ინტერვიუ მედეა ზაალიშვილთან

ფოტო: მარიამო ჯანელიძე
„ჩემს სევდასაც და დარდსაც
შემოქმედებითი მუშაობით ვახშობდი“
თამარ მღებრიშვილი: მედეა ზაალიშვილთან ჩაწერილი არაერთი შესანიშნავი ინტერვიუ წამიკითხავს, 2023 წელს ლიტერატურულმა ჟურნალმა „არილმა“ ერთ-ერთი ნომრის მთავარ პერსონად გაქციათ, მახსოვს ამ ნომრის ყდაც, ხელზე დაყრდნობილი მედეა ზაალიშვილი თავისი „შეპყრობილობითა და სხვა განზომილებებით“. მაგრამ ყველა ეს ტექსტი, იქნებოდა ინტერვიუს ფორმატის თუ ლიტერატურულ ესეის, მოგვითხრობდა შექსპირის, უილიამ ბატლერ იეიტსის, ფოლკნერის, პაუნდის, ელიოტის, ფროსტის, სხვათა და სხვათა მთარგმნელის შესახებ, მე კი მინდა პოეტ მედეა ზაალიშვილზე ვისაუბროთ. თქვენს ავტობიოგრაფიულ წიგნში – „ცაში გამოკიდებული სახლი“ – წერთ, რომ პოეზიისადმი განსაკუთრებული სიყვარული მამისგან მოგყვებათ, ომიდან მამა გიგზავნიდათ ლექსებს და თქვენც სულ, ბავშვობიდან მოყოლებული, წერდით პოეზიას, თუმცა თქვენი ლექსები მკითხველმა სულ რაღაც სამი წლის წინ გაიცნო, წიგნით – „სიმშვიდე დაფნის ხეებში“. რა მსგავსება-განსხვავებები არსებობს პოეტ და მთარგმნელ მედეა ზაალიშვილს შორის და რატომ დასჭირდა თქვენს პოეზიას ამდენი დრო მკითხველამდე მისასვლელად?
მედეა ზაალიშვილი: ალბათ, ჩემი ბუნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ჩვენმა ოჯახმა. დედა ლიტერატურის მოყვარული იყო და ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ბავშვებს ურჩევდა საუკეთესო წიგნებს, მათთვის შესაფერისს. მამა მათემატიკოსი გახლდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იტაცებდა ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა, ხანდახან საღამოებს გვიწყობდა ხოლმე და გვიკითხავდა როგორც თავის, ასევე სხვების შემოქმედებასაც. მე ისე შევეჩვიე ამ ყოველივეს, რომ უმუსიკოდ, უპოეზიოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა.
მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ბაირონისა და შელის თარგმნა დავიწყე. ერთ-ერთი თარგმანი ნიკო ყიასაშვილს წავაკითხე, მიმითითა, რომ რაღაც ადგილები შემეცვალა, დრო მომცა. რაღაც დროის შემდეგ უცვლელი თარგმანები მივიტანე და მითხრა, რომ აი, ახლა ძალიან კარგიაო. გავაგრძელე ჩემებურად თარგმნა. წერაც მაგ დროს დავიწყე, თუმცა არავის ვაჩვენებდი და ჩემთვის ვინახავდი. ძველი ლექსები დავკარგე, რადგან ომის დრო იყო და გაგვქურდეს. მთელი რვეულები, გაზეთები, ყველაფერი მოიპარეს, ალბათ, იმისთვის, რომ ბუხარი აენთოთ. ასე დაიკარგა ყველაფერი, რასაც ბავშვობაში ვაკეთებდი. ამან გული არ გამიტეხა, ისევ გავაგრძელე პოეზიის სიყვარული, გავეცანი სხვა პოეტებსაც – ბაირონისა და შელის მერეც ბევრი პოეტი შევიცანი და ბევრიც ვთარგმნე.
