ალეკო ცქიტიშვილი, როგორც პროფესორი დოუელი

ალეკო ცქიტიშვილი ბედთან გაჯიუტებული ადამიანია, თითქოს საკუთარ თავს არ აღიარებს, შეხედავ, ჩინოვნიკს ჰგავს, სახელი და გვარიც ისეთი აქვს, „თელასის“ თანამშრომელი გეგონება. არადა, პოეტია, მის ცხოვრებისეულ სირთულეებს თუ გავითვალისწინებთ, ხანდახან გმირიც. სხვათაშორის, გალაკტიონზეც ზუსტად იგივეს ვფიქრობ. ენგელსის წვერი, პორტფელი, შარვალ-კოსტუმი… გეგონებოდა, ახლა ჩამოვიდა პოლიტბიუროდანო. არადა, ადამიანი რას წერდა? „მიეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშევანგები“… ამბობენ, გალაკტიონი მთელი ცხოვრება შეცვლილი ხმით ლაპარაკობდა, მისი ბუნებრივი, ნამდვილი ხმა თითო-ოროლა კაცს თუ გაეგოო. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ მე მჯერა, რადგან არიან პოეტები, რომლებსაც ზედვე ეტყობათ, რომ პოეტები არიან, მაგალითად, ტერენტი გრანელი, რომელსაც მთელი „მემენტო მორი“ სახეზე ეწერა და არიან პოეტი-მაქციები, გალაკტიონივით, ან ჩვენს შემთხვევაში – ალეკო ცქიტიშვილივით.
„და არაფერი არ მოხდება, თუ ახლა მოგწერ,
რომ არსებითად კარგადა ვარ და თუმცა, მინდა
ცოტაოდენი აღელვება, მე მაინც მომწონს
ეს არსებითად კარგად ყოფნა, სისუსტე, ბინდი
თვალებზე, როგორც დაკეტილი ოთახის კარი,
როცა სიჩუმე ისადგურებს და ფიქრი მოდის
საკუთარ თავზე, მოვლენებზე, შენზე. აშკარად
დაუჯერებელ ამბავს მოგწერ: სარკე, კომოდი,
მაგიდა, სკამი მაგიდასთან, ფანჯარა, ფარდა,
ტელევიზორი, მაცივარი (ჩამოთვლას შევწყვეტ)…
ეს ყველაფერი სიმართლეა, ფაქტია, ანდა
ჩვენ არაფერი აღარ გვჯერა და ვეღარც შევძლებთ
საგნების გულში ჩაღრმავებას, გაშიფვრას, განცდას
იმისას, რასაც იფიქრებდნენ ისინი ჩვენზე…“
ალეკო ცქიტიშვილმა პირველი პოეტური კრებული 2004 წელს გამოსცა – „ქვები“. პატარა, თეთრი წიგნი, მეორე ახლა – 21 წლის შემდეგ. მთელი მისი პოეტური აქტივიზმი ეს იყო, ლიტერატურულ ჟურნალებში დაბეჭდილ ლექსებს თუ არ ჩავთვლით. არც კულტურულ პროექტებში, არც ფესტივალებში ის არასდროს მონაწილეობდა.
როდესაც სტუდენტი იყო, ანუ 90-იანებში მან, ნანა აკობიძემ, რეზო გეთიაშვილმა და კახა ჭაბაშვილმა „ბებერი პოეტების ორდენი“ დაარსეს. სიტყვა „ბებერს“ ირონიაც ახლდა. მათ პირიქით ის უნდოდათ, რომ პოეზიაში სიახლე შემოეტანათ. ორდენი მალევე „ბითლზებივით“ დაიშალა, მაგრამ სანამ იყო, ოთხივე მართლაც მშვენივრად წერდა. განსაკუთრებით პროდუქტიული რეზო გეთიაშვილი აღმოჩნდა. ხანდახან ვფიქრობ, რომ შესაძლოა რეზოს მაშინდელმა მართლაც კარგმა ლექსებმა დანარჩენი სამი, ცოტა არ იყოს, დათრგუნა და აფიქრებინა, ჩვენ ასე მაინც ვერ დავწერთ და ბარემ შევეშვათო. ყოველ შემთხვევაში ნანა აკობიძე და კახა ჭაბაშვილი წლობით ჩამოშორდნენ პოეზიას, ალეკო ცქიტიშვილი კი ლიტერატურულ პლატფორმებსა თუ ფორუმებზე, რეზოს ლექსების პოპულარიზაციით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე საკუთარის.
