„როგორ უბრალოდ იღვრება წყალი“
ლეილა ბეროშვილის მოთხრობების კითხვისას სულ თან მდევდა გაკვირვების განცდა, როგორ შეძლო მწერალმა ადამიანის ყველა დარდის, ყველა ტკივილისა თუ ეგზისტენციალური პრობლემის გულისგულში გატარება, შემდეგ კი ასეთ შთამბეჭდავ მოთხრობებად გადაქცევა. ამ მოთხრობების გაცნობის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ლიტერატურას ჰყავდა არაჩვეულებრივი მწერალი ქალი, რომლის მოთხრობების წაკითხვა საოცარი ახალი სამყაროს აღმოჩენას ჰგავს – განუმეორებელი თხრობის სტილი, ენის განსაკუთრებული ფლობა, ისეთი წინადადებების აგება, ვერასდროს რომ ვერ დაივიწყებ. მოთხრობების სათაურებიც კი რაღაც უჩვეულოს გაცნობის მოლოდინს გიქმნის, აქამდე განუცდელი შთაბეჭდილებების განცდისკენ გიბიძგებს და უკვე განგაწყობს ფიქრისა და ემოციისთვის, რომელიც უკიდურესი სევდისა და ტკივილის და ამ სევდაში აღმოცენებული დახვეწილი იუმორის ერთიანობაა.
ლეილა ბეროშვილი სხვა კუთხითაც საყურადღებო ავტორია – დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ ლიტერატურაში იშვიათად დაუწერია ვინმეს ქალზე ისე, როგორც ლეილა ბეროშვილმა დაწერა – ქალზე, არა როგორც დედაზე, დაზე, ცოლზე ან საყვარელზე, არამედ ქალზე, როგორც ინდივიდზე, სტატუსის გარეშე. სამყაროსგან გაუცხოებულ ქალებზე, საკუთარი თავისა და ამ სამყაროში საკუთარი ადგილის მაძიებელ ქალებზე, რომელთა ცხოვრება დაუსრულებელი ძიებისა და ფიქრის პროცესად ქცეულა. თუმცა, მწერლის ერთ-ერთმა ყველაზე მარტოსულმა პერსონაჟმა, მარიამმა, იცის, რომ არ ვარგა ამდენი ფიქრი, რომელმაც მჭამელასავით იცის შემოჩენა და ისე გაგათავებს, ვერაფერს გაიგებ… ლეილა ბეროშვილის პერსონაჟების ცხოვრებაც ასეთი ფიქრითაა დაფერფლილი.
ლეილა ბეროშვილის მოთხრობები განსაკუთრებულ ყურადღებას კიდევ ერთი მიზეზის გამო იმსახურებს – ავტორი არღვევს ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრებულ იდეას და თუ ქართულ ლიტერატურაში სოფელი უფრო მეტად სიმშვიდესთან ასოცირდება, მის მოთხრობებში აბსოლუტურად საპირისპირო რეალობას ვაწყდებით – მწერალი გვეუბნება, რომ ქალაქის დაუსრულებელ ხმაურსა თუ სოფლის სიმშვიდეში ერთნაირად იკარგებიან ადამიანები, რომლებიც ვერც ქალაქის შენობებს შეეთვისნენ და ვერც სოფლის პეიზაჟებს, ვერ შეძლეს და ვერ აუღეს ალღო ცხოვრებას, ვერ შეძლეს გაუცხოების დაძლევა და ბევრი შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩათ. ისინი იმდენად შორს არიან ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოწვევებისგან, იმდენად განსხვავებულია მათი ხედვისა და აღქმის არეალი, თითქოს, სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ ამბის ტრაგიკულობა სწორედ ისაა, ბოლომდე ვერასდროს რჩებიან ამ სამყაროში – ცხოვრება ხომ სხვა რამეს მოითხოვს მუდამ; ცხოვრებაზე მეტად კი მათ ირგვლივ მოფუსფუსე ადამიანები, რომლებსაც არასდროს ესმით და ამ ვერგაგების სევდას მოაქვს ლეილა ბეროშვილის გმირებისათვის მარტოობისა და გაუცხოების მძაფრი განცდა. ამიტომ, მწერლის გმირები უმეტესად წარსულის სიხარულებით ცხოვრობენ და ასე უძლებენ აწმყოში ჩამომდგარ გაუსაძლის დღეებს.
„ცაზე მთვარე მიცურავდა“ ისეთი წიგნია, სვენებ-სვენებით რომ უნდა იკითხო; იკითხო ისე, რამდენჯერმე დაუბრუნდე ერთსა და იმავე მონაკვეთს, იმიტომ რომ, მასში ისეთი ისეთი ენით დაწერილი მოთხრობები დაგხვდებათ, ისეთი წერის სტილი აქვს ავტორს, ყოველ წინადადებაში სრულიად მოულოდნელ ამბავს გახვედრებს, მას უყვარს მოულოდნელობები, უყვარს ისეთი წინადადებების აგება, წაიკითხავ და იცი, ცოტა ხნით კითხვას ვეღარ განაგრძნობ, იქ რჩები, იმ ფრაზასთან და კიდევ რამდენჯერმე კითხულობ და თითოეული ასეთი ფრაზის შემოხვედრისას ბედნიერი ხარ, რომ ასეთი მწერლის შექმნილ სამყაროში მოხვდი. აი, მაგალითად:
„როგორ უბრალოდ იღვრება წყალი ნავიდან. იშვიათად საქონელი თუ დააცხრება, გადმოდის წმინდა, ანკარა წყალი და ალბობს გარშემო ყველაფერს, ბაყაყების ბუდეებით და დუმფარას ბრტყელ ფოთლებით არის დაფარული თავის ნებაზე წასული წყლის გარშემო.
როგორ უბრალოდ იღვრება წყალი. რატომღაც მინდება იმ ნავში ჩავყო ცხვირ-პირი და იქიდან დავლიო, საიდანაც სულ უბრალოდ იღვრება წყალი…“
ანდა, როგორ შეიძლება დაივიწყო, როგორ ესაუბრება მარიამი (მოთხრობიდან „მარიამი“) მეზობელ ევას. განა რატომ უნდა იყოს უცნაური მეზობელთან საუბარი, მაგრამ, ევას ხომ არაფერი ესმის და სწორედ ამიტომ, ერთადერთია, ვისაც მარიამი თავის ცხოვრებას ანდობს. ისეთ ამბებს უზიარებს, რომლის გამხელაც, როგორც თავად აღნიშნავს, ისეთივე შეუძლებელია, როგორც ცხოვრება… ევა კი ყრუა და სწორედ მაშინ, როდესაც მარიამი რწმუნდება, რომ ევას მისი ხმამაღალი ლაპარაკიც კი არ ესმის, გულიდან იღებს მთელი ცხოვრების დაგროვილ სათქმელს და ბედნიერია, რომ ცხოვრებაში, როგორც იქნა, გამზიარებელი გაუჩნდა…
ლეილა ბეროშვილის პერსონაჟები ის ადამიანები არიან, რომლებიც არა მხოლოდ პირად, არამედ, მთელი სამყაროს სევდას აღიქვამენ და თან დაატარებენ. მათ იციან, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იმარხება და გამოსატირებელი ხდება ყოველდღე, ამის აღქმა და დანახვა კი მძიმე ტვირთია მათთვის, რადგან მათ გარდა ამის დამნახავი არ ჩანს. ეს განცდა კი კიდევ უფრო აღრმავებს გაუცხოებისა და სიშორის გრძნობას მათსა და დანარჩენ სამყაროს შორის.

