ფანჯარა სორენტოში
ჩვენი ფანჯრები ცნობისმოყვარე ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. არც დახრა გინდა, არც თითის წვერებზე აწევა. შემობოდიალდები მრგვალ ეზოში, მარჯვნივ გამოიხედავ და, ფაქტობრივად, გეძახის ეს ფანჯრები ფარდაზე ჩაყოლებული ხელოვნური წიწაკებისა და ლიმონების ასხმულებით. გეგონება, საგანგებოდ საშუალო სიმაღლის ადამიანისთვის გამოჭრეს. დააცეცებენ თვალებს, გააფრქვევენ გაოცებისა და აღტაცების შორისდებულებს, მოიმარჯვებენ ტელეფონებს და, აი, ისიც – ფანჯარაში ბეჯითად გამაგრებული მამაჩემი, რომელიც აჟიტირებულ ტურისტებს ციტატასავით შეაგებებს: თქვენ დამიწდით ამ ქვეყნის ეკონომიკასავით!
მამაჩემი ის კაცი არაა, ქვეყნის გაპარტახებაზე თვალი დახუჭოს, მაგრამ არც ჩვენი დასავლელი მეგობრებისკენ მიუწევს გული. არავის ენდობა და ამას იმით ხსნის, რომ საკუთარ თავსაც არ უნდა ენდოს კაცი.
მამას სრულიად თავისებური წარმოდგენა აქვს ჩემს სამსახურზეც. ჯერ არ მახსოვს დილა, გამოვსულიყავი და საუზმეს ამ დიალოგის გარეშე ჩაევლო:
– ახლა რაზე მუშაობთ, მამი?
– რავი, მამა, კონკრეტულად როგორ გითხრა, რამდენიმე პროექტი გვაქვს.
– ანუ ნიშანდობლივი არაფერი, ხო?
დიალოგი დასრულებულია. მეორე დღეს იგივე. იმ განსხვავებით, რომ სიტყვა „ნიშანდობლივი“ შესაძლოა „ხელჩასაჭიდმა“ შეცვალოს. ქალთა უფლებები, ქალების გაძლიერება და მსგავსი საკითხები საგრძნობ ემოციურ ძვრებს და სოლიდარობის განცდას ვერ ბადებს მამაჩემში. თუმცა მამა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფემინისტია, რადგან ქალები ევასება. მამაჩემს ნოდარი ჰქვია, ნოდო, ბაბუის სახელი.
საკინკლაო და საჩხუბარი ბევრია, ფაქტობრივად, სხვადასხვა განედს მივეკუთვნებით, მაგრამ ჩვენ მხარესაა ერთი დიდი უპირატესობა – ორივე მიჩვეული ვართ თანაცხოვრებას და ვცდილობთ, საჩოთირო აზრების გაცვლა-გამოცვლით მაინცდამაინც არ გავაწვალოთ ერთმანეთი.
მარტოები რომ დავრჩით, თანდათან დავამუღამეთ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები. დედა მკვდარი არ გეგონოთ, ემიგრაციაშია.
*
დილაა. ყავა ყოველთვის კარგი გვაქვს. დედა გვიგზავნის იტალიიდან. დედა სორენტოში ცხოვრობს უკვე 11 წელია, ანუ ჩემი აბიტურიენტობის წლიდან. მე იტალიური არ ვიცი, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და ფრაზა. ერთი პერიოდი მე და მამამ დავიწყეთსავით სწავლა, მაგრამ მამას მობეზრდა, მე დრო არ მქონდა და შევეშვით. რაღაც ფრაზები კი გვაქვს ჩამყნობილი ჩვენს ყოველდღურობაში. მაგალითად, დილით ყავას რომ ვასხამ, მამა მომადგება თავისი ლურჯი ჭიქით ხელში და გამოთქმით მეტყვის: კაფე კონ ლატე, პერ ფავორე. ანუ ყავა რძით, თუ შეიძლებაო.
