ლექსები
„სამეტყველო ენობრივი პლასტები ზოგჯერ საკმარისი არ არის გადმოსცე საკუთარი გრძნობები, სამყაროს შენეული აღქმა. ამისთვის რაღაც განსხვავებული ფორმაა საჭირო, რომელიც დაგეხმარება აღწერო შენი ხედვა, შენი სევდა თუ სიხარული. ეს ფორმაა ზუსტად ჩემთვის პოეზია.
ის მეხმარება აზრებისა და გრძნობების უნიკალური სახით გაზიარებაში. პოეზია არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან მეტაფორები. ჩემთვის უფრო თერაპიული საუბარია ავტორსა და მკითხველს შორის. რაღაცით შეიძლება მკითხველისთვის პირადი დღიურის გახსნასაც ჰგავდეს. თან შენც თავისუფლდები, თან სხვასაც აძლევ საშუალებას დაინახონ საკუთარი თავი იმაში, რასაც წერ, ტელეპათიურ კავშირებს აჩენ შენსა და მას შორის.
კონვენციურ პოეზიას ვერ ვეჭიდები, რითმა და მარცვლების თვლა მბოჭავს. თავისუფალი ლექსი მიყვარს, მოძრაობის სრული თავისუფლება, სადაც გრძნობები ავთენტიკურობას არ კარგავენ და საშუალებას მაძლევენ ვიყო ნამდვილი, გაუპრანჭავი. ეს ჰგავს ლაპარაკს ზედმეტი ფიქრისა და ბიუროკრატიის გარეშე, ემოციების თავისუფლად გადინების შესაძლებლობას.“
შეხვედრა
თუ კვლავ შევხვდებით
ჩემი დუღილისა
და შენი მდუმარების მიღმა
ჩემი ხმაურისა და შენი უხმოობის სიმფონიაში,
ყინულის არშიებით დაჭირხლული ვარდების ბაღში,
ჩემი ზაფხულებისა და შენი ზამთრების გასრულებისას.
შენს რიცხვებსა და ჩემს სიტყვებს იქით,
სადაც რობოტებს
გრძნობები
და
სევდა ერევათ,
თუ სადმე მართლა გადავეყარეთ,
თუნდაც ზეცაში გაბნეული
მილიარდი მზისა და მთვარის,
წვრილად მობრჭყვიალე
უთვალავი ვარსკვლავის იქით,
სადმე მიღმეთში,
სადაც ამბები იბადებიან
აქა
და ახლა,
შეუძლებლობით დაღდასმულები,
ჩვენ სადაც ვხვდებით,
ორივენი.
შერწყმულია დღეცა და ღამეც,
და ვართ ჩვენ,
ორნი,
არსის გამრიგე,
ორი საწყისი,
ორი ცნება.
რა იქნება პირველი სიტყვა,
რომელსაც გავცვლით?
ან საერთოდაც
იქნება კი სიტყვა საჭირო?
სიყვარული მარტოობაში
ყოველთვის შეგიძლია შეინახო რაღაცის ნახევარი:
ვაშლის, ატმის, პიცის თუ ნამცხვრის
და არ გეშინოდეს მაცივრის გაღების.
გამოაღებ და იქ დაგხვდებიან.
შენ გარდა სხვა ვერ აიღებს.
ეს იმიტომ, რომ მარტო ცხოვრობ.
ასეა სიყვარულიც მარტოობაში.
შენ წილ სიყვარულს ვერავინ წაიღებს,
თუ ბოთლში ჩაბერავ და მაცივარში შეინახავ თავზე
დახურულს.
არყოფნა
ჩრჩილმა შეჭამა ჩემი საქორწინო ფატა
და ჩემი ხორციც,
ბედნიერების უსასრულოდ მოლოდინში
დარდით დახრული,
უფრო და უფრო ემსგავსება
საქორწინო, დაჩრჩილულ ფატას.
ნეტა ვიცოდე,
პირანიების გასაძღომად თუ ვივარგებ
ჩემი კანშემომპალი ტანით.