ისე მოხდა, პირველ კურსზე რომ ვიყავი, ლიტერატურის სემინარზე გივი გაჩეჩილაძე მთხოვდა, წამეკითხა თარგმანები. მწერალთა კავშირში მოეწყო თარგმანების კითხვა და მეც იქ წამაკითხა. როდესაც ღონისძიება დამთავრდა, ხალხს ჰკითხეს აზრი, პირველ მწკრივში იჯდა ზვიად გამსახურდია. განსაკუთრებით მაინტერესებდა მისი აზრი. მან თქვა, რომ მოეწონა ჩემი თარგმანები და განსაკუთრებით პერსი ბიში შელის „ცვალებადობა“. ძალიან გამიხარდა, რადგან მეც ძალიან მიყვარს ეს ლექსი. ერთი სიტყვით, მე მას შემდეგ არ შემიწყვეტია არც წერა და არც თარგმნა. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.
როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, გორში გამაგზავნეს, იქაც ვმუშაობდი თარგმანებზე. როცა თბილისში ჩამოვედი და უნივერსიტეტში ლექციების ჩასატარებლად მიმიწვიეს, სტუდენტებს ჩემს თარგმანებსაც და ლექსებსაც ვუკითხავდი. თარგმნა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო. ძალიან მიყვარდა ფოლკნერი, მისი „სული რომ ამომდიოდა“ ჩემი საყვარელი რომანია. ასევე, „ნიუორლეანური ჩანახატები“. ხანში შევედი და მაინც არ მოვისვენე – ვთარგმნე მისი ექვსი მოთხრობა „მიღმა“. ამ მოთხრობებიდან ერთ-ერთი „ქართულ მწერლობაში“ დაიბეჭდა, თუმცა უმეტესობა ჯერ არ გამოქვეყნებულა და იმედი მაქვს, დანარჩენებიც დაიბეჭდება და პატარა წიგნადაც გამოვცემ.
ჩემი პოეტობა ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული. შეიძლება, ყოველდღე არ ვიყო საკუთარი ლექსის წერით გართული, მაგრამ ხანდახან ჩემს პოეზიასაც მივხედავ ხოლმე. მაგრამ უფრო ხშირად თარგმანს მივმართავ. მე თარგმანის გარეშე არ შემიძლია, ვერ გავძლებ პოეზიისა და ლიტერატურის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული ვარ.
დიდი ხანი არ არის, რაც „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა ჩემი ლექსები სათაურით – „ხანდაზმული ქალის ლექსები“. არ ვიცი, ხალხს როგორ მოეწონა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ლექსი იყო, რომლებსაც ღამით, სანამ დამეძინებოდა, იქამდე ვიმეორებდი გონებაში და დამამახსოვრდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავ, ნია კახიძემ ჩაიწერა და დაიბეჭდა.
ჩემი სიცოცხლე ძალიან მოსაწყენი გახდება, თუ თარგმნის, ლექსების წერისა და ლიტერატურის კითხვის სურვილი დამეკარგება.
მიხარია, რომ მყავს ჩემი თვალისჩინი – ნია კახიძე, რომელიც მიკითხავს და რომლის საშუალებითაც ვთარგმნი ლიტერატურას. ჩემი ლექსები განსხვავდება იმ პოეტებისაგან, რომლებსაც ვთარგმნი. არავის ვბაძავ. ჩემი ლექსი არ მიისწრაფვის სხვა პოეტების ლექსებისკენ. ვცდილობ, ყველა პოეტს შევუნარჩუნო თავისი სტილი და გამომხატველობა. არ მინდა, რომ ჩემი ლექსები დაემსგავსოს ან ელიოტის, ან ფროსტის, ან რომელიმე პოეტის ლექსებს.
მართალია, ერთი მცირე კრებული მაქვს გამოცემული, მაგრამ შემიძლია, რომ ჩემს ლექსებს კვლავ მოვუყარო თავი და მეორე კრებულიც გამოვცე.
ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა, რომელიც ახლა უკვე მუშაობს და თავისი შესაძლებლობები აქვს, ძალიან მოინდომა, რომ ჩემი ლექსების გამოცემა დაეფინანსებინა. მერიდებოდა, მაგრამ ისე მთხოვა, რომ ხათრი ვერ გავუტეხე. შევაგროვე ჩემი ლექსები, გავუგზავნე გამომცემლობას და დამიბეჭდეს. შეიძლება, ჩემი ლექსები არც გამომეცა, რომ არ მიმეღო ჩემი ყოფილი სტუდენტის, ლელა ჭელიძის, შეთავაზება.
რაც შეეხება ჩემს თარგმანებს, მათ გამოცემაში დიდი წვლილი მიუძღვის ზვიად კვარაცხელიასა და გამომცემლობა „ინტელექტს“, მასთან დამაკავშირეს როსტომ და პაატა ჩხეიძეებმა. პირველი წიგნი, რომელიც გამოიცა, იყო „კელტური მიმწუხრი“, უილიამ ბატლერ იეიტსის ნაწარმოებების კრებული. ამის შემდეგ ყველა თარგმანი „ინტელექტმა“ გამოსცა, გარდა „ტიტუს ანდრონიკუსისა“, რომელიც ნიკო ყიასაშვილის რედაქტორობით გამოიცა, უილიამ შექსპირის ტომეულების პირველ ტომში. ძალიან მადლიერი ვარ ზვიად კვარაცხელიასი და გამომცემლობა „ინტელექტის“.
თ. მ.: როცა თქვენი პოეტური კრებული წავიკითხე, მახსოვს ჩემი პირველი შთაბეჭდილება – რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, მედეა ზაალიშვილმა მოახერხა და თავის ორიგინალურ პოეზიაში მის მიერ თარგმნილი პოეტების ხმა არ მესმის-მეთქი. მიუხედავად ამისა, მინდა გკითხოთ – როგორ ფიქრობთ, თქვენ მიერ თარგმნილ რომელ ავტორთან დგას ახლოს ეს პოეზია, მით უფრო, რომ ამ წიგნში არაერთი ლექსია, რომლებიც მათ ეძღვნებათ, მათი შემოქმედების რეფლექსიაა.
მ. ზ.: ჩემი პოეზია იმ დიდ პოეტებთან ახლოს არ დგას, მაგრამ მათი გავლენა, რა თქმა უნდა, მაქვს. როგორ შეიძლება, არ გქონდეს იმ დიადი პოეზიის გავლენა, მაგრამ ვცდილობ, არავის მივბაძო და ჩემი სიტყვა ვთქვა. მაგალითად, მაქვს ასეთი ლექსი ემილი დიკინსონზე:
„ღია სარკმელთან ზის ნაზი ქალი,
ზის სევდიანი და დაღვრემილი.
და თითქოს ესმის ქარის ჩურჩული:
– „იმედს ფრთები აქვს,
ჩემო ემილი“.
აი, ასე ვიხსენებ ხოლმე ზოგიერთ პოეტს. ეს ლექსი მივუძღვენი მას, როგორც საყვარელ პოეტ ქალს. მომეწონა რითმა: „ემილი – დაღვრემილი“.
ზოგჯერ თარგმანიც კი მოქმედებდა ჩემზე, რაც მერე კონკრეტულ პოეტზე ლექსს მაწერინებდა, მაგალითად, კოლრიჯის „მოხუცი მეზღვაურის სიმღერის“ თარგმნის შემდეგ დაწერილი ლექსი ასეთია. მაგრამ თვითონ პოეტს არ ვბაძავდი, მე ჩემსას ვწერდი. ზოგჯერ პოეტის ფსიქიკასა და მის ხელოვნებაზე ვწერ… მაგალითად, ლექსი, „უ. ბ. იეიტსს“.