მამაჩემი ყველაფერს რძეს ამატებს. რძეს დედა არ გზავნის, ცხადია, აქ ვყიდულობთ, მაგრამ დედაჩემი მაინც მეძუძური დედაა. ყავას, შოკოლადს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ყოველთვიურად ფულს – ყველაფერს თვის კონკრეტულ რიცხვში გვიგზავნის. ანუ უმუშევარი მამა ხელფასივით ელოდება ამ დღეს და ამანათის წინა დღეებში საგრძნობლად უკეთდება გუნება.
მამაზე ვერ ვიტყვი, რომ ხამია ან ძუნწი, რაღაცნაირი ხელმოცარული უფროა და აგრესია არ მაქვს. აი, ხომ არიან ტიპები, გატოკება რომ არ უნდათ, მამაჩემი ეგ შემთხვევა არაა, თითქოს სულ რაღაცას ჩალიჩობდა, სულ რაღაცას ეპოტინებოდა და ვერ იყოჩაღა, რა. რასაც მიეკარა, ან დაიხურა, ან არ აეწყო.
სანამ დედა წავიდოდა, ცოტა ხნით ადრე მამას თავისი კლასელი შეხვდა. მამა, ცხადია, იმ დროსაც უმუშევარი და ჯიბეგამოფხეკილი იყო. არ ვიცი, რას ელაპარაკა იმ ტიპს, შეიძლება შესჩივლა რამე, ეგ დეტალები არ მოუყოლია, მაგრამ ორი დღის მერე ამ კლასელმა დაურეკა და თავის სამშენებლო კომპანიაში დააწყებინა მუშაობა მომმარაგებლად. დავფრინავდით. თან ეს გოგა ჰპირდებოდა, ამ კორპუსს რომ ჩავამთავრებთ, ორ ახალ კორპუსს ერთად ვიწყებთ, ეგ სოლოლაკის ბინა გაყიდე და მაგარ ბინას დაგათრევინებ მაგ ფასშიო. მაისი იყო, მეთორმეტე კლასში გადავდიოდი და სექტემბრიდან მომზადება უნდა დამეწყო. ღმერთი რომ გადმოგხედავს, ეგ იყო. ივლისში ამ კაცმა, გოგამ, თავი მოიკლა. ვალებში ყოფილა ჩაფლული, თითო ბინა სამ-სამჯერ აღმოჩნდა გაყიდული.
საწყალმა მამაჩემმა დარდიც ვერ მოასწრო, ისე უცებ გადაწყდა დედაჩემის წასვლა.
*
თუ ძალიან მაგვიანდება ან ცუდი ამინდია, ტაქსის ვიძახებ, თუ არადა, ავტობუსით მივდივარ. ვაკეში, წესით, ავტობუსი უფრო სწრაფად მიდის, მაგრამ იქ ატენვაა ერთი სპორტი. სამსახური ათზე მეწყება. ათის ნახევარზე თუ გავედი, მანდაა ჩასაფრებული მთავარი განსაცდელი. თავისუფლების მოედნის გაჩერებაზეა გამაგრებული მთელი სოლოლაკი. ამიტომ, ძირითადად, ერთი საათით ვიგვიანებ ხოლმე. ჩემი უფროსი 36 წლის ქალია, ჯიგარია, ათი ათასში ერთხელ შეიძლება დაგეროჟოს დაგვიანებაზე. 12-მდე ისედაც არაფერი ხდება, თუ რამე შეკრება ან მსგავსი გვაქვს, შუადღეზე ვიკრიბებით. ჩვენ ვმუშაობთ ქალთა უფლებებზე, ქალების გაძლიერებაზე. განათლებით იურისტი ვარ, საერთაშორისო სამართალი დავამთავრე და თავიდან სულ სხვანაირად ვხედავდი ჩემს მომავალს, მაგრამ მერე გზადაგზა მივხვდი, რომ არაა ეს ჩემი. ჩვენი არასამთავრობოს ერთადერთი მინუსი ისაა, რომ თუ პროექტი არ გვაქვს, მოჭრილი ხელფასი იმდენად დაბალია, პრაქტიკულად უფულოდ ვრჩები. უკვე ორჯერ იყო ასე და გზის ფული მაინც რომ მქონოდა ჩემი, ინგლისურში ვამზადებდი სამ ქალს.
