ქართული ენა სლავური აქცენტით
რა ენაზე საუბრობდნენ
თამარ მეფე და გიორგი რუსი?
რა ენაზე ბაასობდნენ მეფე-ქალი და მისი გადამთიელი მეუღლე?
სავარაუდოდ, უმეტესობას დღემდე არ დაგვბადებია ეს კითხვა, რადგან ისტორიას ხშირად პოლიტიკური და სამხედრო პერიპეტიებით გავავსებთ, სიცოცხლეს ავართმევთ, გავაქვავებთ, ადამიანებს ადამიანად ყოფნის უფლებას წავართმევთ, წარსულს საკრალურ ბურუსში გავხვევთ, ხანაც დავვარცხნით, გავაკოხტავებთ და აბა, სადღა რჩება ასეთი კითხვების ადგილი?! არადა, წარსულზე ფიქრი თუა საინტერესო, ასეთი ამოცანებისა და მათი ამოხსნის სირთულე-სილამაზეების გამოც.
დიახ, რა ენაზე ესაუბრებოდა 2 ათასი კილომეტრის დაშორებით დაბადებული ცოლ-ქმარი ერთმანეთს (თან მაშინ, ცხენისა და ურმის დროებაში, დუნიაზე მწირი წარმოდგენების ეპოქაში, ეს 2 ათასი რამდენს ნიშნავდა, მოგეხსენებათ)? უცნაური კითხვაა, თან ვერასოდეს გავიგებთ სწორ პასუხს, მაგრამ არსებობის უფლება ხომ აქვს და ვიჩხრიკოთ და ვიმსჯელოთ, ჩვენი რა მიდის.
მშობლიურ ენებზე?
თამარს კი არა, სავარაუდოდ, არც არავის ეცოდინებოდა მაშინ საქართველოში იმჟამინდელი სლავური – აღმოსავლურსლავური, ძველრუსული (თანამედროვე რუსულის, უკრაინულისა და ბელარუსულის წინაპარი ენა). ერთი კაცის მოძებნაც გაჭირდებოდა და თუკი მაინც გამოჩნდებოდა, ვინმე ვაჭარი ან გვარი მისი, საეჭვოა, სრულფასოვნად გაერთვა თავი საპატიო და რთული მისიისთვის.
აბა, იური-გიორგისაც საიდან ქართული.
შესაძლოა, პირველ ეტაპზე მთავარი ჯაფა თარჯიმნებს დასდგომოდათ – ოფიციალური საუბრებისა თუ სადილ-ვახშამ-ნადიმების დროს, თუმცა კითხვა აქაც კითხვად რჩება: თუკი ადამიანი წყვილის ორივე მშობლიურ ენას ვერ ფლობდა, რომელ ენებს იყენებდა თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად?
წყვილი რისი წყვილია, დროდადრო არ განმარტოებულიყვნენ და ფრაზები არ გაეცვალათ ერთურთში, ძუნწად მაინც. და რა ენაზე საუბრობდნენ, თუკი თავიდან საუბარს ახერხებდნენ და თუკი ჯეროვნად ვერა, რომელი იყო ის საკვანძო ერთი-ორი ენა, უხერხულობას რომ განმუხტავდა და სარიტუალო, სხეულისა თუ ჟესტების ენას წაეხმარებოდა შიგადაშიგ?
ჩამოყვანისა და შეუღლებისთანავე (თუ შეუღლებამდე) მიუჩენდნენ ქართულის მასწავლებელს სიძე-კაცს.
დღეს რუსებს პირიქით უყვართ – ქართველები რომ სწავლობენ რუსულს, თუმცა მაშინ ჩვენი დრო იყო და სხვა რა გზა ექნებოდა ნოვგოროდელ კნიაზ-ყოფილს. საქართველოს სამეფო კარზე ცხოვრების 2-3-წლიანი მონაკვეთი და ქართულ პოლიტიკურ ორომტრიალში ყოფნის კიდევ ერთი ამდენი პერიოდი, საფიქრებელია, საკმარისი აღმოჩნდებოდა, გიორგი რუსს საყველპურო ქართული შეეთვისებინა. შესაძლოა ელემენტარულზე მეტიც – მადა არ აკლდა და ამბიცია ზედსიძეს და მიზნების მიღწევისთვის ენა რომ აუცილებელი იქნებოდა, აუღებდა ალბათ ალღოს.
მაგრამ მანამდე? ვიდრე ქართული ზმნის სირთულეებს დაეჭიდებოდა?
არაბულად, სპარსულად?