სხვათაშორის, არც თავად რეზო გეთიაშვილზე იმოქმედა ამ ყველაფერმა დადებითად. ისიც საკუთარი თავის ხიბლში აღმოჩნდა. ადამიანი მაშინ ვეღარ ქმნის ახალს, როცა ძველითაც კმაყოფილია. ვფიქრობ, რეზომაც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად (ეს თავად გაარჩიოს) ჩათვალა, რომ უკვე საკმარისად ბევრი ჰქონდა გაკეთებული. ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდობის წლების შემდეგ მის პოეზიაში შედევრებმა იკლო. ლექსებს როგორ არ წერს, მაგრამ ისეთს აღარ, როგორიც მაგალითად, „გოქსუ“ იყო: „სადაც ყვავილები მთავრდებიან და შენი თითები იწყებიან, შენი თითებიდან დაწყებული, ჩემი დაკარგული მიწებია“... აქ ალეკო აუცილებლად შემეკამათება, ცდებიო და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებს იმას, რაც ზევით ვთქვი.
ორიოდე წლის წინ ნანა აკობიძემ მშვენიერი პოეტური კრებული გამოსცა: „ვალაუვალი“, მართლაც კარგი ლექსებით. წელს უკვე ალეკომაც დაბეჭდა კრებული „თავები“ და ცოტა ხნით თუ სამუდამოდ, საკუთარ თავს დაუბრუნდა.
„კიდევ რა?.. ახლა ვზივარ ჩემთვის, არქეოლოგის
თვალით დავყურებ საკუთარ თავს. აღარ მეცნობა.
ალბათ ეს არის მოსაწყენი წიგნის პროლოგი,
სადაც მე, ერთი პერსონაჟი, მთქნარებით ვკვდები,მერე კი აზრიც ეკარგება გმირის მოლოდინს“.
„მიმოწერა საკუთარ თავთან“ – ასე ჰქვია ამ ლექსს, რომლის ნაწყვეტიც ახლა მოვიყვანე. ეს გრძელი ლექსია, ან იქნებ პოემაც? ეს ჟანრი არათუ 21-ე, მე-20 საუკუნის ბოლოშიც უკვე მოძველებული იყო, ისევე როგორც რითმიანი ლექსები, მაგრამ ალეკოსთან მას ახალი სიცოცხლე აქვს. ამ კრებულში ყველაზე მეტად სწორედ ეს „მიმოწერა საკუთარ თავთან“ მომწონს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ გამორჩეულად კარგი ლექსია და მეორეც… როდისმე დაფიქრებულხართ, რატომ იწერება ლექსები? ოდესღაც კაცობრიობის გარიჟრაჟზე ადამიანი მიხვდა, რომ ლოგიკურად ვერასდროს ვერც საკუთარ თავს ახსნიდა, ვერც იმ სამყაროს, რომელიც მის გარშემოა. ამიტომ სიტყვებს მუსიკა, რითმა შეაშველა. ისევ გალაკტიონს გავიხსენებ, თავისი „დოვინ, დოვინ, დოვლით“, რომელიც არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც ყველას ესმის, რადგან სწორედ ასეთი პოეტური ცდები გადმოსცემენ იმას, რაც გამოუთქმელსა და უკვე არსებულ სიტყვებს შორისაა. ადამიანს აწუხებს ის შეუცნობელი, რომელიც საკუთარ თავშია, ის შინაგანი დუმილი, უპასუხო კითხვები და იმასაც კარგად ხედავს, რომ ამ დუმილიდან სათქმელს ჩვეულებრივი სიტყვებით ვერ გამოიტან.
ამიტომ წერენ პოეტები ლექსებს, მხატვრები ხატავენ და ასე შემდეგ. ეს ლექსი კი –„მიმოწერა საკუთარ თავთან“ – არის კარგი ექსპერიმენტი, შინაგან სიჩუმეს რამე გამოსტყუო.
