ინტერვიუ

საქართველო არის შენი: ინტერვიუ ბესიკ ხარანაულთან

ბესიკ ხარანაული


ბესიკ ხარანაული საბჭოთა საქართველოში სამშობლოზე ლექსებს არ წერდა.
როგორც თავად აღნიშნავს, საბჭოეთში ცხოვრება სამშობლოსათვის მზადება იყო.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, თავისუფალ, თუმცა უამრავი სირთულით სავსე საქართველოში მისი ლექსების მთავარი თემა სწორედ ქვეყანა და მისი ამჟამინდელი გამოწვევებია. მის ლექსებს ელოდებიან, „უსმენენ“ და მიჰყვებიან, განსაკუთრებით – ახალგაზრდები.
პოეტი ამ ქვეყნის შვილებს გვაგრძნობინებს, რომ ახლა დანებების კი არა, ბოლომდე ბრძოლის დროა, რადგან სამშობლო თითოეული ჩვენგანის გადასარჩენია.

რა პასუხისმგებლობას გრძნობს თავად, როგორც პოეტი-მოქალაქე, რა სირთულესთანაა დაკავშირებული სამშობლოს ყოველწამიერი განცდა, რაში ხედავს გამოსავალს და მოსახლეობის რომელი ნაწილი ეიმედება ყველაზე მეტად?

„საქართველოს ახლა სჭირდება ძალა – აზრშიც და მუხლებშიც“ – ასე სწამს და სჯერა. ასეთია მისი ბოლოდროინდელი ლექსებიც.

წინამდებარე ინტერვიუშიც ეს რწმენა და იმედი იგრძნობა.

01. საინტერესოა, რომ 1992 წლამდე, ვიდრე ქვეყანამ დამოუკიდებლობა არ მოიპოვა, თქვენ საქართველოზე ლექსებს არ წერდით, საბჭოთა კავშირისგან გამოთავისუფლების შემდეგ კი აქტიურად დაიწყეთ სამშობლოზე წერა. რა თქმა უნდა, ნათელია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი, თუმცა, თქვენი პასუხი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

ბ. ხ. მე დავიბადე და გავიზარდე საბჭოთა საქართველოში. განა სამშობლო იყო საბჭოთა საქართველო? ერთი შემოღობილი სოფელი იყო. ეს იყო მხოლოდ ტკივილი და ოცნება სამშობლოზე; ეს იყო მზადება სამშობლოსათვის. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ყველამ და მეც, მათ შორის, სხვა პასუხისმგებლობა ვიგრძენით. XIX საუკუნეში სამშობლო პოეტისთვის „სატრფო“ იყო. 1992 წლიდან ჩემთვის საქართველო გახდა ყოველდღიური საფიქრალ-სამღერალი. განყენებული თემები თავისით გაქრნენ. სამშობლო მწარე გემოსი აღმოჩნდა, თავისუფლება – კვლავაც სანატრელი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემია და მე უნდა გამოვთქვა, მე უნდა ვუმღერო ან დავიტირო. მე უნდა ვიდარდო – დარდი ხომ პოეზიის ღერძია.

02. ,,ნანა, საქართველოს მიწავ! | საქართველოს მთავ და ველო, | დაიძინე, დაღლილი ხარ, | ტანჯული ხარ, საყვარელო…“ – ასე მიმართავთ სამშობლოს 2001 წლით დათარიღებულ ლექსში ,,ნანა, საქართველოს მიწავ“. ახლა კი, როდესაც ქვეყანას კვლავ მძიმე პერიოდი უდგას, თქვენს შემოქმედებაში პესიმიზმის ადგილს ბრძოლისაკენ მოწოდება ცვლის.

დღეს რაში ხედავთ გამოსავალს, ყველაზე მეტად რა გეიმედებათ?

ბ. ხ. დღევანდელი გაჭირვება სხვანაირად მძიმეა. მას ვერ უშველის დარდი და მოთქმა. საქართველოს ახლა სჭირდება ძალა – აზრშიც და მუხლებშიც. იმედი მაქვს ყველა ქართველის; დაცემის და გაპარტახების მაგალითების მეტი რა გვაქვს, მაგრამ, ასევე, ბევრი მაგალითი გვაქვს გამარჯვებისა და აღორძინების. გადამწყვეტ მომენტში, დარწმუნებული ვარ, ქართველები გამოფხიზლდებიან და დაიცავენ სამშობლოს. მე ასე მჯერა.

03. ბატონო ბესიკ, დიდი ესპანელი პოეტი, ანტონიო მაჩადო, თავის წიგნში ,,ხუან დე მაირენა“ წერს: ,,მუდამ ასე ხდებოდა – ძნელბედობის ჟამს ჩვენი ბატონკაცები ,,სამშობლო, სამშობლოო“ გაჰყვიროდნენ, მაგრამ ჰყიდდნენ, ხალხი კი სამშობლოს სულ არ ახსენებდა და თავისი სისხლით იცავდა და შველოდა“.

6 ნოემბერსაც იგივე მოხდა – მაიორი თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა სწორედ სამშობლოს სიყვარულის გამო მოკლეს. პარალელურად, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც უწინდებურად ჰყიდის ყველა, ვისაც კი ამის საშუალება უჩნდება.