დედა რასაც გზავნის, მთლიანად გამოგვაქვს და ჭურჭლის ვიტრინის უჯრაში ვდებთ. ფულის საკითხში მამაჩემზე სანდო არავინ ვიცი. ისე არაა, რომ რომელიმეს რამე გვინდოდეს და ვერ ვთქვათ. გადასახადებზე და საჭმელზე გვყოფნის დედას ფული. რაღაცები მეც მომაქვს, ასე ჩემი-შენი ჩვენთან არაა. თუ დედას ფულიდან რამე მოგვრჩა, ერთი უჯრით ქვემოთ გადავდებთ დანა-ჩანგლის ყუთში. თან ვიცინით, რომ ბიზნესი უნდა წამოვიწყოთ და მაგისთვის ვაგროვებთ.
*
ყოველ დილით, როცა ვაგვიანებ, მამაჩემი შფოთავს. ვერაფრით შეეგუა, რომ შეიძლება ზუსტად 10-ზე არ დაერჭო სამსახურში და მაინც კარგად იმუშაო. თუმცა არასამთავრობოში რომ საქმე კეთდება, იმ ამბავს ვერ იღებს და ამაზეა მიბმული ყველაფერი. ვერ ეგუება, რომ საერთაშორისო სამართალზე უარი ვთქვი. რასაც ვაკეთებ, რაღაც თამაშია მისთვის. დღე არ გავა, რამით არ მიმანიშნოს, რომ ამ საკითხზე აზრი ჯერაც არ შეუცვლია.
მე ვფიქრობ, რომ გადასარევად ვარ იქ, სადაც ვარ. გამორიცხულია 18 წლისამ იცოდე, რა გინდა აკეთო მთელი დარჩენილი ცხოვრება. ამიტომ მგონია, რომ პროფესიის არჩევისას 18 წლის ადამიანს ზღვარგადასული პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისრო. აირჩიოს, რაც იმ დროს მოსწონს და იზიდავს, დანარჩენი გამოჩნდება. სხვათა შორის, დედაჩემიც ჩემს აზრზეა. უნდა, რომ რასაც ვაკეთებ, მახარებდეს. თავიდან რომ ვუთხარი, საერთაშორისო სამართალს აღარ განვიხილავ და მერე მაგისტრატურაზეც სხვა მიმართულებით ვიფიქრებ-მეთქი, მრცხვენოდა. ისე გამოვიდა, რომ ჩემი პროფესიისთვის და ჩემ გამო წავიდა ემიგრაციაში, იქიდან მომამზადა სიმწრით. არც ენა იცოდა, არც არავის იცნობდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მაგრამ დედამ იმდენად ბუნებრივი სიხარულით მიიღო ჩემი სამსახურის ამბავი, მომეშვა.
*
ახლა შემოდგომაა. თითქოს არსად მეჩქარება, მაგრამ ისე სწრაფად გადის დღეები, იმასაც ვერ ვასწრებ, გავუჩერდე ოქტომბრის მიწურულის შემპარავ მზეს, ყვითელ ფოთლებს ოქროებივით რომ აბზინებს ხეებზე. ჯერ ხომ არ გასულა და უკვე მენატრება შემოდგომა, უკვე მომდევნოს ველოდები.
რა არის ეს სულ რაღაცის ლოდინი – რაც გიყვარს, ვერასდროს რომ ვერ მოგიხელთებია?
თითქოს აქაა და ხელიდან გისხლტება, მისრიალებს, გულის ზედაპირს არც ეხება, არანაირი ვიბრაცია, არანაირი შეკუმშვა, რაღაც ზედაპირული შეგრძნება გრჩება, გრძნობის იმიტაცია.
