რეცენზია

 რა გამოგვრჩა?

ლელი ბლაგონრავოვას ფოტო

“Does a tree mourn its fallen leaf?”

– The Man Without a Past (2002), dir. Aki Kaurismäki

რაზეა? რა ჟანრია? 

როგორ არ მიყვარს ფილმის ან წიგნის რეკომენდაციას მოყოლილი ეს ინერციული შეკითხვები. ყველა ნარჩევი ვიზუალური თუ ვერბალური ტექსტი მენანება რაობრივ და ჟანრობრივ ჩარჩოებში მოსაქცევად.

8 ოქტომბრის საღამოს სამეგობროს ჯგუფში ნესტან ნენე კვინიკაძის ახალი რომანის „როგორი უნდა იყოს მშვენიერი სიმღერა“ ბმულს ვაგდებ – „წაიკითხეთ.“ და უკვე მზად მაქვს საძულველ შეკითხვაზე შურისმაძიებლურად გრძელი, 2x-ზე ვერაჩქარებადი ხმოვანი შეტყობინება:

„არ ვიცი, ყველაფერზე. წამლეკავ სიყვარულზე და სიყვარულის ნაკლებობაზე; არდანებებულ და დანებებულ ადამიანებზე; სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში განახევრებულ დედებზე და მათ შვილობაზე; მამის მიერ განებივრებულ გოგოებზე; ემიგრაციაზე და ემიგრაციის შეუძლებლობაზე; იმ ხალხზეა, წვიმაში ქოლგის ჭერა და სიმართლის თქმა რომ ყველაზე მეტად სძულს. ტრაგედიაა. და კიდევ იუმორი, ჩვენებური – ზოგჯერ გადამრჩენი, ზოგჯერ დამღუპველი. მოკლედ, ახალი და უახლესი საქართველოს ისტორიის კულტურული, სოციალური და პოლიტიკური პორტრეტია, რაღაც თქვენსას უეჭველად იპოვით.
P.S. არ დაგასპოილერებთ თუ დასრულებისთანავე რამდენიმე გვერდს უკან გადაფურცლავთ და კარგად დააკვირდებით, ზუსტად შერჩეული დოზით როგორ მივყავართ ტექსტს ფინალურ აფეთქებამდე.“

რომანის სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში ვითარდება. პროტაგონისტი, 41 წლის ლანა აბრავა მთარგმნელია და უნივერსიტეტში ანგლისტიკას ასწავლის. ლანა რეპრესირებული ოჯახის შვილია: დედამისი, პედიატრი ნატო ფიფია, პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი დისიდენტია, რომელსაც დღემდე არ მიუტოვებია ბარიკადები. მხატვარი მამა კი ის კაცია,  1970-იან წლებში „ინტურისტის“ პლაკატების სერიას „ეწვიეთ საბჭოთა საქართველოს“ ნაცვლად „ეწვიეთ საქართველოს“ რომ დაარქვა. მამა პატარა ლანას ყოველ დილით კარაქიან პურზე სხვადასხვა ჩანახატს უხატავდა და ნაცრისფერ რეალობაში მშვენიერების დანახვას ასწავლიდა. 

რეპრესირებულთა ოჯახში გაზრდილ ლანას მთელი ცხოვრება საკუთარი სურვილების დათრგუნვა და სხვისი ინტერესების გათვალისწინება უწევს. კომპრომისი იყო დედის შერჩეულ ბიჭზე დაქორწინებაც – რასაც უსიყვარულო თანაცხოვრება, ორი შვილი, განქორწინება და შემდეგ დიდი, ქარტეხილებით სავსე რომანი/რომანები მოჰყვა.

​ლანა აბრავა ყოველთვის მზადაა სიყვარულისთვის, ესაა მისი მთავარი უნარი. დიპლომებზე, თანამდებობებზე, სტატუსებზე თვალებგაფართოებულ საზოგადოებაში სიყვარულის ნიჭი ყველაზე არაპრაქტიკულია.  ხალხს შედეგი უყვარს – რაღაც, რასაც ხელით შეეხებიან, აწონიან, დათვლიან, შურის თვალით შეხედავენ. ვერავინ ჩაწერს რეზიუმეში: „2023-2026 წლებში წარმატებით შევიყვარე ორი ადამიანი“. ესე იგი,  არავინ შეგაქებს სიყვარულისთვის.

ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შორის ლანას სტუდენტებიც არიან. ლანას მეგობარი ოლიკო, რომელიც ფინეთში დაქირავებულ მეგობრად მუშაობს, ვეღარ უძლებს მიმდინარე მოვლენების შორიდან ყურებას, სამსახურს თავს ანებებს და სამშობლოში ბრუნდება, ემოციურად გამოფიტულ ლანას კი ჰელსინკიში თავის სახლსა და სამუშაო ადგილს სთავაზობს.