მართალია, აღარც დიადი სახალიფო იყო და ვეღარც არაბები ლაღობდნენ, მაგრამ მათი ენა კვლავ რჩებოდა ისლამის, კულტურული ინტერაქციის, მეცნიერების, პოლიტიკის, დიპლომატიის, სამართლისა და ეკონომიკის საერთაშორისო ენად ახლო აღმოსავლეთში (გავიხსენოთ, ქართულ მონეტებზეც ხშირად სულ არაბული ხუჭუჭებია), ამიტომ შეუძლებელია ის სიყმაწვილიდანვე არ ესწავლებინათ ქართველ მეფეთათვის. იგივე ითქმის სპარსულზეც, რომელიც ასევე საყოველთაო ენად ქცეულიყო რეგიონში. ამას ემატებოდა ძველი სამყაროს ტრფიალი სპარსული ენის სიტკბოებისადმი და როგორ გინდა წარმოიდგინო, რომ საქართველოში პოეზიას არ აყვარებდნენ უფლისწულებს და ფირდოუსსა და ომარ ხაიამს არ იხმარდნენ ამ მადლიან საქმეში!
ესეცაა: ამ ენებზე განათლების მიღება და მსოფლიო კლასიკის კითხვა სხვაა, სასაუბრო-საკომუნიკაციო შესაძლებლობები – კიდევ ცალკე ამბავი. რამდენად ექნებოდათ ჩვენს ხელისუფალთ საკმარისი პრაქტიკა?
ექნებოდათ, სავარაუდოდ, რადგან ძნელი დასაჯერებელია, ელჩობებისა და დარბაზობების დროს მხოლოდ თარჯიმნებზე ყოფილიყვნენ მინდობილნი. ნუთუ სტუმართა მოსმენის, მოსწრებული სიტყვა-მიგებისა თუ საპატიო უცხოელებთან პირისპირ გაბაასების პრივილეგია არ ექნებოდათ წინა აზიის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე ქვეყნის მეფეებს, თანამეფეებსა და მოსაყდრედ გამზადებულ უფლისწულებს?
არაბულისა და სპარსულის გავლენა და ცოდნა აქეთ, სამხრეთში და ჩვენში ჰო, მაგრამ ძნელად, რომ იმ ჩრდილოეთსაც მისწვდენოდა, საიდანაც ანდრეი ბოგოლიუბსკის ვაჟი იყო. საკმარისზე შორი გახლდათ იქამდე და იქიდან კი – ამათამდე.
ვარიაგულ-ჩრდილოურად?
რუს მთავართა კარზე სლავურის გარდა თუ რამ ენაზე ექნებოდათ ყური გახედნილი, ეს კიდევ უფრო ჩრდილოელთა (ვიკინგებად რომ ვუხმობთ) მეტყველება უნდა ყოფილიყო, ანუ თანამედროვე სკანდინავიელთა ფუძეენა – „ძველჩრდილოური“, როგორც მას ახლანდელნი სწავლულნი უწოდებენ. რუსებისა და ამ ჩრდილოელების – „ვარიაგების“ თანამშრომლობანი და დატაკებანი, სამხედრო, პოლიტიკურ თუ სავაჭრო ამბები ხომ კარგადაა ცნობილი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ XII საუკუნეში „ვიკინგების ხანა“ დასრულებული იყო და მათი ენის გავლენაც შესუსტებული იქნებოდა.
ამას გარდა, უკვე ფრიად მომრავლებულ-მოძლიერებული რუსული სამთავროები, ცხადია, ერთმანეთში ურთიერთობისას საკუთარი ენით გაირჯებოდნენ, მოსაზღვრენიც ნელ-ნელა გაეჩვეოდნენ მრავალრიცხოვან მეზობელთა ნაუბარს და რუსებიც დიდად არ გაწვალდებოდნენ უცხო ენების დასწავლით. გასათვალისწინებელია ასევე, რომ იმჟამად სლავური ენის განშტოებებს (აღმოსავლური, დასავლური და სამხრული), რომლებიც თითქმის მთელ აღმოსავლეთ ევროპას მოიცავდა, ერთმანეთთან გაგებინების პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ, რაც კიდევ უფრო შეამცირებდა რუსულ ფეოდალურ ელიტაში სხვა ენების გამოყენების საჭიროებას.
სხვათა შორის, ხსენებული ჩრდილოელები, „ვარანგთა“ სახელით, ერთხელ ჩვენს მატიანეშიც გამოკრთნენ – წინა საუკუნეში, ბაგრატ IV-ის ზეობისას, საქართველოშიც უბრძოლიათ, როგორც დაქირავებულ ჯარს. მაგრამ მათი ენა გიორგი რუსს რომც სცოდნოდა, აბა საიდან თამარის ეპოქაში.
