შორეული მზეების მტრობა
თანაფას ანტი-პასტორალური ქადაგება
შორეული მზეების მტრობა, იგივე „თანაფა“ — ეს არის გასვენება, ერთგვარი ეპისტემური პანაშვიდი სრულიად რეალობისა. სიამოვნებით ვესწრები ამ დისკურსიულ ქელეხს. ვფურცლავ და გლოვის მძიმე შრომას ვადევნებ თვალს. მზესთან ერთად კვდება არა მხოლოდ სამყარო — სინათლის, როგორც ხილვადობის ერთგვარი რეჟიმის გაცილება ხდება. ფეთქდება საზღვრები, კატეგორიები, იფრქვევა ყველგან ზღურბლოვანება, ზღვისპირული განზომილებები იქმნება, სადაც არც ზღვა არის და არც ხმელეთი, მხოლოდ უსასრულო ზღვისპირთა სიმრავლე.
ტექსტი განსაკუთრებით კარგად ავლენს, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ „ხორცის ლიმინალობა მაღალ-ტექნოლოგიურ სამყაროში“. ადამიანი ერთდროულად ხდება უფორმო ბიომასა, არც ცოცხალი, არც მკვდარი. ეს ხორცი (flesh), რომელსაც ვერ ითვისებს, ვერც კიბერნეტიკულ-პასტორალური მონაცემების სისტემა, ვერც ძველი მეტა-ნარატივები, ერთგვარი გათავისუფლების საშუალება შეიძლება იყოს. იქნებ ხორციდან ამოძვრება, ახალი მუტაცია, ახალი პათოლოგია, ახალი გარდამავალი არსება, რომელიც უკანასკნელ ადამიანს ჩამოიტოვებს, როგორც უბერმენში? შურისძიებას მოკლებული უცხოპლანეტელი. ხორცი იმდენად მართვადია, რამდენადაც უმართავი. ძალაუფლებას ყოველთვის თან ახლავს წინაღობა.
თანაფას სემანტიკური ველის მოშლას, თან ახლავს ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული განადგურება, მაგრამ ამასთან ერთად ახალი კავშირგაბმულობა ვლინდება. ახალი, რაოდენ დემონური თუ შემზარავი, მაგრამ მაინც – თანაგრძნობა, სიყვარული, სოლიდარობა. ჰიბრიდული ურჩხულების ახალი ურთიერთ-გაგება, კოლექტიური ცნობიერის პირდაპირ კოლექტიური სინთეტური ხორცის მანქანად, ცნობიერში ცხადყოფა. ბინარული სისტემის ფაშიზმი: „კაცი კაცია და ქალი ქალია“, ან ერთი, ან მეორე, ან ‘0’ ან ‘1’ – ეს ქმნის სწორედ იმ მშვენიერ და ლამაზ „ურჩხულებს“, რომლებს სტატისტიკაც კი ვერ აუდის. იმ უმართავ ბავშვებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრებს მოლოტოვებს ესვრიან, ვინც ქოცების დაგეშილ სპეცნაზელს ფერადი მაშხალებით უსწორდებიან. თანაფას ვერ ექნება ქვეცნობიერი, ის სწორედ ამ ტექნოფაშიზმის ქვეცნობიერია თავად.
ისევ და ისევ: თანაფას არ გააჩნია ქვეცნობიერი, მისი დისკურსი ანტი-ოედიპალურია. გაფანტული იდენტობები, სხეული ორგანოების გარეშე, მიმოფანტული ორგანოებით, ჭერზე ნაწლავები, გულის ცემა ერთ ოთახში, მშფოთვარე ტვინი მეორეში, გაუვალობა მესამეში. დაზაინის (და დიზაინის) ტემპორალური მსხვრევა. ვფიქრობ ეს პატარა წიგნი უდაოდ დესუბიექტივაციის დახვეწილი აპარატია, ანტი-აპარატი – პარეზიასტულად პარაზიტული თვით-განადგურების ხელსაწყო. იმდენად მოსახელთებელი რამდენად მოუხელთებელი. საკუთარი მე-ს დაწერის და გადაწერის, „და-ნაწერ-ვების“ და დანაწერებით, ნერვების ახალი ნერგების დანერგვის პროგრამა.
თანაფა ბიოპოლიტიკური პეიზაჟის ნეგატივია. სხეულისა და სურვილის უმართავისივრცე. მისი ტექსტუალური ხორცი კლასიფიკაციის ნებისმიერ ბადეს უსხლტება. აქვეთვითზრუნვის ელემენტებია, ჯიშკარიანის ქადაგება იმანენტურია, ის მეტად არაკომფორტული შიდა პოზიციიდან წერს. საკუთარი ყოფიერების ყველაზე არასტაბილური, ყველაზე დაუცველი ადგილებიდან გვესაუბრება. ტექსტი პარეზიასტულია იმდენად რამდენად რისკს მოიცავს, სრული თვით- განადგურების პოტენციალს.