თ. მ.: „ჩვენ ხომ, ყველანი, ძველი სახლის ვართ ნაწილები“ ეს სტრიქონი თქვენი ლექსიდანაა „ძველი სახლის მონატრება“. ჩემთვის თქვენი ავტობიოგრაფიული წიგნის გაგრძელებაა თქვენი ლექსებიც. მიუხედავად მძიმე ნარატივისა – ომი, შიმშილი, სიცივე, დანგრეული სახლი, ოცნებებივით დამსხვრეული ჩინური ლარნაკები, – წიგნი ძალიან სასიამოვნოდ იკითხება, თქვენი ავტობიოგრაფიაც პოეტური პროზაა. შეიძლება ძალიან პირადული კითხვა გამომივიდეს, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო. თქვენი თაობიდან ბევრი ადამიანი „ვერ გადარჩა“, ომისა და სიღარიბის დაძლევა მარტივი არ არის, ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქიკას ანგრევს, ანადგურებს, ცხოვრების პერსპექტივას აქრობს. თუ თქვენ საკუთარი სახლის ნაწილი ხართ, მაშინ ეს ნაწილი სიყვარულით უნდა იყოს სავსე. ვფიქრობ, მედეა ზაალიშვილი ყველა გაჭირვებას მის გარშემო არსებული სიყვარულით გადაურჩა, ამ სიყვარულით მოვიდა დღემდე. თქვენს პოეტურ სამყაროში რამდენად განსაზღვრავს ეს სიყვარული იმ სუბიექტის ფორმირებას, რომელსაც ჩვენ მედეა ზაალიშვილის სახელით ვიცნობთ?
მ. ზ.: მიუხედავად სიღარიბისა და გაჭირვებისა, თუ ოჯახში არიან მოყვარული ადამიანები, ისინი აღვივებენ სიყვარულს შვილებშიც, ეს მათ ხასიათზე მოქმედებს. უიმედობა თითქოს ქრება და სიყვარული ძლევს ყველაფერს. მე მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, რომ ასეთი გრძნობით გამზარდეს. მიუხედავად იმ უბედურებისა, რომელიც თავს დაგვატყდა, ჩემი ძმის დაღუპვას ვგულისხმობ მეორე მსოფლიო ომში, ოცი წლის ყმაწვილი იყო… დიდი ტრაგედია დაატრიალა, მაგრამ ოჯახის სიყვარულმა მაინც სძლია ყოველგვარ გასაჭირს და გააღვივა ის დიადი გრძნობა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. ყველაფერმა ამან – გაჭირვებამ და ტრაგედიებმა – ჩემში მაინც ვერ ჩაკლა ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარული. ჩემს სევდასაც და დარდსაც შემოქმედებითი მუშაობით ვახშობდი. მაინც ვცდილობდი, არ დამეკარგა ის დიდი გრძნობა, რომელიც პოეზიისა და ლიტერატურისადმი გამაჩნდა. მე მხოლოდ პოეზიით არ ვიყავი გატაცებული, აგრეთვე პროზითაც. ეს იქიდანაც ჩანს, თუ როგორ მიყვარდა უილიამ ფოლკნერი.
თ. მ.: თქვენ მიერ თარგმნილი ელიოტის „კოქტეილის წვეულება“ ახლახან გამოსცა „ინტელექტმა“. ელიოტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ არ ესმის, რატომ ვერ უნდა გაიგონ ეს პიესა ადამიანებმა და თუ ვინმეს, მისი პერსონაჟების გაგება უჭირს, ეს შეიძლება ენობრივი სტილის ბრალი იყოს და იქვე შექსპირისა და ჯოისის მაგალითები მოჰყავს. იმასაც ამბობდა, რომ ამ პიესაში არაფერია პოლიტიკური, არც ადამიანების „კარგებად“ და „ცუდებად“ დაყოფა ჰქონია მიზნად, აქ პერსონაჟები ერთმანეთს არაფრით აღემატებიან, უბრალოდ ისინი განსხვავებული ადამიანები არიან. მაშ, რა არის ამ პიესაში მთავარი? შეიძლება თუ არა ელიოტის ეს ტექსტი თანამედროვეობის ალეგორიად აღვიქვათ?
