენას.
აქედან გამომდინარე, გოგა ქობალიას რომანში ტექსტი თვითონ ხდება პერსონაჟის არსებობის ფორმა. მთავარი გმირი იმყოფება რეალობაში, რომელსაც სხვები წერენ, სხვები წყვეტენ და სხვები განსაზღვრავენ, მისი ხმა კი ჯერ კიდევ ვერ აღწევს იმ მდგომარეობამდე, რომ არსებულ რეალობას შეეწინააღმდეგოს. წიგნში, სადაც ადამიანები ისტორიის, ომის, დევნილობის, ოჯახის, სოციალური მდგომარეობისა და პოლიტიკური რეალობის მიერ არიან განსაზღვრულები, მთავარი გმირის პირადი ამბავიც სხვის მიერაა დაწერილი. მამაა ის, ვინც მომავალს განუსაზღვრავს, სახელმწიფო სასამართლოს უწყებებს აწვდის, ქალაქი თავის წესებს ახვევს, ამ ყველაფრის ფონზე საკუთარი ცხოვრების ავტორად ქცევის მძაფრი სურვილი კი სრულიად ლეგიტიმურია.
თუ რომანის ერთ-ერთ მთავარ თემად ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების დაბრუნების სურვილი მივიჩნიეთ, მაშინ ამ სურვილის პრაქტიკულ, სხეულებრივ და მატერიალურ განზომილებას ყველაზე მკაფიოდ მთავარი გმირის ფეხსაცმელი გამოხატავს, რომელიც არაერთხელ არის დაწებებული, დახეული, ძირგაცვეთილი. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ყოფითი დეტალია, თუმცა ამ რომანში ასეთი დეტალებით იხსნება იმდროინდელი თბილისის სოციალური რეალობა და შინაარსი.
უვარგისი ფეხსაცმელი, რომლის არც გამოცვლა შეგიძლია და არც გადაგდება, იმ სამყაროს სახეა, რომელშიც პერსონაჟები ცხოვრობენ, ყველაფერი გაცვეთილია, ყველაფერი რამდენჯერმე შეკეთებული, ყველაფერი რაღაცნაირად ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, მაგრამ აღარაფერს აქვს ნორმალური არსებობისთვის საჭირო სიმრთელე.
მსგავს მატერიალურ უქონლობას კიდევ უფრო რადიკალური სახით იმეორებს ბენოს ამბავი. ბენო ლტოლვილია და მთელი სიუჟეტის განმავლობაში ეძებს იმას, რასაც ყველაზე მარტივი განსაზღვრებით შეიძლება ეწოდოს ოთახი და არც ერთ შემთხვევაში სახლი, რადგან სახლის ძიება სხვაა, ეს მიკუთვნებულობის ძიებაა, ხოლო ოთახი უბრალოდ ღამის გასათევი, სადაც არ გაწვიმს, სადაც არ გათოვს, სადაც მხოლოდ შენ ხარ და ოთხი კედელი.
გაბედავას პერსონაჟსა და ისტორიას კი ამავე რეალობის კიდევ უფრო სასტიკ განზომილებაში გადავყავართ. მას სურს, თავისი მცირეწლოვანი და ბავშვთა სახლიდან დაიხსნას, ამისთვის კი ფული სჭირდება და ეს საჭიროება ხდება მთელი მისი ქმედებების განმსაზღვრელი. ამის შემდეგ მისი ცხოვრება თითქოს ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცდელობების ჯაჭვად იშლება, ხან სკოლის დირექტორს დასდევს ატესტატის გამო და თან მასზე შურისძიება უნდა, ხან თავის გასესხებულ ნათლობის ჯვარს ითხოვს, რომელსაც აღარ უბრუნებენ. გაბედავა მუდმივად ცდილობს დაიბრუნოს ის, რაც ეკუთვნის, მაგრამ ყოველ ჯერზე წინ ეღობება რაღაც ძალა, ვიღაცის ინტერესები, გულგრილობა და სისტემის დაუნდობელი ინერცია. ეს ისეთი საქართველოა, სადაც რაც შენი იყო, იმის დაბრუნებისთვისაც ფასის გადახდა გიწევს.