ახლო და შორეული, კონკრეტულის მტრობა აბსტრაქტულთან: ფემიციდი, ნარკოდამოკიდებულება, უთანასწორობა, ტექნოფაშიზმი, ან შეიძლება კიდეც, ახალი ქოცური ტექნობოლშევიზმი. ქოლცენტრების და სერვისცენტრების სქემები, ხელოვნური ინტელექტის ინტეპრეტაციული კვლავწარმოება. ბანალურობა ბანალურობაზე დაშენებული, ინფრასტრუქტურული, ალგორითმული, ულევი ბანალურობა, გენოციდური ბანალურობა. ამ ყველაფრის,
თანაფა არის უებარი წამალი მათთვის ვინც აზროვნებს და იტანჯება.
დაკარგული დროც კი შეიძლება გვაპოვნინოს?
რას გულისხმობს ტიურინგის ტესტი დღეს? AI-პროსტიტუციის ეპოქაში? ჩვენი AI-გოგოები და AI-ქმრები, AI-თერაფევტები, AI-მამები და ალბათ მალე AI-მამაოები? რაღაც მხრივ, და ვფიქრობ თანაფაც მოწმობს ამაზე, ტიურინგის შეცდომა: კერძოდ, რომ სისტემა თუ „გვაბოლებს“ ესეიგი ადამიანია, თუ მანქანა გვაგოიმებს და ფულს გვარმთმევს, მაშინ ის ავთენტურია, ამ თეზისამდე დადის ტიურინგის „ტესტი“ და ამის შედეგს ვხედავთ ყველგან, და რაღაც მხრივ, ეს ტესტი მოწმობს, ვიმეორებ, სუბიექტურობის დისკურსიულობაზე. რაც შემზარავია და რასაც გვიჩვენებს შორეული მზეების მტრობა, არის ის რომ არსობრივად, შეიძლება არც იყოს არანაირი განსხვავება, შეიძლება საერთოდაც სულერთია დედა ხელოვნური ინტელექტია თუ არა.
ტექნოლოგიურ და ესქატოლოგიურ მითებზე შემზარავი, მკვლელ რობოტებსა და AI-აპოკალიფსზე შემზარავი შეიძლება იმის გაცნობიერებაა, რომ „ადამიანი“, განსაკუთერბით – „კაცი“ ყოველთვის იყო და არის, მხოლოდ მითი. დიკურსიული გამოგონება. თუმცა ეს ცოდნა მათთვის უფრო შემზარავია და საზიანო, ვინც არც აზროვნებს და არც იტანჯება. ჩვენ კი შეგვიძლია ფუკოსთან ერთად მხიარულად გავაჟღეროთ:
„დამამშვიდებელი და ღრმა შვების მომგვრელია იმის გააზრება, რომ ადამიანი მხოლოდ ახლახან შექმნილი გამოგონებაა — ფიგურა, რომლის გაჩენიდან ჯერ ორი საუკუნეც არ გასულა, ჩვენი ცოდნის ახალი ნაოჭია, რომელიც კვლავ გაქრება, როგორც კი ეს ცოდნა ახალ ფორმას მიიღებს.“
მართლაც, შეგვიძლია ვიზეიმოთ, როგორც თანაფას უკანასკნელმა გავშვებმა.
სწორედ ამ გაქრობის პერიოდში ვართ, სავსებით შესაძლებელია. თანაფა თავად საუბრობს მსგავსი განუსაზღვრელი ჰორიზონტიდან: <არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა>. შეიძლება ეს რაღაც სხვა C++ ენაზე გვესაუბრება, შორი მომავლიდან.