მ. ზ.: „კოქტეილის წვეულების“ გასაგებად, ალბათ, საჭიროა ბერძნული ლიტერატურის გადახედვა, რადგან ძირითადი მოტივი ამ პიესისა მაინც ბერძნული ლიტერატურიდან მოდის. შესავალი სიტყვა, რომელიც პაატა ჩხეიძემ დაწერა, თითქოს ამ პიესის გასაღებია. ამ ტექსტის დახმარებით უფრო ადვილად გავიგებთ, თუ რას ემსახურება აღნიშნული პიესა. მთავარი ისაა, რომ გრძნობები, რომლებიც ოჯახში არსებობს, არ იკარგება. როგორც უნდა ეცადო, მაინც ოჯახისკენ გექნება გული და სული. ამ შემთხვევაშიც მთავარი გმირები სწორედ ამას გამოხატავენ – მიუხედავად განშორებისა, მათი ურთიერთობა მაინც განუყოფელი და დაუკარგავია. ბოლოს კი, სწორედ ეს სიყვარული იმარჯვებს.
რა თქმა უნდა, ოჯახში ათასი რამ ხდება და ისეთი რამეც შეიძლება მოხდეს, რომ ცოლმა მეუღლის გადასარჩენად თავი გაწიროს. შეიძლება თანამედროვეობაშიც ხშირად ხდებოდეს ასე. ამ პიესაში უფრო ქალის თავგანწირვა ჩანს. თვითონ ოჯახიდან დაიკარგა და ეს იმისთვის, რომ ქმარი გადაერჩინა. ეს არის ცოლის ერთგულება ქმრისადმი. დაშორდა იმიტომ, რომ ის გადაერჩინა. მაგრამ ბოლოს მაინც ოჯახი იმარჯვებს, ის ისევ აღდგება.
თ. მ.: ყველა ავტორისა თუ მთარგმნელის შემოქმედებით ცხოვრებაში არის ერთი ტექსტი, რომელიც მათთვის „საბედისწერო“ აღმოჩნდება ხოლმე. უამრავი ძალიან რთული ავტორის თარგმნის მიუხედავად, იქნება ეს პოეტური თუ პროზაული ტექსტები, ქართველი მკითხველისთვის თქვენი სახელი, უპირველესად, ფოლკნერთან ასოცირდება. როგორ ან რატომ იქცა ფოლკნერი და მისი „სული რომ ამომდიოდა“ თქვენს „საბედისწერო“ ტექსტად?
მ. ზ.: ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ამ რომანის სათაურს „სული რომ ამომდიოდა“. იმიტომ, რომ სხვადასხვანაირად ითარგმნებოდა, ათასნაირი ვარიანტი იყო. „სული რომ ამომდიოდა“ გამახსენა აგამემნონის ფრაზამ „ოდისეადან“. სათაური ჩემში აღმოცენდა კლიტემნესტრასა და აგამემნონის ურთიერთობიდან, როდესაც აგამემნონი ამბობს, რომ როცა ვკვდებოდი, კლიტემნესტრამ თვალები არ დამიხუჭაო… ჩემში გაჩნდა ეს ფრაზა – „სული რომ ამომდიოდა, კლიტემნესტრამ თვალები არ დამიხუჭა“ – რაც ახლოს დგას რომანის შინაარსთან. როცა ეს ტექსტი წავიკითხე, ისე მოვიხიბლე, რომ ვერ შევეშვი, არაჩვეულებრივი რომანია. ჩემი სული მეხვეწებოდა, რომ უნდა მეთარგმნა და რაც შეიძლებოდა ახლოს ვყოფილიყავი ორიგინალის მშვენიერებასთან. სანამ ვთარგმნიდი, ძალიან ბევრი რამ მოქმედებდა ჩემზე, ბევრი ვიფიქრე, სათაური როგორ შემერჩია და როგორ გადმომეცა. ვინაიდან, ასე გამიტაცა ამ რომანმა, მაინცდამაინც დიდი ხანი არ დამჭირვე- ბია მის დასასრულებლად.
„დროშები მტვერში“, მაგალითად, ძალიან კარგი თარგმანია… გული მწყდებოდა, რომ არ იყო თარგმნილი. ალბათ, ამ რომანმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მკითხველზე, რომ უნებურად ფოლკნერთან მაკავშირებენ. „ნიუორლეანური ჩანახატებიც“ დიდი სიყვარულით ვთარგმნე.