საქრისტიანო ენებზე?
პოლიტიკური ინტერესების გარდა, ყველაზე მეტი, რაც თამარს და იურის აერთიანებდა, სარწმუნოება გახლდათ. რელიგიის საერთაშორისო ენის ფუნქცია კი, ჩვენთვის, ორივესთვის, აღმოსავლეთ ქრისტიანებისთვის, ბერძნულმა იკისრა. აქაც და იქაც, ბერძნული ფრიად გავრცელებული იყო (განსაკუთრებით, სასულიერო წრეებში) – როგორც კულტურის, მეცნიერების, დიპლომატიის ენა. საღვთისმეტყველო ლიტერატურა, ქართულშიც და სლავურშიც, ხომ უმთავრესად ბერძნულიდან ითარგმნებოდა და ბიზანტიასთან მჭიდრო პოლიტიკური, სამხედრო თუ სავაჭრო ურთიერთობანიც, ცხადია, ბერძნულის უპირატესობით წარიმართებოდა. ის მწირი ურთიერთობანიც, რაც მანამდე საქართველოსა და რუსულ სამთავროებს შორის არ სებობდა, სავარაუდოდ, სწორედ ბერძნულ ენაზე დგებოდა.
ძველად განათლება ხომ სასულიერო პირთა გზით მიიღებოდა, დიპლომატიურ მისიებსაც ხშირად ისინი წარმართავდნენ, შესაბამისად, ჩვენშიც და ჩრდილოეთშიც, ქვეყნების მეთაურთა ოჯახებში უფლისწულთა აღზრდისას, ბერძნულს გვერდს ვერ აუვლიდნენ. თუმცა რამდენად პრაქტიკული იქნებოდა საკომუნიკაციოდ ეს „საეკლესიო“ და „საიმპერიო“ ენა ყოფით ცხოვრებაში ან ნეფისთვის, ან პატარძლისთვის, რთული სათქმელია. ისიც საკითხავია, რისი სწავლა მოასწრო ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობისა თუ ჭაბუკობისას დედარუსეთიდან დევნილმა უფლისწულმა (ისე, რა ამის პასუხია და, ზოგადად, ბიზანტიურ სამყაროსთან პოლიტიკურ-კულტურულ სიახლოვეზე უნდა მეტყველებდეს გიორგი რუსის კონსტანტინოპოლში გახიზვნაც საქართველოდან გაძევების შემდეგ).
საქრისტიანოს მეორე ენა (პირველი თუ არა) – ლათინურიც ეცოდინებოდათ საქართველოში, ჯვაროსნებთან თითქმის საუკუნოვანი მოკავშირეობისა გამო, თავისთავად – არა ბერძნულის დარად, და არა იმდენს და იმდენად, და არა მაინცდამაინც მეფეებსა და ზეპურ ფეოდალებს, მაგრამ იქნებოდნენ ასეთებიც, კაცნი მეცნიერნი – მიმოსვლასა თუ კულტურა-მეცნიერება-განათლებაში ჩაბმულ-ჩართულნი. რუსეთშიც ალბათ ერთეულები თუ დაეწაფებოდნენ ამ ენას, თუმცა არა მთავარნი და მათი სეფეწულნი.
თურქულად?
საუკუნეზე მეტი გასულიყო, რაც საქართველოს თურქ-სელჩუკები გაუმეზობლდნენ. ჯერ უზარმაზარი იმპერია, მერე კი წვრილ-მსხვილი თურქული სასულთნო-საამიროები აღმავლობის გზაზე დამდგარ საქართველოს სამეფოს მთავარ მეტოქეებად მოევლინენ (ზოგი მოკავშირედაც და გავლენის ზონადაც). მართალია, საქმისწარმოების, ადმინისტრირებისა და ლიტერატურის ენა მათთვის იმჟამად სპარსული იყო და არაბულიც ფრიად გავრცელებული გახლდათ სასულიერო თუ საერო ზედაფენებში, მაგრამ შეუძლებელია მეზობლებთან ურთიერთობისას ქართველებს ამ „ელიტური“ ენების გარდა იმჟამინდელი თურქულიც (ოღუზური) არ დასჭირვებოდათ.