ცოტა გვიან გამოვედი და ადგილიც კი დავითრიე ავტობუსში. აპლიკაციაში ვკითხულობ ხოლმე, გავხსენი და ეგრევე გადავეშვი წიგნში. უცებ წვივი მაგრად მეტკინა, ვიღაც ბებო ამოსულა. მომადგა და ჯოხი მომცხო ფეხში:
– ადექი, შვილიკო, დამსვი!
ინსტინქტურად ჩამოვხტი, მაგრამ უცებ ისე გავმწარდი, კინაღამ ფეხი მოვუქნიე საპასუხოდ. მეზიზღება ასეთი დამპალი მოხუცები. მართლა ყველანაირი თანაგრძნობა მიქრება. მერე ისევ მახსენდება, სოლოლაკის ხილ-ბოსტანში 13 ლარი რომ ღირს მსხალი და გამყიდველი საბრალო პენსიონერებს იმით ანუგეშებს, ლესელიძეზე ჩადით, 20 ლარზე ნაკლებად ვერ ნახავთო. ვსაწყლდები და ცალ ხელზე მოკონწიალე უმისამართოდ ვიყურები გარეთ, აღარაფერზე ვფიქრობ. ვერაფერს კონკრეტულს და ხელჩასაჭიდს რომ ვეღარ ვაგნებ ხოლმე, ეგ მდგომარეობა მძულს ყველაზე მეტად.
ისე ხშირად ვფიქრობ, რა ტოქსიკურია ამ ქალაქის მიმართ ჩვენი სიყვარული, ჩვენი შეგუება. თუ ენა იცი, ახალგაზრდა ხარ, თუ რამეზე პრეტენზია გაქვს, უნდა ადგე და გაიქცე, მაგრამ რატომღაც ყველა არ მირბის. ვინც წასულია, იმან, წესით, უკეთ იცის, ღირდა თუ არა ეს წასვლა. აი, დედაჩემს, მაგალითად, საერთოდ არ უნდა, რომ წავიდე. ყველანაირად ცდილობს, აქ მომიგვაროს პრობლემები და თბილისში დავრჩე. თვითონ უკვე ძალიან მაგრად ლაპარაკობს იტალიურად. უკეთესი ანაზღაურება აქვს.
თავიდან რომ ჩავიდა, ერთ ღრმად მოხუც ბებოსთან მუშაობდა, ენა თითქმის არ იცოდა, მაგრამ ის ქალი, ვიტორია, ისეთ საყვარელი იყო, მოსვენებას არ აძლევდა, ლაპარაკი სწყუროდა და, ფაქტობრივად, ენა ამოადგმევინა. ორი წლის მერე ვიტორია გარდაიცვალა. საცოდავი დედაჩემი არასდროს მინახავს ისეთი გაუბედურებული, როგორც მაშინ. აქაც კი, საშინელ გაჭირვებაში და უიმედობაში, ყოველთვის მხნედ იყო. იქ ჩასვლისასაც ისე იყო მიზანზე ორიენტირებული, სენტიმენტების დრო არ ჰქონია, თან ენას სწავლობდა, არანაირად არ უგრძნობინებია, როგორ გაუჭირდა, ჩვენ ბევრად საწყლები ვიყავით უმისოდ. მაგრამ ამ ქალის სიკვდილმა დედაჩემი მოცელა, თითქოს ანესთეზია გაუვიდა და ტკივილმა წალეკა. ყველა დარდი და უსამართლობა ერთად გამოიტირა. ექვსი წლის მერე ჩამოვიდა პირველად. კბილები გაიკეთა და ერთ თვეში დაბრუნდა.