„როგორ გადავადნო სიტყვები
ფერად ლითონებად
და ბოლოს გავსინჯო კბილით,
რა ხარისხია
ბაჯაღლო ოქრო
თუ მატყუარა ბიჟუტერია“…
რა განასხვავებს ოქროს ბიჟუტერიისგან? აქ და ახლა ორივე ბრწყინავს, მაგრამ ოქრო საუკუნეების მერეც ოქრო იქნება, ბიჟუტერიის ვარგისობის ვადა კი ორიოდე წელია. ეს კითხვა ყველას აწუხებს, ვინც რამე ახალს ქმნის, მითუმეტეს ლექსს წერს. ლექსი მალფუჭებადია. გადახედავ წლების მერე და ფრაზა, ადრე რომ მოხდენილი გეგონა, ახლა სენტიმენტალური გეჩვენება. ფორმაც, მაშინ ახლადაღმოჩენილი, შენს მერე კიდევ უამრავმა გამოიყენა და ახლა „გუჩის“ რეპლიკებივით ყველგან გხვდება. გამოდის, ბიჟუტერია ყოფილა. მაგრამ, ვფიქრობ, ეს მიდგომაც იმსახურებს გადაფასებას. მოკვდავი უკვდავს ვერაფერს შექმნის და მწერლის ამოცანა არაა, მისმა ნაწარმოებებმა წლებსა და ატომურ ომებს გაუძლოს. მთავარია იმ დროში, რომელშიც ის ცხოვრობს, იმ თაობაში, მისი სიტყვა იყოს ახალი და ღირებული, ბიძგის მიმცემი უკეთესის შესაქმნელად.
„ამ გზას რა დალევს
სიარულით ან შეცნობით
ან უარყოფით
როცა ჰორიზონტი ორ ნაბიჯშია
მაგრამ თან არ ჩანს“
ამ ლექსს წინათქმა აქვს, დათო ბარბაქაძის სიტყვები: „ნუთუ კითხვები მხოლოდ პასუხებს გაეცემათ?“ და ეს ძალიან სწორი ფრაზაა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ უკვე შექმნილ სამყაროში, ჩვენდა უნებურად მოვედით. ეს სამყარო უკვე პასუხია, უკვე მოცემულობაა, ჩვენც ჩვენივე თავისთვის უკვე მოცემულობა ვართ, ვარსებობთ, ვცხოვრობთ… და კითხვებიც, რომლებიც თავში გვიტრიალებს „რატომ გავჩნდით ამ ქვეყანაზე“, „საიდან მოვდივართ, სად მივდივართ“, „რა არის სიკვდილის შემდეგ“, „სწორად ვიქცევი“? ეს ყველაფერი უკვე პასუხებიდან, მოცემულობიდან გამომდინარე დასმული კითხვებია, ჩვენი პირველი და უკანასკნელი რეაქცია ყოფიერებაზე. მაგრამ სად არის ის კითხვა, რომელიც არასდროს მოგვაფიქრდება? ხომ არსებობს ისეთი კითხვებიც, არავის თავში რომ არ დაიბადება, რადგან სამყარო არ მისცემს საბაბს იკითხოს. სად არის ეს კითხვა, რიგითობის დამცავი კითხვა, ჯერ რომ მართლაც კითხვაა და შემდეგ პასუხი?
„მე გამახსენდა, რომ უკვე
ვნახე ჩემი თავი სახლში
და უკან გამოვბრუნდი – მე
აღარ შევაწუხე ჩემი თავი“.
კრებულს „თავები“ ჰქვია და ამაზეც ღირს დაფიქრება. პირველ კრებულს „ქვები“ ერქვა, ისინიც თავში იყო: „ჩემი თავის ქალა, თითქოს ქვებით სავსე ქვაბია, ისე დამძიმდა“. იმ კრებულში ერთი არარსებული ცხოველიც ბინადრობდა:
„სიყვარული არის ორთავიანი დრაკონი,
შენთავიანი მე და ჩემთავიანი შენ“.
ეს ცხოველი მხოლოდ იმიტომ კი არ არის არარსებული, რომ დრაკონია, სხვა პრობლემაც აქვს. თავები სხვადასხვა შეიძლება მხოლოდ სხვადასხვა სხეულზე იყოს, მაგალითად, ქალის თავი კაცის სხეულზე, ან კაცის თავი ქალის სხეულზე. მაგრამ თუ სხეული ერთია, რა მნიშვნელობა აქვს საით არის თავი? ან რატომ ვასკვნით, რომ ის სხვა ადგილასა და არა თავის ადგილას? ამიტომაც არის ეს არარსებული ცხოველი, წარმოუდგენელი და ალოგიკური – ისევე როგორც სიყვარული.