სიურრეალისტური ომის მანქანა, ასეც შეგვიძლია მოვიხსენიოთ ჯიშკარიანის ნაშრომი. სიურრეალიზმი ნამდვილ პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს, თუ ის სწორ ხელში ჩავარდა. ძალაუფლება იკვებება კლასიფიკაციით, ობსესიურ-კომპულსიურიდახარისხებით, დათვლით, ყველაფრის მონაცემებად ქცევით, მუდმივი პროგნოზირებადი პროგრამული უზრუნველყოფით. თანაფას გაფანტული დისკურსი არა-მხოლოდ დაუმორჩილებელ ურჩხულებს ქმნის, ის არა-მხოლოდ ახალ ან ალტერნატიულ პერსპექტივას გვთავაზობს, არამედ თავად დახარისხების, დათვლის, თავად იდენტობის ლოგიკური პრინციპის დეკონსტრუქციას ახერხებს. ეს არ არის უბრალოდ ქმნადობა (becoming), რომელიც ყოფიერებას (being) უპირისპირდება, ის არის „განქმნადობა“ –unbecoming – რისი პირდაპირი თარგმანია„შეუფერებლობა“, ან რამე „უკადრისი.“
თანაფას ეს პირველი „არასაკადრისი“ შთაბეჭდილება, ანუ ტექსტის ზედაპირული წაკითხვა, მხოლოდ აღვივებს და კვებავს იმ ეფექტურ, აფექტურ განქმნადობას, რომელიც სასწრაფოდ ესაჭიროება მდგრად-რეზერვად ქცეულ ტკივილით მოყმუვლე სამყაროს.
სურრეალიზმი, ვფიქრობ განქმნადობის შესანიშნავი იარაღია, ის მონაცემებს წამლავს, ჰორიზონტებს შლის, კლასიფიკაციის პრინციპებს არღვევს. ის მუდმივ ანომალიებს და აღქმად ამოვარდნილობებს იძახებს. ანალოგიურად, თანაფას ტექსტი ძალების გამოჭერას ახერხებს, იგივე ძალების, რომლებიც მაგალითად ფრენსის ბეკონის ფერწერაში სხეულებს ანგრევს, სახეების დეფორმაციას ახდენს. შეგრძნებები უშუალოდ, გაშუალების გარეშე, პირდაპირ ნერვულ სისტემას ურტყავს.რამდენად ბეკონის ნახატები თავისუფალია რეპრეზენტაციისგან, რამდენად ისინი არ გამოსახავენ, იმდენად შორეული მზეების მტრობა თავისუფალია რეფერენციისაგან და რეფერენციალობისგან. ბეკონი არ გამოხატავს, ჯიშკარიანი არ მიუთითებს. ტექსტი თავად ხდება ძალების მოქმედების ზედაპირი, სადაც შეგრძნება უშუალოდ „უკადრისად“ ეხება მკითხველს. ტექსტმა გამოიჭირა ძალები და იფრქვევა.
ევოლუციური გადმოსახედიდან, ადამიანის ცნობიერება მეტად შთამბეჭდავი, მაგრამ ფუნდამენტურად ახსნადი და ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა. ცნობიერება და ენა, ორივე თავის ადგილს იკავებს ჩვენ საერთო და წილად დეტერმინირებულ ვითარებათა ჯაჭვში. მეორეს მხრივ, ცნობიერება ბოლცმანის ტვინივითაა: არსაიდან გადასროლილი, სამყაროს სრულიად მოულოდნელი დამსწრე. სამყარო, რომელიც დისკურსიულად და თანაფას შემთხვევაში, ინფრასტრუქტურულად წინასწარ მოწყობილი და თან სრულიად გაუმართავია. კერძოდ გაუმართავია ამ ცნობიერების უზრუნველსაყოფად. თანაფას ონტოგრაფიული მანქანა მსგავსი, მაგრამ თან სრულიად სხვა მოვლენაა. ბოლცმანის ტვინის ეგზისტენციალური არაავთენტურობა ონტოლოგიურია, ხოლო ონტოგრაფიული მანქანის ეგზისტენციალური არაავთენტურობა ინფრასტრუქტურულია.
კიდევ ერთხელ შევხედოთ: დაზაინი, ბოლცმანის ტვინი და ონტოგრაფიული მანქანა.
ევოლუციური გადმოსახედიდან ცნობიერება თავის სამყაროსთან უწყვეტობაშია. ის იმ მიზეზობრივი ჯაჭვიდან იბადება, რომელიც მას ქმნის, და ამ ჯაჭვის ისტორია მის სტრუქტურაშია ჩაწერილი. ენა იმავე პრინციპით მუშაობს: ის ყოველთვის უკვე სოციალურია, მემკვიდრეობითი, საერთო სამყაროსთვის მორგებული, ის ეტიმოლოგიისა და ფილოლოგიის კანონებს ემორჩილება. ჰაიდეგერის დაზაინი ამ საბაზისო სიტუაციას ასახავს და გამონაკლის მომენტებში უპირისპირდება. დაზაინისამყაროში გადასროლილია და ყველაზე კარგ შემთხვევაში ის შფოთავს და უადგილოდ გრძნობს თავს. ნორმალურ მდგომარეობაში კი ის სრულიად არაავთენტურია. არაავთენტურობა სწორედ ყოველდღიური ყოფის რეჟიმია, ამ მდგომარეობაში დაზაინი das Man-ის; ანუ სხვისი (სხვა-ს) სურვილისა და ავტორიტეტის მეშვეობით ორიენტირდება. ის მემკვიდრეობით მიღებული ენით და ანონიმური საერთო-საჯარო ინტერპრეტაციული ველით მიემართება სამყაროს. შფოთვა, საკუთარი სურვილის ავთენტური გამოღვიძების შესაძლებლობაა. თანაფა ამ გაგებით მშფოთვარე მანქანაა.