*
ზოგჯერ მივუჯდები ხოლმე მამაჩემს ტელევიზორთან, სადაც მთელი დღე საინფორმაციოებს უზის. გამომხედავს, გამიღიმებს და ეკრანს მიუბრუნდება. ვზივარ და ვფიქრობ, ალბათ, რამხელა უპირატესობაა, როცა გაბრაზებული ხარ და არა გულმოკლული. ზოგჯერ შინ მშიერი რომ შემოვეხეტები ხოლმე, ისე მინდა დედა, ლამის ზლუქუნით ვიტირო. არის წუთები, როცა ვუმხედრდები მამაჩემს, რომელსაც არაფერი გამოუვიდა, მაგრამ მერე ისევ ფარ-ხმალს ვყრი – არ ვამართლებ, მაგრამ არც განვსჯი.
მამაჩემი ხშირად იცინის, გათხოვდები და დავისვენებ შენგანო. რომ შევუბღვერ ხოლმე, ხო, ხო, გათხოვდები კი არა, დაოჯახდებიო – გაასწორებს. შიგადაშიგ გაზეიმებული მამცნობს ხოლმე, ვიღაც თქვენნაირების საპროტესტო მარში იყო დღესო.
მისთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ ძალიან მიყვარს მამა. კაცი, რომელიც მთელ დღე ებს საინფორმაციოების ყურებაში ატარებს, რომელსაც უამრავ რამეს ვუყვები ჩემს სამსახურზე და მაინც ჰქონია, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი თუ ვიღაც ჯანდაბა მაფინანსებს.
თვითონ ცოლი აფინანსებს, მაგრამ უბნის იმ დედამოტყნულებისგან განსხვავებით, რომლებსაც ასევე ცოლები ინახავენ, მამაჩემს რაც აქვს, ჩემთვის უნდა. სულ მახსოვს, რომ ჩემთვის ცხოვრობს ეს კაცი, ჩემს სამყაროს ახმაურებს მისი ტელევიზორი. ჩემთვის დგება დილაუთენია და ყოველ დილით ეშინია, არ დავიგვიანო სამსახურში, რომელსაც თავი და ბოლო ვერ გაუგო.
*
ძალიან მინდა დედა დაბრუნდეს, მაგრამ ვხვდები, რომ მას შეიძლება სულ აღარ უნდა აქ. მისი ხედი ამალფის სანაპიროზე გადის. მის ჰორიზონტზე მწვანე და ლურჯი ერთმანეთში იზილება, მისი სამყარო ლიმონებისა და ლიმონჩელოების სამყაროა. ჩვენი რეალობები დაშორდა ერთმანეთს, გადავეჩვიეთ ერთმანეთს.
ჩვენთან, სოლოლაკის პირველი სართულის ფანჯრიდან, მსხვილი ხედით შემოდის ერთ დროს თეთრი და ახლა მტვრისგან და ფოთლებისგან საფრთხობელად ქცეული უბორბლებო მერსედესი, რომელიც აქ ვიღაცამ დატოვა რამდენიმე წლის წინ და ახლა, გაძარცული და გამოფუტუროებული, კატების თავშესაფრადაა ქცეული. ტურისტებს ეს უცნაური რეკვიზიტი თბილისის ღირსშესანიშნაობად ესახებათ. შემოვლენ და უღებენ ფოტოებს. ამ მანქანის ფონზე ხშირად პოზირებს ჩვენი კარის მეზობელი, პრანჭია და ენერგიული რინა.
რინა ქურდის შვილია. როგორც ჰყვება, მამა სანამ ცოცხალი იყო, ხელისგულზე აცხოვრებდა ოჯახს. რინას უფროსი ბიჭი გარდაცვლილი ბაბუას კოლეგობას ცდილობდა მთაწმინდაზე, ახლა დაჭერილია. შვილიშვილი და რძალი მოდიან ხოლმე სანახავად. რინას მოსწონს რძალი, ასე ამბობს, სახეც მაგარი კაი აქვს, მაგრამ უფრო ხასიათებიო. მეორე ბიჭი საფრანგეთშია, როგორც რინა ამბობს, გადაზიდვებზე მუშაობს, ანუ მოპარულ სუნამოებსა და ტანსაცმელს გზავნის და რინა უბანში ასაღებს.