ალეკო ცქიტიშვილის ლექსებში კიდევ ბევრი არარსებული პერსონაჟია, არარსებული ძმა, არარსებული და – ეს ყველაფერი ისევ თავებია, რომლებთანაც ავტორი პერიოდულად ლაპარაკობს და ამ დიალოგით ცდილობს იმაზე მეტი გაიგოს, ვიდრე ახლა იცის. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი შენობის გასაიდუმლოებული ოთახი წიგნიდან „პროფესორ დოუელის თავი“. ახირებულ მეცნიერს სჯერა, რომ ადამიანს სხეულის გარეშეც შეუძლია არსებობა. ის მომაკვდავებს, ძირითადად ავარიაში მოყოლილებს, რომელთა სხეულიც ძალიან დასახიჩრდა, თავისგან აცალკევებს და ამ თავებს სპეციალური დანადგარებით ასულდგმულებს. ისინი ცოცხლები არიან. გონება ძველებური შერჩათ, ხასიათიც. დგას აპარატებზე შეერთებული რამდენიმე თავი ოთახში და დროის გასაყვანად ერთმანეთს ელაპარაკება, ზუსტად იგივე თემებზე, რაზეც ჯანმრთელები და საღსალამათები ლაპარაკობდნენ.
ალეკო ცქიტიშვილის ლექსებშიც დაახლოებით იგივე ექსპერიმენტია. დავტოვოთ თავი სხეულის გარეშე, ყოფიერების გარეშე, შეიცვლება ამით რამე? დავარქვათ ძმა, და, სიყვარული. მართლაც ძმა გახდება თუ ისევ საკუთარ თავთან მოგვიწევს ლაპარაკი. ხომ არ მივალთ ისევ იმ დასკვნამდე, რომ თავიც სხეულია, უფრო მეტიც, ეგ არის თუ არის. თავს თავს ვერ მოკვეთ და რაღაც პასუხი, რომელიც თითქოს მოიხელთე, ისევ ხელიდან გისხლტება: „დაინახავ თითქოს რაღაც მთავარს, მაგრამ მაინც არაფერი მოჩანს“.
„გზა ტვინში გადის
და არა ამ მინდორზე,
სადაც ჩამუხლულხარ და გგონია,
რომ წინ გზაა –
უზარმაზარი კონტეინერის ლენტი,
რომელსაც მოაქვს ჩამწკრივებული ლოკოკინები,
შენ კი უნდა აიღო და
სათითაოდ მიამაგრო რაღაც დიდს, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენია.“
ხანდახან, თუმცა იშვიათად, თავი გემეგობრება და ამ უჩვეულო მდგომარეობის თავადაც ეშინია.
„შეშინებულო მეგობარო,
წამოვდგეთ, დროა,
გადავაბიჯოთ საკუთარ თავს –
გავიდეთ გარეთ“.
და გარეთ რა ხდება? უხსოვარი დროიდან ცნობილია, რომ ადამიანი გარეთ მხოლოდ იმისთვის გადის, რომ ოდესმე ისევ დაბრუნდეს. დაბადებაც ესაა, გარეთ გასვლა არარსებობიდან. და სიკვდილი შინ დაბრუნდება? რა ხდება სიცოცხლის შემდეგ? ანუ „ეს ომი რომ დამთავრდება რა დაიწყება“? არა, აქ ეს ლოგიკა არ მოქმედებს. ისევ არარსებობაში ვერ დაბრუნდები. ყველას, ვინც ერთხელ ცოცხალი იყო არარსებობის ფუფუნება აღარ აქვს. ამას ადამიანი ინტუიციურადაც გრძნობს. ალეკო ცქიტიშვილის „მუხათგვერდის საამკუთხედები“ (ქვეთავი კრებულში) სწორედ ამაზეა. გარდაცვლილთან შეხვედრაზე და ორი სამყაროს ბარიერის გარღვევაზე.
„ღმერთო დამწერე ჯვარი –
ახლა როცა ქარი მაბრუნებს უკან
და ვფარფატებ
და პეპელა ვარ ერთი დღის ცოდვით“.
სიკვდილი ისევ არარასებობა ვერ იქნება – ეს ჩაკეტილი და უაზრო წრე გამოვიდოდა. ასეც რომ არ იყოს, „ამაზე ფიქრს იქით მე დასაკარგი არაფერი მაქვს“.
„დაველოდები დაღამებას. რამდენიმეგან
უკვე აინთო ლამპიონი. შუქი გარედან
ისე შემოდის შინ, რომ ლანდებს ტვინი ეღლებათ.
მობუზულებმა მიაშურეს სადგომს ძაღლებმაც
და როგორც მკვდრებმა, არ დახუჭერ განგებ თვალები“…