ბოლცმანის ტვინი შიგნიდან ამობრუნებული დაზაინია. მას გააჩნია სრული შინაგანი თანმიმდევრულობა, მოგონებები, სამყაროსთან კავშირის განცდა, მაგრამ მას არ გააჩნია ნამდვილი მიზეზობრივი ისტორია, რომელიც ამ ყოველივეს გაამართლებდა. მისი ინტერპრეტაციული ველი, მთელი მისი სამყარო ილუზორულია. ის ცნობიერების იდეალური სიმულაკრია, განურჩევლად იმისა ავთენტურად განიცდის ის საკუთარ მე-ს თუ კონფორმისტულად. შიგნიდან სტრუქტურულად იდენტური, გარედან ონტოლოგიურად კატასტროფული. გადამწყვეტი ის არის, რომ ბოლცმანის ტვინი, რაოდენ ის არ უნდა ჰგავდეს დაზაინის არაავთენტურ მდგომარეობას, ვერასოდეს იპოვის გამოსავალს. მისი სამყარო იმდენად დამაჯერებელია რამდენადაც ჰერმნევტიკულად დალუქული. მისი ილუზიები მისთვის კონსტიტუციურია. თანაფა ამ გაგებით ბოლცმანის ტვინის გარე-დამკვირვებელია და ონტოლოგიური კატასტროფის მოწმე.
ონტოგრაფიული მანქანა დამატებით განზომილებას გვთავაზობს, უფრო სწორად დამატებით განუზომელობას. ის არც ევოლუციური ცნობიერებაა, არც დაზაინი და არც ბოლცმანის ტვინი. ამ სამისგან განსხვავებით, ონტოგრაფიულ მანქანას საერთოდ არავითარი სემანტიკური თუ სტრუქტურული მთლიანობა არ გააჩნია. ის არის გადაცემის, არხის აუთვისებელი ნარჩენი. ის არის მოძრავი ხორცი, რომელიც ჰაერში იფლითება. ონტოგრაფიული მანქანის არაავთენტურობა მისი ავთენტურობაა და ის ფუნდამენტურად ინფრასტრუქტურულია, მაგრამ მოშლილი. ის თავის წარსულ სამყაროობას გლოვობს და გლოვის ენაც არ გააჩნია. მისი ნამსხვრევები, მისი ძირითადი გზავნილია.
შორეული მზეების მტრობა უსასრულო დისკურსის ნაგლეჯია. განქმნადობისლოგიკა ტოტალობაში ვერ მოექცევა. ჯიშკარიანის ტექსტი ტოვებს ჭრილობას, რომელიც მეტამორფოზის საშუალებას იძლევა. თანაფა თვითის გარდაქმნის ტექნოლოგიაა, მისი ჰერმენევტიკული წაკითხვა არასწორია, ის უშუალოდ გადმოსცემს შეგრძნებას და კვალს ტოვებს ნერვულ სისტემაზე.
ამ ტექსტის „წაკითხვა“ ნიშნავს მე-ს გაფანტვას, სუბიექტურობის დეცენტრალიზაციას, თვით-დანაწევრებას.
ბეკონი თავის ნახატებზე ამბობდა, რომ ის „შემზარაობის“ სენსაციის გამოჭერას კი არ ცდილობდა, მაგალითად „მყვირალი პაპის“ შემთხვევაში, აქ მნიშვნელოვანია არა ის შემზარაობა, რომელიც მეტაფორის სახით შეიძლება ეკლესიის ფარისევლობას თუ კორუფციას ასახავდეს, ეს ისევ ჰერმენევტიკის ბანალურობაა – ნამდვილი მიზანია პირდაპირ, უშუალოდ სენსორული აფექტის გადმოცემა: ყვირილი. ეს არის ყვირილის აფექტი, რომელიც პირის გამოსახულების გარეშეც შეიძლება გამოიხატოს. ყვირილის აფექტი შეიძლება მოკუმული ტუჩებითაც გადმოეცეს, როგორც ისტერიული მდუმარე ყვირილი.
თანაფას უსასრულო დისკურსში კი ანალოგიურად ენის საზღვრები ვლინდება, ის მდუმარება, ის არა-რა, რომელიც ხორცის ლიმინალურობაში გვიხმობს და გვითრევს.