ზოგჯერ ქართველებიც შემოდიან ეზოში. თუ მამამ ქართულ ლაპარაკს მოჰკრა ყური, ფანჯრიდან გამოელაპარაკება ხოლმე და თავის საყვარელ ანეკდოტს უყვება: მიხოს ეუბნებიან, შენი სიდედრი ხიდან ჩამოვარდა და დავკარგეთო და მიხო გაბრაზდება, კარგა დაძებნეთ, მანდ იქნება, ხის ძირშიო.
ზოგჯერ საშინლად უცნაური მეჩვენება, რომ დედაჩემი ამალფის სანაპიროს ერთ-ერთ ულამაზეს საკურორტო ქალაქში ცხოვრობს, იტალიური დესერტების მომზადებას სწავლობს და ოცნებობს, სახელი გაითქვას როგორც უბადლო კონდიტერმა. მამა კი საქართველოში ბერდება, გროტესკულ რეალობაში, რომელიც ნამდვილი ცხოვრების შარჟს უფრო ჰგავს. ქვეყანაში, სადაც ყველაფერი უკან-უკან მიდის; სადაც პანტაპუნტით იხურება მამაჩემისთვის გაუგებარი არასამთავრობო ორგანიზაციები. სადაც ქალაქის სუნთქვა მძიმედ გეჩხირება ყელში – რაღაც უნდა მიაყოლო, რომ ჩაიტანოს.
*
მე და მამა ხომ ვხუმრობთ ხოლმე, რომ პატარა ბიზნესის წამოსაწყებად ვაგროვებთ ფულს. ჰოდა, დამესიზმრა, ვითომ მეორადების მაღაზია გავხსენით, მე ინსტაგრამზე გვერდი გავაკეთე, “Vintage Room”-ი დავარქვი და ონლაინ ვყიდდი ტანსაცმელს. პარალელურად, მამას ვუთხარი, მაინც შინ ხარ, ვინმეს მოზომება თუ მოუნდება, გამოვუშვებ და დახვდი-მეთქი. დავდგით კრონშტეინერი, ლამაზად დავკიდეთ კაბები და მამა იღებდა იმ კლიენტებს, რომლებიც მოსინჯვის გარეშე ვერ რისკავდნენ ყიდვას.
ერთხელაც, ვითომ, ვბრუნდები შინ, კარი ჩაკეტილი მხვდება, გასაღები არ ტრიალდება, ანუ შიგნიდანაა დაკეტილი. ვაბრახუნებ, ვაბრახუნებ და, ბოლოს და ბოლოს, მიღებს მამა. მისაღებში, კრონშტეინერთან, ჩემგან ზურგით დგას საშუალო სიმაღლის, თხელი, მონაცრისფროთმიანი ქალი. მუქი იისფერი კაბა გადაუცვამს, რომლის მოსაზომებლადაც გამოვუშვი. არ ბრუნდება, ისე მესალმება და გულმოდგინედ ატრიალებს საკიდზე დაკიდებულ კაბებსა და ჟაკეტებს.
მე მამას ვუყურებ, მამა – იატაკს. მერე ნაცრისფერთმიან ქალს, მერე ისევ მამას, მერე სამზარეულოსკენ ვიხედები. კედლები ისევ ღია მწვანეა, იატაკი რძისფერი, ჭაღი არ ყანყალებს. მაგრამ სახლიც და ცხოვრებაც უფოკუსოა, გადღაბნილი – თურმე ვტირი. მე, ფემინისტი, ქალთა უფლებებზე მომუშავე, ქალთა უფლებადამცველი, ქალების უკეთესი ცხოვრებისთვის გულანთებული, ვტირი. ოღონდ ბრაზისგან არა, უფრო ზუსტად, ბრაზისგან, მაგრამ სხვანაირისგან – საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ, როგორც ყოველთვის, ისევ შემებრალა ცოლის კისერზე მჯდომი, მარტოსული, დეგენერატი მამაჩემი.
*
თვალები არც გამიხელია, ბალიშის პირით მოვიხოცე ცხვირი.