გაბედავას საავადმყოფოში მოხვედრის ეპიზოდი რომანის სოციალური და ეთიკური ლოგიკის გაგრძელებაა. ადამიანი, რომელიც ყველაზე დაუცველ მდგომარეობაშია და რომელსაც სახელმწიფო უნდა იცავდეს, იმ სოციალური წესრიგის მძევალი აღმოჩნდება, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაც ფულით მოსაპოვებელ რესურსადაა ქცეული. ექიმის ჯიბეში ჩაკუჭული დოლარები ამ თვალსაზრისით ქრთამისა და კორუფციის კონკრეტულ გამოვლინებასთან ერთად იმ მორალური და ინსტიტუციური რღვევის ნიშანია, რომლის პირობებშიც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არც ექიმი დგას, არც ღმერთი. ამავე სისტემურ გაუცხოებას აგრძელებს ოჯახიც. დახმარების სურვილი არსებობს, ფულიც შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანამდე უშუალოდ, დროულად და ადამიანური თანადგომის ფორმით ვერ აღწევს. რომანში არც ოჯახი და არც სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ წარმოადგენენ უსაფრთხოებისა და ზრუნვის გარანტირებულ სივრცეს. ინდივიდი ყველგან ისეთივე დაუცველ მდგომარეობაში რჩება, როგორც მანამდე ქუჩაში, მიტოვებულ შენობაში თუ ამავე შენობის სახურავზე. შესაბამისად, გაბედავას ტრაგედიას რომანის სიუჟეტურ კულმინაციას ვერ ვუწოდებთ, ავტორის მხრიდან ეს ამბავი იმ სოციალური რეალობის უკიდურეს ფორმამდე მიყვანაა, რომელშიც ადამიანის სიცოცხლე თანდათან კარგავს თავისთავად ღირებულებას და დამოკიდებული ხდება ფულზე, შემთხვევითობაზე, სხვის კეთილ ნებასა და იმ ადამიანურ რესურსებზე, რომლებიც უბრალოდ აღარ არსებობს.
ამ რომანს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც თავისი სეზონი აქვს – მწველი, ცხელი და აუტანელი ზაფხული და პაპანაქება მზე, რომელიც ერთნაირად ანათებს მკვდრებისთვის, ცოცხლებისთვის თუ ცოცხალ-მკვდრებისთვის და რომელიც მთელ ტექსტს ერთ უკიდურეს წერტილში კრავს – ადამიანი კვდება არა ბნელ, მიყრუებულ და მიტოვებულ ადგილას, არამედ სიცხითა და სინათლით გადავსებულ ქალაქში. სიცოცხლე ყველგან ჩანს, მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნების პირობები არსად.
ბოლოს კი ისევ ფეხსაცმელს დავუბრუნდეთ, რითაც დაიწყო და დამთავრდა კიდეც რომანი.
ახალ გზას ვერ დაადგები ძველი ფეხსაცმლით.
ძველ ფეხსაცმელს მოიშორებ, ახალს იყიდი, მაგრამ იმას, იმ გაცვეთილ ტუფლს, შენს წარსულს მაინც ვერ ჩააყოლებ.
იქნებ ამიტომ არის ამ რომანის ბოლო ასეთი მწარე. იქ, სადაც ახალი გზის დასაწყისი უნდა იყოს, ისევ წარსულის ხმა ისმის და გუგუნებს. სიყვარულიც კი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესი მომავლის პატარა დაპირებად ქცეულიყო, კვლავ დანაკარგის ამბად გვიბრუნდება.
მაგრამ წასვლა ხომ სულ და მაინც შეგიძლია, ახალ გზას მაინც იპოვი და ეს „მაინც“ არის მთავარი ამ რომანშიც და ცხოვრებაშიც, პაპანაქება მზეშიც და სუსხსა და ყინვაშიც.