ჰო,
მეზმანება სიცოცხლის ბოლო დღე,
როგორ შევცურდები მდინარეში,
როგორ სხმარტალებენ პირანიები.
ათასობით პატარა
მშიერი მტაცებელი.
ჰო,
მეზმანება უკანასკნელი საათები,
მილიონობით ბასრი კბილით გამოტენილი,
დაღრენილი ციცქნა ხახებით
დაფლეთილი ჩემი სხეული.
მე მეზმანება
ჩემივე სისხლით შეღებილი მდორე მდინარე,
როგორც გზა ვარდისფერი, არყოფნისაკენ.
და როდესაც მე შემჭამენ პირანიები
საშინლად სწრაფად,
თვალწინ წამებში
გამიელვებს მთელი სიცოცხლე.
ყველა კანონის გვერდის ავლით
ჩემი წამები დაიტევენ ათწლეულებს.
პირანიების დრო იქნება ლოკოკინა,
ჩემი დრო იქნება ქურციკი.
ბოლო წამებში
კვლავ ჩავივლი მთელ ჩემს ცხოვრებას,
სრულად და სავსედ.
და მერე,
ბოლოს,
როცა შემჭამენ პირანიები
და ჩემგან მხოლოდ
ხორცგაცლილი ძვლები დარჩება,
იმედი მაქვს, რომ ჩემი მდინარე
ჩამიტანს ზღვამდე,
რომ პირი ზღვამ მიყოს,
და ძვლებზე ოქროსფერი ქვიშა წამაფაროს.
ჩავწვები ფსკერზე როგორც აკვანში,
ფსკერი დამირწევს,
როგორც ჯერ არდაბადებულ სიცოცხლეს,
ან როგორც სიცოცხლეს,
რომელმაც იცხოვრა თავისი წილი
და უკვე ჩაქრა.
ვეღარასოდეს გავიგონებ
ქოუჩინგის მამებისა და დედებისაგან,
ან სხვა,
ადამიანური ყოფის ექსპერტებისგან
ათასგზის მოსმენილ,
დაუზარებლად ნაქადაგევ სიბრძნეს,
რომ ფსკერზე ყოფნა უნდა გიხაროდეს,
რადგანაც ფსკერიდან
ერთადერთი გზა არსებობს
და ისიც მაღლა მიემართება.
ჰოდა, რადგანაც
პირქვე ჩამხობილი ჩონჩხისათვის
მაღლა იგივეა, რაც სიღრმეში,
მე ჩავაღწევ
ოქროსფერი ქვიშნარის სულ მთლად ძირამდე.
ჩემი ფიზიკური არსებობის
უკანასკნელი დასტური
ჩემი სხეულშემოცლილი ძვლები
ჩაიკარგება მილიონობით ქვიშის მარცვალში.
როგორც კოსმოსში,
რომელმაც გვშობა.
მე აღარ მჯერა სხვა სამყაროების და სხვა
მიწების
და რომ მჯეროდეს,
რომ მჯეროდეს…
მაშინ კი
ალბათ
ვერ მოვკვდებოდი ასე თამამად.
ბნელა
ბნელა,
მხოლოდ ჩემი ფერმკრთალი კანი ანათებს
და არაფრისკენ გაშვერილი თითები – გადამეტებული
სითეთრისაგან.
მცივა,
ცივი ჰაერი სხეულის ყველა კონტურს ისე გამოჰკვეთს,
ყველაზე ცხადად ჩემს არსებობას სწორედ ახლა ვგრძნობ.
ახლაღა ვხვდები, როგორ ხედავენ ბრმები საკუთარ თავებს.
ვწევარ,
სუდარაწაფარებული,
შორს შენი ოთახის კარისგან,
რომლის მიღმაც სამყარო ფერადი და მზიანია,
არარსებული ღმერთების სურნელით სავსე.
საკუთარი ოთახი
იმგვარად ავეკიდე ყოფას,
თითქოს პასუხგაუცემელი კითხვების არსებობით
გაოცებული ბავშვი ვიყო.