თ. მ.: მაინტერესებს თქვენი აზრი თანამედროვე ლიტერატურულ კრიტიკასთან დაკავშირებით, დღეს ხშირად ამბობენ, რომ ეს უკანასკნელი ქართულ ლიტერატურულ პროცესში საერთოდ არ არსებობს. ერთ ლექსში წერთ, რომ ფიზიკის კანონებით პოეზიის შეფასება ზიანის მომტანია. როგორი უნდა იყოს პოეზიის კრიტიკოსი და როგორი – პოეზიის მკითხველი?
მ. ზ.: პოეზიის კრიტიკოსი კარგად უნდა იცნობდეს თავად პოეზიას და გატაცებული უნდა იყოს მისით, რომ მისი შეფასება შეძლოს. თუ არ გესმის პოეზია, ვერც პოეზიის კრიტიკას შეძლებ. თუ ადამიანი არ არის გატაცებული პოეზიით და, ზოგადად, ლიტერატურით, ის კარგი მკითხველიც ვერ იქნება. კარგი მკითხველი აუცილებლად ჩასწვდება პოეზიის აზრსაც და ლიტერატურის მნიშვნელობასაც. ერთი სიტყვით, პოეზიისა და ლიტერატურის შემფასებელი უნდა იყოს უაღრესად განათლებული და ლიტერატურაში ჩახედული. ადამიანი, რომელიც ლიტერატურას კარგად არ იცნობს, კრიტიკოსიც ვერ იქნება.
თ. მ.: დაბოლოს, სულაც არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ძალიან ღარიბი იქნებოდა ქართული ლიტერატურული სივრცე, რომ არა მედეა ზაალიშვილი. თქვენ დღემდე აქტიურად თარგმნით და ეს პროცესი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ბევრი სირთულის მიუხედავად, საბედნიეროდ, დღეს კვლავ არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ტექსტი ითარგმნება ქართულ ენაზე. როგორ ხედავთ ქართული მთარგმნელობითი სკოლის მომავალს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალგაზრდა მთარგმნელები დღეს ძალიან რთული პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე დგანან? რა მნიშვნელობას ატარებს ქვეყნისთვის ეს კულტურათაშორისი დიალოგი და რა საფრთხეები შეიძლება დაგვემუქროს, თუ ჩვენი ლიტერატურა მონოლოგის რეჟიმში დარჩება?
მ. ზ.: მთარგმნელობითი სკოლის მომავალი დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც გატაცებულნი არიან ლიტერატურით და ღრმად უკვირდებიან თითოეულ ლიტერატურულ ნაწარმოებს.
პოლიტიკურმა მოვლენებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ლიტერატურის კრიტიკოსზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ახალგაზრდობაც და უკვე გამოცდილი მთარგმნელებიც უნდა იდგნენ იმ გზაზე, რომ არ დაიკარგოს მთარგმნელობითი შემოქმედება და ხალხს მიაწოდონ ის ლიტერატურა, რომელიც ცხოვრებაში გამოადგებათ.
თუ ადამიანი მთარგმნელია, უნდა ეცადოს, რომ ხალხთან მიიტანოს მნიშვნელოვანი ლიტერატურა, რომელიც განავითარებს მათ არსებობას, რადგანაც მთარგმნელობითი შემოქმედება მნიშვნელოვანია არა მარტო ზრდასრულებისთვის, არამედ ახალგაზრდობისათვის. ზრდასრულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ახალგაზრდობას და იფიქროს მათ შემოქმედებით განვითარებაზე.
მთარგმნელობითი ხელოვნების გარეშე ძნელია ახალგაზრდებში ლიტერატურის სიყვარულის გაღვივება.
ბოლოს კი, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თამარ მღებრიშვილს ამ შეკითხვებისათვის, მაგრამ რამდენად სამართლიანია ჩემი პასუხები, ამას, ალბათ, თავად განსაზღვრავს.
დიდი მადლობა ნია კახიძეს ყველა იმ დახმარებისათვის, რომლითაც მან ჩემი ცხოვრება გაალამაზა.