სწორედ ამ თურქულ ენაზე ისაუბრებდა უშუალო მეზობელთა, მომთაბარეთა და საქართველოში მოთარეშე მასის მნიშვნელოვანი ნაწილი. ლაშქარშიც თურქული ენა იქნებოდა ერთგვარი „ლინგვა ფრანკა“ სხვადასხვა მოდგმის მებრძოლთა შორის. თამარის დროისათვის სელჩუკთა ჯარებთან ქართველებს უკვე დაჰგროვებოდათ პირისპირ თუ მხარდამხარ ბრძოლების მდიდარი ისტორია. ეს ამბები კი ვერ ჩაივლიდა ენობრივი კონტაქტების გარეშე.
არც ახლო წარსულში, დიდი დავითის დროს, თურქულენოვან ყივჩაყთა საქართველოში ჩამოსახლება, მათი აქ განსახლება და ქართულ-ყივჩაყური სამხედრო თანამშრომლობანი გამოგვრჩეს. არც ის, რომ ჩვენთვის საინტერესო პერიოდში მათი მემკვიდრეები (ნაწილი მაინც) კვლავ საქართველოში ჩანან და აქტიურ პოლიტიკაშიც ვხედავთ: გავიხსენოთ თამარის მამის მიერ უზომოდ აღზევებული ნაყივჩაყარი (ანუ გაქრისტიანებულ-„გაქართველებული“ ყივჩაყყოფილი) – ყუბასარი.
ასეთ პირობებში, ქართველმა მეფეებმა, დავით აღმაშენებლის დროიდან მაინც, ალბათ თურქულიც იცოდნენ. დიახ, სავარაუდოდ, ეცოდინებოდათ, ჩვენებური განმარტებით, B1 დონეზე – თავდაპირველად თუ არა, გამოცდილების კვალდაკვალ ხომ მაინც (აგე, მომდევნო კითხვა: რა ენაზე საუბრობდნენ დავითი და მისი მეუღლე გურანდუხტი, ყივჩაყთა მთავრის ასული?).
თურქული კი, იმჟამინდელი თურქული, ლოგიკურად, გიორგი რუსისთვისაც არ იქნებოდა უცხო. მას შემდეგ, რაც მამამისი შეთქმულებმა მოკლეს, თავად კი რუსეთიდან გააძევეს (სულ აძევებდნენ ამ სვეუბედურს), ის ხომ ყივჩაყებში აფარებდა თავს და ჩანს, არცთუ მცირე ხნით – 10 წლით მაინც. ამ დროში კი აჭიკჭიკდებოდა ჩვენი სიძე-კაცი ყივჩაყურ ჰანგებზე. გარდა ამისა, რუსების სამხრეთელი მეზობლები – ყივჩაყები – მჭიდროდ იყვნენ რუსეთის სამთავროებთან დაკავშირებულნი. მათ ხშირად იყენებდნენ შიდა დაპირისპირებებში, ჰქონდათ მათთან მტრობანიც და მოყვრობანიც. რაღა შორს წავიდეთ, ყივჩაყთა ხანის ასული გახლდათ სახელოვანი მთავრის – ანდრეი ბოგოლიუბსკის დედა (გიორგი-იურის ბებია).
ყივჩაყთა მეტყველება თურქულ ენათა დიდი ოჯახის წევრი გახლდათ და იმ დროს არცთუ დაშორებული იქნებოდა მონათესავე ენებისგან. აგერ ახლა, თანამედროვე დროში, თარჯიმნის გარეშე უგებენ ერთმანეთს სხვადასხვა თურქულენოვანი ხალხები და მაშინ, რასაკვირველია, მეტი სიახლოვე უნდა ყოფილიყო თურქულ-ყივჩაყურსა და თურქულ-სელჩუკურ-ოღუზურს შორის.
ოვსურ-ალანურად?
თამარის დედა ოვსთა მეფის ასული იყო. რაენოვანი იყო კავკასიონს გადაღმა მდებარე, ჩვენი მოკავ შირე და ხანაც ყმადნაფიცი სამეფოს პოლიტიკური ელიტა და რა ენაზე მიმდინარეობდა მართვა-გამგებლობა ოვსთა (ალანთა) სახელმწიფოში, წყაროთა სიმწირის გამო დიდად ცხადი არ გახლავთ. არც ისა ჩანს გარკვეული, რომელი ენა შეასრულებდა ხიდის როლს სამეფოში მოსახლე არცთუ ერთგვაროვან ეთნიკურ ჯგუფებს შორის.
აქ ცხოვრობდნენ სხვადასხვაენოვანი მკვიდრი კავკასიელები, ძველ დროში მოსულ ალანთა მემკვიდრე ოსები, მოგვიანებით გაჩენილ თურქულენოვან ხალხთა შთამომავლები (ხშირად ადგილობრივებთან ასიმილირებულნი).