და ჩემი ყოფნით ისე დავამძიმე,
იმდენი წიხლი და მუჯლუგუნი მივიღე,
რაღა დამრჩენია
საკუთარ ნიჟარაში განმარტოების გარდა.
სხვა რა გზა მქონდა, აქ მოვიწყვე პირადი რეალობა.
კედლებზე
შილეს ნახატები ჩამოვკიდე.
რაღა თქმა უნდა,
მხოლოდ და მხოლოდ ბეჭდური ასლი.
ნამდვილები ზღურბლს მიღმა დარჩნენ.
გავხედავ ხოლმე სურათებში ერთმანეთში ჩაწნულ სხეულებს.
და თითქოს ტანზე, უცხო ტორსის კონტურები მომეტმასნება.
აქვე, სასთუმალთან, მიწყვია წიგნები სვეტებად.
მნიშვნელოვანი ანტურაჟი ჩემი ნიჟარის რეალობისთვის.
წიგნებს ხომ უკვე დიდი ხანია მხოლოდ ეკრანზე ვკითხულობ
და როცა სიუჟეტები წარსულს აცოცხლებენ,
როცა ის-ისაა უნდა დავიჯერო,
რომ დრო უკუღმა დატრიალდა,
რომ დღეს არის გუშინ,
ეს მოციმციმე ეკრანები აწმყოში მამაგრებენ,
როგორც გრძელ ბაგირს გამობმული ტლანქი ღუზები,
გუშინდელიდან დღევანდელობისკენ გამოჭიმული.
და ასევე
ჩემი ნიჟარის კედელზე კიდია სარკე,
იგი ჯადოსნური არაა,
თუმცა კი ყველაფერს ათხელებს, რასაც ირეკლავს.
ეს მე ვარ ამ ნიჟარის რეალობის ბატონ-პატრონი.
სადაც ვარ ისეთი თხელი და ნარნარი…
სარკე კი არის ჩემი უსიტყვო მოწმე.
აქვეა მიყრილი ძველი კოსმეტიკაც,
რომ შემახსენოს ჩემი სქესის ხვედრი,
ვინიცობაა დამავიწყდეს, ან დავივიწყო.
განათება ჩემს ნიჟარაში არის ყვითელი,
მზესავით თბილი ვერაა, მაგრამ რა უჭირს,
მე ვიმყოფინებ.
მთლიანად ნამდვილს ხომ ის მეგობარიც არა ჰგავს,
მარტოდ რომ არ მტოვებს გაბმულ, უძილო ღამეებში.
მეტი არც არაფერი მაქვს, სათქმელად ღირდეს.
ვარ მშვიდად ასე,
სტაბილურობის მცირე ნაგლეჯში,
თავშესაფარში.
და არაფერი იცვლება ირგვლივ,
მხოლოდ კედელზე დანახული სურათი,
სადაც რატომღაც,
ყოველ ჯერზე
სულ სხვადასხვა წყვილი იძინებს.
* * *
თუ დაგეკარგე,
ნუ მეძებ ისე,
რომ
შენი კვალი უკან
დამთრევდეს.
ნაფეხურებად ადევნებული,
ყოველ საღამოს
მიმრუდებ ჩრდილებს.
დიდი ხნის წინათ ჩამოწერილ
უიმედო ვალებს მახსენებ,
ამ ნაფერებ ტანს,
ჯერ კიდევ გუშინ რომ ბავშვი იყო,
ამ ნაბავშვარ ტანს,
ნუ გადამაგლეს თიხასავით მწებვარე
სევდას.
ნუ დამაბერებ
და ნუ მაქცევ ყმაწვილს მოხუცად.
მაგათ შორის, სიჭაბუკის და სიჭარმაგის
წლებიც მეკუთვნის.
გამშორდი, წადი,
გამენაპირე.
მე
ის არა ვარ,
ვისაც ეძიებ,
ვისაც ვერ პოვებ.
იმიტომ არა,
რომ შემცვალეს დრომ
და დარდებმა.
სრულებით არა.
არც კი ვყოფილვარ,
არც არასოდეს,
არასოდეს,
ვინც შენ გეგონე.