ლანა აბრავა გადაწყვეტს, საკუთარი ბიოგრაფიიდან გამოვიდეს – ტოვებს ვერგამარჯვებულ სამშობლოს, ბრძოლაში განახევრებულ დედას, შვილებს, კომპრომისებს  და ჰელსინკიში მიდის.

ლანას მალევე უყვარდება ფინეთი, მეგობრად მუშაობასაც მშვენივრად ართმევს თავს და საინტერესო თავგადასავლებშიც ეხვევა. ერთი შეხედვით, ბედნიერების ინდექსით მუდამ მოწინავე პოზიციებზე მყოფი ფინეთი – საუნების, კარაოკე ბარების, ალკოჰოლის, აკი კაურისმიაკისა და ტუვე იანსონის სამყარო, იდეალური ადგილია ახალი ცხოვრების დასაწყებად.  მაგრამ როგორ უნდა გათავისუფლდე წარსულისგან, თუ შენი ცხოვრება სამშობლოს უახლეს ისტორიასთანაა გადაჯაჭვული და ორივეს ტრავმული მეხსიერება დაუმთავრებელ პროცესად რჩება? 

ლანა აბრავასთვის ფინეთი მხოლოდ ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა არ აღმოჩნდება. ის ლანას მეხსიერებისა და საქართველოს დისიდენტური ისტორიის ნაწილიცაა – 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმების შემდეგ ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილ მოძრაობებთან დაკავშირებული ადგილია, სადაც ნატო ფიფია ზვიად გამსახურდიასთან ერთად ცდილობდა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. 

ასე აღმოჩნდება რომანის პროტაგონისტი ემიგრაციაშიც იმ ისტორიის შუაგულში, რომლისგან გაქცევასაც ცდილობდა.

ქვეყნის გამოუგლოვებელი, არგადააზრებული წარსული ლანა აბრავას აწმყოს განსაზღვრავს. და ერთ დღესაც, სამშობლოში დაბრუნებული, მამის მიერ თავდაჯერებით მორთული გოგო, რომელსაც სული ელევა ჟოლოსფერში შერეულ წითელზე,  ვეღარ გაიხსენებს, რას ჩურჩულებდნენ ბავშვობაში ყურზე ჩამოკიდებული ალუბლები.

ყველა „ზემდგომს“, რომელთა თვალებიდანაც ეზოში ერთადერთი ბურთის პატრონის ლანდი გამოკრთის, ეშინია მეხსიერების – ეშინია ათას ცოცხალს რომ სჯობს, ისეთ მკვდართან ჩვენი კავშირის. ეშინია სიტყვების, ზვიად რატიანის მიერ ვირტუოზულად თარგმნილი „უნაყოფო მიწის“. სხვისი ბედნიერების ეშინია. და ეს შიშები სადღა ტოვებს სივრცეს მშვენიერი სიმღერისთვის? სიყვარულისთვის თავგამეტებული ლანა აბრავასთვის?

და მაინც 

– რა გამოგვრჩა ყველას?

ჩვენს მეგობარ ხისმჭრელ ბიზნესმაგნატებთან პირდაპირობა?                                         ცათამბჯენად ქცევისთვის განწირული რომელიმე ძველი ორსართულიანი აგურის სახლის დამახსოვრება? 

შეიძლება, სამხედრო გადატრიალებისთვის დარქმეული „სამოქალაქო ომი“ გამოგვრჩა.                                                                                                                                        
ან იქნებ „კ“ გამოგვრჩა გალაქტიონში?

* * *

ბიორკს აქვს ერთი მშვენიერი სიმღერა – Bachelorette, რომელოც ასე მთავრდება: 

I’m a tree that grows hearts,

One for each that you take.

You’re the intruder’s hand,

I’m the branch that you break .


ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝᲡ ᲛᲨᲕᲔᲜᲘᲔᲠᲘ ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ
ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝᲡ ᲛᲨᲕᲔᲜᲘᲔᲠᲘ ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ
ᲜᲔᲡᲢᲐᲜ ᲜᲔᲜᲔ ᲙᲕᲘᲜᲘᲙᲐᲫᲔ

როგორი უნდა იყოს მშვენიერი სიმღერა? – ამ კითხვაზე პასუხს ნესტან ნენე კვინიკაძე თავის მეოთხე რომანში ეძებს. პროტაგონისტ ახალგაზრდა ქალს, ლანა აბრავას არჩევანის გაკეთება მუდამ საკუთარ თავსა და სხვებს შორის უწევს.

წიგნის შეძენა →

შესვლა
რეგისტრაცია