ამას დავუმატოთ ბერძნული და ქართული ენები, რომელთა მეშვეობითაც ალანთა ქვეყანაში ქრისტიანობა ვრცელდებოდა, მოსაზღვრე საქართველო კი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და შესაბამის კვალს ატყობდა სამეფოს პოლიტიკურ და კულტურ ცხოვრებას.
თუკი ოვსთა სამეფო ოჯახის მთავარი სამეტყველო ენა მაინც ალანური (გვიან-ალანური, პროტო-ოსური) იყო, ცოტაოდენი როგორ არ სცოდნოდა ჩვენს მეფე-ქალს (თან მოგვიანებით მეორე მეუღლეც დაემატა ოვსეთიდან)?
თუმცა ეს ვერ გამოადგებოდა პირველი ქორწინებისას. ყივჩაყები ალანებს კი ესაზღვრებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ვრცელი ტრამალების უკიდურეს სამხრეთში და ამასთან, არც ისეთი გავლენისა გახლდათ ეს ჩვენი მეზობელი ალანია, თვისი ენა რომ ეგზომ განეფინა. ამიტომაც, ალანთა ენის ცოდნით ვერ დაიკვეხნიდა სავარაუდოდ ჩვენი ჩრდილოელი.
მაშ?
სხვა ენების ჩამოთვლაც შეიძლება, თამარს რომ შესაძლოა სცოდნოდა და გიორგის სავარაუდოდ არა (სომხურის, ებრაულის და სხვ.), მაგრამ სადღაც ალბათ ხომ უნდა დავიოკოთ ფანტაზია. მეფე იყო თუ პოლიგლოტიო, იკითხავს კაცი და მართალიც იქნება, რადგან ის, რომ ჩამოთვლილი ენების ცოდნა დიდად სასურველი ან მოსალოდნელი იყო მომავალი მმართველისთვის, არ ნიშნავს, რომ უცილობლად ისწავლიდნენ ჯეელობაში ან შემდგომ. არც ის უნდა დავუშვათ, რომ ყველა მეფე-მთავარი ერთნაირად ნიჭიერი და ბეჯითი გამოადგებოდა მოწადინებულ აღმზრდელს. თუმცა, მეორე მხრივ, არაერთი ლიდერის დასახელებაც შეიძლება – ამ თუ იმ დროში, თავისუფლად რომ ფლობდნენ 2, 3, 4 და ხანაც მეტ უცხო ენას და რა გასაკვირია, აგრე გაეწვრთნათ ჩვენი რჩეული სეფეწულნიც (მაგალითად, მითრიდატე პონტოელი 22, კლეოპატრა 10, სულთანი მეჰმედი კი, კონსტანტინოპოლის მმუსვრელი, 6 ენას ფლობდა).
თამარს, მისი პირველი საბედოსგან განსხვავებით, უფრო მშვიდი და ზრუნვით სავსე სიყმაწვილე ექნებოდა. გიორგი III-ის საჭადრაკო სვლებიდან კარგად იკითხება, რომ კარგა ხნით ადრე განესაზღვრა ქალიშვილისთვის დავითიან-სოლომონიანთა ტახტსა ზედა ჯდომა და აბა, მომავალი მეფე-ქალის შესაფერი განსწავლისთვის ვითარ არ იზრუნებდა? და ეს ამბავი ახლო აღმოსავლეთში გაბატონებული ენების უცოდნე ლად როგორ იქნებოდა?
. . .
მაშ, რა ენაზე საუბრობდნენ ახლადშეუღლებულნი? ან ცდილობნენ მაინც?
ბერძნულად?
ღმერთო ჩემო, თურქულად?
რა უცნაურია, არა? და რა საინტერესო – იმის მიუხედავად, რომ ლოგიკურ მსჯელობასაც ჰგავს და მარჩიელობასაც, მხოლოდ ჩვენეულ რეკონსტრუქციებსა და ვარაუდებში არსებობს და თანაც, არა ვუწყით, კითხვები მეტი დაგვიხვავდა თუ პასუხები.
. . .
რაკი დადგმაა, ფარდის დაშვების წინ ეს სცენაც წარმოვიდგინოთ: ქორწინების მეორე წლისთავზე როგორ კიცხავს, უკვე ქართულად, მეფე თამარი გიორგი რუსს და ესეც როგორ უბრუნებს ენას, ქართულადვე, სლავური აქცენტით.