ლექსში ,,ტყეების დაპრეწილი ქოლგა“ წერთ:

,,ტყეს მიწა მიჰყვება, მიწას – ხალხი, ხალხს – ენა და ისტორია… აი, ასე გაუკაცურდება ჩვენი მთა-ბარი, ასე აღიგვება ჩვენი ერი და ჩვენი სახსენებელიც გაქრება.

ვინ მოგვცა ამის უფლება?“

რას ეტყოდით მათ, ვისაც მიაჩნია, რომ ტყის გაყიდვის უფლებაც აქვთ და ქვეყნისაც? და საერთოდ, ვისია საქართველო და ვინ ჩემულობს მას?

ბ. ხ. იმავე ლექსიდან გიპასუხებთ:

„დანაშაული, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ ჩვენი ტყეების, მიწის და ჩვენი ქვეყნის მიმართ – ერთადაა ბოროტებაც და უჭკუობაც, რადგან მას ყველანი ერთად, შეთანხმებულად, ხელჩაკიდებულნი ჩავდივართ.

იმდენად ძნელია ყოველივე ამაზე ფიქრი, ისე მძაფრია პროტესტის გრძნობა, რომ შესაძლებელია, გძაგდეს კიდეც ის სიტყვები, რომლებითაც უნდა გამოხატო სათქმელი, რადგან იცი, ამაო იქნება ღაღადი.

ყვირილი გინდება, გაჭირვებით იმორჩილებ კალამს, რომ ნერვებს მოერიო, განწირულება წინადადებებად აქციო და მიიტანო თანამოძმეებთან“.

მართლაც, ვის აქვს უფლება, მიითვისოს ჩვენი სამშობლო?

04. 2023 წლის მარტის აქციების დროს, ბევრის მნახველი და ბევრის გადამტანი რუსთაველის გამზირი თქვენი ლექსის ფრაგმენტებით იყო სავსე –

„მაგრამ სხვისი არავისი,
საქართველო არის შენი!“

ეს სიტყვები იმ დროს დიდი ძალისა და ენერგიის მომცემი გახდა ყველასთვის, განსაკუთრებით – ახალგაზრდებისთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით იმ დღეებს?

ბ. ხ. მარტის მოვლენები არის საუკეთესო ფურცელი. მიყვარს ის ხალხი, ყველა მიყვარს! ყველა მონაწილეა ამ დიდი და განუმეორებელი ერთობის.

05. რადგან ანტონიო მაჩადო ვახსენეთ, მისი წიგნიდან კიდევ ერთ ციტატას მოვიყვან:

,,ნუ ენდობით პოეტს, რომლის მზერა მიმართულია წარსულისა და მომავლისკენ და ვერასოდეს ამჩნევს იმას, რაც ხდება მის ირგვლივ, ვერ ხედავს სახეებს, ლამის თვალში რომ გვხვდება და ხელითაც კი ვეხებით“. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თანამედროვე საქართველოში ერთადერთი პოეტი ხართ, რომელსაც ქვეყნის მაჯისცემაზე გიდევთ ხელი; თქვენი ლექსები უკვე არა მხოლოდ პოეზია, მოწოდებაა, ყოველთვის დროული და მოვლენებისადმი ერთგვარი პასუხია. ამ ლექსებს ხალხი ,,უსმენს“. თავად როგორ ხედავთ თქვენს როლს, როგორც პოეტი-მოქალაქის? რა პასუხისმგებლობას გრძნობთ?

ბ. ხ. ქართველ პოეტს, გარდა ლექსის წერისა, მუდამ სამშობლო ევალებოდა. ვისი იყო სამშობლო? აკაკის, ილიასი, ვაჟასი… ეს იმდენად ბუნებრივი იყო, რომ არც არავის უკვირდა. ჩემთვის მოულოდნელად, ბოლო ხანებში თავს მეც დავაკისრე ასეთი პასუხისმგებლობა – სამშობლოს ყოველწამიერი განცდა. ვგრძნობ, განვიცდი და გამოვხატავ – ახლა ეს არის ჩემი ცხოვრება.

06. ქართველებმა რომ ღრმად გამოვიკვლიოთ ჩვენი ცნობიერება, რა იქნება ის უპირველესი ნაკლი, რომელიც, როგორც ერს, საუკუნეების განმავლობაში, უკან გვხევს და შეიძლება ითქვას, ერთ წრეზე გვატრიალებს?

ბ. ხ. დაშვრომა… ბედოვლათობა, როგორც იტყოდა ილია. გულმავიწყობა და მალედ

07. თქვენი ბოლო დროის ლექსებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდები და ქალები ყველაზე მეტად გეიმედებათ. ისეთს რა ძალას ხედავთ მათში, რა სურვილებსა და ენერგიას, რომლებიც ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმარება?

ბ. ხ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო ქალების ენერგიამ შეინახა. მე რომ მკითხო, ვის ანდობდი საქართველოს ბედს დღეს, ვიტყოდი: ქალებს! მათ ეს დაიმსახურეს და მომავალიც მათია!


შესვლა
რეგისტრაცია